მთავარი,სიახლეები

თემურ ქათამაძე „ვივამედიდან“ მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში დააბრუნეს

07.03.2025
თემურ ქათამაძე „ვივამედიდან“ მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში დააბრუნეს

ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი] 6 მარტს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დააბრუნეს.

თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ იყო მოთავსებული, სადაც არასრული ორი დღე გაატარა. ბათუმელი მედროშე კლინიკაში 4 მარტს გადაიყვანეს. მან შიმშილობა 48-ე დღეს შეწყვიტა

„პაციენტი გუშინ გაეწერა კლინიკიდან და დააბრუნეს მიგრაციის სამსახურის დაწესებულებაში. გუშინ, საღამოს საათებში გადაიყვანეს. პაციენტმა ჩვენს კლინიკაში შემოსვლიდანვე შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ დავიწყეთ კვების აღდგენითი კურსი შესაბამისი პროტოკოლის თანახმად, თუმცა ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის შესრულება კონკრეტულ პაციენტთან. არ ეთანხმებოდა პროტოკოლს, არ ეთანხმებოდა შეთავაზებულ მენიუს, შესაბამის რეკომენდაციას.

[პაციენტის] მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც იყო დამაკმაყოფილებელი. ვინაიდან პაციენტი, როგორც გითხრით, არღვევდა კლინიკის შინაგანაწესს, აქედან გამომდინარე შესაძლებლად ჩაითვალა, რომ გაწერილიყო კლინიკიდან, დაბრუნებულიყო [საემიგრაციო] დაწესებულებაში. მას მიეცა, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეკომენდაციები”, – უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ჩხაიძემ, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა.

თემურ ქათამაძე მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დაბრუნების შემდეგ მოინახულა საიას ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა, რომელიც თემურ ქათამაძის ინტერესებს იცავს.

„გუშინ სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო მასთან შესული. მან მაცნობა, რომ ბატონ თემურს აბრუნებდნენ დროებითი მოთავსების ცენტრში… ახლა შევხვდი ბატონ თემურს, მისგან მოვდივარ.

თავს კარგად გრძნობს. ცდილობს, რომ მაქსიმალურად მოიკრიბოს ძალები მომავალი პროცესისთვის, იკვებება იმის შესაბამისად, რა დანიშნულებაც ექიმმა მისცა“, – ამბობს მარიამ გაბროშვილი.

მისივე თქმით, თემურ ქათამაძეს „ვივამედში“ გადაყვანის პირველივე დღეს სურდა, რომ დროებითი მოთავსების ცენტრში დაბრუნებულიყო.

„ვივამედში“ ექიმმა გამოუწერა რა საკვებიც უნდა მიიღოს და იმ საკვების შესაბამისად იკვებება ახლა. 25 კილოგრამი აქვს დაკლებული ბატონ თემურს. 86 კილო ვიყავი და 61 კილო ვარო, ასე მითხრა“, – ამბობს მარიამ გაბროშვილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: