მთავარი,სიახლეები

რატომ ებრძვის „ქართული ოცნება“ სიტყვა „გენდერს“

20.03.2025 •
რატომ ებრძვის „ქართული ოცნება“ სიტყვა „გენდერს“

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონებიდან ტერმინების: „გენდერის“, „გენდერული იდენტობისა“ და „გენდერული მრავალფეროვნების“ ამოღებას.

„ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტერმინი „გენდერი“ ხელოვნურად იყო დანერგილი კანონმდებლობაში „უცხო ძალის“ გავლენით, ამიტომ ამ ტერმინებს „ქალი“ და „კაცი“ ჩაანაცვლებს, თუმცა სიტყვა გენდერი არ აღნიშნავს ბიოლოგიურ სქესს, გენდერი სოციალური და კულტურული ფაქტორებითაა განპირობებული.

ანტიგენდერული პროპაგანდის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ცვლილებები შეაქვს საქართველოს 15 კანონში და ასევე პარლამენტის რეგლამენტში, მათ შორის მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელიც სიტყვა „გენდერის“ ამოღებას ითვალისწინებს.

ცვლილება ითვალისწინებს გენდერული საბჭოების გაუქმებასაც.

კანონები, საიდან „ქართული ოცნება“ სიტყვა „გენდერს“ იღებს.

რატომ ებრძვის „ქართული ოცნება“ სიტყვა „გენდერს“?

ქალთა უფლებადამცველი, იურისტი ანა თავხელიძე მიიჩნევს, რომ ამ ახალი, ანტიჰუმანური ინიციატივით არსებული რეჟიმი ცდილობს, საზოგადოების ყურადღება პოლიტიკური კრიზისიდან სხვა მხარეს მიმართოს.

„კანონებიდან გენდერის ამოშლა მშიერ ხალხს ვერ დააპურებს“- ამბობს ანა თავხელიძე.
  • რა ზიანდება ტერმინ „გენდერის“ კანონებიდან ამოღებით?

ანა თავხელიძის თქმით, ევროკომისიის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი იყო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, რაც გარკვეულწილად შესრულებულად ჩაუთვალეს საქართველოს და ამის გამო მივიღეთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

„ახლა გამოდის, რომ ამ მიმართულებითაც ყველაფერს აუარესებს „ოცნება“.

გარდა იმისა, რომ ამ კონცეფციით არ აღიარებენ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს, აუარესებენ ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ქვეყანაში“.

ანა თავხელიძეს ვკითხეთ, რა გავლენა ექნება სიტყვა გენდერის გაქრობას გენდერული დეზინფორმაციის გავრცელების თავლსაზრისით.

„გენდერული დეზინფორმაცია არის მეთოდი, საშუალება, რომელიც გამოიყენება ქალი პოლიტიკოსების, ქალი აქტივისტების და ზოგადად, აქტიური ქალების წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, იურისტები, ამას პრაქტიკაში განვიხილავთ ხოლმე იმის მიხედვით, თუ რა ხარისხით დადგა ზიანი გენდერული დეზინფორმაციიდან გამომდინარე და უმეტეს შემთხვევაში, ძალადობის კონტექსტში ხდება მისი განხილვა.

ამიტომ კანონის ეს ცვლილებები ავტომატურ გავლენას ახდენს გენდერულ დეზინფორმაციაზეც, რადგან თუ სიტყვა „გენდერი“ კანონებიდან ამოაგდეს, მაშინ იკარგება კონცეფციის მთავარი არსი, რადგან გენდერული დეზინფორმაციის გავრცელება იმიტომ ხდება, რომ ქალები დააზიანონ მიზანმიმართული, მადისკრედიტირებელი ინფორმაციის გავრცელებით, რომ გააქრონ ისინი საჯარო სივრცეებიდან.

შესაბამისად, თუ კანონებიდან სიტყვა „გენდერს“ ამოვშლით და გავაქრობთ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, ვეღარ ავხსნით და დავამტკიცებთ გენდერულ დეზინფორმაციასაც. რადგან როცა ჩვენ სასამართლოში მივდივართ, ცალკე აღებულ „გენდერული დეზინფორმაციაზე“ არ ვდავობთ, არამედ ვუთითებთ, რომ ეს არის გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ან ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც არის გენდერული დეზინფორმაცია.

ამიტომ, თუ გენდერი გაქრება კანონებიდან, ვეღარ ვიდავებთ სასამართლოში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე. შესაბამისად, უპასუხოდ დაგვრჩება გენდერული დეზინფორმაციის შემთხვევებიც“ – ამბობს იურისტი. 

ანა თავხელიძე, როგორც ადვოკატი, რომელიც წლებია გენდერული ძალადობის შემთხვევებზე მუშაობს, მიიჩნევს, რომ ცვლილება მტკივნეული იქნება:

„ყველა კანონში, სადაც გვხვდებოდა გენდერული ნიშნით ძალადობა, სადაც გენდერული ნიშანი, როგორც დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება იყო გამოყენებული, ახლა უნდათ შეცვალონ სიტყვებით – „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის წინააღმდეგი“, რაც აბსოლუტურად არ არის სწორი. რადგან, სიტყვა „გენდერული ნიშნით ძალადობა“ არ არის დაფარული მხოლოდ სქესის ნიშნით. რადგან გენდერული ნიშნით ძალადობა არ იფარებოდა სხვა, აქამდე არსებული რეგულაციებით, სწორედ ამიტომ გახდა ამ ტერმინის ჩაწერა კანონებში აუცილებელი თავის დროზე“ – ამბობს ანა თავხელიძე.

იგი განმარტავს, რომ გენდერული როლი და სქესის ნიშანი აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

„ქალებს იმიტომ კი არ კლავენ, რომ ისინი ბიოლოგიურად ქალები არიან, არამედ იმიტომ, რომ ქალები „ვერ აკმაყოფილებენ“ გარკვეულ გენდერულ როლებს, რაც საზოგადოებამ განუსაზღვრა, იმ სოციალურ ნორმებს, რასაც გენდერული როლი ჰქვია და რამაც გამოიწვია აგრესია მოძალადეში და მოკლა ამის გამო ქალი“ – განმარტავს ანა თავხელიძე.

  • „გენდერული თანასწორობა“ არ = „ქალისა და მამაკაცის თანასწორობას“

„ეს არ ასახავს ერთსა და იმავეს, რადგან როგორც ვთქვი, აქ არ არის საუბარი ქალისა და კაცის ბიოლოგიურ სქესს შორის თანასწორობაზე, არამედ საუბარია გენდერულ როლზე.

ბევრი წელი ვიშრომეთ ჩვენც, სახელმწიფომაც, პარტნიორმა ქვეყნებმაც იმისთვის, რომ გენდერული როლების აღიარება და დანახვა, მაგალითად, სისხლის სამართლის სფეროში, დანაშაულების კონტექსტში შესაძლებელი ყოფილიყო.

რა საქმეებიც წარმოებაში მქონია, არ ყოფილა შემთხვევა, ქალი იმიტომ მოეკლათ. რომ ის ბიოლოგიურად ქალია. ქალი მოკლეს, ან უმეტეს შემთხვევაში იმიტომ იძალადა მოძალადემ ქალზე, რომ მიაჩნდა, ქალი არ იყო სათანადოდ კარგი დიასახლისი, სცემა იმიტომ, რომ კერძს კარგად ვერ ამზადებდა. ბიოლოგიურ სქესზე კი არ იყო აქ საუბარი, არამედ – გენდერულ როლსა და ფუნქციაზე. იმაზე, რომ მაგალითად, ქალის როლია, ბავშვებს უვლიდეს კარგად ან ღამე არ გადიოდეს არსად.

ანუ ქალის კონკრეტულ ქცევაზე, სოციალურ მახასიათებელზეა საუბარი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არის დაწესებული და როცა ქალის თვითაღქმა ეწინააღმდეგება ამ დაწესებულ როლებს, შემდეგ ხდება მის მიმართ ძალადობა“ – ამბობს ანა თავხელიძე.

  • აღმოჩნდება თუ არა საქართველო საერთაშორისო კონვენციების მიღმა?

საქართველო არაერთ საერთაშორისო კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანაა, მათ შორისაა სტამბოლის კონვენცია. ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა აუცილებელია ხელმომწერი ქვეყნებისთვის.

„კონსტიტუციის შემდეგ უპირატესია საერთაშორისო ხელშეკრულებები. დაწყებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლება დაცვის კონვენციით და სტამბოლის კონვენციით, რომელიც ეხება ქალთა მიმართ და გენდერულ ძალადობას. ამიტომ შეუძლებელია მასთან თავსებადი დარჩეს ეროვნული კანონმდებლობა, ამ ტერმინების შეცვლით და ამოღებით.

ანა თავხელიძე, იურისტი, უფლებადამცველი.

იურისტი ამბობს, რომ გენდერული თანასწორობის და ზოგადად, გენდერის ცნება საშუალებას გვაძლევს, უფრო კარგად დავინახოთ, რა განაპირობებს გენდერულ უთანასწორობას.

„განა ეს ტერმინები მათივე ხელით არ ჩაწერეს ამ კანონებში? განა ამით არ იწონებდნენ თავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განა ამის გამო არ შეფასდა დადებითად ეს კანონები კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას და ახლა, 12 წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე პრობლემა და თავსმოხვეულია?“

მისი თქმით, ამ ყველაფერზე ძალიან დიდი ფული და რესურსია დახარჯული როგორც ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის, მაგალითად პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების გადამზადებაში გენდერული ნიშნით ძალადობაზე, ან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე:

„ახლა ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ჩაყარეს წყალში“.

ასევე, უდიდესი რესურსი დაიხარჯა გენდერული საბჭოების შექმნაზე, რომლის გაუქმებასაც ცდილობს „ქართული ოცნება“ – ამბობს ანა თავხელიძე.

მისი თქმით, კანონებიდან „გენდერის“ გაქრობით, შესაძლოა, საქართველო დარჩეს ქვეყნად, რომელსაც არ ექნება არანაირი ვალდებულება საერთაშორისო მექანიზმების წინაშე.

„მოგვიწევს იმ გზის გავლა, რაც 15-20 წლის წინ გავიარეთ და თუ აქამდე აღსრულების პრობლემა, მიკერძოება და შერჩევითი სამართალი იყო პრობლემა, შემდეგ მოგვიწევს ის, რომ ეს საბაზისო ტერმინებიც თავიდან გვექნება ჩასაწერი.

თუ ევროპის სასამართლოში წავა საქმეები, სასამართლო, სხვა დარღვევებთან ერთად, საქართველოს დაუდგენს დარღვევად იმას, რომ კანონები არ აქვს გამართული“ – განმარტავს ანა თავხელიძე.

„ქართული ოცნება“ ერთი მხრივ ებრძვის სიტყვა „გენდერს“, მეორე მხრივ კი, „ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი მარიამ ლაშხი ცდილობს, სოციალურ ქსელ X-ში თავი გენდერული თანასწორობის დამცველად წარმოაჩინოს.

მარიამ ლაშხის პოსტი X-ზე, სადაც ლაშხი წერს, რომ ამაყობს გლობალურ ლიდერებთან ერთად მხარს უჭერდეს ქალთა გაძლიერებას. პოსტში ლაშხი იყენებს ჰეშთეგს #GenderEquality – გენდერული თანასწორობა.

 „აქ ხალხს აჯერებენ, მათ შორის თავიანთ ამომრჩევლებს, რომ თურმე „გენდერი“ ცუდი სიტყვაა, გარყვნილებაა და მარიამ ლაშხმა X-ზე მონიშნა „გენდერული თანასწორობა“ [ჰეშთეგი]. ფიქრობენ, რომ ეს ინფორმაცია ვერ მიაღწევს თავიანთ ამომრჩევლამდე?!“ – ამბობს ანა თავხელიძე.

გაეროში ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიის შეხვედრაზე „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც იმყოფებოდა. მის ვიზიტს ფეისბუქზე გამოეხმაურა ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია:

„მაინტერესებს, რითი უნდა იტრაბახოს იქ, გაუქმებული კვოტებით თუ კანონებიდან გენდერის ამოშლით? რეჟიმს, რომელიც კვოტებს და სიტყვა „გენდერს“ აუქმებს, კარს ქალთა ორგანიზაციები არ გაუღებენ“- დაწერა ბაია პატარაიამ.

ბაია პატარაია გაეროში შეხვედრაზე.

ნიუ იორკში, გაეროში შეხვედრაზე კი ბაია პატარაიამ ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს საქართველოში გენდერის წინააღმდეგ ბრძოლას.

„…ეს არის ძალიან სერიოზული თავდასხმა ქალებზე, ფემინიზმზე, თანასწორობაზე. ვფიქრობ, რაც დღეს გვაკლია, არის წინააღმდეგობა.

ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ თუ არ გავუწევთ წინააღმდეგობას, შესაძლოა უფრო უარესი მოხდეს და მოხდება კიდეც“- განაცხადა ბაია პატარაიამ ნიუ იორკში.

  • ქართული ოცნების“ გენდერული შიშები

ლიკა ჯალაღანია, გენდერის სპეციალისტი და მკვლევარი, მიიჩნევს, რომ თუ აქამდე „ქართული ოცნება“ სიტყვებით ებრძოდა გენდერულ თანასწორობას, ახლა ქმედებაზე გადავიდა.

„რატომ გადაწყვიტა ახლა კანონებიდან ამ სიტყვების ამოღება?

მე მგონია, რომ აქ გვაქვს ორი ასპექტის ერთობა. პირველი ის, რომ ცალსახად რუსული გზა აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩეული და ცდილობენ ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის ინსტრუმენტები გამოიყენონ, ისევე, როგორც ეს რუსეთში ხდება, მაგრამ გვაქვს ტრამპთან დაკავშირებული კონტექსტიც, ამიტომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლას და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ატარებს რუსულ პოლიტიკას, მაგრამ უარს არ ამბობს ამერიკულ-დასავლურზეც, რაიმე ტიპის მხარდაჭერა რომ ჰქონდეს ტრამპის მხრიდან.

მეორე მხრივ, როცა გენდერზე ვლაპარაკობთ, აქ კიდევ ცალკე ამბავია ის, რომ „ოცნებამ“ დააკოპირა ის, რაც რუსეთში ხდებოდა, ოღონდ ამათ ისეთი სისწრაფით გაიარეს პოლიტიკური პლაგიატი, რომ კონტექსტი არ გაითვალისწინეს.

ჯერ კიდევ სტამბულის კონვენციის მიღების დროს, სახელმწიფოთა ნაწილში უკვე დაწყებული იყო სიტყვა „გენდერის“ მიმართ წინააღმდეგობა, მაშინ როცა საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან, თუნდაც იგივე ბულგარეთისგან განსხვავებით, ასეთს ადგილი არ ჰქონია.

მოქალაქეები ამ საკითხს უყურებდნენ როგორც თანასწორობის მნიშვნელოვან პრინციპს და არ ყოფილა განსაკუთრებული შიშები ამ სიტყვასთან დაკავშირებით, ისე როგორც ცალკეულ ქვეყნებში იყო. „ქართული ოცნება“ კი ახლა ცდილობს გააჩინოს ეს შიშები, ისინი აკოპირებენ საერთაშორისო კონსერვატიულ მიდგომებს გენდერის წინააღმდეგ და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამას არანაირი კონტექსტი არ აქვს, თვითონ ქმნიან ამ კონტექსტს“-ამბობს ლიკა ჯალაღანია.

მისი თქმით, კანონებიდან „გენდერის“ ამოღება აბსურდია, რადგან გენდერი არის სოციალური კონსტრუქცია და ეს არ არის „ქალისა და კაცის თანასწორობის“ იდენტური.

„გენდერული თანასწორობა და ზოგადად გენდერის ცნება ჩვენ საშუალებას გვაძლევს უფრო კარგად დავინახოთ რა განაპირობებს ამ უთანასწორობას, რა არის ის მთავარი მსაზღვრელები, რამაც დაბადა ეს სისტემები, რომელიც ასაზრდოებს ადამიანებს სოციალური გენდერის თვალსაზრისით. ასევე, გენდერი გვეხმარება იმის დანახვაში, რომ ქალი შეიძლება იყოს მრავალი გამოცდილების, მრავალი ჩაგვრის, მრავალი ასპექტის მქონე ადამიანი და არ შეიძლება მისი რაღაც ერთ ჯგუფად მონიშვნა, რასაც ქალისა და კაცის თანასწორობა გვთავაზობს“ – ამბობს ლიკა ჯალაღანია.

მისი შეფასებით, თუკი ასე დაუწყებენ სიტყვა „გენდერს“ ბრძოლას, შესაძლოა ამან გააჩინოს კითხვები ადამიანების გარკვეულ ნაწილში.

„ამავე დროს, იურისტები, მედიის წარმომადგენლები, სოციალური მეცნიერები და სტატისტიკოსები დავკარგავთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც გვეხმარება გავზომოთ, დავთვალოთ რა განაპირობებს გენდერულ უთანასწორობას სხვადასხვა სფეროში.

რა თქმა უნდა, ეს გათვლები მათ არ აქვთ და არც აინტერესებთ, სხვა შემთხვევაში ასეთ რეპრესიულ პირობებში არ გვაცხოვრებდნენ. მათი მიზანია უპასუხონ ნეოკონსერვატიულ, ავტოკრატიულ ტრენდს რომელიც ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში გაჩნდა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ და ამით ცდილობენ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამიტომ „გენდერი“ აქ უბრალოდ შემთხვევითობაა, კარგი მექანიზმი იმისთვის, რომ ადამიანის ემოციებზე ითამაშონ“ – გვეუბნება ლიკა ჯალაღანია.

  • რა ტიპის შიშები იქმნება გენდერთან დაკავშირებით?

ლიკა ჯალაღანიას აზრით, კონტექსტი განსხვავებულია.

„მთავარი დარტყმა აქ არის გენდერულ იდენტობაზე. თუმცა, ახლა რასაც ვაკვირდები, „ოცნების“ პროპაგანდაში საუბარია ქალის სოციალურ როლზეც.

მანამდე ასე ხმამაღალი ვერ იყვნენ ამ მსჯელობაში და ახლა როცა გაითავისუფლეს დემოკრატიულ-ლიბერალური ღირებულებებისგან თავი, მარტივად საუბრობენ. უფრო მეტი აქცენტია ქალის სოციალურ როლზე, რომელიც ხდება უფრო თავისუფალი, შვილებს აღარ აჩენს, რომ საკუთარი როლი დაკარგა, რომ ტრადიციულ როლს აღარ ემორჩილება, კაცზე აღარ არის დამოკიდებული და ასე შემდეგ და რომ გენდერი ასწავლის ამას ქალებს და ამიტომ უნდათ, რომ ეს გააუქმონ.

მაგრამ მთავარი აქცენტი მაინც არის გენდერული იდენტობა და სქესის შეცვლის საკითხები“ – ამბობს ლიკა ჯალაღანია.

ლიკა ჯალაღანია, გენდერის მკვლევარი.

მისი შეფასებით, განსაკუთრებით ტრანსფობიის გაძლიერებას უწყობს „ოცნების“ პროპაგანდა ხელს. „მიდის პროპაგანდის წარმოება, რომ „ბავშვებს უცვლიან სქესს“, რომ შენ შეგიძლია აირჩიო არათუ სხვა სქესი, შეგიძლია იყო სხვა არსება“ და ასე შემდეგ“.

ხშირად ანტიგენდერული პროპაგანდის და დეზინფორმაციის წარმოებისას გამოიყენება ოჯახების გაძლიერების და გენოფონდის თემა, რომ თითქოს, გენდერული იდენტობა და გენდერული თანასწორობა ხელს უშლის შობადობის ზრდას ქვეყანაში, რაც გენდერის სპეციალიტის თქმით, ასევე ტყუილია.

„რა თქმა უნდა, გენდერი არაფერ კავშირშია შობადობის დაბალ მაჩვენებელთან, რომელიც საქართველოში გვაქვს. პირველ რიგში ეს არის პრობლემა ჯანდაცვის არაადეკვატური პირობების, მედიკამენტებზე ძალიან მაღალი ფასების, ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს, სიღარიბის, უმუშევრობის და იმის, რომ ადამიანებს აქ ცხოვრება აღარ უხარიათ და იძულებული არიან დატოვონ ქვეყანა. ბავშვთა შობადობის საკითხი, სიტყვა „გენდერის“ აკრძალვით არ გამოსწორდება.

როცა ბავშვები მშივრები არიან, კვდებიან იმის გამო, რომ სხვადასხვა ქალაქებში არ არის მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცული გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო და სახელმწიფო არ ზრუნავს მათ ჯანმრთელობაზე, თავად მთავრობა არის წყარო იმისა, თუ რატომ შეიძლება შობადობის პრობლემა გვქონდეს ქვეყანაში.

რაც უფრო მეტად შევზღუდავთ გარემოს და თანასწორობის რაც უფრო მეტ შრეს მოვარღვევთ, მით უფრო ნაკლები ადამიანი იცხოვრებს ასეთ ქვეყანაში, უფრო ნაკლები შექმნის ეკონომიკურ დოვლათს“- ამბობს ლიკა ჯალაღანია.

მისი თქმით, „გენდერთან“ ბრძოლა კიდევ უფრო გააურესებს ქალებისა და გოგონების უფლებებს საქართველოში და ძალადობის მსხვერპლი ქალების მდგომარეობას.

„რა თქმა უნდა, ეს შეცვლის პოლიტიკას ადგილობრივ დონეებზეც, როგორც რეგიონებში, ასევე დიდ ქალაქებში. ეს გამოწვევს იმას, რომ ადამიანები ჯერ გაჩუმდებიან ამ საკითხებზე, მათ შორის ქალთა, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე და თუ ყველა მხარდაჭერა შეწყდება და სამოქალაქო საზოგადოებასაც შეეზღუდება მუშაობა, ეს უკვე ნიშნავს ძალიან დიდ დარტყმას როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ასევე უფლებადამცველ ორგანიზაციებზე“ – ამბობს ლიკა ჯალაღონია.

ვიდეო:

___________________________________________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია ა(ა)იპ „შშმ ქალთა ალიანსთან“ თანამშრომლობით პროექტის „ქალები დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ (Women against Disinfomation) ფარგლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: