ბათუმი,სიახლეები

ზვიად ცეცხლაძის და: „ის დააკავეს შეთითხნილი ბრალდებით, რადგან ვერ გააჩუმეს“

27.04.2025 •
ზვიად ცეცხლაძის და: „ის დააკავეს შეთითხნილი ბრალდებით, რადგან ვერ გააჩუმეს“

„მითხარით ეს სამართალია? – ეს არის ქვეყანა, სადაც ღირსეული ადამიანის ადგილი ციხეშია?- როგორც ზვიადი, ასევე ყველა პოლიტპატიმარი არის ღირსეული, წრფელი და გამბედავი ადამიანი. ისინი არ იმსახურებენ ციხეს, ისინი იმსახურებენ თავისუფლებას, მხარდაჭერას,  სამართლიანობას! თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს, მზია ამაღლობელს, სამართლიანობა ყველას, ვისაც უსამართლოდ უსჯიან, საქართველო – არა შიშის, არამედ თავისუფლების ქვეყანაა“, – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ზვიად ცეცხლაძის დამ, ბარბარემ მედიის მხარდამჭერ აქციაზე.

„აქ ვარ იმიტომ, რომ არ შემიძლია ვიყო ჩუმად, როცა ჩემი ძმა, ღირსეული, პრინციპული და თავისუფალი ადამიანი დღეს ზის ციხეში შეთითხნილი ბრალდებით, შელახული უფლებებით. ზვიადი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი. ის დააკავეს არა იმიტომ, რომ დაარღვია კანონი, არამედ იმიტომ, რომ თქვა სიმართლე, რომ არ გაჩუმდა, რომ ვერ შეაშინეს და დღეს ცდილობენ მისი ხმით, მისი საქციელით დაგვაშინონ ყველა – გაგვაგებინონ, რომ ვინც იტყვის ხმამაღლა სიმართლეს, იმედიც აღარ უნდა ჰქონდეს.

მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი უკვე 102-ე დღეა ციხეში ზის და ემუქრება 7 წლამდე ციხე მხოლოდ იმისთვის, რომ მოძალადე პოლიციელს მცირედით ლოყა შეუწითლა. ამ ერთი შეხედვით უბრალო მოქმედებას – სილის გაწვნას – ხელისუფლება იყენებს როგორც საბაბს, რომ სასჯელი შეუფარდოს არა ქმედებისთვის, არამედ ადამიანისთვის, ვინც გაბედა და ხმა ამოიღო“.

ბარბარეს თქმით, სისხლის სამართლის კოდექსი ზუსტად ადგენს, რომ ძალადობრივი ქმედება შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად მხოლოდ მაშინ, თუ ის წარმოადგენს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვისო რეალურ საფრთხეს, ან აქვს სისტემური ხასიათი:

სილის გაწვნა, რომელიც იყო ემოციური აფექტის მომენტი, როგორც მედიის წარმომადგენლის რეაქცია იმ უსამართლობაზე, რაც მისი თვალწინ ხდებოდა, ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ბრალდება, რაც მზიას წაუყენეს, ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გონივრული საფრთხე ან დაზიანება. მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ჟურნალისტის რეაქციასთან, ვერ მიეკუთვნება სისტემურ ძალადობას, არც მძიმე დანაშაულს.

ამიტომ ამ საქმეების იურიდიული შეფასება აშკარად გადამეტებულია. მაგრამ სწორედ ასე იქცევა პოლიტიკური სისტემა, როცა მას ეშინია კამერის, სიტყვისა და ახალგაზრდის იდეალის. ისინი დააპატიმრეს არა დანაშაულის გამოა, არამედ თვითმარქვია ხელისუფლების რეპრესიული მექანიზმია. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ  საქართველოს კორუფციული სისტემა დანაშაულს კი არ ებრძვის, არამედ კრძალავს ახალგაზრდების პროტესტს და მედიის თავისუფლებას.

ზვიადი და მზია – პოლიტპატიმრები, არა სილის, არამედ სიმართლის გაწვნისთვის დააკავეს. ეს არ არის სამართალი. ეს არის თავისუფალი სიტყვის და პროტესტის ჩახშობა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ახალგაზრდები და ჟურნალისტები უსამართლოდ დაისაჯონ. ჩვენ არ დავნებდებით, არ გავჩუმდებით, ჩვენ არ დავუთმობთ გზას შიშს, ძალადობას და უსამართლობას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: