რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ ჯარისკაცს, 58 წლის მიხეილ ქამხაძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში.
რუსული გამოძიების თანახმად, ქამხაძე 2017 წლის იანვრიდან 2024 წლის ნოემბრამდე, „ქართული ლეგიონის” „სოხუმის რაზმის“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე ბრიგადის ეროვნულ ბატალიონში „Карпа́тська Січ“ მონაწილეობდა, როგორც დაქირავებული მეომარი, რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტში.
რუსული პროკურატურის ინფორმაციით, ქამხაძე სწავლობდა თბილისის უმაღლეს საარტილერიო სკოლაში, მსახურობდა საქართველოს თავდაცვის ძალებში, მონაწილეობდა ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში. მას აქვს ნატოს სტანდარტების მიხედვით სამხედრო კურსის გავლის რამდენიმე სერტიფიკატი და გავლილი აქვს წვრთნები საარტილერიო იარაღის საბრძოლო გამოყენებაში, რომელიც ხელმისაწვდომია უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებული ფორმირებებისა და ქვედანაყოფებისთვის.
2022 წელს რუსულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს უკრაინაში, ლისიჩანსკის მახლობლად ყოფნისას ქართველი თადარიგის ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე (ქართულენოვანი დოკუმენტები) ჰქონდათ.
რუსების ხელში ქართველი სამხედროს პირადი საქმის (დედნის) მოხვედრის შესახებ სიუჟეტი თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ მოამზადა. „მთავარ არხთან“ საუბარში მიხეილ ქამხაძე ამბობს, რომ მისი პირადი საქმე, რომელიც რუსულ მედიაშია ნაჩვენები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული და უკრაინაში ამ დოკუმენტაციას ფიზიკურად ვერ წაიღებდა.
თავდაცვის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში და „შესაბამისი სამსახური დაადგენს, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში“.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა არაერთი ქართველი მებრძოლი გაასამართლა დაუსწრებლად.
ამავე თემაზე:
დადგინდება, რეალური დოკუმენტებია თუ არა და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში – თავდაცვა ქამხაძის საქმეზე