ბათუმის მერია „შერატონში“ გამართული ვახშმობის ხარჯებს არ ასაჯაროებს

2025 წლის ბათუმობისთვის, ქალაქის ბიუჯეტში 380 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.

აღნიშნული თანხიდან 223 ათასი ლარი მომღერლების ჰონორარებსა და კონცერტის ორგანიზებაზე დაიხარჯა. ღონისძიების ფარგლებში „შერატონში“ ვახშამიც შეუკვეთეს, თუმცა რამდენი პირი მიიწვიეს და რამდენი დახარჯეს –  ბათუმის მერია ამ დრომდე ასაიდუმლოებს. 

მომღერლების ჰონორარების ხარჯები ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა შესაბამის პლატფორმაზე ატვირთვა, თუმცა „შერატონში“ გამართული ვახშმის ხარჯებს ამ დრომდე არ ასაჯაროებს.

„ბათუმელები“ არაერთხელ დაუკავშირდა ბათუმის მერიას და კულტურის ცენტრს და ჰკითხა, რამდენი სტუმარი ჰყავდა მოწვეული „ბათუმობის“ ვახშამზე „შერატონში“ და რამდენი ლარი გადაიხადეს ბიუჯეტიდან ვახშამში? მათ ასევე ვკითხეთ, თუ რატომ არ არის ვახშმობის ხარჯების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროებული. თუმცა კულტურის ცენტრი მერიის პროტოკოლისკენ იშვერს თითს, პროტოკოლი კი კულტურის ცენტრისკენ.

„ბათუმელებთან“ საუბარში კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი შაფათავამ ახსენა „პრობლემები ხაზინაში“, თუმცა არ დაუზუსტებია, რა ტიპის პრობლემებზე იყო საუბარი.

რაც შეეხება მერიის პროტოკოლის სამსახურს, კონკრეტულ პასუხს, ვერც გელა ბოლქვაძე გვცემს. ამბობს, რომ არ ახსოვს, რამდენი სტუმარი მოიწვიეს ვახშამზე და რა თანხები იყო ამისთვის გათვალისწინებული. ჯერ კიდევ გასულ კვირას შეგვპირდა, რომ „ჩახედავდა დოკუმენტებს“, თუმცა ერთი კვირის გასვლის მიუხედავად, ეს ინფორმაცია მაინც არ მოგვაწოდეს. ბოლოს კი ჩვენს სატელეფონო ზარებსაც აღარ უპასუხეს.

რადგან „ბათუმობის“ მთლიანი ბიუჯეტი 380 ათასი ლარი იყო, აქედან კი 223 ათასი ლარი ორგანიზებაზე, ჰონორარებსა და ტექნიკურ ნაწილზე დაიხარჯა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვახშმისთვის თანხა ამ დარჩენილი 157 ათასი ლარიდან გადაიხადეს [ან გადაიხდიან].

რაც შეეხება კონცერტის ხარჯებს, ასე გამოიყურება:

მომღერლებმა – მზია ფარტენაძემ, მორის მელაძემ, ნიკო ბერიძემ, გიორგი ნაკაშიძემ, გვანცა ოსიყმაშვილმა, თამარ მიქელაძემ  და ნონა კორიფაძემ, „ბათუმობის“ კონცერტზე 2 551 – 2 551 ლარი აიღეს ჰონორარის სახით.

„კახაბერი და ხანუმების“ ჰონორარი 30 303 ლარი იყო ამ კონცერტზე. „ტრიო-გოგლაურამ“ ჰონორარის სახით 5 ათასი ლარი აიღო, ხოლო მომღერალ არჩილ გოგიტიძეს 5 102 ლარი გადაუხადეს.

„ბათუმობის“ კონცერტის წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე იყო, რომელსაც ჰონორარის სახით 4 465 ლარი გადაუხადეს.

„ბათუმური კვინტეტის“ [ხელშეკრულება გაფორმდა სულხან ჯაიანთან] ჰონორარში 15 306 ლარი დაიხარჯა.

კონცერტის სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკა ნიკვაშვილს კი 19 132 ლარი გადაუხადეს; დავით წერეთელს – 9 900 ლარი ფოტო და ვიდეო გადაღებაში.

