მთავარი,სიახლეები

საია პარლამენტთან სტუდენტების დაკავებას ეხმიანება

21.03.2025
საია პარლამენტთან სტუდენტების დაკავებას ეხმიანება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფეისბუქზე ეხმიანება დღეს, 21 მარტს, საღამოს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე 3 სტუდენტის დაკავებას.

„გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტის წინ დააკავეს სტუდენტების საპროტესტო აქციაში მონაწილე 3 დემონსტრანტი. დაკავების მიზეზი გახდა სტუდენტების მიერ პარლამენტის წინ სკამების მიტანა, ხოლო კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ დემონსტრანტს ტაშის გამო აკავებენ.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები მე-5 დღეა ღამეს პარლამენტის წინ ათევენ. მანამდე ისინი 62 დღის განმავლობაში პროტესტს სეუს #304 აუდიტორიაში გამოხატავდნენ ირაკლი მიმინოშვილის და სხვა დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისთვის სკამების ან პროტესტის გამოხატვის უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა ინვენტარის/დროებითი კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვა შეკრების თავისუფლების დარღვევას წარმოადგენს.

მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი ინვენტარის გარეშე სტუდენტებს ცივ და წვიმიან ამინდში, ღია ცის ქვეშ, სველ ზედაპირებზე უწევთ ღამეების თენება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

აშკარაა, რომ დემონსტრანტების დაკავება არის უსაფუძვლო და წარმოადგენს სტუდენტურ პროტესტთან რეპრესიული და უკანონო ბრძოლის კიდევ ერთ გამოვლინებას.

პოლიციის თანამშრომლებს შევახსენებთ, რომ ადამიანების უკანონო დაკავება დანაშაულია“ – წერს საია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: