„არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რა მუშაობს ამ დროს. თუ გადავხედავთ წინააღმდეგობის მოძრაობებს სხვა ქვეყნებში, ხშირად ყოფილა ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობა, როცა არაფერი არ მოასწავებდა რეჟიმის ცვლილებას და უცებ რაღაც შეიცვალა. ბოლო ასეთი მაგალითია სირია: ვერავინ წარმოიდგენდა სირიაში ასადის რეჟიმის ჩამოშლას, პირიქით, ამ კაცმა რეჟიმის კონსოლიდაცია შეძლო და რუსეთი ეხმარებოდა,“ – ამბობს პოლიტოლოგი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია. მას წინააღმდეგობის პერსპექტივაზე ვესაუბრეთ საქართველოში.
პოლიტოლოგთან საუბარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეფასებით დავიწყეთ: რამდენად ახერხებს ოპოზიცია შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც ივანიშვილს უკან დახევას აიძულებს?
„გარდატეხა არ მოხდება, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთან არ მიხვედი და არ ესაუბრე. ცხადია, არის კატეგორია, ვისთან საუბარსაც აზრი არ აქვს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს ბოლომდე, საფლავში არ გადაჰყვებიან, როცა ხედავენ, როგორ მიდის ქვეყნის საქმე.
„ქართულ ოცნებას“ არ აქვს რესურსი, რომ ახალი მომხრეები მიიზიდოს: რაც უფრო რეპრესიული ხდები, მით უფრო შორდები საზოგადოებას, მათ შორის, იმ ხალხს, რომელიც მანამდე მხარს უჭერდა და ეს ჩანს უკვე,“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია.
„ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელთან ინტერვიუ ბათუმში ჩაწერა:
- ბატონო კორნელი, თავდაპირველად ოპოზიციის ერთ–ერთი გადაწყვეტილების შესახებ მინდა გკითხოთ, რომლის მიხედვითაც პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. რა რისკია ეს, თქვენი აზრით, ოპოზიციისთვის?
ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი უჭერს მხარს, გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რაც ქვეყანამ მიიღო ბოლო საპარლამენტო არჩევნებში.
მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს აღარ სჯერა, რომ სახელმწიფოს მიტაცების და ავტოკრატიული მმართველობის პირობებში შესაძლოა სამართლიანი არჩევნების ჩატარება და სრულიად სამართლიანად ნდობა აქვს დაკარგული ამ პროცესისადმი.
თუმცა, მეორე მხრივ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ორლესული მახვილივით დამაზიანებელი აღმოჩნდეს ოპოზიციური სპექტრისთვის: აქამდე ოპოზიციური პარტიები მეტ-ნაკლებად საკრებულოებში ინარჩუნებდნენ თავიანთ წევრებს და ეს მათ ეხმარებოდათ რეგიონული ორგანიზაციების შენარჩუნებაში.
თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მივიღებთ ერთპარტიულ საკრებულოებს და მერიებს. ოპოზიციური პარტიები, შესაძლოა, აღმოჩნდნენ იმ რეალობაში, რომ ადგილზე უკვე აღარ იყოს ხალხი, ვინც მათ წლების განმავლობაში მხარს უჭერდა.
მიგრაციის გაზრდილი ნაკადის, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური რეპრესიების გათვალისწინებით, შესაძლოა, ამ ადამიანებს ქვეყნის დატოვებაც მოუწიოთ, რამაც შესაძლოა შეამციროს კიდეც ოპოზიციის მხარდაჭერა ადგილებზე.
ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია დიდი ქალაქები, სადაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ოპოზიციურადაა განწყობილი. ასე რომ ამ საკითხზე ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღება არ იქნება ადვილი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ აგრძელებს ხელის გადაგრეხის პოლიტიკას.
- ხელის გადაგრეხა ახსენეთ, რას უპირისპირებს „ქართული ოცნების“ ამ ტაქტიკას ოპოზიცია?
საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს არა იმას, რომ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ მაინცადამაინც ერთ პარტიაში, არამედ მიზიდულობის ცენტრი შეიქმნას სალომე ზურაბიშვილთან ერთად. შესაძლოა, ვიღაცას მოსწონს სალომე ზურაბიშვილი, ვიღაცას – არ მოსწონს, მაგრამ საპროტესტო საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი მას მხარს უჭერს.
როგორც ჩანს, არც სალომე ზურაბიშვილი იკლავს თავს, რომ მაინცადამაინც ოპოზიციის ლიდერი გახდეს. ის ამ ეტაპზე უფრო მაკოორდინებელ როლს ასრულებს, ვიდრე ლიდერის.
ამ ეტაპზე ოპოზიცია ვერ ავლენს მზაობას და სიმწიფეს, რომ თავად შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი. მესმის, რომ ამ საპროტესტო მოძრაობას არ მართავენ პოლიტიკური პარტიები, რასაც თავისი პლუსიც აქვს და მინუსიც. პლუსია, მაგალითად, ის, რომ როცა ლიდერი არ არსებობს, ხელისუფლებას უჭირს პირდაპირ პარტიების წინააღმდეგ რეპრესიები.
მეორე მხრივ, ხვალ რომ ისევ ასიათასობით მოქალაქე გამოვიდეს აქციაზე, ამ პროცესს სჭირდება მართვა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მით უმეტეს, რომ საპროტესტო საზოგადოების დიდი ნაწილი საერთოდ არ აპირებს პოლიტიკაში მონაწილეობას.
პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ საზოგადოებას შესთავაზონ ისეთი დღის წესრიგი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს მისცემს გარკვეულ გეზს და მიმართულებას.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება. მოკლევადიანი მიზნები გასაგებია, რომ არჩევნები უნდა დაინიშნოს, მაგრამ რომ დაინიშნოს ეს არჩევნები, რამდენად მზადაა ამისთვის ოპოზიცია? რამდენად მოახერხეს საკუთარი პოზიციების გაძლიერება რეგიონებში?
მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამას სჭირდება უფრო აქტიური მუშაობა, რომ სხვა შედეგი დაიდოს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. არაფრით არ შეიძლება რომელიმე რეგიონის უგულებელყოფა იმის გამო, რომ ეს რეგიონი პატარაა, მცირეა მოსახლეობის რაოდენობა და ასე შემდეგ, რაც ბევრჯერ მოვისმინეთ ბოლო არჩევნების პერიოდში.
- ოპოზიციური პარტიების არგუმენტი ამ ნაწილში არის ის, რომ დაცარიელებულ სოფლებში „ოცნებამ“ 300-ლარიანი დასაქმების სქემა, ასევე სხვა პროგრამები აამოქმედა. ამით სოფლად მცხოვრები ადამიანები მასზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახადა და ოპოზიციის მუშაობას ვერ ექნება შედეგი.
მაგრამ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს, საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ შენი ამომრჩევლის მობილიზება მოახდინო. მნიშვნელოვანია, „ოცნებას“ შემოაცალო ამომრჩეველი.
ბოლო არჩევნებში ამ როლს ძირითადად გახარიას პარტია ირგებდა, რომელიც ცდილობდა „ქართულ ოცნებაზე“ გულაცრუებული მხარდამჭერების მობილიზებას. სხვა პარტიებმაც ანალოგიურად უნდა იმუშაონ. ყველა პარტიამ რომ მინიმუმ რამდენიმე ათასი მხარდამჭერით შეამციროს „ოცნების“ ელექტორალური ბაზა, ეს უკვე ცვლის რეალობას – განსხვავება უზარმაზარი არ არის „ოცნებას“ და ოპოზიციური პარტიების შედეგებს შორის, მით უმეტეს იმ ფონის გათვალისწინებით, რაც არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ხდება.
ამ კუთხით უფრო მეტია გასაკეთებელი, საჭიროა ხალხის მეტი მოსმენა მათ შორის იმ არასასიამოვნო შეკითხვების, რომელიც შეიძლება პოლიტიკური პარტიების მიმართ დაისვას. გვესმის, რომ ამას სჭირდება რესურსები, დრო და მოთმინება, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ სატელევიზიო სტუდიებიდან საუბრით შედეგი ვერ დაიდება. ეს უკვე აღარ მუშაობს.
ბუნებრივია, ოპოზიციას აქვს ადამიანური, ფინანსური რესურსების პრობლემა. არსებობს ხედვების პრობლემაც. პრობლემაა ასევე პრიორიტეტების განსაზღვრა. ოპოზიციას ბოლო არჩევნებში დიდ ქალაქებზე ჰქონდა გათვლა, რაც ალბათ არ იყო მთლად სწორი. იმისთვის, რომ მოახდინო გარდატეხა, იქ უნდა იმუშაო, სადაც არ ხარ ძლიერი.
გარდატეხა არ მოხდება, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთან არ მიხვედი და არ ესაუბრე. ცხადია, არის კატეგორია, ვისთან საუბარსაც აზრი არ აქვს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს ბოლომდე, საფლავში არ გადაჰყვებიან, როცა ხედავენ, როგორ მიდის ქვეყნის საქმე.
- ამასობაში ივანიშვილი აქტიურად ცდილობს რეპრესიული მანქანის ამოქმედებას და რუსული დიქტატურის დამყარებას, მათ შორის, იღებენ ახალ რუსულ კანონს, რომ საბოლოოდ გაანადგურონ კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი. რა რესურსი რჩება წინააღმდეგობისთვის?
აქტიურად უნდა ვესაუბროთ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მიუხედავად იმისა, გვეთანხმება თუ არა. უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რაა საქართველოს ეროვნული ინტერესი, მიზანი და აქედან დავიწყოთ დისკუსია. არ უნდა მოგვერიდოს ამ დისკუსიაში უხერხული შეკითხვების მიღებაც და თუ პასუხი არ გვაქვს კონკრეტულ შეკითხვებზე, ესეც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს პასუხი, ან მოქალაქეებთან ერთად უნდა მოვიფიქროთ.
ქართველი ხალხის დაკვეთაა არაა ერთპარტიული მმართველობა ან არაფორმალური მმართველობა. თავისუფლების და დემოკრატიული წესრიგის შეზღუდვა თითოეულ ჩვენგანს უქნის პრობლემებს. თუ ამას დროულად გავითავისებთ, წინააღმდეგობის პროცესი გაგრძელდება და ექნება შედეგი. თუმცა ზოგიერთი პრობლემას ხედავს მხოლოდ მაშინ, როცა პრობლემა უშუალოდ მას პიროვნულად ეხება. ამ დროს რეაგირება უკვე გვიანია. ამას აჩვენებს ბელარუსისა და რუსეთის მაგალითი.
მნიშვნელოვანია მოქალაქეებს დავუბრუნოთ რწმენა და ნდობა. ნდობა პრაქტიკულად დაკარგულია დღეს. მოქალაქეს დაკარგული აქვს ნდობა პოლიტიკური პროცესისადმი, სამოქალაქო საზოგადოებისადმი, პოლიტიკური პარტიების თუ ინსტიტუტების მიმართ.
- საკუთარი ძალის მიმართ? გვესმის მოქალაქეებისგან ისიც, რომ მშვიდობიანი აქციით რეალობა არ იცვლება და მაგალითად, უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი დააჯარიმეს კიდეც, რომ გვაჩვენონ დიქტატურის ძალა. ახერხებს ივანიშვილი ძალაუფლების მიტაცებას, მათ შორის, ნიჰილიზმის გაძლიერებით?
არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რა მუშაობს ამ დროს. თუ გადავხედავთ წინააღმდეგობის მოძრაობებს სხვა ქვეყნებში, ხშირად ყოფილა ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობა, როცა არაფერი არ მოასწავებდა რეჟიმის ცვლილებას და უცებ რაღაც შეიცვალა. ბოლო ასეთი მაგალითია სირია: ვერავინ წარმოიდგენდა სირიაში ასადის რეჟიმის ჩამოშლას, პირიქით, ამ კაცმა რეჟიმის კონსოლიდაცია შეძლო და რუსეთი ეხმარებოდა. თუმცა ისე განვითარდა მოვლენები ქვეყნის შიგნით, რაც ვერ გაითვალისწინა.
მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა გაძლიერდეს. შესაძლოა, ყოველთვის ერთი და იგივე ტონუსი ვერ შენარჩუნდეს, რთულია, მუდმივად ასიათასობით ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ ნდობა უნდა არსებობდეს საზოგადოებაში ამ პოლიტიკური პროცესის მიმართ: რასაც პროტესტის მონაწილეები აკეთებენ, ეს ხალხის ინტერესებს პასუხობს, რომ ცვლილებები აუცილებელია.
მესმის, რომ აქ „ოცნება“ მანიპულირებს სხვადასხვა თემით, მათ შორის, ომის და მშვიდობის თემით, მაგრამ როდესაც ოპოზიციაში ხარ, ორმაგი შრომის ჩადება გიწევს ყოველთვის, რომ მოქალაქე დაარწმუნო. სხვანაირად ცვლილებები არ ხდება. 2012 წელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერებს კარდაკარ რომ არ ევლოთ და სოფელ-სოფელ, რთული იქნებოდა მაშინაც მოგება. თუმცა დღეს არ არის ლიდერი, რომელსაც ექნებოდა ნდობა და შეძლებდა თავის გარშემო სხვების კონსოლიდირებას.
- როცა არ არსებობს გამოკვეთილი ლიდერი ქვეყნის შიგნით, გარედან კი, გვესმის ტრამპის განცხადებები, როგორ შეიძლება დაინახოს მოქალაქემ წინააღმდეგობის პერსპექტივა?
ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, განვითარდეს, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს ამერიკას და ევროპას კი არ სჭირდება, ჩვენ გვჭირდება. საერთაშორისო პოლიტიკის დღევანდელი კონტექსტი ამ ეტაპზე არ უწყობს ამას ხელს. შეერთებული შტატების სახით საქართველომ და დემოკრატიულმა მსოფლიომ დაკარგა დემოკრატიის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი სახელმწიფო, თუმცა იმედია დროთა განმავლობაში ეს პროცესი შეიცვლება და აშშ დაიბრუნებს საკუთარ პოზიციებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირში არიან სახელმწიფოები, რომლებიც მხარს დაუჭერენ დემოკრატიზაციის პროცესს საქართველოში. მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციის კურსს არ ჩამოვშორდეთ, რადგან ამჟამად ხდება ახალი, გეოპოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბება რუსეთსა და ევროკავშირს შორის, რუსეთსა და აშშ-ს შორის და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ახალი „ცივი ომის“ პროცესში სახელმწიფო როგორ მოიაზრებს საკუთარ თავს.
აქამდე თუ საქართველო მოიაზრებოდა ასოცირებული ტრიოს ნაწილად უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ბოლო წლებში, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წყალობით ჩვენ ისევ დავუბრუნდით ნაცრისფერ ზონას. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი სახელმწიფოდან ნელ-ნელა დაემსგავსა ევრაზიულ ქვეყანას. ამის დასტურად გადავხედოთ, თუ ვის ხვდებიან „ქართული ოცნების“ ლიდერები: თურქმენეთის პრეზიდენტს, აზერბაიჯანის ელჩს, არაბეთის ქვეყნების ხელმძღვანელებს…
ფაქტობრივად, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაშია. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.
- თქვენი აზრით, ივანიშვილის რეჟიმი არ იყო მზად ამ იზოლაციისთვის?
იზოლაციას სჭირდება გარკვეული ფინანსური სიმყარე, მაგალითად, აზერბაიჯანს აქვს ნავთობი და გაზი, რომლითაც შეიძლება უზრუნველყოს ავტორიტარული რეჟიმი, საქართველოს შემთხვევაში კი, ეს არ გვაქვს. ივანიშვილის მილიარდებიც არ ეყოფა ამ საქმეს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაკლებად დამაჯერებელია მან საკუთარი სახსრები გაიმეტოს ამ საქმისთვის. თუ ივანიშვილს არ ექნება მხარდაჭერა ქვეყნის გარედან, ძალიან გაუჭირდება მას ასეთი ტიპის რეჟიმის დიდხანს შენარჩუნება. მათ შეიძლება ეს სცადონ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს აქვს პროტესტის კულტურა, რომელიც საკმაოდ მძლავრია. ქართველი ადამიანი არ შეეგუება ერთმმართველობით სტილს და ხელისუფლების უზურპაციას.
შესაძლოა, ხელისუფლებამ სხვადასხვა მიზეზით მოახერხოს დეზინფორმაციის გავრცელება და გარკვეული ხნით ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ მთლიანობაში მას ეს გაუჭირდება. ამასთან, ამ რეჟიმს აქვს ერთი დიდი სისუსტე: მას არ შეუძლია გააერთიანოს ერი, პირიქით, დამყოფ, გამყოფ პოლიტიკას ატარებენ, მათ უკვე მოახერხეს სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიის გაუცხოება და იგივე ხდება ახლა საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით – ასობით ადამიანი სამსახურს კარგავს კონსტიტუციის ერთგულების გამო.
