მთავარი,სიახლეები

„ხულოდან თუ ხარ, თბილისში რა ჩემი… გინდაო“ და უკანონოდ დამაკავეს – ნადიმ ხმალაძე

10.03.2023 • 4025
„ხულოდან თუ ხარ, თბილისში რა ჩემი… გინდაო“ და უკანონოდ დამაკავეს – ნადიმ ხმალაძე

უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე, რომელიც ამ დღეებში თბილისშია და რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, პოლიციამ 8 მარტს დააკავა. ის წუხელ, 9 მარტს, გაათავისუფლეს. როგორც ნადიმ ხმალაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, კრიმინალურმა პოლიციამ ის უკანონოდ დააკავა.

„შუადღის პირველ საათზე გალერეა „თბილისის“ წინ დავლიე ყავა, გამოვედი, ტაქსიში ვჯდებოდი და შემომარტყა წრე კრიმინალურმა პოლიციამ, ძალიან აგრესიული მიმართვით, სიტყვიერი შეურაცხყოფით და ისე ჩამსვეს მანქანაში“, – ამბობს ნადიმ ხმალაძე.

მისი თქმით, ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ქსენოფობიური შინაარსის სიტყვებითაც მიმართა.

„როცა მივაწოდე პირადობის მოწმობა, სადაც წერია, რომ ჩემი დაბადების ადგილი არის ხულოს რაიონი, პოლიციელმა მითხრა, ხულოდან თუ ხარ, რა ჩემი #… გინდა აქ, თბილისშიო.

სამასი ათასი რუსი რომ გყავთ აქ, ეს იმათ ჰკითხეთ-მეთქი – ვუპასუხე. მე საქართველოს მოქალაქე, ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის ნებისმიერ ადგილას ვიქნები-მეთქი. ხულო სადღაც სხვა სამყაროში ჰგონიათ ამათ ალბათ.

მე მივხვდი, რომ ეს იყო პროვოკაცია და უნდოდათ ჩემი გაღიზიანება. რა თქმა უნდა, ნერვები დამაწყდა, რადგან მართლა ძალიან ვბრაზდები, როცა კუთხურობაზე აკეთებენ აქცენტს, მაგრამ მაქსიმალურად შევიკავე თავი, რადგან შემდეგ მითხრეს, რომ სისხლის მუხლით უნდოდათ დაკავება“, – გვეუბნება ნადიმ ხმალაძე.

მისი თქმით, საბოლოოდ ის ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, რაც პოლიციაზე დაუმორჩილებლობას და გინებას გულისხმობს.

„ეს მაშინ, როცა პოლიციას ასი მეტრითაც კი არ მივახლოებივარ. წლებია აქციებზე ვარ და არასდროს ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა.

მართლა არ მომწონს პირადად შეხება ადამიანებზე, არც პოლიციელებზე. ეს ჩემი შინაგანი ქცევაა და მაინც რომ ამას დაგაბრალებენ და შეგაგდებენ კამერაში, ძალიან შეშინებული ადამიანების პოზიციაა ეს.

სხვათა შორის, როცა მანქანაში ჩამსვეს, თითქოს ჩემ მხარეს გადმოვიდნენ, ერთი პოლიციელი იყო უხეში, დანარჩენი ოთხი კეთილგანწყობილები იყვნენ და მითხრეს, რასაც აკეთებთ გგულშემატკივრობთო“, – გვითხრა ნადიმ ხმალაძემ.

მისი თქმით, ეს დაკავება რეალურად უკრაინაში მის ბრძოლას უკავშირდება.

„როცა ჩამოვფრინდი, 40 წუთი აეროპორტში დამაყოვნეს. შემდეგ, აქციაზე როცა მივედი, საღამომდე მითვალთვალებდნენ და საითაც კი გავიწეოდი, ყველგან გადაცმული, ალბათ სუს-ის თანამშრომლები დამყვებოდნენ.

შემდეგ ჩავედი „მერიოტთან“ და იქაც ჩამომყვნენ და ეს ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში.

როგორც ჩანს, ჩემს ტელეფონსაც უსმენდნენ, რადგან, როგორც კი ვუთხარი ჩემს მეგობარს, რომ ტაქსიში ვჯდები და მოვდივარ-მეთქი, მაშინვე დამხვდნენ იმ ადგილზე“, – ამბობს ნადიმ ხმალაძე.

მისი თქმით, ის 20 მარტს აპირებდა უკრაინაში დაბრუნებას, მაგრამ თუ სასამართლო ჩაინიშნება, შესაძლოა, შეაფერხოს. „თუმცა უკან აუცილებლად დავბრუნდები“, – ამბობს ხმალაძე.

საპროტესტო აქციაზე, სადაც ათასობით მოქალაქე რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდა, ხმალაძის გარდა კიდევ 166 ადამიანი დააკავეს.

მოქალაქეების პროტესტის შემდეგ, გუშინ ღამით, დაკავებულები გამოუშვეს, თუმცა მოგვიანებით შს სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი სასამართლო პროცესები მაინც ჩატარდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: