„არ უნდა გვქონდეს დიდი იმედი ამ ომის დასრულების. ჩანს, რომ ცხელი ფაზიდან ცივ ფაზაში გადასავლის ვარიანტია და არაა საუბარი ომის დასრულებაზე,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
სამხედრო ანალიტიკოსს მოლოდინი აქვს, რომ სააღდგომოდ საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, თუმცა მხოლოდ 30 დღით. შემდეგ იმაზეა ამ ომის საქმე დამოკიდებული, ვინ როგორ გაძლიერდებაო, დასძენს გენერალი.
„ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დარტყმა იყო იმდენად ზუსტი, ეჭვს ბადებს: ამერიკა შესაძლოა დაზვერვის მონაცემებს ისევ აწვდის უკრაინას – ზუსტი მოხვედრა იყო ძალიან,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე და აღწერს, როგორ გაუნადგურეს უკრაინელებმა რუსებს მფრინავი რაკეტები, რომლებიც „ზურგიდან“ რამდენიმე დღის წინ გადმოიტანეს.
რა პირობებით შეიძლება შედგეს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, რა იცვლება რუსეთის მიერ ტრამპისადმი მიცემული პირობით, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას შეწყვეტს?
მნიშვნელოვნად ამით არაფერი იცვლება. თავდაპირველად მოლაპარაკების საგანი იყო ის, რომ საერთოდ შეწყვეტილიყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სექტორის დაბომბვა. შემდეგ რუსებმა მხოლოდ ენერგეტიკის სექტორი დაიტოვეს მოლაპარაკების საკითხად. ეს პრინციპში ნაკლებად აწყობს უკრაინას: რუსეთისთვის ყველაფერია სამიზნე უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინელები კი რუსეთში ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ურტყამდნენ, თანაც საკმაოდ წარმატებით.
თუმცა ეს არის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებისკენ გადადგმული ნაბიჯი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პუტინმა გასცა განკარგულება, აღარ დაარტყათ უკრაინულ ენერგოობიექტებსო და ჩვეულებრივად გაგრძელდა დარტყმები. იბომბებოდა უკრაინული ქალაქები და ენერგეტიკული ცენტრები. მერე რუსებმა თქვეს, ჩვენ თვითონ ჩამოვყარეთ ჩვენივე დრონები, ჰაერში იყო მანამდე აწეულიო და რაღაც ზღაპრები მოიგონეს.
- თქვენი დაკვირვებით, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება რამდენად შეიძლება შედგეს?
ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული.
ამ ეტაპზე მოხერხდა ტყვეების გაცვლა და 175 ტყვე გაცვალეს მხარეებმა.
- 24 მარტს საუდის არაბეთში ისევ გაიმართება მოლაპარაკება რუსი, ამერიკელი და უკრაინელი ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც შეეხება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. რა მოლოდინი არსებობს, რას აჩვენებს მხარეების, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო პოზიციები?
მე რა ინფორმაციაც მაქვს, 24 მარტის შეხვედრა არ იქნება დიდი შედეგის მომტანი. ეს უფრო ტექნიკური ჯგუფების ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯებია, რაც ამ მოლაპარაკების პროცესს სჭირდება.
- ზელენსკი ამბობს, რომ „ახალი ბერლინის“, ანუ გაყოფილი ქალაქების მიღება ვარიანტი არ არის. მისი თქმით, უკრაინაში არის გაჭრილი და გაყოფილი ქალაქებია და თუ არსებული ხაზები დარჩება, ისინი იქცევიან უსიცოცხლო ადგილებად, რადგან ნახევარ ქალაქში დაბრუნებას არავინ მოისურვებს. რა ჩანს ზელენსკის ამ განცხადებით?
იქ, სადაც გადის შეხების, ანუ „ნულოვანი“ ხაზი, როგორც წესი, იმ ქალაქიდან ბევრი არც არაფერია დარჩენილი და ისედაც საცხოვრებლად დიდი ხნით გამოუსადეგარია, მაგალითად, იგივე ტორეცკი. ეს, სავარაუდოდ, უფრო იყო ზელენსკის პასუხი რუსების მოთხოვნაზე, ოდესის პორტის რუსეთისთვის მიცემაზე.
