სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 2358 სამშენებლო ნებართვა გასცეს.
ეს წინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 პროცენტით ნაკლებია.
სამაგიეროდ ნებართვები ითვალისწინებს 2 მილიონ 591 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9 პროცენტით მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტების მასშტაბები იზრდება.
მასშტაბებთან, ასევე სიმჭიდროვის ზრდასთან დაკავშირებით ტენდენცია იზრდება ბათუმშიც. ახალ სამშენებლო კოდექსს ეს უნდა დაერეგულირებინა, თუმცა ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში არსებული რიგი შეღავათების დასაშვებობის პირობებში, მშენებლები ძირითადად სწორედ ამ დათმობაზე წასვლას სთხოვენ ბათუმის მერიას.
ახალი მშენებლობების ქაოსურობისა და მასშტაბების ზრდის გამო ბათუმში სიმჭიდროვის და მასთან დაკავშირებული პრობლემები მწვავედ დგას დღის წესრიგში.
საქსტატის ინფორმაციით, ნებართვების 75.5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4 პროცენტი მოდის თბილისზე; 12.9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე; 8 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.2 პროცენტი – კახეთის რეგიონზე. აჭარის წილი 5.9 პროცენტია.
2025 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღების საკითხს:
2025 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 659.6 ათასი კვ.მ ფართობის. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.1 პროცენტით ნაკლებია. 698 ობიექტი მიიღეს ექსპლუატაციაში, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17 პროცენტით ნაკლებია.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 32.5 პროცენტი მოდის თბილისზე, 14.0 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.3 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონზე.
ეს საკითხიც მწვავე პრობლემაა ბათუმში, სადაც გასულ წლებში აშენებული კორპუსების უმეტესობა ჩაუბარებელია, თუმცა ამ კორპუსების უმეტესობაში ბინების კერძო მესაკუთრეები ცხოვრობენ.
ამას ემატება უკანონოდ აშენებული ან შეთანხმებული პროექტის დარღვევით აშენებული ფართობები, მაგალითად, როცა მშენებელმა ნებართვა 8 სართულის მშენებლობაზე მიიღო და 12 ააშენა, უკანონოდ აშენებულ სართულებზე კი ბინები გაყიდა.