უშუალოდ ჰონორარებში ქალაქის ბიუჯეტიდან მიმდინარე წლის „ბათუმობაზე“ ჯამში 109 ათასი ლარი დაიხარჯა.

2025 წლის „ბათუმობა“ ორდღიანი იყო და 3-4 მაისს გაიმართა.

________________

მთავარი ფოტო: „ბათუმობის“ ვახშამი სასტუმრო „შერატონში“/ფოტო: არჩილ გოგიტიძის ფეისბუქის გვერდიდან.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 979 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
  • ტანკი – 10 852 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 22 622 ერთეული [+47]
  • საარტილერიო სისტემა – 28 201 ერთეული [+36]
  • MLRS – 1 395 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 169 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 37 177 ერთეული [+232]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 49 639 ერთეული [+232]
  • სპეცტექნიკა – 3 895 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 58 984 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 607 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 487 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 563 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 195 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 831 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

„რუსებს კარგად რომ ჰქონდეთ საქმე, კორეელებს არ დაესესხებოდნენ შეიარაღებას“ – ინტერვიუ გენერალთან

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„რუსებს კარგად რომ ჰქონდეთ საქმე, შეიარაღებას კორეას არ დაესესხებოდნენ“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსებს რომ კარგად ჰქონდეთ საქმე, კორეელებს არ დაესესხებოდნენ შეიარაღებას და პირად შემადგენლობას,“ – რუსეთ-უკრაინის ომს ისევ აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

რა იცვლება „დიდი შვიდეულის“ მიერ რუსეთის მიმართ დაანონსებული სანქციებით?

„იქ პუტინი ჩავიდა და განაცხადა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორიული ძეგლები უკრაინელებმა გაანადგურესო. ბოდიში, მაგრამ 1500 კილოიან ბომბებს რომ ჩამოაგდებ შენივე ტერიტორიაზე და მერე სხვას აბრალებ, რაღაცას ანადგურებსო, ისეთი საკითხია – რა გითხრათ: რუსეთია და რასაც იტყვის პუტინი, სჯერათ ყველაფრის.

ის, რომ თავისივე ტერიტორიების დაბომბვა მოუწია პუტინს და ახლაც ბომბავს ბელგოროდის მიმართულებას, ეს ფაქტია,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

რას შეიძლება მიაღწიოს უკრაინამ წელს? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ხდება ფრონტის ხაზზე ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანი? 

შეიმჩნევა რუსების მხრიდან გარკვეული გააქტიურება: ხარკოვის, პოკროვსკის, ზაპოროჟიეს მიმართულებით. ხერსონთანაც აქტიურობენ რუსები, თუმცა ნაკლებად.

ხერსონიდან რომ დავიწყოთ: წვრთნები ჩაატარეს, თითქოსდა დნეპრის ფორსირებას აპირებდნენ, თუმცა ამის არც ძალები და არც საინჟინრო – სატრანსპორტო საშუალებები რუსებს არ გააჩნიათ. ფორსირება ძალიან რთული ოპერაციაა სამხედრო თვალსაზრისით. თანაც, გაითვალისწინეთ – უკრაინელებით გამაგრებული დნეპრის მარჯვენა ნაპირი არის უფრო მაღალი, რაც ართულებს ფორსირების განხორციელებას.

ზაპოროჟიეს მიმართულებითაც რუსებს აქვთ გარკვეული მცდელობა, რომ სამხრეთიდან განახორციელონ შემოვლა და დარტყმა პოკროვსკის მიმართულებაზე, თუმცა ეს გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია ამინდის დასტაბილურებასთან: გაშრა მიწა, რაც საშუალებას იძლევა, უფრო აქტიურად იმოქმედონ, მოწმენდილი ამინდებია და დრონებისთვისაც გაადვილებულია მოქმედება.

