რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სასამართლომ 67 წლის პუბლიცისტს, ალექსანდრე სკობოვს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სოციალურ ქსელებში პოსტების გამოქვეყნებისთვის.
BBC-ის რუსული სამსახური წერს, რომ სკობოვი საბჭოთა დისიდენტია, რომელმაც 1970-იან წლებში გამოიარა ორი პატიმრობა, ბრალდება ანტისაბჭოთა აგიტაციაში და სადამსჯელო ფსიქიატრია.
„მთელი რუსული უნიკალურობა დადის იქამდე, რომ მოითმინო ძალადობა ძლიერის მხრიდან და არ შეიზღუდო თავი სუსტებზე ძალადობაში. სწორედ ეს არის ნაციზმი“ – თქვა ალექსანდრე სკობოვმა სასამართლო სხდომაზე, 24 თებერვალს – წერს „ბიბისი“.
1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში სკობოვი ორჯერ გაგზავნეს იძულებით სამკურნალოდ „ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის“.
პუბლიცისტი ალექსანდრე სკობოვი რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ „უცხოური აგენტების“ რეესტრშია შეყვანილი.
იგი მთელი ცხოვრების მანძილზე იყო პოლიტიკურად აქტიური, ესწრებოდა მიტინგებს და იყო პეტერბურგის „სოლიდარობის“ წევრი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როცა რუსეთმა კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანა და დასჯადი გახდა რუსეთის არმიის „დისკრედიტაცია“ და „ფეიკების გავრცელება“, სკობოვს თავი არ შეუკავებია: მან გააგრძელა ფეისბუქზე თავისი ანტისაომარი პოზიციის ღიად გამოხატვა. შედეგად, 2024 წლის 2 აპრილს, დისიდენტი დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, სკობოვმა სოციალურ ქსელში გაამართლა ტერორისტული თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის აფეთქებას ყირიმის ხიდზე, ასევე მხარს უჭერდა ლეგიონის – „რუსეთის თავისუფლებას” ქმედებებს, რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული და აკრძალულია.
მოგვიანებით ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის მუხლით ახალი ბრალდება დაემატა, რომელიც ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. პროპაგანდისტული რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერდა, რომ საუბარია ლიეტუვური ორგანიზაციის – „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ საქმიანობაზე, რომელიც რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ არასასურველ ორგანიზაციადაა მიჩნეული.
მსგავსი სახელწოდების კიდევ ერთი ორგანიზაცია, „პოსტრუსეთის თავისუფალი სახელმწიფოების ფორუმი“, რუსეთში ტერორისტულად გამოცხადდა. სკობოვი ამ ფორუმის ღონისძიებაზე იმყოფებოდა ევროპაში.
BBC წერს, რომ ბრალდებულს არ უცდია თავის გამართლება. პირიქით – პროკურორის სიტყვების საპასუხოდ, სკობოვმა განაცხადა, რომ ის არა მხოლოდ მონაწილეობდა ფორუმში, არამედ იყო ფორუმის ანტისაომარი დადგენილების თანაავტორი, რომლის პუნქტები მან წაიკითხა სასამართლოში.
დაცვის მხარის მტკიცებით, მისი დაკავების საქმეში ყალბი ოქმია.
„ბიბისი“ წერს, რომ სასამართლო პროცესებზე სკობოვი იშვიათად ამბობდა რამეს, არ ინტერესდებოდა პროცესით და არ პასუხობდა მოსამართლის კითხვებს. მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ მტკიცებულებები წარადგინა, სკობოვმა თქვა, თუ რატომ ამბობდა უარს მონაწილეობაზე.
„რუსეთის სასამართლომ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ არის ნაცისტური დიქტატურის დანამატი. აქ სამართლიანობის ძიებას აზრი არ აქვს. მე არ ვაღიარებ და არც პატივს ვცემ ამ სასამართლოს. მე არასოდეს დავდგები ამ ხალხის წინაშე. მათთან სალაპარაკო არაფერი მაქვს“ – თქვა მან.
„ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როდესაც სკობოვმა რაღაც თქვა სასამართლოში პატიმრებისთვის გამოყოფილი, გისოსებით შემოსაზღვრული ადგილიდან, მოხდა მაშინ, როდესაც სასამართლოში მისი მეუღლე, ოლგა შჩეგლოვა მივიდა. კითხვაზე, თუ რატომ არ დატოვა სკობოვმა რუსეთი, შჩეგლოვამ უპასუხა: „იმიტომ, რომ მისი ყველა აზრი აქ არის. ეს ჩვენი სამშობლოა“.
„ოლია, მიყვარხარ“ – დაიყვირა ბრალდებულმა, როცა მოწმემ ჩვენების მიცემა დაასრულა“ – წერს „ბიბისი“.
მედიის ცნობით, სკობოვს სერიოზული დაავადებები აქვს: ქრონიკული C ჰეპატიტი, დიაბეტი, კატარაქტა. მას კითხვა უჭირს.
„პუტინის დიქტატურას შეუძლია ჩემი მოკვლა, მაგრამ ვერ მაიძულებს თავი დავანებო მის წინააღმდეგ ბრძოლას“, – თქვა სკობოვმა 2025 წლის 17 იანვარს.