მთლიანობაში „ოცნება“ შორდება ხალხს, რომელიც არის სუვერენიტეტის მთავარი წყარო. საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ საზოგადოების გამყოფ და დამანაწევრებელ პოლიტიკას მომავალი არა აქვს.
- რეპრესიების გაძლიერებით ივანიშვილი ვერაფერს მიაღწევს?
რაც უფრო რეპრესიული ხდები, მით უფრო შორდები საზოგადოებას, მათ შორის, იმ ხალხს, რომელიც მანამდე მხარს გიჭერდა და ეს ჩანს უკვე. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს რესურსი, რომ ახალი მომხრეები მიიზიდოს. სანამ თანხები აქვს, მას აქვს საშუალება, ძალოვან უწყებებზე ეფექტური კონტროლი განახორციელოს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ადვილი არ იქნება.
თუ ხალხმა ნახა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს ამ მეთოდებით ქვეყნის მართვას და საზოგადოების კონსოლიდაციას, ის ხალხიც არ გაჰყვება ივანიშვილს სასაფლაოზე, რომელიც დღეს მას ირჩევს. არავის არ გადაჰყოლია ხალხი, არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს.
როგორც კი სისტემაში დასაქმებული ადამიანები ნახავენ, რომ სისტემას გაუჩნდა სერიოზული ბზარი, ხალხი, რომელიც ამ დრომდე სისტემის ბურჯია, წავა, რადგან საბოლოოდ ყველა თვითგადარჩენაზე ფიქრობს.
- რის იმედი აქვს ივანიშვილს და მის გუნდს, თქვენი დაკვირვებით?
აქამდე იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგებას მოახერხებდნენ, თუმცა არაფერი არ ჩანს მათთვის საიმედო. ამ ეტაპზე ტრამპის ინტერესი საერთოდ არ არის სამხრეთ კავკასია და საქართველოს საკითხი, მით უმეტეს, უკრაინის და რუსეთთან მოლაპარაკების ფონზე.
მეორე იმედია რუსეთი. თუმცა რუსეთთან პირდაპირ კავშირი გაჭირდება, რადგან ივანიშვილმა იცის, რომ არაპოპულარულია ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობა – ამან შეიძლება ხელისუფლება დააკარგვინოს. ამიტომაც, რეჟიმის მესვეურები ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ თითქოს არ არიან იზოლაციაში, ვიზიტები აქვთ…
თუმცა რეალობა სხვაა. არ არის იოლი სანქციების ქვეშ ყოფნა, მით უმეტეს, თუ ბრიტანეთმაც დაადო სანქციები და ამას მიჰყვა „ვაიმარის ქვეყნები“[გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი]. თუმცა იმისთვის, რომ რაღაც შეიცვალოს, საჭიროა შიდა და გარე წნეხის მუდმივად არსებობა.
- გამოდის, ივანიშვილი პროტესტის ჩახშობის პარალელურად ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგს ელოდება, რომ ახალი მოკავშირე გამოძებნოს?
„ოცნება“ ელოდება იმას, თუ რამდენად მოახერხებს რუსეთი საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებას უკრაინასთან დაკავშირებით, შემდეგ კი ეცდებიან, ახალ რეგიონულ დღის წესრიგზე მორგებას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, როგორ გადაწყდება უკრაინის საკითხი. ეს მხოლოდ უკრაინისთვის კი არა, საქართველოსა და ევროპისთვის არის მნიშვნელოვანი, როგორ მოახერხებენ ევროპელი მოკავშირეები უკრაინის დაცვას.
უკრაინა უნდა გადარჩეს, როგორც ევროპული სახელმწიფო. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ევროპული მომავალი ამ ქვეყნის ბედზეცაა მიბმული.
სერიოზული პოლიტიკური კრიზისის არსებობას „ოცნების“ მომხრეებიც აღიარებენ უკვე. სამოქალაქო დაპირისპირების ნებისმიერი სცენარი მიუღებელია. ჩვენ ვართ ტრავმირებული საზოგადოება, 90-იანი წლების დაპირისპირება გამოვიარეთ, სამოქალაქო ომი და მეორეჯერ ვერ დავუშვებთ ამ შეცდომას.
გამოსავალი ხელახლა არჩევნებია, ეს არის ყველაზე კარგი განმუხტვის საშუალება, რაც კი მოუგონია კაცობრიობას. ცხადია, არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.