„როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმმა ჩეკისტების სულისკვეთება სრულად გადმოიღო. ესენი მათი პირდაპირი მემკვიდრეები არიან და მიზანიც იგივეა: რუსული, იმპერიული კონტროლის აღდგენა საქართველოში,“ – დღეს, 29 აპრილს, ხუთი ფონდის წარმომადგენლის და აქტივისტის სახლების გაჩხრეკაზე თავის დაკვირვებას ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე გვიზიარებს.
პოლიტიკურად რას იგებს ივანიშვილი დაშინების მცდელობით? – ანალიტიკოსის აზრით, ივანიშვილის რეჟიმი გასული საუკუნის 20-30-იან წლებში გვაბრუნებს: „საქართველო პრაქტიკულად დააბრუნეს 20-30-იანი წლების მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს არანაირი სუვერენიტეტი არ ჰქონდა, როცა ნადგურდებოდა მისი კულტურული, პოლიტიკური, ინტელექტუალური ელიტა,“ – მიიჩნევს გიორგი ბადრიძე.
„ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის უფროს მკვლევართან, გიორგი ბადრიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო გიორგი, რის ჩვენება სცადა, თქვენი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიების გააქტიურებით – დღეს ერთდროულად რამდენიმე პირის სახლი გაჩხრიკეს, ხოლო პროკურატურამ გვითხრა, საქმე საბოტაჟთან და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ, მტრულ საქმიანობასთან გვაქვსო.
ისტორიული მეხსიერება გვეუბნება იმას, რომ ეს უკვე გამოვლილი გვაქვს. როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმმა ჩეკისტების სულისკვეთება სრულად გადმოიღო. ესენი მათი პირდაპირი მემკვიდრეები არიან და მიზანიც იგივეა: რუსული, იმპერიული კონტროლის აღდგენა საქართველოში. მაშინ პროლეტარების დიქტატურას აფორმებდნენ მსოფლიო კომუნიზმის იდეალებით, დღეს კი, სასაცილო დეკორაციაა, როცა ზოგჯერ თავს ნაციონალისტებად ასაღებენ – თითქოს იცავენ ეროვნულ, რელიგიურ ინტერესებს და ამ პროცესში გააცამტვერეს საქართველოს სუვერენიტეტი.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ საქართველო პრაქტიკულად დააბრუნეს 20-30-იანი წლების მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს არანაირი სუვერენიტეტი არ ჰქონდა, როცა ნადგურდებოდა მისი კულტურული, პოლიტიკური, ინტელექტუალური ელიტა. დღეს ზუსტად იგივე მდგომარეობაში აყენებენ ესენი ქვეყანას.
- თქვენი დაკვირვებით, რა პოლიტიკურ შედეგს ელოდება ამით ივანიშვილი, როცა ის ადამიანების დაშინებას ცდილობს?
რა თქმა უნდა, დაშინება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელმაც გარკვეული ეფექტი უკვე იქონია. მაგალითად, შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც გამოდის აქციებზე.
მოქალაქეების მეორე ნაწილი კი გადის იგივე გზას, რაც გაიარა ჩვენმა საზოგადოებამ 20-30-იან წლებში, როდესაც ეგონათ, რომ ეს რეპრესიები ვიღაც სხვას ეხებოდა და მას არ მიადგებოდნენ. უამრავი ადამიანი, რომელიც მთელი გულით გულშემატკივრობდა რეპრესიებს 30-იან წლებში, შემდეგ ამ რეპრესიებმა თავად შთანთქა. ასე რომ, ეს მათაც შეეხება.
ეს გზა საქართველოს განადგურებისკენ მიდის, ქართველი ხალხის განადგურებისკენ და მისი მიმოფანტვისკენ მსოფლიოში. ეს პროცესი წლებია დაწყებულია: შობადობა შემცირებულია და მას გადააჭარბა სიკვდილიანობამ. ამას დაამატეთ ქართველების ემიგრაცია და უცხოელების უკონტროლო შემოდინება. ეს არის „ქართული ოცნება“, რომელსაც წლების წინ უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
- ამ დროს, ლტოლვილის სტატუსზეც კი, ბათუმელ მედროშეს და მუჰაჯირების შთამომავალს დღეს სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა…
ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ბათუმის სავსეა საქართველოს კანონების დამრღვევი რუსეთის მოქალაქეებით, რომლებიც საერთოდ არ ცნობენ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს.
დღეს სრულ სააშკარაოზეა ის, რომ ის ხალხი, ვინც თავს ეროვნულ და ნაციონალისტურად განწყობილად ასაღებდა თავს, აბსოლუტურ სიცრუეშია და დღეს მათი ხმა არ ისმის, როცა ნადგურდება ქვეყანა.
რასაც ივანიშვილმა მიაღწია, არის საქართველოს სრული იზოლაცია მისი მოკავშირეებისა და მეგობრებისგან. საქართველო არის იზოლირებული და დამოკიდებული კრემლის ნებაზე. ეს ნება რომ კეთილი არ არის, დიდი ხანია ნაჩვენები აქვს რუსეთს.
- თქვენი აზრით, ამ შემთხვევაშიც კრემლის დავალებით გაააქტიურა ივანიშვილმა რეპრესიები?
არ ვიცი, რა დოზა არის ინსტრუქციებისა ივანიშვილის რეჟიმის ქმედებებზე. ეს არის ჩვეულებრივი ჩეკისტური რეჟიმი, რომელიც მოქმედებს რუსეთის და კრემლის ინტერესებით ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
რუსეთის მიმართ დანებება საქართველოს აქამდეც უცდია და აღმოჩნდა, რომ ამ დანებებამ არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეჟიმის მესვეურებსაც არ მოუტანა კარგი არაფერი, შემდეგ მოუწიათ დაბალანსების პოლიტიკის შემოღება რუსეთის გავლენების დასაბალანსებლად. ვისაც კარგად ახსოვს 90-იანი წლების მეორე ნახევარი, კარგად მოეხსენება, რაზეც ვსაუბრობ.
ასე რომ, ივანიშვილი საკუთარ თავზე გამოცდის რუსეთზე სრულად დამოკიდებულებას.
- საითკენ მიდის ეს პროცესი? ივანიშვილს აქვს მოლოდინი, რომ მაინც მიიღებს აღიარებას, თუ ის მზადაა იზოლაციისთვის?
საქართველოში პოლიტიკური იზოლაცია უკვე შემდგარია. იზოლაცია შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს, თუ ევროკავშირი იძულებული გახდება, უვიზო რეჟიმი გააჩეროს. ეს შესაძლოა მოხდეს იმის გამოც, რომ ივანიშვილის მოკავშირე ორბანის გამო ევროკავშირი ვერ უწესებს სანქციებს პირადად ივანიშვილს. ივანიშვილი პრაქტიკულად ცდილობს, ევროკავშირის სანქციები გადაიტანოს ქართველ ხალხზე. ამ შემთხვევაში, ივანიშვილის გამო საფასურის გადახდა ჩვენ მოგვიწევს.
ივანიშვილი, დიდი ხანია, ცნობილია, როგორც პირადი იზოლაციის მოყვარული. ის იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში, არც მოგზაურობდა, მისი ოცნება იყო ოლიგარქის ოცნება – საკუთარი ქვეყანა, რომელსაც იგი განაგებს, როგორც თავის ზოოპარკს.
მისთვის პირადად იზოლაცია არ არის არასასურველი ვითარება, მისი რეჟიმის წევრები რას ფიქრობენ ამაზე, თუ ვეღარ იმოგზაურებენ და კორუფციით დაგროვებულ ქონებას ვერ დახარჯავენ დასავლური ცხოვრების ყაიდის უზრუნველსაყოფად – ეს სხვა საკითხია.
ზუსტად რაც ვიცი, ისაა, რომ ქართველი ხალხისთვის სრული იზოლაცია ცივილური სამყაროსგან მიუღებელია. ეს არის სრულიად საპირისპირო იმისა, რისკენაც მივისწრაფოდით საქართველოში მრავალი თაობა და რისთვისაც ვაშენებდით ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს 90-იანი წლების დასაწყისიდან.
ივანიშვილის გათვლა არის იმაზე, რომ უკმაყოფილო ადამიანები წავლენ ამ ქვეყნიდან და მას დარჩება ყმების კასტა – ძალიან ღარიბ ქვეყანაში ადამიანები მასზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდებიან. უკმაყოფილო ხალხი კი, საბოლოოდ უარს იტყვის წინააღმდეგობაზე და დატოვებს ქვეყანას.
- ამ მიზნის ნაწილია დღევანდელი დღევანდელი ჩხრეკები, საუბარი საბოტაჟსა და „უცხოეთის მტრულ საქმიანობაზე“?
ამ რეპრესიების მიზანია, რომ დააშინოს ხალხი, აიძულოს რეჟიმის მოწინააღმდეგეები, წავიდნენ.
ივანიშვილის მიზანია, ქვეყანა დატოვონ იმ ადამიანებმაც, რომლებიც ეკონომიკურად გაუსაძლის მდგომარეობაში არიან.
- რეპრესიების მიუხედავად გრძელდება პროტესტი. თქვენი აზრით, რა პირობაა საჭირო საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად?
არათუ დემოკრატია, ჩვენი ერის გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაუწევს წინააღმდეგობას ქართველი ხალხი ამ რეჟიმს. ამ რეჟიმის სამიზნე არ არის დემოკრატიული წეს-წყობილება. სამიზნეა მთლიანად ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ქართველი ერის ყოფნა-არყოფნა.
წინააღმდეგობის გარეშე კი ქართველი ერი უახლოეს ხანში აღარ იარსებებს.