„ლევან ვარშალომიძეზე რუსეთს გამოცხადებული აქვს საერთაშორისო ძებნა, ის პოლიტიკური დევნის გამო შეაფერხეს“ – განაცხადა დღეს, 20 მარტს, ბათუმში გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგზე ელგუჯა ბაგრატიონმა. მისივე თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ენმ- ის წევრი ლევან ვარშალომიძე ყაზახეთის ქალაქ ატირაუში კონსულტაციებისთვის მიიწვიეს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა განვმარტო ლევან ვარშალომიძის ყაზახეთში ვიზიტთან და იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რაც მის მიმართ განხორციელდა ყაზახეთში.
18-19 მარტს ლევან ვარშალომიძე იყოფებოდა ყაზახეთში მიწვევით „ბათუმის სასწაულის“ შექმნასთან დაკავშირებით მას დახმარება და კონსულტაციები უნდა გაეწია.
ის 18 მარტს ჩაფრინდა ქალაქ ატირაუში, 14 საათსა და 20 წუთზე, სადაც მესაზღვრეებმა გააჩერეს. მას განუმარტეს, რომ იმყოფებოდა საერთაშორისო ძებნაში რუსეთის მიერ და გადაიყვანეს ქალაქ ატირაუს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გასაუბრება. ასევე, მიმდინარეობდა საქმის შესწავლა.
ის არ ყოფილა არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის წესით დაკავებული და მისი დაკავების ერთადერთი საფუძველი იყო რუსეთის მიერ მისი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება.
19 მარტს ყაზახეთის მხარემ გაარკვია, რომ ერთადერთი მიზეზი იყო მხოლოდ პოლიტიკური დევნა, ამიტომაც ის 19 მარტს, დილითვე გაათავისუფლეს“ – განმარტა ელგუჯა ბაგრატიონმა.
მისივე ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე ახლა ამსტერდამში იმყოფება.






