„სამარცხვინო ხარ. ჯანმრთელობის დაზღვევაც გამიუქმე. 3 წლის ბავშვი მყავდა დაზღვეული, რაზე უნდა გელაპარაკო საერთოდ, შვილიშვილები მაინც არ გყავდეს სახლში და არ იცოდე მათი საჭიროებები… იმდენი ადამიანობა არ გეყო, ჯანმრთელობის დაზღვევა დაგეტოვებინა, ბავშვის გათვალისწინებით მაინც“ – მსახიობმა მეგი კობალაძემ ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ნუკრი ქანთარიას ამ ტექსტით ფეისბუქზე მიმართა.
ნუკრი ქანთარიამ 2025 წლის 17 მარტს გამოცემული ბრძანებით მსახიობ მეგი კობალაძეს 6 თვით შეუწყვიტა ხელფასი. მეგი კობალაძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო 8-დან 13 მარტამდე ბიულეტენი ჰქონდა გახსნილი, 11 მარტს სპექტაკლში თამაში ვერ შეძლო, თეატრის ადმინისტრაციას კი 13 მარტს სამედიცინო ბიულეტენი წარუდგინა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო ისეთი განსაკუთრებული, რომ ვერ ეთამაშა სპექტაკლი,“ – ეს ჩაუწერეს ბრძანებაში კრიტიკულად განწყობილ მსახიობს ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნუკრი ქანთარიამ და თეატრის დირექტორმა, ირაკლი დევაძემ.
საიდან დაადგინეს ბათუმის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელმა პირებმა მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორი იყო, როცა ეს მონაცემი კონფიდენციალურია? – ამ შეკითხვის დასმა ნუკრი ქანთარიასთვის, ასევე ირაკლი დევაძისთვის გვინდოდა, თუმცა ბათუმის დრამატულ თეატრში „ბათუმელების“ სატელეფონო ზარები და შეტყობინება ისევ უპასუხოდ დატოვეს.
მეგი კობალაძე განმარტავს, რომ 11 მარტს, როცა სპექტაკლში უნდა ეთამაშა, კანონით გათვალისწინებული გაფიცვის უფლებითაც ისარგებლა, თუმცა მსახიობის გაფიცვა საერთოდ არ შეუმჩნევია ნუკრი ქანთარიას. სპექტაკლი მოიხსნა.
„მითხრეს, მაინც არ ხსნის სპექტაკლსო და ამ დროს მივმართე გაფიცვის შესახებ წერილობით 3 დღით ადრე, რომ ეს არ მომხდარიყო, რაც მოხდა.
ეს არის სხვების გაჩუმების და დაშინების მცდელობა, რომ დავისაჯე ხმის ამოღებისთვის,“ – ამბობს მეგი კობალაძე.
მსახიობი ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
ნუკრი ქანთარია პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“, ვიდრე თეატრში დანიშნავდნენ.
მეგი კობალაძე და ბათუმის დრამატული თეატრის კიდევ რამდენიმე მსახიობი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას საჯაროდ აპროტესტებენ. მეგი კობალაძემ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად მჯდომარე პროტესტიც გამართა საკონსტიტუციო სასამართლოსთან მსახიობ ოთარ ქათამაძესთან ერთად.
მეგი კობალაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ 2025 წლის 29 იანვრის შეხვედრაზე ნუკრი ქანთარიას შეკითხვა რეჟიმის პატიმრებზე, მათ შორის, მზია ამაღლობელის შესახებაც დაუსვა:
„მაინტერესებდა, რა პოზიციაზე იყო ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, იმ დროს მზიაც შიმშილობდა. იმედი მაქვს, მალე შეწყვეტს შიმშილობასო და სხვა პატიმრებზეც გვიპასუხა, რომ იმედია, მალე გამოუშვებენო. არ უთქვამს, რომ ეს ადამიანები პატიმრობაში უნდა დარჩნენ.
ვერ გეტყვით, რომ ჩემი დასჯა უკავშირდება პირდაპირ წინააღმდეგობას, მაგრამ მას ნამდვილად არ მოსწონს, როცა მაგალითად, თეატრში ბანერები, პლაკატები გავშალეთ. ეს მისთვის დიდი დისკომფორტი იყო. ესაა მიზეზი, რომ ჭკუა მასწავლოს,“ – გვითხრა მეგი კობალაძემ.
ამ თემაზე:
მსახიობ მეგი კობალაძეს ნუკრი ქანთარიამ ხელფასი 6 თვით შეუჩერა