აქამდე აქტიურად გამოიყენებოდა ტერმინები „ზამთრის კამპანია“, „გაზაფხულის კამპანია“, თუმცა რუსების მხრიდან ეს გააქტიურება არ უკავშირდება ამ ფაზებს. ეს ტერმინები მაინც უფრო ზოგადია და წარსულიდან მოდის: წინათ ჯარები ზამთრის დადგომისთანავე გადიოდნენ ზამთრის ბინებში, საბრძოლო მოქმედებები წყდებოდა და გაზაფხულზე ისევ იწყებოდა.  თანამედროვე ომის თეატრში ეს ცნებები მაინც პირობითია, ვინაიდან რუსებს ზამთარშიც არ შეუწყვეტიათ შეტევების მცდელობები, თუმცა ბუნებრივი პირობები მნიშვნელოვნად ამცირებდა მათ ინტენსიობას.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ამჯერად კონცენტრირება ხდება პაკროვსკა-ხარკოვის მიმართულებაზე. არსებობს მოლოდინი, რუსები გააძლიერებენ დაწოლას ამ მიმართულებაზე.

ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ცვლილების მანიშნებელი არაფერია. ეს უფრო პოზიციების გაუმჯობესებისკენ მიმართული ცალკეული, ტაქტიკური მოქმედებებია, ვიდრე საერთო, ოპერატიული გეგმის მიხედვით წარმოებული მოქმედება.

  • ჩანს, რომ რუსეთს ისევ აქვს დონბასის აღების განზრახვა? 

დონბასის აღება არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. რა თქმა უნდა, პუტინი ცდილობს, ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, გარკვეული, დამატებითი ბენეფიტი მიიღოს. პუტინს სურს, განსაკუთრებით ამერიკულ მხარეს აჩვენოს ის, რომ ტრამპის თქმისა არ იყოს, „კარტები მის ხელშია“. სინამდვილეში ეს ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს.

უკრაინელების მხრიდან კონტრშეტევებია მცირე მიმართულებებზე – უკეთესი დაცვითი პოზიციების დაკავების მიზნით. რუსები კი ცდილობენ, დაიკავონ ისეთი პოზიცია, რომელიც მათ შეტევის განვითარების საშუალებას მისცემს.

  • პუტინი არ შეხვდა ზელენსკის. თქვენი დაკვირვებით, რატომ აწყობს პუტინს დროის გაჭიანურება, თუ არც აპირებს ცეცხლის შეწყვეტას? 

აპირებს თუ არ აპირებს, პუტინს მოუწევს ცეცხლის შეწყვეტა, თუ რამე მნიშვნელოვნად არ შეიცვალა.

ცეცხლის შეწყვეტა კი, ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება არსებულ პოზიციებზე, ანუ ნულოვან ხაზზე, სადაც შეხების წერტილია. პუტინს სურს, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია მოექცეს მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაში. შემდეგ კი, ამ საკითხს გამოიყენებს სავაჭროდ.

ჩემი დაკვირვებით, წლის ბოლომდე ცეცხლი შეწყდება. შეიძლება, მანამდე ცეცხლი შეწყდეს 30 დღით, მაგრამ მთელ ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტა ალბათ წლის ბოლომდე მოხდება. ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას. ხშირად ურევენ ამ ტერმინებს. მე არ მითქვამს არსად, რომ ამ ეტაპზე ეს ომი დასრულდება.

  • წინა ინტერვიუში უკრაინის დიპლომატიის კუთხით უპირატესობას გაუსვით ხაზი. „ეს გადამწყვეტი მომენტია. ახლა მსოფლიოს შეუძლია დაინახოს, ნამდვილად შესწევთ თუ არა მის ლიდერებს უნარი, უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტა და მიაღწიონ ნამდვილ, ხანგრძლივ მშვიდობას“, – სოციალურ ქსელში წერდა ზელენსკი. რა იცვლება უკრაინისთვის დასავლეთის მხარდაჭერის კუთხით? 

ეს დიპლომატიური უპირატესობა, რა თქმა უნდა, რჩება უკრაინის მხარეს. თურქეთის ამბავმაც ეს აჩვენა, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებისთვის, მზადაა ამერიკელების მიერ დასახული ცეცხლის შეწყვეტის გეგმას შეუერთდეს და ელოდება რუსეთის მხრიდან პასუხს.

