„აჭარა თაიმსისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტებს ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ პარტიული აქტივი დაუპირისპირდა.
როგორც „აჭარა თაიმსის“ ხელმძღვანელი სულხან მესხიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, თავდასხმაში დასახლებაში მცხოვრები რამდენიმე პირი მონაწილეობდა, რომლებიც პარტია „ქართულ ოცნებასთან“ არიან აფილირებულები.
ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან 15 თებერვალს დაღუპული ერთ-ერთი ბავშვის ოჯახის წევრმა იხსნა.
„ოცნების ქალაქში“ ვიყავი გადაღებაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჯგუფთან ერთად. ჩვენი ადგილზე მისვლის შემდგომ, რამდენიმე პირი მოვიდა, რომლებმაც გადაღების შეწყვეტა ითხოვეს, დაიწყეს ჩვენი ხელშეშლა. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ სიტყვიერად გვიპირისპირდებობდნენ, მათ შორის ხელითაც იწეოდნენ. ხელის კვრით ცდილობდნენ ადგილიდან ჩვენს გაძევებას. გვიშლიდნენ რომ კადრები არ გადაგვეღო.
ვითარება ისე დაიძაბა, ვერაფერს ვეღარ ვიღებდით. ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე გაჩნდა და ამის გამო მივმართეთ პოლიციას. პარალელურად თავდაცვის მიზნით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრს შევეხმიანე, რომელიც ადგილზე მოვიდა და ფიზიკურად დამიცვა ამ ქალბატონმა აგრესიული პირებისგან.
„ჩემი ოჯახით ნუ მანიპულირებთ, თავი დაანებეთ ჟურნალისტებს და მიეცით საშუალება, რომ მათი საქმიანობა განახორციელონო“ – ასე მიმართა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრმა ჩვენზე თავდამსხმელებს.
ასე გადავრჩით. პროფესიული საქმიანობა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის დახმარებით გავაგრძელეთ. შემდეგ მოვიდა პოლიცია,“ – იხსენებს თავდასხმის დეტალებს „აჭარა თაიმსის“ ხელმძღვანელი სულხან მესხიძე.
სულხან მესხიძის თქმით, „ოცნების ქალაქში“ მათ წინააღმდეგ გამოსული რამდენიმე პირი ითხოვდა, რომ ჟურნალისტებს არ გაეშუქებინათ დასახლებაში არსებული პრობლემები.
„ადამიანები, რომლებიც დაგვიპირისპირდნენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან, მათ არ სურთ დავსვათ კრიტიკული შეკითხვები ან ზოგადად „ოცნების ქალაქზე“ რაიმე დავწეროთ. ბავშვების დაღუპვის მერე, ბოლო ერთი თვეა, ეს ადამიანები აგრესიული ქმედებით გამოირჩევიან, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ სამშენებლო უსაფრთხოებაზე არ უნდა ვილაპარაკოთ და სტატიები არ დავწეროთ.
თვლიან, რომ არ უნდა გავაშუქოთ არაფერი და დასახლებაში უნდა მივიდეთ მხოლოდ მათი ნებართვის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი იქ თვითნებურადაა ჩასახლებული და ეს ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრება,“ – ამბობს სულხან მესხიძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტი, ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ მათ რამდენიმე წლის წინ აქვთ მომზადებული გამოძიება „ოცნების ქალაქის“ შესახებ. „სახელმწიფოს უკანონო შვილები“ ასე ერქვა გამოძიებას, სადაც რამდენიმე ოჯახის მაგალითზე იყო შესწავლილი, თუ რა მიზეზით ცხოვრობდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე.
ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ სხვა ჟურნალისტების შრომასთან ერთად, მათ მიერ მომზადებულმა საგამოძიებო რეპორტაჟმაც შეიტანა წვლილი იმაში, რომ დღეს ნაწილს საცხოვრებელი ბინები აქვთ და ნაწილს პერსპექტივა, რომ ახალ ბინაში იცხოვროს.
თუმცა დღეს „ოცნების ქალაქში“ ჩასულ გამომძიებელ ჟურნალისტებს რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები აგრესიულად დახვდა.
„ჩვენი მისვლისთანავე გამოჩნდა ორი ქალბატონი, რომლებიც გვიყვიროდნენ, „ახლავე დაიკარგეთ აქედან, ახლავე წაეთრიეთ აქედან“. არც კი მინდა გავიმეორო ყველა სიტყვა, რითაც შეგვხვდნენ,“ – ამბობს ლია ტოკლიკიშვილი.
ჟურნალისტის თქმით, ის შეეცადა აეხსნა აგრესიულად განწყობილი მოქალაქეებისთვის, რომ იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, რომ ამზადებდა რეპორტაჟს და რომ გადაღების და თავისუფლად მუშაობის უფლება ჰქონდათ.
„არ გვისმენდნენ. გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. 90-იანი წლებიდან ვარ ჟურნალისტი. არ მინახავს მსგავსი კომუნიკაცია ადამიანების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ხან მხედრიონი გვარბევდა, ხან გვაპატიმრებდა და გვაქვს გამოვლილი საკმაოდ მძიმე ჟურნალისტური ცხოვრება.
ასეთი ალოგიკური, ასეთი წარმოუდგენელი არაფერი გვინახავს. შეურაცხყოფილები წამოვედით,“ – ამბობს ლია ტოკლიკიშვილი.
ჟურნალისტის თქმით, მათ „ოცნების ქალაქში“ პოლიცია გამოიძახეს და ოქმის შედგენაც მოითხოვეს.
ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ პოლიციას მისი თანდასწრებით ოქმი არ შეუდგენია და უთხრეს, რომ მოგვიანებით მიაწოდებდნენ.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს გამუდმებით ახსენებენ, რომ საზოგადოების თანხები იხარჯება იმისათვის, რომ გაშუქდეს პრობლემები. ვართ ახლა აქ სწორედ ამ მისიით, და ეს უნდა გაიგოს ყველამ, არცერთ ადამიანს, არცერთ ჯგუფს, აქვს უფლება, ჩვენ მუშაობაში შეგვიშალოს ხელი,“ – ამბობს ლია ტოკლიკიშვილი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიული მხარდამჭერები „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას ცდილობენ.
ამ თემაზე:
„ოცნება“ ჟურნალისტების დისკრედიტაციით და მათგან მტრის ხატის შექმნითაა დაკავებული – ქარტია