ზოგადად, შეიძლება ლაპარაკი ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ცხადია, უკრაინა არ დათანხმდება ტერიტორიის გადაცემაზე. ეს იქნება პოლიტიკურად დამღუპველი ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერისთვის მით უფრო უკრაინაში, რომელიც სამი წელია თითო გოჯა მიწისთვის იბრძვის ბოლო ჯარისკაცამდე.
- თქვენი აზრით, რატომ ვერ შედგა ამ დრომდე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება?
უცებ ვერ იქნება ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, როცა 2 ათას კილომეტრიანი ფრონტის ხაზია.
ამ პროცესში ორივე მხარეს თავისი მოსაზრებები გააჩნია, თუმცა, როგორც ჩანს, ყველა მომხრეა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე. საუბარია მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე და არა მშვიდობის ორგანიზებაზე.
ფაქტობრივად ახლა ორივე მხარეს აწყობს ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა ამას ვერ ამჟღავნებს. რუსეთს იმის ჩვენება სურს, რომ პირობებს ცეცხლის შეწყვეტისთვის ის აყენებს და არა უკრაინა და თითქოს უკრაინა ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას.
თავიდანვე ცხადი იყო, რომ ცეცხლის შეწყვეტა იქნებოდა გარკვეული ვაჭრობის საკითხი. ჩემი აზრით, მოკლე ვადით მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტაზე, დიდი ალბათობით აღდგომისთვის.
- ზელენსკის თქმით, აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბარი ამჯერად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს შეეხო, რომელიც ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, თუმცა უკრაინელები ამუშავებენ. 20 მარტს, ანუ წუხელ, ზაპოროჟიეს რაიონში რუსეთის ავიადარტყმის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა. რას უკავშირდება ატომური ელექტროსადგურის თემის გააქტიურება?
თვითონ ტრამპის თქმით, მან შესთავაზა უკრაინული ატომური სადგურების ამერიკელების მიერ მართვა. მგონია, რომ ტრამპი ამით უფრო ამერიკელ ამომრჩეველზე თამაშობს და აჩვენებს, რომ ამ პროცესში ამერიკასაც რაღაც უნდა დარჩეს.
ტრამპის ის განაცხადი, რომ უკრაინამ მას გადასცეს ატომური ელექტროსადგურები კონტროლქვეშ, ვინაიდან ამერიკელებს გააჩნიათ გამოცდილება ამ სფეროში, ნამდვილად ვერ დავეთანხმები: მე ცოტა მეეჭვება ამერიკელების საბჭოთა ბირთვული დანადგარ – მოწყობილობებზე მუშაობის გამოცდილების არსებობის. არა მგონია, ატომურ სფეროში საბჭოთა ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილების კუთხით, აშშ-ს რუსებზე, ბელარუსებზე ან უკრაინელებზე მეტი გამოცდილება ჰქონდეს.
შემდეგ დაზუსტდა, რომ საუბარი იყო კონკრეტულად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რაც გასაგები და მისაღებია, ვინაიდან ეს სადგური ფაქტობრივად რუსების ხელშია და ამერიკელების იქ შესვლის შემთხვევაში უსაფრთხოება გარანტირებული იქნებოდა.
რაც შეეხება ავიადარტყმებს ზაპოროჟიეში, ეს მუდმივად ხდება: ხან უკრაინელები ურტყამენ ამ რაიონში განლაგებულ რუსულ დანაყოფებს, ხან რუსები ურტყამენ უკრაინელების დარჩენილ რაიონს. როგორც ცნობილია, ზაპოროჟიეს რეგიონის დაახლოებით 70% ოკუპირებული აქვს რუსებს, დანარჩენის გადაცემას კი ითხოვენ. პუტინი ბაქი-ბუქობს და აცხადებს, მოგვცენ ეს რაიონები სრულად და ამ შემთხვევაში ოდესას არ ავიღებთო. ისე იძახის ამას, გეგონება, თითქოს რუსებმა ტორეცკი აიღეს უკვე და ჩქარი ტემპებით მიდიან. ტორეცკი ამ დროს ერთი მცირე დასახლებული პუნქტია და ისიც კი ვერ აუღიათ.
დღემდე ყველაზე დიდ აღებულ ქალაქად რუსების მხრიდან, ჯერ კიდევ საშუალო ზომის მარიუპოლი რჩება.
- რუსეთში ადასტურებენ დრონებით შეტევას ენგელსის სამხედრო აეროდრომზე. რის მიღწევას ცდილობენ ამით უკრაინელები? ასევე, ხანძარია რამდენიმე დღე კრასნოდარში, სადაც უკრაინელებმა ნავთობბაზას დაარტყეს.
ენგელსის სტრატეგიული ავიაციის სამხედრო აეროდრომზე დარტყმა იყო იმდენად ზუსტი, ეჭვს ბადებს: ამერიკა შესაძლოა დაზვერვის მონაცემებს ისევ აწვდის უკრაინას – ზუსტი მოხვედრა იყო ძალიან. ტრამპი აცხადებდა, რომ უკრაინას მხოლოდ თავდაცვით ინფორმაციას აწვდიდნენ. როგორც ჩანს, აღადგინეს ამერიკელებმა სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება უკრაინისთვის.
ამ დარტყმის შედეგად აფეთქდა ერთი თვითმფრინავი და ორი დაზიანდა, ასევე, აფეთქდა საწყობი, სადაც პლანირებად საავიაციო ბომბებთან, რაკეტებთან ერთად X 101 – მფრინავი რაკეტები იყო განთავსებული, ეს საბჭოთა კავშირის დროის ის რაკეტებია, რომელსაც რუსები იყენებენ უკრაინაში დარტყმებისთვის. ისე არ არის, რომ საწყობი მფრინავი რაკეტებით შეავსო და დიდხანს ინახებოდეს, ეს გაფრენის წინ გამოაქვთ სიღრმიდან, ზურგიდან, რამდენიმე დღით ადრე. ეს ინფორმაცია ჰქონდათ ზუსტად უკრაინელებს და იცოდნენ, სად უნდა დაერტყათ.
არც ისაა გამორიცხული, უკრაინის დაზვერვის ორგანიზაციებს მოეპოვებინათ ეს ინფორმაცია, უკრაინული აგენტურული და საჯარისო დაზვერვა საკმაოდ ეფექტურად მუშაობას, თუმცა კოსმოსური და საჰაერო დაზვერვის კუთხით უკრაინას ძირითადად პარტნიორები ეხმარებიან.
- უშუალოდ ფრონტის ხაზზე რა ხდება?
განსაკუთრებით საინტერესოა უკრაინელების დარტყმები ბრიანსკის მიმართულებით, სადაც შევიდნენ უკრაინელები. იქ რუსებს ჰქონდათ მოწყობილი ე.წ. დრაკონის კბილები, ანუ ბოწკინტები იყო დაყენებული, დანაღმული იყო ტანკსაწინააღმდეგო ველი, თუმცა უკრაინელებმა დრონების და ზუსტი საარტილერიო ცეცხლის მხარდაჭერით გარკვეული გასასვლელები გააკეთეს საფორტიფიკაციო ზღუდეებში, მართალია, გარკვეული ტექნიკა აუფეთქდათ კიდეც, მაგრამ მაინც შევიდა მცირე ზომის დანაყოფები სიღრმეში, კერძოდ სოფლების დემიდოვკასა და პრილესიეს შემოგარენში. ამის შემდეგ დაწყებულია ძირითადი ძალების მცირე ზომის დანაყოფების შეყვანა.
დიდ სიღრმეში შესაძლოა არ არიან შესული, მაგრამ მაინც რუსეთის ტერიტორიაა, რაც მიმართულია კურსკის მიმართულებიდან წნეხის შემცირებისკენ.
- რა ხდება კურსკში? როგორც ირკვევა, იქ რუსებმა ვერ შეძლეს უკრაინელების ალყაში მოქცევა
წინათ მედვედევის გამონათქვამების კომენტირებას ვერიდებოდი და ახლა ისეთი დრო დადგა, ტრამპის კომენტირებას ვერიდები. ტრამპის განცხადება, 2500 უკრაინელია ალყაში და პუტინს ვთხოვე, არ დაეხოცაო, არ შეესაბამება რეალობას და როგორც ჩანს, ეს უთხრეს მოგვიანებით ტრამპსაც.
თავად ამერიკული წყაროების ცნობით, ამერიკული დაზვერვა ადასტურებს, რომ ალყას არ აქვს ადგილი. პრეზიდენტი ტრამპი ან არ კითხულობს საკუთარი დაზვერვის კრებსებს ან ანალიტიკურ ცნობებს, [ე.წ. „ლურჯ ფურცლებს“, რომელიც ყოველდღიურად იდება პრეზიდენტის მაგიდაზე], ან თავის ინტერპრეტაციით ავრცელებს განცხადებებს.
ასევე, როგორც ზელენსკიმ განაცხადა, მან დეტალურად ჩააყენა ვითარების გარემოში და აუხსნა ალყის არარსებობის შესახებ. მაინც, როგორც ეტყობა, ტრამპი პუტინის ნარატივს უფრო ენდობა, ვიდრე მისას.
ჯერ ერთი, როგორ წარმოგიდგენია ალყის შექმნა, როცა ზურგი მიდებული გაქვს შენს ქვეყანაზე? ეს შესაძლებელი იქნება, თუკი რუსებმა უკრაინელები სრულიად მოწყვიტეს უკრაინის საზღვარს, თან ისე მოწყვიტეს, რომ უკრაინის მხარდაჭერის საშუალებაც არ აქვთ. ამჟამად, უკრაინელები ასე თუ ისე, ორგანიზებულად გამოდიან კურსკიდან. სუჯა აიღეს რუსებმა, რომელიც მხოლოდ მიწასთან გასწორებული ტერიტორიაა.
სავარაუდოდ რუსეთი საბოლოოდ დაიბრუნებს კურსკის ოლქს, თუ ასე გაგრძელდა. ისე, რუსების წარმატებები კურსკში საეჭვოდ დაემთხვა აშშ-ს განცხადებას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტაზე.
რაც შეეხება პოკროვსკის და სხვა მიმართულებებს, აბსოლუტურად ლოკალური მასშტაბის ბრძოლებია.
ზოგადად ინტენსიური შეტაკებების ხასიათმა იკლო ხმელეთზე.
იცით, რაშია საქმე? – დაბომბვებმა და საცეცხლე დარტყმებმა არ იკლო, როგორც უპილოტოების, ასევე რაკეტებით დარტყმებმა, მაგრამ უშუალოდ ბრძოლის ხაზზე ბრძოლის ინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირდა იმ გაგებით, რომ რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღონ ხელმძღვანელმა პირებმა, უშუალოდ ბრძოლის ხაზზე მყოფი მებრძოლებიდან არავის უნდა ახალი „ჰენრი გიუნტერი“ გახდეს. შეგახსენებთ, ჰენრი გიუნტერი გერმანული წარმოშობის ამერიკელი ჯარისკაცია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის ბოლო მსხვერპლი აღმოჩნდა – იგი ცეცხლის შეწყვეტამდე ერთი წუთით ადრე მოკლეს.
შესაბამისად, როცა ჯარისკაცი ფრონტის წინა ხაზზეა, იქაც ვრცელდება ეს ინფორმაცია, რომ ცეცხლი შესაძლოა შეწყდეს და მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი და ა.შ. ამ დროს ფსიქოლოგიურად ჯარისკაცი ნაკლებად მიდის თავგანწირულ შეტევაზე, რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღონ მეთაურებმა და რაც უნდა დიდი მოტივაცია მისცენ მას. ჯარისკაცს სურს, რომ არ აღმოჩნდეს ბოლო მოკლული ამ დაპირისპირების დროს.
- „პოლიტიკიდან ვინაცვლებთ პრაქტიკულ სამხედრო დაგეგმარებაზე, სწორედ ეს ხდება დღეს“, — თქვა სტარმერმა, ბრიტანეთის პრემიერმა BBC-ისთან და განმარტა, რომ ეს გულისხმობს გზების ძიებას, როგორ უნდა იქნას დაცული „უკრაინის ცა, ზღვა და საზღვრები“. კონკრეტულად რა იცვლება?
დიდმა ბრიტანეთში უკვე მისცა დავალება სპეციალური დანიშნულების ძალებს, შეიმუშაონ გეგმები უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანისთვის. სხვადასხვა ქვეყნიდან სამშვიდობო კონტიგენტის გამოყოფის პროცესს სწორედ საფრანგეთი და ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ.
ყალიბდება ე.წ. მსურველთა კოალიცია, რომელშიც გაერთიანდებიან ამ ძალების გამცემი ქვეყნები. სამშვიდობო ძალების სახელწოდების ნაცვლად სურთ გამოიყენონ ტერმინი – გარანტიის ძალები, ალბათ ასე უფრო ითარგმნება ქართულად. პროცესი დაგეგმარების ოპერატიულ ფაზაშია გადასული, რაც გულისხმობს ოპ.დიზაინის შემუშავებას, ძალისხმევის ხაზების განსაზღვრას და ა.შ.
აღფრთოვანებული ვარ ასევე გერმანელების მტკიცე პოზიციით: წინა ხელისუფლებამ მოასწრო და 3 მლრდ გამოუყო უკრაინას, ახალი კი 11 მლრდ-ის გამოყოფას აპირებს. გერმანიამ თუ მოინდომა მილიტარიზაცია, ეს ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რის მიღწევა შეუძლია: ორჯერ შეძლო მთელი მსოფლიოს წინააღმდეგობის პირობებში ძლიერი ჯარის და ძლიერი სამხედრო მანქანის შექმნა – ერთხელ შექმნა და მეორედ – აღდგენა.
ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა აქტიურად ევროპის ქვეყნებში.
- ძირითადად რას მიემართება ევროპის დახმარება?
ევროპა ცდილობს, გაითვალისწინოს მომენტი, როცა აშშ-ს გარეშე შეძლებს თავის დაცვას. ცხადია, ეს გულისხმობს უკრაინის დაცვასაც. განიხილება საჰაერო პატრულირება, საჰაერო მხარდაჭერა, უკრაინის სამხედრო მრეწველობის აღდგენა, სამხედრო პოტენციალის გაზრდა. უკვე კონკრეტულ გეგმებზეა საუბარი და დაწყებულია მუშაობა.
- აღნიშნეთ, რომ სააღდგომოდ ელოდებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევას. რას იცვლება რუსეთ–უკრაინის ომში 30 დღით ცეცხლის შეწყვეტა?
ეს სიმბოლური პერიოდია, თუმცა რუსეთი დარწმუნდა, რომ სისულელეა მოთხოვნები, რაც მას აქვს, მაგალითად – „დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა“. ტრამპს რომც უნდოდეს ეს, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ტრამპმა დაურეკოს ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს და უთხრას, იარაღი აღარ მიაწოდონ უკრაინას? და ამ დროს რუსეთი შეწყვეტს იარაღის გამოშვებას, ჩრდილო კორეიდან და ირანიდან იარაღის მიღებას და დაზვერვის წარმოებას?
30 დღით ცეცხლის შეწყვეტა სიმბოლური აქტია, თუმცა დასაწყისთვის ცუდი არ არის. არ უნდა გვქონდეს დიდი იმედი ამ ომის დასრულების. ჩანს, რომ დაპირისპირების ცხელი ფაზიდან ცივ ფაზაში გადასავლის ვარიანტია და არაა საუბარი ომის დასრულებაზე.
- თქვენი აზრით, 30 დღის შემდეგ ისევ განახლდება საბრძოლო მოქმედებები?
ეს 30 დღე იძლევა იმის საშუალებას, რომ განახლდეს მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოო ჯამში, ომის დასრულების იმედი არ უნდა გვქონდეს. პირობები, რომელსაც აყენებს ორივე მხარე, არცერთი მხარისთვის მისაღები არ არის.
ხანგრძლივი ვადით ცეცხლის შეწყვეტა მისაღები უნდა იყოს, როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელი უფრო კარგად მოემზადება ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი პერიოდისთვის.