„პუტინს 9 მაისამდე რაღაც წარმატების მიღწევა უნდოდა და ხელში არაფერი შერჩა. ის ვერც კურსკს ათავისუფლებს ბოლომდე, თუმცა დიდი მცდელობა აქვს,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
მისი აზრით, რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმების გააქტიურება რუსეთში ჭურვების საწყობის განადგურებას უკავშირდება.
„ეს იყო რუსებისთვის დამახასიათებელი, გაბოროტებული პასუხი იმაზე, რაც მათ უკრაინელებმა დამართეს. უკრაინელებმა 22 აპრილს, სოფელ კურზაჩისთან მდებარე სამხედრო საწყობს, ე.წ. 51-ე არსენალს დაარტყეს. ამ საწყობში დღემდე აფეთქებებია. აქ ჰქონდათ რუსებს საარტილერიო-სარაკეტო საწყობი, რომლის მოცულობა იყო დაახლოებით 270 ათასი ტონა,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.
სამხედრო ექსპერტის აზრით, ამ ეტაპზე ომში გარდატეხის რესურსი არც რუსეთს აქვს და არც უკრაინას, თუმცა გარდატეხის რესურსი უკრაინას მეტი აქვს, რადგან მის უკან დასავლეთია.
მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ი ამ პროცესს გამოეთიშება და რუსეთის მოკავშირე გახდება? – გადამდგარ გენერალს ესეც ვკითხეთ.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, რუსეთმა უკრაინაში ამჯერად დრონებით შეუტია დნეპროპეტროვსკის ოლქს. რას შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის გააქტიურება – უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით დასუსტდა, თუ რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს მოლაპარაკების პროცესში?
კომპლექსური საკითხია, თუმცა მგონია, რომ ეს იყო რუსებისთვის დამახასიათებელი, გაბოროტებული პასუხი იმაზე, რაც მათ უკრაინელებმა დამართეს – 22 აპრილს, სოფელ კურზაჩისთან მდებარე სამხედრო საწყობს, ე.წ. 51-ე არსენალს დაარტყეს. ამ საწყობში დღემდე აფეთქებებია. აქ ჰქონდათ რუსებს საარტილერიო-სარაკეტო საწყობი, რომლის მოცულობა იყო დაახლოებით 270 ათასი ტონა.
გაითვალისწინეთ, რომ ეს იყო ცენტრალური სამხედრო ოლქის მთავარი საწყობი, სადაც შეიძლება ორ-ნახევარი მილიონი ჭურვი შეინახო. ამდენი არ ინახებოდა, შესაძლოა, მაგრამ ფაქტია, რომ ამით მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს რუსეთს. ამის გაწმენდას და გადმოტვირთვას, თავიდან აწყობას ძალიან დიდი დრო დასჭირდება.
ორ-ნახევარი მლნ ჭურვი არის ის რაოდენობა, რაც მთელი წლის განმავლობაში შეიძლება გამოუშვას რუსეთმა.
ამის საპასუხოდ რუსეთი მტკივნეულ დარტყმებს აყენებს მოსახლეობას და ურტყამენ ქალაქებს. პარადოქსულად შესაძლოა ჟღერს, მაგრამ რაც ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო, ამ პერიოდში უფრო მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა უკრაინაში, ვიდრე წელიწად-ნახევარში, ვიდრე ტრამპი ამ მოლაპარაკებებს დაიწყებდა.
საჰაერო დარტყმების გააქტიურება ასევე მაჩვენებელია იმის, რამდენად სურს რუსეთს მშვიდობა. რუსეთს სურს იმის ჩვენება, რომ თვითონ არის წამყვანი. ის აჩვენებს ტრამპს, რომ აი, კიდევ იღუპება ხალხი და არიქა, უშველოს უკრაინას, მიაღებინოს კონკრეტული პირობები.
ფაქტია, რომ ამ მასშტაბის საჰაერო შეტევა ბოლო 2 წელია კიევზე არ ყოფილა. ერთდროულად 150 ერთეული დრონით და 70 ერთეული რაკეტით განახორციელეს რუსებმა კომბინირებული დარტყმა. დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი.
- ამ დრომდე უკრაინა ახერხებდა დედაქალაქის საჰაერო დაცვას. რა მოხდა ამჯერად?
რუსეთმა დააგროვა გარკვეული მარაგები. აქამდე ის დარტყმებს ახორციელებდა ძირითადად სასაზღვრო რეგიონებში.
ძნელია საუბარი იმაზე, შესუსტდა თუ არა უკრაინის საჰაერო თავდაცვა, მაგალითად, 70-დან 40 რაკეტა გაუნადგურეს უკრაინელებმა რუსებს. მასობრივი იყო ეს შეტევა, გამოიყენეს ცრუ დრონებიც, რომ გამოეწვიათ რადარების გადატვირთვა. როცა ცრუ დრონებზეა გადართული საჰაერო თავდაცვა, მოდის რაკეტები. ამ ვითარებაში ძალიან რთულია მოგერიება.
არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ შესაძლოა გარკვეული დეფიციტი შეექმნა უკრაინას საჰაერო თავდაცვაში, თუმცა, როგორც ვიცი, უკრაინა იღებს იგივე დახმარებას აშშ-გან, რასაც იღებდა ბაიდენის პრეზიდენტობის დროს.
უკრაინას უკვე აქვს დაგროვებული ის მარაგი, რომ ამ ტემპით და ინტენსივობით გააგრძელოს იგივე წარმატებით საომარი მოქმედებები წლის ბოლომდე.
- ამჯერად ტრამპი ამბობს ზელენკისზე: „მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა ან იომოს კიდევ სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდეო“. უშვებთ, რომ ამ რიტორიკის შემდეგ შესაძლოა აშშ გამოეთიშოს ამ პროცესს და რუსეთის მოკავშირე გახდეს?
ეჭვი მეპარება, რომ ასეთი რამ მოხდეს. ვერ გახდება აშშ-ი რუსეთის მოკავშირე, თუმცა დღევანდელი მოქმედებებით ფაქტია, რომ აშშ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს არ ნიშნავს მოკავშირეობას. ამერიკელები არ მისცემენ ამის საშუალებას ტრამპს, დარწმუნებული ვარ.
ჩემი გადასახედიდან ტრამპს ძალიან სჭირდება გარკვეული შედეგის მიღწევა, რომ მისი რომელიმე დაპირება შესრულებულად ჩაითვალოს. მშვიდობის დაპირებების ამ ჯაჭვში ყველაზე სუსტ რგოლად ტრამპი რატომღაც ზელენსკის მიიჩნევს და ურჩევნია, რომ მას მიაწვეს მაქსიმალურად.
ჯერ-ჯერობით ვერაფერს იტყვის ტრამპი, რომ რამე მიმართულებით რამეს მიაღწია. ტრამპი კანადაზე აღარ ლაპარაკობს, ჰარვარდის უნივერსიტეტმა სასამართლოში უჩივლა, უკრაინამ უარი უთხრა, ჩინეთთან ტონიც შეარბილა სანქციებთან დაკავშირებით. ცეცხლის შეწყვეტის კუთხითაც თუ წარმატებას ვერ მიაღწია ტრამპმა, ეს ნამდვილად დადებითად არ იმოქმედებს მის პოლიტიკურ კარიერაზე.
- რამდენად უკავშირდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყირიმს? ზელენსკიმ „ყირიმის დეკლარაცია“ შეახსენა ტრამპს, რომლის პირველი პრეზიდენტობის ვადაში, 2018 წელს მომზადდა ეს დეკლარაცია და რომლის მიხედვითაც, აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.
ამ ეტაპზე უკრაინას გაუჭირდება ყირიმის დაბრუნება, საშუალოვადიან პერსპექტივაში არ ჩანს მისი დაბრუნების პერსპექტივა, თუმცა, ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინამ უნდა აღიაროს და ყირიმი რუსეთს აჩუქოს.
ამას გარდა, რუსეთი უარს ამბობს მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რაც ვერ დაიკავა. ის ითხოვს ყირიმს და პლუს იმ 4 რეგიონის იმ ნაწილს, სადაც დაიკავა ტერიტორიები.
აშშ-ს მოთხოვნით, ამას რომც დათანხმდეს უკრაინა, ეს ძალიან ცუდი მაგალითი იქნება მსოფლიოსთვის. მაშინ ჩინეთს რატომ არ აქვს უფლება ტაივანზე პრეტენზია გამოაცხადოს? გამოდის, ვბრუნდებით იმ პერიოდში, რომ ვისაც ძალა აქვს, შეუძლია გააკეთოს ის, რაც მას სურს და მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებული პარადიგმა სრულიად ინგრევა.
- ლავროვი ამბობს, უკრაინის შესახებ შტატებთან შეთანხმების მისაღწევად რუსეთი მზად არის, თუმცა „ზოგიერთი ელემენტი დასამუშავებელიაო“. ლავროვი არ აკონკრეტებს, რა არის ეს „ზოგიერთი ელემენტი“. თქვენი დაკვირვებით, რა გათვლა აქვს ამჯერად რუსეთს?
ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ რუსეთი ევაჭრება ტრამპს, როგორც ბიზნესმენს: ამას მოგცემ, მინერალებს დაგითმობ… ან, მაგალითად, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში შევლენ ამერიკელები და ენერგიას მისცემენ რუსებს და უკრაინელებსაც. ეს რა, მოლაპარაკება არის? ფაქტია, რომ ამ მოლაპარაკების მიზანი სხვა არის და არა რუსეთთან აშშ-ს ვაჭრობის გაღრმავება. საუბარია ომის დასრულებაზე.
რაღაც ვარიანტებს სთავაზობენ რუსები ამერიკელებს, მაგრამ რამდენად მისაღები იქნება ეს ამერიკისთვის, რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ს პოლიტიკური ისტებლიშმენტი.
- უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსეთის ჯარებმა კიევს ჩრდილოეთ კორეისგან მიღებული რაკეტით დაარტყეს. თქვენი მონაცემებით, რა ვითარება აქვს რუსეთს რესურსების კუთხით?
უკრაინას შეუძლია ეს თქვას, რადგან არსებობს რაკეტების ნამსხვრევები, თუმცა რუსეთს რომ ეხმარება ჩრდილოეთ კორეა, ეს ფაქტია. ჩრდილოეთ კორეა ეხმარება რუსეთს რაკეტებით, არტილერიის საშუალებებით, დიდი რაოდენობის ჭურვებით და ხალხითაც. ამ დღეებში კურსკში ამოხოცეს უკრაინელებმა კორეელების ოცეული.
ფაქტია, რომ რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობები დღეს ჩრდილოეთ კორეის აღჭურვილობაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული.
- ეს დახმარება იზრდება იმ მასშტაბით, რომ რუსეთს შესაძლოა მიეცეს ფართომასშტაბიანი, ახალი შეტევის შესაძლებლობა?
ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რას აწვდის ჩრდილოეთ კორეა რუსეთს, მაგრამ რუსეთის დღევანდელი რესურსი არაა იმაზე მეტი, ვიდრე მას ომის დასაწყისში ჰქონდა. არ მგონია, რომ ისე გააძლიეროს ჩრდილოეთ კორეამ რუსეთი, რომ გარდატეხის შეტანა შეძლოს ამ ომში.
ჯერ ერთი, ჩრდილოეთ კორეას თავადაც სჭირდება იარაღი, რადგან სამხრეთ კორეა ჰყავს მეზობლად. ისეც ვერ იზამს, რომ ყველაფერი რუსეთს მისცეს.
- თუ აშშ გამოეთიშება ამ პროცესს, ვინ იკვეთება ლიდერად ევროპაში? რამდენად შეიძლება, მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა ჩაანაცვლოს აშშ და რა შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაში?
ჩემი სუბიექტური მოსაზრება არის ის, რომ თუ ჩასახსნელია, რაც უფრო ადრე ჩაეხსნება აშშ ამ პროცესს, უკეთესია. ცრუ იმედები და მოლოდინები დამაზიანებელია.
დიდ ბრიტანეთთან ერთად, მე ხაზს გავუსვამდი საფრანგეთს. მაკრონი ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ საქმეში და ასევე, პირველად ხდება ის, რომ გერმანია პირველად თავის დანაყოფს განათავსებს ევროპაში გერმანიის გარეთ. საუბარია ბალტიისპირეთზე.
ევროპას ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო გეგმაზომიერი და მიზანმიმართული გახადოს უკრაინის დახმარება. თქვენთან ინტერვიუში ვახსენე სიკორსკის სიტყვები, რომ მართლაც სირცხვილია, 500-მილიონიან ევროპა ეხვეწებოდეს 300-მილიონიან ამერიკას, 145-მილიონიანი რუსეთი შეგვიჩერეო. ევროპას ძალიან დიდი რესურსი გააჩნია და ეს რესურსები ამუშავებულია უკვე. ევროპა უკვე ხედავს რეალობას, რომ მას უნდა შეეძლოს ამერიკის გარეშე თავისი თავის დაცვა.
ამიტომაც, არ მესმის, რატომ თვლის ზოგიერთი, რომ ევროპელები მარტო ვერაფერს გააწყობენ და მიუნხენში მხოლოდ ყავას სვამენ?!
ბალტიისპირეთი ნახეთ, რა მდგომარეობაშია. ესტონეთში, რუსეთის საზღვართან სამხედრო ბაზას ქმნიან ყველაზე რუსულ ქალაქში – ნარვაში. ლიეტუველებიც აორმაგებენ სამხედრო შესაძლებლობებს, ჯავშანტექნიკას ყიდულობენ დასავლეთის ქვეყნებიდან. ჰოლანდიის მეფემ განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა მოემზადოს ომისთვის.
არ ჩანს, რომ რუსეთს აქვს ძალიან დიდი უპირატესობა. პირიქით, დარტყმები რუსეთშიც ხდება. უკრაინელებმა 112-ე სარაკეტო საწყობს დაარტყეს და ყირიმის აეროდრომებსაც. ამას გარდა, უკრაინელებმა დაარტყეს რუსების სამხედრო ობიექტებს პოკროვსკიში და გარკვეული პოზიციები დაათმობინეს ჩრდილოეთ მიმართულებაზე. შუა მოსკოვში, პრესტიჟულ რუბლიოვკის რაიონში, მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი, გენერალი მოსკალიუკი ააფეთქეს, კურსკში რუსეთის გმირი, ეროვნებით ოსი მაიორი თიბილოვი მოკლეს და ა.შ.
პუტინს 9 მაისამდე რაღაც წარმატების მიღწევა უნდოდა და ხელში არაფერი შერჩა. ის ვერც კურსკის ათავისუფლებს ბოლომდე, თუმცა დიდი მცდელობა აქვს. სხვათა შორის, კურსკის რაიონში, უკრაინელები ჯერ კიდევ 150 კვ.კმ. აკონტროლებენ და არაფრით გამოდის პუტინს საცხრამაისო საჩუქრის მიღება.
ევროპაშია 2-მილიონიანი შეიარაღებული ძალები, რომელიც ჰყავს ნატოს. რუსეთს კი, 700-900 ათასიანი ჯარი ჰყავს. ნატოს შემადგენლობაში გასათვალისწინებელია თურქეთის ნახევარმილიონიანი ჯარიც, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და ის არ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს.
ამერიკის იზოლაციონიზმიც კიდევ როგორ წაადგება ამერიკულ სამხედრო მრეწველობას? როგორც ვიცი, რამდენიმე ქვეყანამ ევროპაში შეაჩერა მოლაპარაკება F 35-ის შესყიდვაზე ამერიკულ კომპანიებთან და შვედური „გრიპენის“ თვითმფრინავების შეძენა დაიწყეს. თუ ევროპა თავად დაიწყებს იარაღის წარმოებას, რაც უკვე დაწყებულია კიდეც, ეს აშშ-ს დაარტყამს. ამერიკაში უკვე გამოთქვამენ შეშფოთებას სამხედრო-სამრეწველო წრეებში.
- გამოდის, ამ ეტაპზე გარდატეხა არცერთ მხარეს არ შეუძლია, თუმცა ამ ომში გარდატეხის რესურსი უფრო უკრაინას აქვს?
ზოგადად ასეთ ხანგრძლივ, გამოფიტვაზე წარმოებულ ომში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რა ძალები გყავს ფრონტზე. უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რა რესურსი გაქვს გამოუყენებელი.
რუსეთს გამოუყენებელი რესურსი აქვს მხოლოდ ადამიანური ძალა, ასევე ბირთვული იარაღი, რომელიც არ გამოუყენებია და არა მგონია, ამაზე იყოს საერთოდ საუბარი.
უკრაინას კი, აქვს ევროპისგან ფინანსური, ტექნიკური, ტექნოლოგიური და ლოგისტიკური დახმარების მიღების რესურსი.
დღეს მე ვერ ვიტყოდი, რომ გარდამტეხის შემტანია რომელიმე მხარე. ამიტომაც არის ეს ომი გაჭიანურებული და ორივე მხარეს სჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა არა იმ დათმობის ხარჯზე, რასაც აშშ სთავაზობს უკრაინას.
ყოველთვის დასაშვებია, რომ რაღაც გაუთვლელად მოხდეს, მაგრამ ცხადია, ევროპას გააჩნია რუსეთზე მეტი რესურსი. ეს ფაქტია. რუსეთს აქვს ადამიანური რესურსი, მას დაახლოებით 15 მილიონამდე რეზერვის მობილიზება შეუძლია საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ამ მობილიზებას სჭირდება კვება, მომზადება, შეიარაღება, აღჭურვა. ამის რესურსი დღეს რუსეთს არ აქვს.
ევროპას აქვს შესაძლებლობა, ტექნოლოგიურად დაეხმაროს უკრაინას და ამით გაწონასწორდეს რაოდენობრივი დისბალანსი რუსეთთან.
მნიშვნელოვანია, რომ აქამდე რასაც იღებს უკრაინა დასავლეთიდან, ამის 90% არის წინა თაობის წარმოების აღჭურვილობა. მათი მარაგები კი იწურება. შესაბამისად თანდათან ხდება მათი უფრო ახალი სისტემებით ჩანაცვლება. ბოლო თაობის იარაღის სისტემები ჯერ არ მიუღია უკრაინას. ახლოვდება პერიოდი, როცა ამ იარაღს მიიღებს უკვე უკრაინა. ამის შემდეგ უკვე შეიძლება საუბარი ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან გარდატეხაზე.