სიახლეები

არასრულწლოვანი დროულად უნდა განარიდონ მიმდინარე პროცესებს – ომბუდსმენი სახლების ჩხრეკაზე

29.04.2025
არასრულწლოვანი დროულად უნდა განარიდონ მიმდინარე პროცესებს – ომბუდსმენი სახლების ჩხრეკაზე

სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს, 29 აპრილს, რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც იმყოფებოდა არასრულწლოვანი, მარიამ ბაჯელიძის 7 წლის შვილი.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვანებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო.

ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.

სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს 29 აპრილს გავრცელდა.

დღეს, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დილიდანვე დაიწყეს ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის სახლების ჩხრეკა. ასევე პოლიციამ გაჩხრიკა „ადამიანის უფლებათა სახლის“ გამგეობის წევრი, ალეკო ცქიტიშვილი და წაართვა ტელეფონი, შემდეგ კი გაუჩხრიკა ბინა, საიდანაც წაიღეს ლეპტოპი.

  • რა ხდება? 

29 აპრილს, დილას, ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის („სირცხვილიას“ ყოფილი წევრი) სახელებში ჩხრეკა დაიწყო. ასევე, ჩხრეკა ჩატარდა იმ ფონდების დამფუძნებლების სახლებშიც, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დაჯარიმებული ან დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხებს აგროვებდნენ.

მოგვიანებით, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ რომ ჩხრეკა „გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით“ ჩაატარეს.

„სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თითქმის ყველა ადამიანი, ვის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა, მიუთითებს, რომ გამომძიებლის მთავარ ინტერესს ტელეფონების და კომპიუტერული ტექნიკის ამოღება წარმოადგენდა და სხვა მხრივ სახლებში ჩხრეკას ზედაპირული ხასიათი ჰქონდა.

ჩხრეკის საფუძვლად პროკურატურა მუხლებს ასახელებს, რომლებზეც პროკურატურამ დაიწყო გამოძიება “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული “ნეიტრალური საქართველოს” მიმართვის საფუძველზე. ამ ორგანიზაციის ლიდერი ვატო შაქარაშვილია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: