„7 საათი დაიგვიანეს, სანამ ბოლოს ჩემს ოთახში სიარულის დროს არ გავითიშე, გონება დავკარგე და იატაკზე დავეცი, მანამდე კლინიკა „ვივამედში“ არ წამიყვანეს“, – წერს ციხიდან 2025 წლის 10 მარტს გამოგზავნილ წერილში ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი].
იგი კლინიკაში 2025 წლის 4 მარტს გადაიყვანეს 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ.
თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, ბოლო 13 წელია საქართველოში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობას უშედეგოდ ითხოვს. მას შემდეგ, რაც თემურ ქათამაძე ბათუმის პროევროპული აქციების მედროშედ იქცა, იგი დააკავეს და ქვეყნიდან აძევებენ. ამჟამად თემურ ქათამაძე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრშია.
კლინიკა „ვივამედიდან“ თემურ ქათამაძე 6 მარტს ისევ დროებითი განთავსების ცენტრში დააბრუნეს. ცენტრიდან გამოგზავნილ წერილში თემურ ქათამაძე წერს, რომ ის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
თემურ ქათამაძის თქმით, მან შიმშილობის შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე სთხოვა დროებითი განთავსების ცენტრის ადმინისტრაციას კლინიკაში გადაყვანა, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია, კლინიკაში კი მას სათანადოდ არ ექცეოდნენ. მედროშის თქმით, კლინიკამ მას შეუზღუდა სატელეფონო საუბრის უფლებაც:
„მარტოხელა თვითონ ჩემი თავი გადავარჩინე და სიკვდილის პირიდან უკან დავბრუნდი….
ოფიციალურად კვების განახლების დოკუმენტი არ მაჩვენეს, არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ მომაწოდეს“ – წერს თემურ ქათამაძე. მას ექიმის აცილება მოუთხოვია, რაც შეურაცხყოფად მიიღესო, გვწერს მედროშე.
„ბათუმელები“ ზურაბ ჩხაიძეს, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურ დირექტორს ჯერ კიდევ 7 მარტს ესაუბრა. მან გვითხრა, რომ თემურ ქათამაძე პროტოკოლს არ ეთანხმებოდა და კლინიკის შინაგანაწესს არღვევდა:
„პაციენტმა ჩვენს კლინიკაში შემოსვლიდანვე შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ დავიწყეთ კვების აღდგენითი კურსი შესაბამისი პროტოკოლის თანახმად, თუმცა ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის შესრულება კონკრეტულ პაციენტთან. არ ეთანხმებოდა პროტოკოლს, არ ეთანხმებოდა შეთავაზებულ მენიუს, შესაბამის რეკომენდაციას… [პაციენტის] მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც იყო დამაკმაყოფილებელი. ვინაიდან პაციენტი, როგორც გითხრით, არღვევდა კლინიკის შინაგანაწესს, აქედან გამომდინარე შესაძლებლად ჩაითვალა, რომ გაწერილიყო კლინიკიდან, დაბრუნებულიყო [საემიგრაციო] დაწესებულებაში. მას მიეცა, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეკომენდაციები”, – უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ჩხაიძემ.
თემურ ქათამაძეს თავშესაფრის სტატუსზეც სასამართლომ უარი უთხრა. მისი თქმით, მას თურქეთის ხელისუფლება უკანონოდ დევნის და თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში დაკავების საფრთხე ემუქრება.
ციხიდან გამოგზავნილ წერილში თემურ ქათამაძე დახმარებას სალომე ზურაბიშვილს სთხოვს:
„მე ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს სთხოვოს, ჩემთვის თავშესაფრის სტატუსის, ან მოქალაქეობის მინიჭება. ზურაბიშვილს ვთხოვ ამას, მისი მამამისის გულისთვის, რომელიც ჩვენებურების ბელადის, ახმედ მელაშვილის მეგობარი იყო… მე ვარ ახმედ მელაშვილის ქართული ეროვნული მისიის დღევანდელი გამგრძელებელი, თურქეთში ეთნიკური ქართველების ერთადერთი წარმომადგენელი,“- წერს თემურ ქათამაძე დროებითი განთავსების ცენტრიდან გამოგზავნილ წერილში.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება თემურ ქათამაძის სასამართლო პროცესი მისი ქვეყნიდან გაძევების საქმეზე.
ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეს საქართველოდან გაძევება ემუქრება.
თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.
თემურ ქათამაძე ამბობს, რომ ბათუმში დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ იძალადა.
- ამავე თემაზე:






