მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს სააპელაციო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს

30.04.2025 •
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს სააპელაციო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 2025 წლის 20 მაისს განიხილავს.

სააპელაციო სასამართლო „მზია ამაღლობელის საქმეს“ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამართლე მხარეების პოზიციებს სასამართლოს სხდომაზე არ მოუსმენს. სასამართლომ გადაწყვიტა, მხარეებთან უშუალო შეხვედრების გარეშე შეისწავლოს საჩივარი და საქმის მასალები.

საუბარია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებაზე: სანამ სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მზია ამაღლობელს უკანონოდ დააკავებდნენ, იგი შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს არ აქვთ მოქალაქის დაკავების უფლება.

იმის მიუხედავად, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის მასალები გაყალბებულია და ეს სიყალბე ნაწილობრივ მოსამართლე სალიხ შაინიძემ დაადასტურა, მან სამართალდამრღვევად მაინც მზია ამაღლობელი მიიჩნია და ის 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამ ადმინისტრაციულ საქმეზე დაადასტურა იმ ფაქტების ნამდვილობა, რაც მას მზია ამაღლობელის ადვოკატებმა წარუდგინეს. საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა.

მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო.

გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ადმინისტრაციულ საქმეზე გაყალბებული ოქმი გახდა მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის საფუძველი. მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა.

ამ თემაზე:

მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: