მთავარი,სიახლეები

რა ხარვეზები აქვს საბჭოთადროინდელ ადმინისტრაციულ კოდექსს – იურისტების შეფასება

20.03.2025
რა ხარვეზები აქვს საბჭოთადროინდელ ადმინისტრაციულ კოდექსს – იურისტების შეფასება

პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასობით მოქალაქე დააჯარიმა. მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც დაჯარიმდნენ არაერთხელ და ისეთებიც, რომელთა „დანაშაულად“ პოლიციამ ზებრა გადასასვლელებზე გადასვლა-გადმოსვლა მიიჩნია და ამას სასამართლოც დაეთანხმა.

საპროტესტო აქციების ზოგიერთი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათგან უმეტესობას 5- დან 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯეს.

დაჯარიმებულები ჯარიმების გადახდას არ აპირებენ: „რაც უნდათ, ის ქნან“. მათგან უმეტესობა კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას არ აჩერებს. მათ წინასწარვე აქვთ მოლოდინი იმისა, რომ არც სააპელაციო სასამართლო შეცვლის რამეს.

ზებრაზე მოძრაობა ბათუმში – 31 იანვარი. ედო მჟავანაძის ფოტო.

ბათუმელი აქტივისტი მალხაზ ირემაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ზებრა გასასვლელზე გადასვლის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს. ის ჯერ სასამართლოში ზებრის ფორმით მივიდა, მეორე სხდომაზე კი მან „ბორში“ მიუტანა მოსამართლეს და გვითხრა, რომ ამ ფორმით სოციალური უთანასწორობის გაპროტესტება სურდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო – „ზებრაზე გადასვლის საქმე“. მალხაზ ირემაძე ბორშით მივიდა სხდომაზე. 12 მარტი, 2025 წელი

საქართველოში დღემდე მოქმედებს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის [სსრ] უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ 1984 წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. იურისტების შეფასებით, ის ვერ პასუხობს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ამოქმედების დღიდან ამ დრომდე კოდექსში 576 ცვლილება შევიდა, რამაც საკანონმდებლო აქტს ქაოტურობა და კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შესძინა, საბჭოთა კავშირის სამართლებრივი სისტემისთვის დამახასიათებელი ლოგიკა კი უცვლელი დარჩა. 

კოდექსში უამრავი ცვლილება შევიდა, თუმცა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მკვლევრების შეფასებით, მათი დიდი ნაწილი, გაუმჯობესების ნაცვლად აუარესებდა უფლებრივ სტანდარტებსა და საპროცესო გარანტიებს. შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელი კანონმდებლობის სისტემური რეფორმირების საკითხი კიდევ უფრო აქტიურად დადგა დღის წესრიგში.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის 17 თებერვალს დაამტკიცეს, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში პირველად, არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემური რეფორმის საჭიროებას.

მკვლევრების შეფასებით, „აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის პირდაპირ გადაუხვიოს მის მიერვე წლების განმავლობაში გამოხატულ პოზიციას, ვიწრო პარტიული ინტერესების გატარების და პროტესტის ჩახშობის მიზნით“:

„2024 წლის 28 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით დაწყებული უწყვეტი პროტესტისა და წინააღმდეგობის ჩასახშობად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიას რეპრესიული კანონებისა და არაპროპორციული სანქციების შემოღება წარმოადგენს. ამ მიზნით, პროტესტის მიმდინარეობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება დაჩქარებული წესით. ცვლილებები შეეხო როგორც ცალკეულ სამართალდარღვევებსა და მათთვის გათვალისწინებულ სახდელებს, აგრეთვე საქმის უზრუნველყოფის ზომებთან  დაკავშირებულ საკითხებს [პირის გასინჯვა, დაკავება]. 

ეს ცვლილებები პროტესტის კრიმინალიზებასა და საპოლიციო ძალაუფლების უკონტროლო გაძლიერებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებთან, ისე საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი ამ ცვლილებებამდეც ხარვეზიანი და პრობლემური იყო, ბოლო თვეებში დაჩქარებული წესით განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითად გააუარესა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელი კანონმდებლობა“  -ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ თავის ანგარიშში შეაჯამა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული სისტემური ხარვეზები და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან არსებული პრინციპული წინააღმდეგობები, რომელიც ყოველდღიურად ასობით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საფუძველი ხდება.

  • პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპის უგულებელყოფა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაერთი მუხლი ცალკეული სამართალდარღვევებისთვის აბსოლუტურად განსაზღვრულ სანქციას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ნორმა იმპერატიულად აწესებს სახდელის ერთადერთ სახეს, მინიმალური და მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის ნაცვლად.  შესაბამისად, მოსამართლეს საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების საფუძველზე სახდელის შერჩევის შესაძლებლობა არ აქვს და მან ყველა შემთხვევაში კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სახდელის სახე და ზომა უნდა გამოიყენოს.

აბსოლუტურად განსაზღვრული სახდელის მქონე სამართალდარღვევებს მიეკუთვნება, მათ შორის, შეკრებებსა და მანიფესტაციაზე ნიღბის ტარება [ჯარიმა – 2000 ლარი], გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა [ჯარიმა – 5000 ლარი], ვანდალიზმი [ჯარიმა -1000 ლარი], მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დამახინჯება [ჯარიმა – 1000 ლარი] და სხვა. კოდექსში გვხვდება ისეთი მუხლებიც, რომელიც სახდელის ერთადერთ სახედ პირდაპირ განსაზღვრული ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობის ითვალისწინებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლი ჩამოთვლის გარემოებებს, რომლებიც სახდელის დადებისას მხედველობაში უნდა მიიღებოდეს. ესენია: ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. ამ საკანონმდებლო ჩანაწერის მიუხედავად, ამავე კოდექსის უამრავი მუხლი, აბსოლუტურად განსაზღვრული სანქციის დაწესებით, იმთავითვე ზღუდავს სახდელის დანიშვნისას ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინების შესაძლებლობას.

მართალია, ზემოჩამოთვლილი სამართალდარღვევებიდან ზოგიერთის შემთხვევაში კოდექსი ითვალისწინებს საქმის განმხილველი ორგანოს შესაძლებლობას, ქმედების მცირე მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, პირი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადოს, თუმცა შენიშვნის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს პასუხისმგებლობისა და სანქციის ინდივიდუალიზაციას, რადგან ის ყველა სამართალდარღვევაზე არ გამოიყენება და იმ მუხლებზეც კი, რომლებზეც ვრცელდება, გამოყენების შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ მცირე მნიშვნელობის ქმედების ჩადენის შემთხვევაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მექანიზმი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გამოვლინებაა, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციისა და ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპები ერთმანეთისაგან არსობრივად განსხვავებული და არაჩანაცვლებადი პრინციპებია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სამართალდამრღვევი პირი, გარკვეულ, არამცირემნიშვნელოვან ქმედებას ჩაიდენს, სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპი მოითხოვს, რომ საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ორგანოს გააჩნდეს სახდელის ზომის განსაზღვრის შესაძლებლობა.

  • არაპროპორციულად მკაცრი სახდელები

კოდექსი ადმინისტრაციული სახდელის ცხრა სხვადასხვა სახეს ითვალისწინებს. მათგან, გაფრთხილების შემდეგ, ყველაზე მსუბუქ სანქციად ითვლება ჯარიმა, ყველაზე მკაცრ სახედ კი – ადმინისტრაციული პატიმრობა. კოდექსის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს არაპროპორციულად მკაცრ სახდელებს როგორც ჯარიმის, ისე პატიმრობის ნაწილში.

პატიმრობის მაქსიმალური ვადა 60 დღეა. 2014 წლამდე მოქმედი რედაქციით, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 90 დღეს შეადგენდა. 2014 წელს „ქართულმა ოცნებამ“ პატიმრობის ვადა 15 დღემდე შეამცირა. კანონის ინიციატორები მაშინ განმარტავდნენ, რომ 15 დღეზე მეტი ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეესაბამებოდა პროპორციულობის პრინციპს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სჭირდებოდა წინა ხელისუფლებას, რათა ადმინისტრაციული დარღვევა ყოფილიყო ბერკეტი ადამიანზე ზემოქმედებისთვის, თუმცა 10 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ თავად 4-ჯერ [90 დღემდე] გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა, რაც სიმძიმით პრაქტიკულად სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობის ზომას უტოლდება.

