„ახალგაზრდები გამოდიან ძირითადად, სტუდენტები ბოიკოტს უცხადებენ უნივერსიტეტებს და გამოდიან საპროტესტო აქციებზე. ეს აჩვენებს იმას, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით გადაღლილნი არიან მკაცრი ზომებით და პოლიტიკით, რასაც ხელისუფლება ატარებს. მათთვის იმამოღლუს დაკავება ბოლო წვეთი აღმოჩნდა,“ – ამბობს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი. მას „ბათუმელები“ სტამბოლის საპროტესტო აქციებზე ესაუბრა.
თურქეთის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი, სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ „კორუფციისა და ტერორისტული კავშირების“ შესახებ გამოძიების ფარგლებში 2025 წლის 19 მარტს დააკავა. იმამოღლუ თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის, რეჯებ თაიფ ერდოღანის მთავარი მეტოქეა.
- ბატონო ქამრან, პროტესტის აკრძალვის მიუხედავად, სტამბოლის ქუჩებში დემონსტრაციები გრძელდება. რას აჩვენებს ეს პროტესტი?
როგორც ცნობილია, ექრემ იმამოღლუს პარალელურად დააკავეს კიდევ 107 ადამიანი. ეს გვაჩვენებს იმას, რომ ერდოღანის პარტიაში მიხვდნენ, რომ ექრემ იმამოღლი გახდა ლიდერი, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს ერდოღანს შემდეგ არჩევნებზე, 2028 წელს. ეს ერდოღანისთვის პირველი სერიოზული მარცხი იქნება, თუ ბოლო ადგილობრივ არჩევნებს არ ჩავთვლით.
ბოლო დროს დიდი აქცენტი კეთდება ექრემ იმამოღლუზე, რომელიც ქარიზმატული პოლიტიკოსია.
მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ძირითადად განიხილება სამი კანდიდატი: ერდოღანი, იმამოღლუ და მანსურ იავაში [დედაქალაქის მერი], რომელიც „სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ წარმოადგენს, როგორც იმამოღლუ. საუბარია იმაზე, რომ ამ პარტიაში დაპირისპირებაა, ან შიდა კონკურენცია, რაც ჩვეულებრივი ამბავია – იავაშსაც პრეზიდენტობა სურს. გასული წლის მარტში ერდოღანის კანდიდატი იავაშმა პირდაპირი გაგებით ათრია: თუ სხვადასხვა ოლქებსა და უბნებში კონკურენტებს შორის სხვაობა იყო 5-10 %, იავაშმა 60%-ზე მეტი მიიღო, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია დედაქალაქში.
- რატომ შეიძლება დაეწყო ერდოღანს ექრემ იმამოღლუთი მთავარი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება?
იმამოღლუ ძირძველი პოლიტიკოსია, ის ჯერ სტამბოლის ერთ-ერთი ოლქის წარმომადგენელი იყო, მაჟორიტარი – ჩვენი გაგებით. ყველაზე საინტერესო ალბათ ისაა იმამოღლუს დოსიეში, რომ რამდენჯერაც იმამოღლუ გავიდა არჩევნებზე, არც ერთხელ არ დამარცხებულა პატარა, თუ მასშტაბურ დონეზე. ექრემ იმამოღლუ ორჯერ გახდა სტამბოლის მერი. ადგილობრივ არჩევნებზე იმამოღლუს პარტია ქვეყნის მასშტაბით გახდა პირველი და დაამარცხა ერდოღანის პარტია.
შესაბამისად, იმამოღლუ სახელისუფლებო პარტიისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
გაითვალისწინეთ, რომ იმამოღლუ ტრაპზონელია, ერდოღანი – რიზედანაა. ორივე შავიზღვისპირეთიდანაა. განიხილება, რომ რეალურად სწორედ მას შეუძლია დაუპირისპირდეს ერდოღანს.
იმამოღლუ ქურთებისთვისაც მისაღები კანდიდატია, რადგან ის არაა რადიკალი. თუ საჭირო გახდება ქურთების ხმების მობილიზება, იქედან 8-10 %-ს წამოიღებს. ესეც საინტერესო ფაქტორია.
ამ პარტიაშიც ბევრი მორწმუნე ადამიანია, ქალების ნაწილი ისლამური წესითაა ჩაცმული. ჩვენთან არსებობს ერთგვარი ხედვა, რომ ერდოღანია ისლამისტური პარტიის წევრი და ყველა მორწმუნე მას აძლევს ხმას, მაგრამ ასე არაა. იმამოღლუ ყველასთვის მისაღები კანდიდატია.
- ახალი საპროტესტო ტალღა რამდენად უქმნის ერდოღანს ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს? აქამდეც იყო პროტესტი თურქეთში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით…
ძალაუფლების დაკარგვაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა თურქულ პოლიტიკას წლებია ვაკვირდები და არ მახსენდება ასეთი ხალხმრავალი მიტინგები, რომელიც უშუალოდ არჩევნებს არ უკავშირდება. ასეთი აქციები თურქეთში ბოლოს 2007 წელს იყო.
საინტერესოა ისიც, რომ ახალგაზრდები გამოდიან ძირითადად, სტუდენტები ბოიკოტს უცხადებენ უნივერსიტეტებს და გამოდიან საპროტესტო აქციებზე. ეს აჩვენებს იმას, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით გადაღლილი არიან მკაცრი ზომებით და პოლიტიკით, რასაც ხელისუფლება ატარებს. მათთვის იმამოღლუს დაკავება ბოლო წვეთი აღმოჩნდა და ყველა გარეთ გამოვარდა.

ქამრან ოსმანლი
- იქმნება იმის წინაპირობა, რომ შესაძლოა თურქეთში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს?
ეს მოსალოდნელია, თუმცა ერდოღანს ეს უფრო აწყობს: კონსტიტუციის მიხედვით ერდოღანს აღარ აქვს წესით არჩევნებში მონაწილეობის უფლება, როგორც პრეზიდენტის კანდიდატს. ეს წესი შეიძლება შეიცვალოს კონსტიტუციური ცვლილებებით, რასაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს, ხოლო ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში მას შეუძლია ხელახლა იყაროს კენჭი. თუ 2028 წელს ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ ერდოღანის პარტიამ სხვა კანდიდატი უნდა მოძებნოს.
- მაშინ რატომ არ თანხმდება ერდოღანი ვადამდელს?
ისინი უყურებენ მოსახლეობის განწყობებს: ყველა გამოკითხვაში ჩანს, რომ თუ ერდოღანი დარჩება იმამოღლუსთან, ის მეორე ტურში დამარცხდება. მოგეხსენებათ, თურქეთში მძიმე ეკონომიკური კრიზისია. ერდოღანი არჩევნებამდე ამ კრიზისის დაძლევას, ლარის კურსის დასტაბილურებას და სირიელი ლტოლვილების პრობლემის მოგვარებას ეცდება.
ერდოღანი ასევე ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას და ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებას. შემდეგ გახდება უკვე ნათელი, დანიშნავენ თუ არა ვადამდელ არჩევნებს.
- სტამბოლის პროტესტი რამდენად აჩვენებს იმას, რომ ავტორიტარული ტენდენციები ერდოღანს არ გაუვა? გასათვალისწინებელია ბოლო მაგალითები: სერბეთში საპროტესტო აქციების შემდეგ გადაწყდა, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, სირიაში კი ასადის რეჟიმი ჩამოიშალა…
თითოეული ეს ქეისი მაინც განსხვავებულია ერთმანეთისგან. მე არ მახსენდება თურქეთში ვინმეს თავისი ნებით დაეტოვებინოს თანამდებობა, რასაც ვხედავთ ევროპის ქვეყნებში. თურქეთში, როგორც გახსოვთ, მიწისძვრის დროს 52 ათასი დაიღუპა და არცერთ მერს და დეპუტატს თანამდებობა არ დაუტოვებია.
ჩემი აზრით, ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ რას შეძლებს ოპოზიცია. ის, რომ იმამოღლუ გახდა ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი და ყველა მაგაზე საუბრობს, ეს ცალსახაა. ჯერ ოპოზიციას და მათ შორის, იმამოღლუს პარტიას კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ იმის გარდა, რომ გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდეს ყველას.
გასათვალისწინებელია გეოპოლიტიკური მომენტიც: ევროკავშირს უფრო ერდოღანთან გამოსდის ვაჭრობა და ლაპარაკი კონკრეტულ საკითხებზე, ვიდრე ოპოზიციას. აქამდე, როცა თურქეთში რაღაც ხდებოდა და, მაგალითად, დააკავებდნენ ვინმეს, ვაშინგტონიდან მოდიოდა მკაცრი ტონით მოწოდება, გაეთავისუფლებინათ დაკავებული, დაეცვათ ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ. იმამოღლუს შემთხვევაში კი, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, ჩვენ თურქეთის შიდა საქმეებში არ ვერევითო. ევროკავშირის ქვეყნებიდან, მაგალითად, გერმანიას ჰქონდა განცხადება, ასე თუ გააგრძელეს ოპოზიციური ლიდერების დაკავება, ევროკავშირის წევრი ვერ გახდებაო, თუმცა ვიცით, რომ თურქეთი ისედაც ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. შესაბამისად, ამ განცხადების ტონიც სუსტი იყო.
____________________________________
ფოტოზე: ექრემ იმამოღლუ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ERDEM SAHIN
ამავე თემაზე: