მთავარი,სიახლეები

ქალი, რომელსაც პოლიციელმა სილა გააწნა: „დგებუაძის ლოყა ფასეულია და ჩემი ლოყა ნაკლებად ფასეული?“  

28.04.2025 •
ქალი, რომელსაც პოლიციელმა სილა გააწნა: „დგებუაძის ლოყა ფასეულია და ჩემი ლოყა ნაკლებად ფასეული?“  

„მზია ამაღლობელი ციხეშია სისხლის სამართლის წესით და მას  [4-დან 7 წლამდე] პატიმრობა ემუქრება, იმისთვის, რომ ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

მე მაქვს ძალიან მარტივი შეკითხვა – ირაკლი დგებუაძის ლოყა უფრო ფასეულია და ჩემი ლოყა ნაკლებად ფასეული, თუ როგორ არის ეს, როგორ ლაგდება, რატომ გვაქვს ამ საკითხზე არაერთგვაროვანი მიდგომა?“ – გვეკითხება თეონა ჭალიძე.

ქალი გვიყვება, რომ მას პოლიციელმა მირიან ქავთარაძემ სილა გააწნა. შემთხვევა 4 დეკემბერს მას შემდეგ მოხდა, როცა ის ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული შეხვედრიდან გამოვიდა.

ეს შემთხვევა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ მოხდა. ამ ღამეს დააკავეს პოლიტპატიმარი საბა სხვიტარიძე, რომლის საქმეშიც ქავთარაძე სასამართლომ დაზარალებულად ცნო. საბა სხვიტარიძეს სწორედ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებიან.

სხვიტარიძის ადვოკატმა მედიასთან თქვა, რომ ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მირიან ქავთარაძემ ხელი დაარტყა თეონა ჭალიძეს და საბა სხვიტარიძე „აუცილებელი მოგერიების პირობებში“ ჩააყენა.

იმ მომენტში ვიყავი გაოგნებული. მართლა წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ასეთი ძალით ვინმეს სახეში გაერტყა. ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა. ასე ჩავთვალე, რომ ტიტუშკამ გამარტყა. სხვა რა უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი, ხომ? მაგრამ, მოგვიანებით, როდესაც უკვე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ თურმე ეს ადამიანი, ვინც გამარტყა იყო გადაცმული პოლიციელი და არა „ტიტუშკა“ აი, მაშინ უფრო მეტად დამეუფლა სხვა გრძნობა – ესე იგი პოლიციელმა, პოლიციურმა სისტემამ გამარტყა. ანუ, იმ ადამიანებმა, რომლებიც წესით უნდა იცავდნენ მოქალაქეებს. 

მან [პოლიციელმა] ხომ ზუსტად იცოდა, რომ სამართალდამცველი იყო და რა უფლებები ჰქონდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მას არ ჰქონდა უფლება ასე მოქცეულიყო“, – ამბობს თეონა ჭალიძე.

თეონა ჭელიძის თქმით, შეხვედრიდან გამოსულებს გარეთ ე.წ. „ტიტუშკები“ დახვდნენ, თუმცა, როგორც შემდგომში გაირკვა, მათ შორის იყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები, რომელთა უმრავლესობას სახე დაფარული ჰქონდა, ან დაფარვას ცდილობდა.

თეონა ჭალიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას 4 დეკემბრის ღამეს იხსენებს:

„როდესაც შეხვედრა დასასრულისკენ წავიდა, მივიღეთ ინფორმაცია გარეთ მყოფი ჩვენი მხარდამჭერებისგან, რომ ე.წ. „ტიტუშკები“ იყვნენ მობილიზებული სასტუმროსთან. ეს ჩვენთვის ახალი არ ყოფილა, რადგან სხვადასხვა აქციაზე, შეხვედრების დროს ხშირად გვინახავს ხელისუფლების მხრიდან  მობილიზებული ე.წ. „ტიტუშკები“, რომელთა მთავარი მიზანი და ამოცანა სწორედ მათთვის მიუღებელი [ხელისუფლებისთვის], განსხვავებული პოზიციის, პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების შეურაცხყოფა, დარბევა,  ფიზიკური ანგარიშსწორებაა. შესაბამისად, მსგავსი მოლოდინი უკვე გვქონდა, სანამ გარეთ გამოვიდოდით…

მე ადრე ჩამოვედი სხვებთან შედარებით. იქ უკვე იყვნენ ჟურნალისტები, შავებში ჩაცმული, ბოლომდე შეფუთული ე.წ. „ტიტუშკები“ და ჩვენი მხარდამჭერები.

ძალიან ხმაური იყო იქ, ოდნავ მოშორებით სპეცრაზმიც იდგა და რუსთაველზე, პარლამენტის წინ აქციაც მიმდინარეობდა. წყლის ჭავლის მანქანები, სახანძროს მანქანებიც, ყველაფერი, მთელი ტექნიკა იქ იყო. უკვე იყო რაღაც ცუდს მოლოდინი.

როდესაც ეს ადამიანები დავინახე, მივუახლოვდი მათ და ჩავთვალე, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო ჩემი ნაცნობი გადაცმულ ფორმაში, როგორც ტიტუშკა.

იმ წუთას ჩავთვალე, რომ ის იყო და ვიფიქრე, რომ აი, ახლა ვეტყვი, ნუთუ არ გრცხვენია-მეთქი. როდესაც ეს ე.წ. „კაპიშონი“ მოვხადე ამ ადამიანს, ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ის, როდესაც მთელი ძალით მომხვდა სახეში  სილა.

დარტყმა იყო ძალიან ძლიერი, ფიზიკური ტკივილი მაშინვე ვიგრძენი, მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თავი ვერ შევიმაგრე და წავბარბაცდი. ტროტუარიდან მომიწია ქვევით ჩამოსვლა, თავშეკავების შესაძლებლობა არ მქონდა.

მესმოდა ხმები – „ქალს ხელი რატომ დაარტყი?!“, „გოგოს ხელი რატომ დაარტყი?!“, აი, ეს ორი ფრაზა მახსოვს. სიტუაციას გამომარიდეს ვიღაც ადამიანებმა, რომლებიც იქვე იყვნენ, რადგან იქ უკვე ჭყლეტა იყო და ჩემი ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანისთვის, კიდევ უფრო მეტი საფრთხე შეიძლება შექმნილიყო“, – იხსენებს თეონა ჭალიძე.

ქალის თქმით, მოგვიანებით, ტელევიზიის საშუალებით გაიგო, რომ პოლიციელია პირი, ვინც სახეში სილა გააწნა.

თეონამ პოლიციელის წინააღმდეგ სპეციალურს საგამოძიებო სამსახურს მიმართა და საქმის გამოძიება მოითხოვა, თუმცა მისთვის ჯერ დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ, არც ის იცის, როგორ მიმდინარეობს გამოძიება:

„არის კადრები, სადაც ჩანს ყველაფერი, თუ როგორ მირტყამს პოლიციელი და იმის მტკიცება პოლიციელისგან, რომ თურმე არ გაურტყამს, ძალიან მტკნარი სიცრუეა. ადამიანს უნდა შეეძლოს იმაზე პასუხისმგებლობის აღება, რასაც ჩადის. წესით მას უნდა აეღო ამაზე პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩანს, რომ მაგდენი გამბედაობა არ გააჩნია, მხოლოდ ცრუ მოწმეობას დასჯერდა. ამ ცრუ ჩვენებით ადამიანს უსამართლოდ ემუქრება პატიმრობა. ვგულისხმობ პოლიტპატიმარ საბა სხვიტარიძეს, რომელიც ნამდვილად უდანაშაულოა“.

თეონა ჭალიძე ორმაგ სტანდარტზე წუხს, როცა იხსენებს, რომ სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელი ციხეშია, სამაგიეროდ პოლიციელ ქავთარაძეს შენიშვნაც კი არ მისცეს: „რა თქმა უნდა, სილის გაწვნისთვის ციხეში არავინ უნდა იჯდეს და ეს საქართველოს კანონმდებლობით არ არის სისხლის სამართლის საფუძველი. მირიან ქავთარაძის, როგორც პოლიციელის შემთხვევაში, მინიმუმ საყვედური მაინც უნდა გამოეცხადებინათ სხვა თუ არაფერი, ხო? მაგრამ, რა თქმა უნდა, ამასაც არ ჰქონია ადგილი.

როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს, მეც მაქვს ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა მზია ამაღლობელის საქმეზე. მზია ამაღლობელის საქმე არის ნათელი მაგალითი, რომ ეს რეჟიმი ებრძვის თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ ადამიანებს. სწორედ მზიაა ამის ნათელი სახე. შესაბამისად, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ რეჟიმი შეიცვალოს და ამ ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრების და სწორად ცხოვრების, სწორად განვითარების საშუალება მიეცეს ყველას“.

გაიგე მეტი:

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და მედიამენეჯერი 100 დღეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 28 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: