მთავარი,სიახლეები

ბავშვზე მოძალადე არ დასჯილა, ლოყის აწითლების გამო კი მთელი სისტემა იცავს პოლიციელს – მოქალაქე

29.04.2025 •
ბავშვზე მოძალადე არ დასჯილა, ლოყის აწითლების გამო კი მთელი სისტემა იცავს პოლიციელს – მოქალაქე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც 28 აპრილს მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა, მოვიდა მოქალაქე გოჩა მელაძეც, რომლის 12 წლის შვილს ცეკვის მასწავლებელმა სცემა. ეს საქმე სასამართლოს ჯერ არ განუხილავს.

გოჩა მელაძის შვილზე 2024 წელს იძალადა მასწავლებელმა. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა ერთი გაკვეთილის განმავლობაში 12 წლის ბავშვზე არაერთხელ იძალადა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მასწავლებელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ამ ამბის შესახებ „ბათუმელებმა“ სტატია 2024 წელს გამოაქვეყნა.

გოჩა მელაძის თქმით, სისტემა არის უსამართლო როგორც მისი შვილის, ასევე მზია ამაღლობელის მიმართაც და სასამართლო, პოლიცია და პროკურატურა ემსახურება არა ადამიანის უფლებების დაცვას, არამედ პარტიის ინტერესებს.

„2 000-ლარიანი გირაოთი ჰყავთ გამოშვებული ბავშვზე მოძალადე. პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, ჩემი პოლიტიკური პოზიციის და მდგომარეობის გამო დაკავებულია შურისძიებით და ახლა მეუბნებიან, რომ 31 ოქტომბერს უნდათ ჩემს შვილზე ძალადობის საქმის განხილვა.

ამ დროს, მზია ამაღლობელი 100 დღეა საპყრობილეშია, ამ ნაძირალა დგებუაძის, ამ უსამართლო სასამართლოსი და უკანონობის პიკის გამო.

რა ხდება, ხალხო, გამარკვიეთ, სად ვცხოვრობთ, საერთოდ კონსტიტუცია არსებობს, სამართალი არსებობს ამ ქვეყანაში? გაოგნებული ვარ“ – თქვა გოჩა მელაძემ.

მისი თქმით, ერთი წლის მანძილზე ვერ მიაღწია სამართალს, რადგან მის შვილზე მოძალადე არ დაუსჯიათ.

„რეალურად, პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო დაკავებულია „ქართული ოცნების“ მარიონეტის მფარველობით. მაშინ, როცა ერთი სილის შემოკვრის გამო ლანძღეს მზია ამაღლობელი და მთელი შს სამინისტრო მოსულია სასამართლოში და ამბობს, (დგებუაძეს) ლოყა აქვს აწითლებულიო.

მაშინ, როცა მოძალადემ ბავშვს სცემა, მთელმა საქართველომ ნახა ეს საშინელი ფაქტი და პროცესი ისევ გადააქვთ. არსებობს ამ ქვეყანაში სამართალი, არსებობს მართლმსაჯულება?“ – თქვა გოჩა მელაძემ 28 აპრილს, ჟურნალისტებთან.

ამავე თემაზე: 

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა – დაწყებულია გამოძიება | ვიდეო

ნახეთ ვიდეო:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: