სიახლეები,ჯანმრთელობა

თურქეთში ინსულტის შემდეგ კაცს მშობლიური ენა დაავიწყდა და დანიურად დაიწყო საუბარი

30.04.2025
თურქეთში ინსულტის შემდეგ კაცს მშობლიური ენა დაავიწყდა და დანიურად დაიწყო საუბარი

თურქული მედია საინტერესო სამედიცინო შემთხვევაზე წერს, რომელიც თურქეთში, კონიაში მოხდა.

67 წლის კაცმა, რაჰმი კარადემირმა, რომელმაც ინსულტი გადაიტანა, კონიაში მდებარე საუნივერსიტეტო კლინიკაში სამედიცინო ჩარევის შემდეგ მოულოდნელად დაიწყო საუბარი დანიურ ენაზე, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში არ იყენებდა და დაავიწყდა თურქული, მშობლიური ენა.

კაცი დანიაში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და შემდეგ დასახლდა კონიაში, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში დანიურად აღარ საუბრობდა.

კაცს აპრილის შუა რიცხვებში ორთოპედიულ განყოფილებაში მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა, ოპერაციიდან ორი დღის შემდეგ კი მარჯვენა ხელ-ფეხი მოულოდნელად გაეთიშა და მეტყველებაც შეუფერხდა. დიაგნოსტიკის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი ტვინის მარცხენა მხარეს ერთ-ერთი მთავარი არტერია სისხლის კოლტით იყო დახშული.

თრომბის ამოღების შემდეგ პაციენტს ნევროლოგიური სიმპტომები სწრაფად გაუქრა, თუმცა საუბარი დანიურ ენაზე დაიწყო.

„პაციენტს თურქულად საუბარი აღარ შეეძლო, თუმცა თავისუფლად ფლობდა დანიურ ენას, რომელიც გვეგონა, რომ დავიწყებული ჰქონდა. სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია იშვიათი შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ინსულტის შემდეგ კარგავენ ერთ ენას, ხოლო მეორე მოულოდნელად აქტიურდება“ – ამბობს თურქული გამოცემა „ანადოლუსთან“ კლინიკის პროფესორი, გოხან ოზდემირი.

ექიმი ამბობს, რომ მოსალოდნელია პაციენტმა მოკლე ხანში სრულიად აღიდგინოს თურქული ენა.

რაჰმი კარადემირის შვილი ამბობს, რომ მამამისს დანიურად მრავალი წლის განმავლობაში არ უსაუბრია.

„როდესაც მან დანიურად დაიწყო ლაპარაკი, შოკირებული დავრჩით. მას ესმის თურქული, მაგრამ არ შეუძლია საუბარი“.

რაჰმი კარადემირმა თავად ახსნა სიტუაცია შვილს თარგმანის მეშვეობით:

„მესმის თურქული, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ. ვცდილობ სიტყვების დამახსოვრებას, მეხსიერებას ვძაბავ. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე გაივლის. დანიური ჩემს თავშია, მაგრამ თურქული საერთოდ არ მახსოვს“, – თქვა მან.

__________

ფოტოზე: პაციენტი შვილთან ერთად. ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: