ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეს თემურ ქათამაძეს, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა და იმედის „პრაიმ-ტაიმის“ წამყვანმა, ნინო ნადირაძემ სასამართლოში უჩივლა სიტყვიერი შეურაცხყოფის მოტივით.
საიას იურისტის მარიამ გაბროშვილის თქმით, შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომ თითქოს თემურ ქათამაძე მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას კლინიკაში.
„166-ე მუხლით არის სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი, იმ მუხლით, რომელსაც ძირითადად აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ და რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.
რადგან თემურ ქათამაძე ისედაც დაკავებულია, ყველაზე მკაცრი სახდელი რაც შეიძლება დააკისრონ, ეს იქნება 500-იდან 3000 ლარამდე ჯარიმა,“-ამბობს მარიამ გაბროშვილი.
თემურ ქათამაძე შს სამინისტროს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში შიმშილობდა. ის „ვივამედში“ მას შემდეგ გადაიყვანეს, როცა ქათამაძემ გონება დაკარგა შიმშილობის შედეგად. ის „ბათუმლებისთვის“ გამოგზავნილ წერილში ამბობს, რომ 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ კვების აღდგენა პროტოკოლის დარღვევით მიმდინარეობდა და ამაზე ჰქონდა მას შენიშვნები.
„ოფიციალურად კვების განახლების დოკუმენტი არ მაჩვენეს, არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ მომაწოდეს,“ – წერს თემურ ქათამაძე წერილში.
მას ექიმის აცილება მოუთხოვია, რაც შეურაცხყოფად მიიღესო, გვწერს მედროშე.
როგორც თემურ ქათამაძე ამავე წერილში აღნიშნავს, ამ საუბარს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ესწრებოდა.
„სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თქვა, რომ არ დაუნახავს შეურაცხყოფის ფაქტი, რადგან პალატიდან გასული იყო.
ლანძღვა-გინების ნაწილში არ ვეთანხმებით მომჩივან მხარეს და ბატონი თემურიც უარყოფს სამართალდარღვევის ფაქტს და საქმეში მხოლოდ წერილობითი გასაუბრების ოქმებია წარმოდგენილი. სადაც არის ნინო ნადირაძის, ერთი მედდის და უშუალოდ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების. ძირითადად იდენტური და იმეორებს ერთნაირ შინაარს.
კლინიკის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ თითქოს თემურ ქათამაძე მუდმივად ითხოვდა საკვებს და ისინი არ აწვდიდნენ, რადგან 48 დღის ნაშიმშილევი ადამიანისთვის არ შეიძლებოდა ბევრი საკვების მიღება. ამან გამოიწვია მისი გაღიაზიანება და გახდა აგრესიულიო. რომ რაიმე მტკიცებულება არსებობდეს ან ვიდეოჩანაწერი, ეს უფრო ობიექტური მტკიცებულება იქნებოდა,“-ამბობს მარიამ გაბროშვილი.
მისი თქმით, პოლიცია კლინიკაში იმავე დღეს იყო გამოძახებული.
თემურ ქათამაძე ბათუმში 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დააკავეს. მას ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა ის მეორედ, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და მას შემდეგ მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრი იმყოფება.
პროტესტის ნიშნად თემურ ქათამაძე 48 დღე შიმშილობდა, ის კლინიკაში გონების დაკარგვის შემდეგ გადაიყვანეს.
დაკავებული ქათამაძე ითხოვდა ჰუმანიტარულ სტატუსს, რაზეც სასამართლომ უარი უთხრა. მისი თქმით, მას თურქეთის ხელისუფლება უკანონოდ დევნის და თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში დაკავების საფრთხე ემუქრება.






