მთავარი,სიახლეები

კრწანისის პარკისა და ბობოყვათის რეზიდენციის გაცვლის პროცესი დასრულებულია

19.01.2016 • 2830
კრწანისის პარკისა და ბობოყვათის რეზიდენციის გაცვლის პროცესი დასრულებულია

ბობოყვათის რეზიდენციისა და კრწანისის პარკის გაცვლის პროცესი საქართველოს საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის დასრულებულია. ბობოყვათის ყოფილი რეზიდენცია საპატრიარქოს საკუთრებადაა დარეგისტრირებული, ხოლო საპატრიარქოსთვის თავის დროზე 1 ლარად გადაცემული 7 მილიონ კვ/მ-ზე მეტი მიწის 37 ნაკვეთი [მათ შორის კრწანისის პარკი] საჯარო რეესტრის მიხედვით, კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაშია.

ქონების გადაცემა-გაცვლაში სახელმწიფომ ბობოყვათის ყოფილი რეზიდენციის ქონება [150 ათას კვ/მ-მდე მიწის ნაკვეთი და 4600 კვ/მ შენობა-ნაგებობები] ისე დაკარგა, მასში 1 ლარიც არ აუღია. აღნიშნული ქონება სახელმწიფოს თავის დროზე შეფასებული ჰქონდა 34 მილიონ 425 ათას 492 ლარად და მის აუქციონზე გაყიდვას აპირებდა.

ბობოყვათის ზღვისპირა ტერიტორია, გარდა იმისა, რომ პოტენციური ინვესტორებისთვის მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, იმავდროულად არქეოლოგიური ობიექტიცაა და სპეციალისტები მისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

სახელმწიფომ “ბობოყვათის რეზიდენციის“ სანაცვლოდ საკუთრებაში ეკლესიისგან შპს „კრწანისის პარკის“ 100% წილიც მიიღო [თუმცა თავიდან საპატრიარქო 25%-ის დათმობას აპირებდა].

[შპს „კრწანისის პარკი“ საქართველოს საპატრიარქომ, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობის უფლება უშუალოდ არ აქვს, შპს „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგთან“ ერთად, 2014 წლის 5 აპრილს დააფუძნა].

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, 2015 წლის ბოლოს, შპს „კრწანისის პარკის“, უკვე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100% წილი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, შეტანილი იქნა შპს „თერძის“ კაპიტალში, ღირებულებით 0 [ნული] ლარი.

თავის მხრივ შპს „თერძის“ 100% წილიც სახელმწიფო საკუთრებაშია. კომპანია „თერძი“ დაფუძნებულია 2001 წელს და მისი საქმიანობის საგანია: “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებისა და სხვა წარმოება-დაწესებულებებისგან საყოფაცხოვრებო მომსახურეობაზე შეკვეთების მიღება და შესრულება: ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ინდივიდუალური კერვა და რემონტი…“ კომპანიას ასევე უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: