აჭარის პოლიციის დეპარტამენტი ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N11ა-ში მდებარე ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობის რემონტში 1 051 845 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. დეპარტამენტი 52 ახალ ტელევიზორსაც იყიდის, რაზეც ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 30 048 ლარით.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული და საშტატო ცვლილების საფუძველზე შეიქმნა 2 ახალი მთავარი სამმართველო და აღნიშნული დანაყოფები უნდა განთავსდეს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N11ა-ში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში.
„მოცემული შენობის რემონტი შსს-სა და შპს „გეგუ“-ს შორის 2024 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო. თუმცა, არაერთი გაფრთხილებისა, კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად შესრულება“, – წერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს.
შსს-სა და „გეგუ“-ს შორის ხელშეკრულება 1 438 731 ლარზე იყო გაფორმებული, თუმცა ამ თანხაში კომპანიას, გარდა აღნიშნული შენობის რემონტისა, ასევე ევალებოდა ბათუმში გრიბოედოვის N4ა-ში მდებარე შენობაში ლითონის კონსტრუქციების მოწყობა და ი. გრიშაშვილის №17-ში მდებარე შენობის წინაფარზე ლამექსისი მინის შეცვლაც.
ეს ხელშეკრულება სამინისტრომ 2024 წლის 30 დეკემბერს შეწყვიტა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის განაცხადის მიხედვით, შპს „გეგუ“-ს მიერ წარმოდგენილი 1 050 539 ლარის სამუშაოების შესრულების შესახებ დოკუმენტაცია გადაგზავნილი იქნა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში. ბიუროს დასკვნით კი, ფაქტობრივად შესრულებული იყო 841 415 ლარის სამუშაოები.
ამასთან, შეფითხულ კედლებისა და ჭერის ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, ასევე, საქვაბე არ იყო სრულყოფილად მოწყობილი, კერძოდ: გათბობის სისტემა მიტანილია ადგილზე, მაგრამ არ არის დამონტაჟებული და მითითებული სამუშაოები არ ანაზღაურდება, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 54 085 ლარი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შსს-მ დაიანგარიშა, რომ „გეგუ“-ს შესრულებული ჰქონდა ჯამში 787 330 ლარის სამუშაოები „რასაც არ ეთანხმება და არ ადასტურებს მომწოდებელი, ამიტომ ორმხრივად დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტი და მიღება-ჩაბარების აქტი ვერ იქნა შედგენილი“-ო.
შესყიდვების პორტალის მიხედვით კი, ავანსად და შემდგომ ეტაპებზე კომპანიისთვის ჯამში გადახდილია 965 355 ლარი. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნითა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით კი, როგორც პოლიციის განაცხადშია აღნიშნული, „გეგუზე“ გადასახდელია გაცილებით ნაკლები – 787 330 ლარი.
„ავანსად გადარიცხული თანხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის საფუძველზე უკან დაბრუნებულია 75 795 ლარი, ხოლო 102 228 ლარი ექვემდებარება შპს „გეგუ“-ს მიერ დაბრუნებას… მოცემულ ეტაპზე უნდა მოხდეს იმ სამუშაოების შესყიდვა, რომელიც ვერ შეასრულა ან უხარისხოდ შეასრულა მიმწოდებელმა 2024 წლის ხელშეკრულების ფარგლებში“, – წერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი განაცხადში.
ვინაიდან შენობის „დარჩენილი შესასრულებელი სარემონტო სამუშაოებისთვის“ სავარაუდო ღირებულება 1 051 845 ლარია, გამოდის, რომ რემონტი ბიუჯეტს გაცილებით მეტი დაუჯდება, ვიდრე თავდაპირველად იყო გათვლილი.
რაც შეეხება ტელევიზორებს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 52 ცალი ტელევიზორის შეძენაზე ტენდერი 30 048 ლარით აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება 2025 წლის 4 მაისს დაიწყება და 6 მაისს დასრულდება.
აჭარის პოლიცია შემდეგი მახასიათებლების მქონე ტელევიზორებს იყიდის:

წყარო: შესყიდვების პორტალი
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2025 წლის 24 აპრილის სხდომის ოქმის მიხედვით, ტელევიზორების სავარაუდო ფასის დასადგენად დეპარტამენტმა ბაზრის შესწავლით დაადგინა.
„ტექნიკური დოკუმენტაცია გადაეგზავნა 8 კომპანიას. შემოთავაზებაზე დაინტერესება გამოთქვა და წინადადება წარმოადგინა სამმა კომპანიამ:
პრეტენდენტი N1 – წინადადების ჯამური ღირებულება 31578.00 ლარი.
პრეტენდენტი N2 – წინადადების ჯამური ღირებულება 30400.00 ლარი.
პრეტენდენტი N3 – წინადადების ჯამური ღირებულება 30950.00 ლარი.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა სატენდერო კომისიამ და მიიღო გადაწყვეტილება, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება განისაზღვროს ბაზრის კვლევაში დაფიქსირებული საქონლის უმცირესი ფასის შესაბამისად და განისაზღვროს 30 048 ლარით“, – აღნიშნულია ოქმში.
ოქმს ხელს აწერენ სატენდერო კომისიის წევრები. მათ შორის: კომისიის თავმჯდომარე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუხრაშვილი და ამავე კომისიის წევრი, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე.
ბუხრაშვილი დეპარტამენტის დირექტორად 2025 წლის აპრილის დასაწყისში დანიშნეს, მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობიდან გაათავისუფლეს გრიგოლ ბესელია.
გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე არიან მთავარი ფიგურანტები უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის საქმეში. ორთავე პოლიციელი ასევე იმ პირებს შორის არიან, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაასანქცირეს.
გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბათუმში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პროტესტის მონაწილეების დაკავებას. ამასთან, ირაკლი დგებუაძეს აქციის არაერთი მონაწილე ადანაშაულებს ძალადობაში.
ფურთხება, უშვერი გინება, ფეხის სახეში ჩარტყმა – როგორ ექცევა დგებუაძე დაკავებულებს