„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და მედიამენეჯერი 100 დღეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 28 აპრილს გაიმართა. პროცესზე აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია დაკითხეს, რაც დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა.
დღეს უნდა დაეკითხათ ბათუმის პოლიციის უფროსიც, ირაკლი დგებუაძე, თუმცა დაცვის მხარემ დგებუაძის დღეს დაკითხვაზე უარი თქვა.
დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელისგან დანაშაულის ჩადენის მომატებული საფრთხე არსებობს.
ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას დარბაზიდან საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.

ჟურნალისტი რუსუდან ცხომელიძე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე

მზია ამაღლობელი

მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები
სასამართლო სხდომაზე, მანამ სანამ მოსამართლე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, მზია ამაღლობელმა მოსამართლეს და პროკურორებს მიმართა.
„პროკურატურის გასაგონად მინდა ვთქვა – მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან. თუ გინდათ ჩემი განწყობა იცოდეთ, ეს არის.
რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა, ვერ ვხვდები, რას ნიშნავს დანაშაულის ჩადენა და თან ახალი. იმიტომ, რომ ბუნებით კრიმინალი არ ვარ და ყველაფერი ის, რაც კრიმინალთან არის დაკავშირებული მძაგს, ატანა არ მაქვს. ახალი დანაშაული თუ უნდა ჩაიდინო, უნდა დაგეგმო ხო?! ან თუ შემიძლია ახალი დანაშაულის ჩადენა… შემიძლია, საპატიმროში რატომ არ შემიძლია?! იქაც მაქვს კომუნიკაცია. ვერ ვხვდები ამას.
ერთადერთი ვიცი, რომ პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი რას გავაკეთებ. დანაშაულს არ ჩავიდენ, იმიტომ, რომ არ ვარ კრიმინალი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ. ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ უნდა დამტოვოთ პატიმრობაში“, – თქვა მზია ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელის ძმა

როგორც გასულ პროცესებზე, მზია ამაღლობელის პროცესზე დარბაზში სიმჭიდროვეა.
მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
“[დგებუაძის სახეში] გარტყმის შემდეგ ისეთი ხმა იყო, მერე საერთოდ დაიშალა აქცია”, – თქვა გრიგოლ ბესელიამ დაკითხვისას.
მოგვიანებით ბესელიამ სასამართლოს უთხრა – “ვიზუალური რამე დაზიანება, სისხლდენა, სისხლჩაქცევა ან ნაკაწრი არ ჰქონია [ირაკლი დგებუაძეს]. სიწითლე ჰქონდა, არ ჰქონდა, არ მიმიქცევია ყურადღება”.

გრიგოლ ბესელია

ამაღლობელის საქმეზე მოსამართლე ნინო სახელაშვილია
ნინო სახელაშვილი დასანქცირებული მოსამართლეა. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო.
მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილი გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს.
ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ნინო სახელაშვილი ისევ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

მზია ამაღლობელის ოჯახის წევრი

მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე
მზია ამაღლობელის პროცესს დღეს ჩეხეთის, პოლონეთის, დანიისა და ესტონეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მზია ამაღლობელეის შემდეგი სასამართლო პროცესები 8 და 16 მაისსაა ჩანიშნული.

მალხაზ ჭკადუა სასამართლო პროცესზე.
დღეს, 28 აპრილს, საიამ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.
წაიკითხეთ მეტი:
რა თქვა ბესელიამ დგებუაძის გაწითლებულ ლოყაზე – რა ახსოვს და რა დაავიწყდა პოლიციის ყოფილ უფროსს