„ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამ და მინდა ყველამ ჩავიხედოთ ჩვენს გულებში. გინახავთ სუფრასთან ან პირად საუბრებში, ვინმეს სიამაყით ეთქვას – ბაბუაჩემი ჩეკისტი იყოო? ბაბუაჩემი წითელარმიელი იყო და მოუძღოდა რუსეთის არმიას საქართველოს ოკუპაციისთვისო? გინახავთ ვინმეს?
მე არ მინახავს ასეთი ადამიანი. შეიძლება ვინმეს სადმე ოდესმე წამოსცდენია, მაგრამ საკადრის პასუხის მიიღებდა, ალბათ.
გინახავთ ვინმეს ეთქვას, მამაჩემი მხედრიონელი იყო და სამეგრელოს აწიოკებდაო? ასეთი ადამიანების შთამომავლობა მალავს თავის ვინაობას, მალავს საკუთარ წინაპრებს და აი, ასე მოუწევს დღევანდელი „ქართული ოცნების“ ელიტას, ამ რუსული საქმის გამკეთებელ ბინძურ შემსრულებლებს, მათ შთამომავლობას, ვინაობის დამალვა“- ასე მიმართა „დროას“ რეგიონულმა ლიდერმა, გენრი დოლიძემ ბათუმში, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე, 25 აპრილს, საზოგადოებას.
„მზიამ იმ დღეს ღირსების სილა გააწნა რუსულ პოლიციას და მან გააკეთა თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელი“.
გენრი დოლიძემ თავისი გამოსვლა მადლობით და ბოდიშით დაიწყო. მან მადლობა უთხრა მზიას, პოლიტპატიმრებს და ისინი თავისუფლებისთვის მებრძოლების ღირსების დამცველებად მოიხსენია:
„მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო მზიას და ყველა პოლიტპატიმარს, ჩვენ იმ დღეს ყველანი იქ ვიყავით და ვართ თვითმხილველები იმ უსამართლობის, რაც თავს დაატყდა მზია ამაღლობელს და დაგვატყდა თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ, რომ მზიამ იმ დღეს ღირსების სილა გააწნა რუსულ პოლიციას და მან გააკეთა თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელი და მის ადგილზე, იმ მომენტში, იმ კონკრეტულ სიტუაციაში, დარწმუნებული ვარ ასიდან ასი ადამიანი ვერ მოითმენდა და ეს იქნებოდა მისი ინსტინქტური პასუხი, ღირსების პასუხი იმ საზოგადოების შეურაცხყოფისთვის, რომელსაც საჯაროდ, ღიად, შეუფარავად შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები მათი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი შეხედულების გამო.
სამწუხაროა ეს ფაქტი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მზია ამაღლობელი იდეის გამო ზის ახლა ციხეში და ეს იდეა არის მართალი იდეა და სიმართლეს ვერანაირი პოლიციური მანქანა ვერ შეაჩერებს.
მე მას ვუსურვებ მხნეობას, ყველა პოლიტპატიმარს ვუსურვებ მხნეობას, მადლობას ვუხდი და ბოდიშსაც ვუხდი, იმიტომ, რომ მათ გააკეთეს ის, რაც ბევრმა ჩვენგანმა ვერ გავაკეთეთ.
გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა იყო ალბათ და არის საჭირო, რომ ის ადამიანები მალე გამოვიდნენ და შემოუერთდნენ ჩვენს რიგებს, იმიტომ, რომ გარდა ბრძოლისა, ჩვენ ბევრი რამ გვექნება ერთად გასაკეთებელი, რაც მტრობას დაუნგრევია, უნდა ავაშენოთ ერთად სამოქალაქო საზოგადოებამ, დიდი სიყვარულით თავისუფლებისადმი, ერთმანეთისადმი და ჩვენი მომავალი თაობისადმი“.
გენრიმ საზოგადოებას შეახსენა, თუ როგორ „ალაგებს ისტორია ყველაფერს თავის ადგილზე“:
„მზია ამაღლობელის სახელის და გვარის ამოკითხვის დროს ზუსტად ისევ დაუვლით ჟრუანტელი ჩვენს შვილიშვილებს, ჩვენს შვილებს, როგორც ჩვენ გვივლიდა ჟრუანტელი, იმ ლეგენდარული ფრაზის მოსმენისას – „ასრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“. ზუსტად ისევე იამაყებენ და ისევე დაიკრავს მათ პოსტერებს, ზვიადის იქნება ეს, ანდრო ჭიჭინაძის თუ სხვა, სიმართლისთვის დევნილი ადამიანების ფოტოებს ჩვენი შთამომავლობა, როგორც ჩვენ მარო მაყაშვილის სახელით ვამაყობთ და მის ფრაზებს ვიყენებთ ხოლმე სლოგანებად და ეს თაობებს გადაეცემა.
შეიძლება ჩვენ მოგვკლან, შეიძლება ჩვენ დაგვაპატიმრონ, მაგრამ ჩვენი იარაღი მათგან განსხვავებით არის სიმართლე და ნებისმიერი ადამიანის განადგურებით რეალობას ისინი ვერ შეცვლიან“.
გენრი დოლიძე თავადაც იყო პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ის ძალადობაში ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს ადანაშაულებს.
გენრი დოლიძის საქმე, ისევე როგორც ბევრი სხვა დაზარალებული საქმე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზეა გადაცემული, თუმცა არც მზია ამაღლობელი და არც გენრი დოლიძე დაზარალებულად არ არიან ცნობილი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კი ერთადერთი პასუხი აქვს – „მიმდინარეობს გამოძიება“.