მკაცრ სახდელებთან ერთად, პრობლემურია ისიც, რომ მოქმედი კოდექსით გათვალისწინებული სახდელები ერთმანეთთან შეუსაბამო და არათანმიმდევრულია. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა შეკრება-მანიფესტაციებზე ხშირად გამოყენებულ სამართალდარღვევებთან მიმართებით, რომლებზეც გაცილებით მკაცრი სახდელებია გათვალისწინებული, ვიდრე უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველ დარღვევებზე. მაგალითად:

საპროტესტო აქციაზე ნიღბის ტარებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა [2000 ლარი] 10-ჯერ აღემატება ბავშვზე ძალადობის დამალვისთვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალურ ოდენობას. შეკრება-მანიფესტაციებზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა კი იმავე ოდენობის ჯარიმით [5000 ლარი] ისჯება, როგორც ლიცენზიის გარეშე განხორციელებული სამედიცინო საქმიანობა.

სიტყვიერი შენიშვნის მექანიზმთან დაკავშირებული ხარვეზები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი როგორც ოქმის შემდგენ ორგანოს, ისე სასამართლოს დამრღვევის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და სიტყვიერი შენიშვნის შეფარდების დისკრეციას ანიჭებს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მკაცრ წინაპირობებს აწესებს. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების კუმულაციური არსებობა:

ჩადენილი ქმედება უნდა იყოს მცირემნიშვნელოვანი; ეს ქმედება არ უნდა იყოს ჩადენილი განმეორებით; სამართალდამრღვევის მიმართ მანამდე არ უნდა იყოს გამოყენებული სიტყვიერი შენიშვნა;

კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლი არ უნდა გამორიცხავდეს ჩადენილ სამართალდარღვევაზე შენიშვნის გამოყენების შესაძლებლობას.

ბოლო წინაპირობა კოდექსში 2025 წლის თებერვლის ცვლილებებით დაემატა. განხორციელებული ცვლილებებით სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება დამატებით შეიზღუდა ოთხ შემთხვევაში. ესენია: იმავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირის მიერ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა [ასკ-ის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილი], სახდელდადებული პირის მიერ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა მოხელის შეურაცხყოფა [ასკ-ის 173-ე მუხლის მე-3 ნაწილი], პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა [ასკ-ის 17316-ე მუხლს პირველი ნაწილი], შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა ამავე მუხლით სახდელდადებული პირის მიერ [სკ-ის 1741 მუხლი].

ყველა ჩამოთვლილი მუხლი შეკრებასა და გამოხატვასთან არის დაკავშირებული, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კოდექსში უკანასკნელ თვეებში განხორციელებული ცვლილებები პროტესტის დასუსტებას და დემონსტრანტების დასჯას და დაშინებას ისახავს მიზნად.

სიტყვიერი შენიშვნის მექანიზმი 2025 წლის თებერვლის ცვლილებებამდეც პრობლემური იყო, რადგან ის ბლანკეტურად კრძალავდა ერთი მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირის მიმართ ხელმეორედ ამ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას. სიტყვიერი შენიშვნა სახდელის სახე არ არის, თუმცა ადმინისტრაციული სახდელიც კი გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ქარწყლდება და კარგავს სამართლებრივ მნიშვნელობას. სახდელთან შედარებით უფრო მსუბუქი ღონისძიება, შენიშვნა, კი წლების გასვლის შემდეგაც რელევანტურ გარემოებად რჩება, რომელიც ხელახლა მის გამოყენებას ზღუდავს.

სისხლის სამართლის კოდექსიც კი, რომელიც გაცილებით მძიმე კანონდარღვევებისთვის ადგენს სასჯელს, საშეღავათო მექანიზმთან მიმართებით ამგვარ წინაპირობებს არ ითვალისწინებს. ამ თვალსაზრისით, სისხლისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმებს შორის ორი ძირითადი განსხვავებაა:

სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს დანაშაულის ცნებისგან გამონაკლისს. დანაშაულად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც, ფორმალურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე. ესე იგი, სისხლის სამართლის კოდექსი ასეთი მცირემნიშვნელობის ქმედებებს საერთოდ არ მიიჩნევს დანაშაულად. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი კი მსგავს შემთხვევებში არ უარყოფს სამართალდარღვევის არსებობას და მხოლოდ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს მოსამართლეს.

სისხლის სამართლის კოდექსი არ აწესებს შეზღუდვებს ამ მექანიზმის განმეორებით გამოყენებაზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით კი, დამრღვევი პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და სიტყვიერი შენიშვნის შეფარდების მექანიზმი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება განმეორებით არის ჩადენილი ან პირის მიმართ მანამდე ყოფილა სიტყვიერი შენიშვნა გამოყენებული.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასება სრულად იხილეთ აქ.

________________

ფოტოზე: „ზებრა გადასასვლელის საქმე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: