მთავარი,სიახლეები

ღარიბი ოჯახების რაოდენობა ბოლო 3 თვეში ისევ გაიზარდა, „ოცნება“ კი ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს

28.04.2025 •
ღარიბი ოჯახების რაოდენობა ბოლო 3 თვეში ისევ გაიზარდა, „ოცნება“ კი ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს

„2021 წლიდან საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.4 პროცენტია, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უმაღლესი ნიშნულია“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

ოფიციალური სტატისტიკა კი ამბობს, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება.

მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ღარიბი ოჯახების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2 383 ოჯახითაა გაზრდილი.

თუ 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში 179 552 ღარიბი ოჯახი იყო, 2025 წლის მარტის მდგომარეობით ღარიბი ოჯახების რაოდენობა 181 935-მდე გაიზარდა.

ამ ოჯახებში მცხოვრებთა რაოდენობას თუ ავიღებთ, გამოდის, რომ დამატებით 2025 წლის მარტის მონაცემებით, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 9 974 ადამიანი გაღარიბდა და გახდა სახელმწიფო შემწეობაზე დამოკიდებული.

2025 წლის მარტის მდგომარეობით, სოციალურ შემწეობას საქართველოში სულ 700 470 ადამიანი იღებდა, აქედან 250 772 ბავშვია.

ოფიციალური მონაცემებით, გაზრდილია სიღარიბეში მყოფი ბავშვების რაოდენობაც.

როგორ ხდება, რომ ქვეყანაში ეკონომიკა და ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა ერთდროულად იზრდება?

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს? და თუ რეალურად იზრდება ეკონომიკა, როგორც ამას „ოცნების“ ხელისუფლება ამტკიცებს, მაშინ ეს რატომ არ აისახება ქვეყნის მოქალაქეებზე?

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტს, მარიამ ჯანიაშვილს ესაუბრა.

„ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეკონომიკის ზრდა ქვეყანაში ადამიანების კეთილდღეობასა და სიღარიბის მაჩვენებელზე უნდა აისახოს.

ერთი მხრივ გვყავს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, რომელზეც ძირითადად აპელირებს „ქართული ოცნება“, რადგან საქსტატის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, უკანასკნელი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა.

რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი და „ქართული ოცნების“ განცხადებები მანიპულაციურია.

სიღარიბე/ფოტო: მანანა ქველიაშვილი

სიღარიბის წილის შემცირება არ ნიშნავს, რომ ადამიანები გამოვიდნენ სიღარიბიდან და უკეთესად ცხოვრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკეული მაჩვენებლის გათვალისწინებით ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა ისინი სიღარიბის ოფიციალურ სტატისტიკაში ვერ ხვდებიან.

ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის მინიმალური საჭიროებები დაკმაყოფილებულია. თუ ადამიანი ან ოჯახი დამოკიდებულია მიგრანტი ოჯახის წევრზე და ეს ფულადი გზავნილი წარმოადგენს მის ერთადერთ შემოსავალს, ეს ადამიანებიც ვერ ხვდებიან სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის წილში.

იმავენაირად შეგვიძლია ვთქვათ პენსიონერებზეც. პენსია გაიზარდა (35 ლარით), მაგრამ ეს ადამიანები ინდექსაციის კუთხით შესაძლოა საერთოდ არ ხვდებოდნენ ღარიბი ადამიანების რიგში“, – ამბობს მარიამ ჯანაშვილი.

მისი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია მიგრაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი გადარჩენისთვის: 2023 წლის საქსტატის მონაცემებით საქართველო 163 480 ათასი მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, რაც ბოლო წლებში იყო მაქსიმუმი.

„ეს არის კატასტროფა, რადგან სულ რაღაც 4 მილიონიც არ ვართ ქვეყანაში. ჯერ არ ვიცით ემიგრაციის ახალი მონაცემები რას გვეტყვის. ალბათ ბოლო მონაცემებიც ძალიან მაღალი იქნება.

ემიგრაციიდან გამოგზავნილი დახმარებით არსებობა, რეალურად, ეს არის დაფარული სიღარიბე, „ქართული ოცნება“ კი ხშირად ტოლობის ნიშანს სვამს სიღარიბესა და აბსოლუტურ სიღარიბეზე.

აბსოლუტური სიღარიბე არის ის, როცა შეიძლება საკვები არ გქონდეს. ზოგადად, გამოთვლის მეთოდოლოგია არის ძალიან ბუნდოვანი, რა ზღვარს ქვემოთ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრებად.

ადამიანი შეიძლება ვერ ახერხებდეს გადახდას ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროებებისთვის, თუმცა მაინც არ ჩათვალონ ღარიბად. ეს ადამიანები, ოჯახები, ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში იმყოფებიან“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

მარიამ ჯანიაშვილი

როცა ერთი მხრივ ლაპარაკია იმაზე, რომ ეკონომიკა იზრდება, მეორე მხრივ კი იზრდება სიღარიბე და საარსებო შემწეობის მიმღებთა ისტორიული მაქსიმუმი გვაქვს ქვეყანაში – 700 ათასზე მეტია ასეთი ადამიანი, რატომ არ ისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მოსახლეობის კეთილდღეობაზე?

„ძალიან ნათელია, რომ ეს რესურსები არათანაბრად არის გადანაწილებული მოსახლეობაშიც და მთლიანად ქვეყანაში.

საბოლოო ჯამში მიდის ეს ყველაფერი ელიტებთან, რომლებიც სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობით იხვეჭენ მეტ სიმდიდრეს. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება საკვების და ტანსაცმლის ფული არ ჰქონდეთ, თუმცა მათი რეალური მდგომარეობის გაუმჯობესება არავის არ ადარდებს“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

ინფოგრაფიკა/„ბათუმელები“

2024-2025 წლებში „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ არაერთი რეპრესიული კანონი მოიღო, რომლებიც მიმართულია საზოგადოების აქტიური ნაწილის გასანეიტრალებლად.

გრანტების წინააღმდეგ მიღებული კანონით, „ოცნების“ მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს ართმევს როგორც ორგანიზაციული, ასევე ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას.

ეკონომიკურად ისედაც მოწყვლადი მოქალაქეების წინააღმდეგ რეჟიმმა აამოქმედა 5 000-ლარიანი ჯარიმები, რაც მძიმე ტვირთად დააწვა საზოგადოებას.

სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების ფონზე, „ოცნების“ ხელისუფლება ქმნის სახელმწიფო ფონდს, საიდანაც აპირებს დააფინანსოს ის „არასამთავრობო“ ორგანიზაციები, რომლებიც მას მიმართავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული სახელმწიფო რესურსით ვერ ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ნაწილი და მათ „ოცნების“ ხელისუფლება არც უცხოური გრანტების მიღების შესაძლებლობას მისცეს – რეპრესიული კანონით, ორგანიზაციას ხელისუფლების თანხმობა დასჭირდება უცხოური გრანტის მიღებაზე.

ეს რეპრესიული პოლიტიკა რამდენად იქონიებს მომავალში გავლენას იმაზე, რომ გაიზარდოს ქვეყნიდან წამსვლელთა რიცხვი და ასევე სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების რაოდენობა, როცა ძალაუფლებაში მყოფი გუნდი არც სახელმწიფო რესურსების თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და არც ხალხს აძლევს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას?

მარიამ ჯანიაშვილის შეფასებით, ეს, სავარაუდოდ, სამომავლოდ, მწვავედ აისახება არასამთავრობო ორგანიზაციებზე, იმ ადამიანებზეც, რომლებიც წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად მუშაობდნენ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისთვის.

„ამ ორგანიზაციების უკან დგას ძალიან დიდი ადამიანური რესურსი და სწორედ მედიასაშუალებები წარმოადგენენ მნიშვნელოვან აქტორებს, რომ წარმოაჩინონ ის ადამიანები, ოჯახები, რომლებიც ყოველდღიურად დგანან სოციალური მოწყვლადობის წინაშე და იბრძვიან საკუთარი თავის გადარჩენისთვის.

ამიტომ, ამ ორგანიზაციების ეკონომიკურად თუ ფინანსურად დასუსტებით გაიზრდება როგორც სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების რიცხვი, ასევე შესუსტება იმ ადამიანების ხმაც, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა სიღარიბესთან ბრძოლაში“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრის, დავით კეშელავასა შეფასებით, ამ შემთხვევაში რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი: რამდენად ინკლუზიურია ეს ეკონომიკური ზრდა და როგორი მდგომარეობა გვაქვს სიღარიბის სხვა მაჩვენებლებში.

დავით კეშელავა

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი სექტორია ისეთი, სადაც ბოლო წლებში კარგი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, მაინც გვაქვს სექტორები, სადაც ადამიანების დიდი ნაწილია დასაქმებული და ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა არ გვქონია.

ასეთია, მაგალითად, სოფლის მეურნეობის სექტორი მიუხედავად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა. ასეთ კატეგორიაშია, მაგალითად ვაჭრობაც, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება, ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების დიდ ნაწილზე მაინც არ აისახება.

ასე რომ, შრომითი სექტორები, სადაც ადამიანთა დიდი ნაწილია დასაქმებული, რეალურად ასე სწრაფად არ გაზრდილა.

ჩვენ შემთხვევაში ზრდის მთავარი მაპროვოცირებელი იყო ტრანსპორტირების სექტორი, ნაწილობრივ ვაჭრობის, მაგრამ ეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე არ ისახება.

გარდა ამისა, გაუმჯობესება ჩვენ გვაქვს იმ ადამიანებისთვის, ვინც დასაქმებულია, ეკონომიკურად აქტიურია, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ საქართველოში მოსახლეობის ნახევარზე მეტი, დაახლოებით 1 მილიონ 60 ათასი ადამიანი ან საერთოდ გამოთიშულია შრომის ბაზრიდან, ან უმუშევართა კატეგორიას განეკუთვნება.

ამ ადამიანებზე ეკონომიკური ზრდა პირდაპირ ასახვას ვერ პოვებს, გარდა სახელმწიფო დახმარებისა და ემიგრაციიდან მიღებული შემოსავლისა.

აქტიური ასაკის მილიონზე მეტ ადამიანს პრაქტიკულად არ ეხება ეს ეკონომიკური ზრდა“ – ამბობს დავით კეშელავა.

„სახელმწიფო შემწეობა, რასაც ეს ადამიანები იღებენ, ან სოციალური პროგრამით დასაქმება, მნიშვნელოვანი გარღვევის, ამ ადამიანების სიღარიბიდან ამოყვანისთვის საკმარისი არ არის. არც შრომის ბაზარზე გააქტიურებისთვის არის საკმარისი. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ეს ადამიანები გამოთიშული არიან შრომის ბაზრიდან ისაა, რომ სამუშაო ადგილები არ არსებობს რეალურად და განსაკუთრებით ეს ეხება რეგიონებს – ადამიანთა დიდი ნაწილი აქ დაკარგული მუშახელია.

სახელმწიფო პოლიტიკა უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს, რომ ჩართოს მოსახლეობის ეს ნაწილი ეკონომიკურ საქმიანობაში.

შეუძლებელია სოციალური პოლიტიკით მნიშვნელოვანი ფონის შეცვლა.

ზოგადად, ეკონომიკური თეორია გვეუბნება, რომ თვითონ სექტორებში უნდა გაიზარდოს პროდუქტიულობა და იმ სექტორებიდან, სადაც ადამიანები ნელა იზრდებიან ეკონომიკურად, გადავიდნენ სხვა სექტორებში, სადაც უფრო სწრაფი ზრდის მიღწევაა შესაძლებელი.

ეს რთული ამბავია, რადგან ერთი სექტორიდან მეორეში ადამიანის გადასვლას ან დასაქმებას სჭირდება გარკვეული უნარები. სახელმწიფოს, მათ შორის განათლების სისტემის როლი მნიშვნელოვანია – ხელი უნდა შეუწყონ არა მხოლოდ უმაღლეს განათლებას, არამედ პროფესიული განათლებასაც – ზოგადად, ადამიანების გადამზადების საქმეში სახელმწიფოს დიდი როლი უნდა ჰქონდეს.

რეფორმა აუცილებელია, რომ ინკლუზიური გახდეს ეკონომიკური ზრდა, რაც გვაქვს“, – ამბობს დავით კეშელავა.

მისი თქმით, დღეს ბიზნესსაქმიანობის უდიდესი ნაწილი თბილისშია. დაახლოებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ზე მეტი მარტო ერთ ქალაქში იქმნება. თუ ამას დავამატებთ აჭარის რეგიონში შექმნილ მთლიან შიდა პროდუქტს, გამოდის, რომ 60%-ზე მეტი მხოლოდ ორ რეგიონშია შექმნილი.

„ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური აქტივობა ძალიან, ძალიან დაბალია რეგიონების დიდ ნაწილში და შესაბამისად, ნაკლები შესაძლებლობებია დასაქმების.

რასაც ჩვენ ვხედავთ, თვითმმართველობებიც ძალიან დასუსტებულია, რადგან  ფისკალური ავტონომია პრაქტიკულად არ გააჩნიათ, არც კომპეტენცია აქვთ იმისთვის, რომ რეგიონში მნიშვნელოვან ცვლილებებს მიაღწიონ.

ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მიგრაცია ხდება სოფლიდან დიდ ქალაქებში და საზღვარგარეთ,“-ამბობს დავით კეშელავა.

მას ასევე ვკითხეთ, როგორ აისახება ეკონომიკაზე ევროინტეგრაციის შეჩერება და იმ დახმარებების გაყინვა, რომელიც საქართველოს უნდა მიეღო გრანტის თუ სესხის სახით დასავლეთის ქვეყნებიდან.

მისი თქმით, შესაძლოა ამ დახმარებების შეწყვეტა მყისიერად არ აისახოს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, უფრო მკვეთრად გამოჩნდება ამის გავლენა.

„ყველაზე ცუდი აქ არის ის, რომ ძირითადად ეს დახმარებები მმართველობის გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული, რაც გრძელვადიანი პერიოდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ექნება ამას გამოვლინებები.

ამ თანხებით ხორციელდებოდა კონკრეტული რეფორმები და თუ ეს რეფორმები ვეღარ განხორციელდება, ეს აისახება ქვეყნის განვითარებაზეც“ – ამბობს დავით კეშელავა.

________________

მთავარ ფოტოზე: ბავშვები სოციალურ დაუცველი ოჯახიდან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: