მთავარი,სიახლეები

პუტინის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ „რუსულ სამყაროს“ საზღვრები არ აქვს – ISW

23.03.2025
პუტინის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ „რუსულ სამყაროს“ საზღვრები არ აქვს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, 22 მარტს გამოქვეყნებულ რუსეთ-უკრაინის ომის მიმოხილვაში, პუტინის ყოფილი მრჩევლისა და ე.წ. „ნოვოროსიის“ პროექტის იდეოლოგის, ვლადისლავ სურკოვის განცხადებაზე წერს.

სურკოვმა ფრანგულ გამოცემა L’Express-თან ინტერვიუში თქვა, რომ „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიას არ აქვს საზღვრები და არსებობს „ყოველგან, სადაც არის რუსული გავლენა“ – კულტურული, სამხედრო, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ ჰუმანიტარული.

მან ასევე თქვა, რომ რუსეთი მიაღწევს ამ სტრატეგიულ მიზანს, რომელიც, მისი თქმით, არ შეცვლილა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, თუნდაც ამ გზაზე იყოს „მანევრები, შენელება და პაუზები“.

ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრემლმა არაერთხელ გამოიყენა „რუსული სამყაროს“ კონცეფცია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სამხედრო ინტერვენციისთვის.

„კრემლმა არაერთხელ გამოიყენა რუსული სამყაროს იდეა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსეთის სამხედრო ინტერვენციების გასამართლებლად და იმის სამტკიცებლად, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იმპერიის ტერიტორიები ისტორიული რუსული ტერიტორიებია.

სურკოვის განცხადებები შეესაბამება პუტინისა და რუსეთის მაღალი რანგის ჩინოვნიკების განცხადებებს, რომლებმაც არაერთხელ თქვეს, რომ რუსეთი აპირებს უკრაინის სრულ კონტროლს, ასევე მეზობელ ქვეყნებზე პროტექტორატის დამყარებას, დასავლეთის დასუსტებისა და რუსეთის გლობალური გავლენის გაძლიერებას.

…კრემლი ათწლეულების მანძილზე იყენებდა „რუსკი მირის“ [„რუსული სამყაროს“] ნარატივს, რათა გაემართლებინა რუსული აგრესია უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში და შეექმნა ზეგავლენის პირობები იმ დამოუკიდებელ ქვეყნებზე, რომლებიც ოდესღაც იყო კოლონიზებული საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იმპერიის მიერ“, – წერს ISW.

სურკოვი 2020 წლის თებერვლამდე ზედამხედველობდა პროექტს „ნოვოროსია“, რომელიც, კრემლის გეგმით, მოიცავს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინას და წარმოადგენს რუსეთის “განუყოფელ” ნაწილს.

სურკოვი 2013 წლის სექტემბრიდან პუტინის თანაშემწე იყო დსთ-ის ქვეყნებთან, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. გარდა ამისა, იგი კურირებდა კრემლის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში. რუსული მედიის თანახმად, ზუსტად სურკოვი იყო დაკავებული სეპარატისტული თვითგამოცხადებული – ლუგანსკის და დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკების საქმეების კურირებით.

სურკოვმა კრემლი 2020 წელს დატოვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: