ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რას უპირებს „ოცნება“ ზურმუხტის ქსელს – გონიოს არაბული ინვესტიციისთვის ამზადებენ

22.03.2025 •
რას უპირებს „ოცნება“ ზურმუხტის ქსელს – გონიოს არაბული ინვესტიციისთვის ამზადებენ

„გონიოს მიმდებარე ტერიტორიისა და კრწანისის პარკის განვითარების საინვესტიციო პროექტების ხელშესაწყობად“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მთელ რიგ სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ „ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება და უწყებათშორისი კოორდინაცია.“

მთავრობის ამ განკარგულებიდან ჩანს, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებს ჭოროხის დელტაში.

ყოფილი სამხედრო პოლიგონი/ჭოროხის დელტა/ბათუმი / ფოტო: „ბათუმელები“/21.06.2024

„ზურმუხტის ქსელი“ პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. იგი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის [ბერნის კონვენცია] დანერგვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.

„ზურმუხტის ქსელს“ აქვს ეკოლოგიური სტატუსის შენარჩუნების ან აღდგენის პოტენციალი ისეთი სახეობებისა და ჰაბიტატებისთვის, რომლებიც განეკუთვნება საფრთხის წინაშე მყოფ, ენდემურ, მიგრირებად და ბერნის კონვენციით მკაცრად დაცულ სახეობებს.

საქართველო, ბერნის კონვენციას 2008 წლის ბოლოს შეუერთდა და ამით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, მონაწილეობა მიიღოს ზურმუხტის ქსელის შენარჩუნებასა და გაფართოებაში. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც ავალებს ბერნის კონვენციით დაცული ჰაბიტატების შენარჩუნებას.

ამასთან, ზურმუხტის ტერიტორიაზე დაგეგმილი საქმიანობის შემთხვევაში, ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი დირექტივის შესაბამისად, ლიცენზიის გაცემამდე საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია წარმოადგინოს ე.წ. შესაბამისობის შეფასება, ანუ ზურმუხტის ქსელზე ზეგავლენის შეფასება.

ამავე დირექტივით, ტერიტორიის მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ფართობი უარყოფითი ზემოქმედებისაგან და დაგეგმოს მისი საქმიანობა ისე, რომ დაცული იყოს ტერიტორიის ის ეკოლოგიური მახასიათებლები და კომპონენტები, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა ზურმუხტის ტერიტორია.

ჭოროხის დელტას და ნაწილობრივ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც კონკრეტულად მიგრირებადი სახეობებისთვის, ასევე ბერნის კონვენციის ამოცანებისა და, ზოგადად, ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით.

ჭოროხის დელტა ასევე ნაწილია ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრის“, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკის და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს.

ზურმუხტის ქსელი საქართველოში

მთავრობის განცხადებით, საქართველოში [გონიოს ყოფილ პოლიგონსა და კრწანისის პარკში] 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია Eagle Hills გეგმავს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას, საჭიროებიდან გამომდინარე, „ზურმუხტის ქსელის“ ფარგლებში დაცული საზღვრების კორექტირებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“ – აღნიშნულია 2025 წლის 17 მარტის განკარგულებაში, რომელსაც ხელს „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.

„საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება“ დაევალათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, კულტურის, იუსტიციის, ჯანდაცვის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და მათ სისტემაში შემავალ უწყებებს.

ამავე განკარგულებით, „უფლებამოსილების ფარგლებში და კომპეტენციის გათვალისწინებით, საჭირო ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა ეთხოვათ“: აჭარის მთავრობას, თბილისის, ბათუმისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის განვითარებისთვის მთავრობას არაერთი კონცეფცია აქვს მომზადებული, თუმცა, არცერთი არ არის რეალიზებული. კონცეფციებზე მუშაობის პარალელურად მთავრობაში აცხადებდნენ, რომ იმ ეტაპისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტიციის განხორციელება არ განიხილებოდა.

დღემდე არც ის არის ცნობილი, დასრულდა თუ არა გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განაღმვა და რამდენად არის ტერიტორია უსაფრთხო ამ კუთხით. თუმცა, ამავე ტერიტორიაზე მთავრობას თავის დროზე არაბი ინვესტორებიც ჰყავდა მიყვანილი.

ამ თემაზე: „ინვესტორი დანაღმულ ზღვისპირეთში – რა ელის გონიოს ყოფილ პოლიგონს“

რაც შეეხება კრწანისის პარკს, თავის დროზე ის საქართველოს საპატრიარქოზე იყო გადაცემული [სააკაშვილის 2010 წლის განკარგულებით] სიმბოლურ, 1 ლარად.

საპატრიარქოსთვის გადაცემული ტერიტორია მოიცავდა თბილისში – კრწანისის ტყე-პარკს და მის მიმდებარედ ფონიჭალაში, აღთაკლიაში, ყარაჯალარში, ასევე ქ. რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიებს; მთლიანობაში 7 მილიონზე მეტ კვადრატული მეტრ მიწის ფართობს, მიწის გასხვისების უფლების გარეშე, თუმცა ამის უფლება საპატრიარქოს მოგვიანებით პრემიერმა ღარიბაშვილმა მიანიჭა, რითაც საპატრიარქომ ისარგებლა და მიწის ნაკვეთი მესამე პირს გადასცა.

ამ თემაზე: ეკლესიის ბიზნესი კრწანისის ტყე-პარკის ხარჯზე

კრწანისის პარკი, რომელიც სახელმწიფოსგან 1 ლარად ჰქონდა მიღებული, საპატრიარქომ მოგვიანებით სახელმწიფოს ქობულეთში, ზღვის პირას, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში გადაუცვალა. 

ამავე თემაზე:

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: