„ჟურნალისტები არ უნდა იყვნენ ციხეში მათი საქმიანობის გამო,“ – ევროპარლამენტარი, ავსტრიის მწვანეთა პარტიიდან ლენა შილინგი მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს.
ევროპარლამენტარმა პეტიცია შექმნა , რომელზე ხელის მოწერაც მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ მსურველებს.
„მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტია. დღეს ის ციხეში ზის და 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება – თავისუფალი მედიის, დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო.
და რა არის მისი „დანაშაული“?
მშვიდობიანი პროტესტის დროს, დაპირისპირება პოლიციელთან. უფლებადამცველი ორგანიზაციები მის ბრალდებას არაპროპორციულად აფასებენ.
ჩვენ ვდგავართ მზია ამაღლობელის გვერდით. მხარს ვუჭერთ მზია ამაღლობელს, მის კოლეგებს ბათუმელები/ნეტგაზეთიდან და ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტს, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან,“ – ნათქვამია პეტიციაში.
პეტიცია ორ ენოვანია და მისი ტექსტი ხელმისაწვდომია როგორც ინგლისურად, ისე გერმანულად. პეტიციის ხელმომწერები ხელისუფლება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვენ.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, მოხსნან არაპროპორციული ბრალდებები, ჩაატარონ დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ პატიმრობაში განხორციელებული არასათანადო მოპყრობის გამო.
რატომ არის მისი საქმე მნიშვნელოვანი?
მზია სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისათვის.
მისი დაპატიმრება აჩვენებს, როგორ დგას საფრთხის ქვეშ პრესის თავისუფლება საქართველოში.
მაღალი თანამდებობის პირებმა დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და წარმოაჩინეს ის, როგორც „უცხოეთის აგენტი“ და „კრიმინალი“.
მისი დაკავება არის განსხვავებული აზრისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმართული უფრო ფართო მასშტაბის რეპრესიების ნაწილს, რომლის მიზანია სხვების გაჩუმება შიშის დანერგვით.
გამბედაობა არასდროს არ უნდა იყოს კრიმინალიზებული,“ – ვკითხულობთ პეტიციაში.
დღეს, 28 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეცვლის საკითხზე იმსჯელა და ის ისევ პატიმრობაში დატოვა.