ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ არის გადაკეტილი დელფინარუმიდან ბულვარის პრომენადამდე გადასასვლელი

26.04.2025 •
რატომ არის გადაკეტილი დელფინარუმიდან ბულვარის პრომენადამდე გადასასვლელი

ბოლო ერთი კვირის მანძილზე „ბათუმელებს“ მოქალაქეებმა არაერთი ფოტო და ვიდეომასალა მოაწოდეს, სადაც ასახულია ბათუმის დელფინარიუმის მიმდებარედ, რუსთაველის ქუჩიდან ბულვარის პრომენადამდე შემოღობილი გადასასვლელი და მის მიმდებარედ გამწვანებული ნაწილი. ბულვარის მხარეს ღობე ველობილიკთან წყდება.

მოქალაქეებს აინტერესებთ, რატომ ჩაიკეტა გადასასვლელი და მასთან ერთად ბულვარის მწვანე სივრცე.

შემოღობილია გამწვანებული სივრცე  დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის პრომენადამდე 

რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით, #40 ა-ში, კომპანია „ორბი“ ცათამბჯენის მშენებლობას  გეგმავს. მიწის ნაკვეთი სამშენებლო ღობით არის შემოსაზღვრული. აქვე, რუსთაველის #42- ში კი შპს „ალიანსმა“ თავისი ცათამბჯენის კარკასის მშენებლობა უკვე დაასრულა და მოსაპირკეთებელ სამუშაოებს აწარმოებს. ამ შენობის გვერდით, #44-ში, კიდევ ერთი მიწის ნაკვეთია შემოღობილი, სადაც 180 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენის მშენებლობას ასევე „ორბი“ გეგმავს.

სწორედ ამ ნაკვეთის უკან შემოღობილია კიდევ ერთი ნაკვეთი და მის გასწვრივ ბულვარის ალეას ნაწილი თავისი ზებრა გადასასვლელით.  ეს ადგილი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და როგორც ადგილზე გვითხრეს, აქ სანიაღვრე არხებს ცვლიან. ვინ ასრულებს სამუშაოებს და როდის დასრულდება ის, ბათუმის მერიაში ვიკითხეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.  

პრომენადის მხარეს წითლად შემოხაზულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორია, მის წინ, რუსთაველის ქუჩის მხარეს „ორბის“  მიწის ნაკვეთია, სადაც მშენებლობას იწყებს.

 

„ორბის“ კომპანიებმა აქ, ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის, „ალიანს ფრივილიჯის“ შენობის მარჯვნივ და მარცხნივ, საკუთარ მიწის ნაკვეთებზე ორი ცათამბჯენის აშენება რამდენიმე წლის წინ დაგეგმეს. სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების გეგმა-კონცეფციები ბათუმის საკრებულომ ჯერ კიდევ 2022 წელს დაამტკიცა.

რენდერი – პროექტის საერთო ფართობი: 137072.5 კვ.მეტრია

გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას [სგშ-ს] არ დაექვემდებარა.

სგშ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურაა.  ის მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან, კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას დოკუმენტის დამტკიცებისას.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბათუმის საკრებულომ მიწის ნაკვეთების განაშენიანების კონცეფცია სგშ-ს პროცედურების გარეშე დაამტკიცა.

რენდერი

რუსთაველის #44-ში სამშენებლო ნაკვეთის ოფიციალური მფლობელი შპს „ვესტინვესტია“. კომპანიის 100 პროცენტს „ორბი ლოჯისტიკ ჯგუფი“ ფლობს. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 3508 კვ.მეტრია. კომპანია აქ კოშკის ტიპის 61-სართულიანი შენობის აგებას გეგმავს, რომელიც 16 მეტრი სიმაღლის, 3-სართულიან სტილობატზე იქნება განთავსებული. გეგმის თანახმად, მიწისქვეშა სართულზე მოაწყობენ პარკინგს, რომელიც 154 მანქანაზეა გათვლილი. ამ შენობის სიმაღლეც 180 მეტრი იქნება.

გადაბეჭდვის წესი