ამ დროს რუსეთმა მესამე პირები გამოგზავნა – უხეშად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად მიუღებელი და აბსურდული წინადადებების წამოყენება, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი გადაწყვეტილების მიმღებები არ იყვნენ. ევროპელმა ლიდერებმა და ამერიკელებმაც აღნიშნეს, რომ არ ჩანს პუტინის მხრიდან მზადყოფნა მოლაპარაკებისთვის.

არ გამოვრიცხავ, პუტინი თამაშობს და ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ მხოლოდ ევროპული სახელმწიფოების ლიდერები ვერ გადაწყვეტენ ამ საქმეს და საჭიროა, უშუალოდ ტრამპი იყო ჩართული. ამით შესაძლოა პუტინმა ტრამპს გაუკეთა ერთგვარი რევერანსი, რომ მსგავს საკითხებს მხოლოდ ტრამპი წყვეტს.

  • ამასობაში, ტრამპის განცხადებებით რა ირკვევა? ანალიტიკოსებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ტრამპს პუტინთან კონფრონტაცია არ სურს. 

ჩემი დაკვირვებით, მნიშვნელოვანია, ბოლოს ვის ხვდება, ვის ესაუბრება ტრამპი – ბოლო ვინც არის, იმის სასიკეთო აზრებს ავითარებს. ვერ გეტყვით, რთულია ტრამპზე საუბარია.

არ გამოვრიცხავ, რომ ტრამპის მხრიდან რეალურად არის მცდელობა, ჩამოშორდეს მის მიერ დასახელებულ, განუხორციელებელ გეგმას და ეს საკითხი რომის პაპს გადააბაროს – არის კიდეც ამაზე საუბარი. ეს არ ნიშნავს, რომ აშშ უწყვეტს სამხედრო დახმარებას უკრაინას.

ყველაზე დიდი პოლიტიკური ზარალი, რაც პუტინმა მიიღო, არის ევროპის გაერთიანება. ნუ დაგვავიწყდება გერმანიის ხელისუფლების განცხადება, რომ ის იღებს ვალდებულებას უახლოეს მომავალში ჰყავდეს ევროპაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები.

გერმანიას რა შეუძლია და როგორი სამხედრო მანქანის შექმნა ხელეწიფება  – ვინმემ თუ არ იცის და არ ეზარება, გადახედოს ისტორიას და ნახავს.

  • დღეს ირკვევა, რომ „დიდი შვიდეული“(G7) რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებისთვის მზადყოფნას ადასტურებს, თუ ის უარს იტყვის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე“. რა ეფექტი ჰქონდა აქამდე რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს?

კატეგორიულად არ ვეთანხმები პოზიციას, რომ თითქოს სანქციებმა არ იმოქმედა და რუსეთმა მაინც შეძლო სამხედრო მრეწველობის გადაწყობა. დიახ, შესაძლოა, გადააწყო სამხედრო მრეწველობა, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა სფეროები, სხვა მრეწველობა დასუსტდა. ეს ყველაფერი ბიუჯეტთან არის დაკავშირებული.

წარმოიდგინეთ, საშუალოდ 19 ტრილიონია ევროპის ეკონომიკური შესაძლებლობა, რუსეთისა – 2 ტრილიონი. ვიდრე 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყებოდა, ნატოს შეიარაღებული ძალებში იყო 2 მლნ კაცი, რუსეთში – 900 ათასი. გადამწყვეტ ტექნოლოგიურ საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, საჰაერო ძალები, მაღალტექნოლოგიური შეიარაღება – ცხადია, დასავლეთს აქვს უპირატესობა.

მაგალითად, უკრაინას აქვს „ლეოპარდი 2A5“, რომელიც იმის მიუხედავად, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების წარმოების ტექნიკა, გაცილებით ჯობია T-90 – ების მოდიფიკაციას, რაც რუსების შემთხვევაში დღესდღეისობით ყველაზე კარგი ტანკია. ეს მაგალითი მოვიყვანე იმიტომ, რომ ტანკი და სატანკო ჯარები რუსეთის სახმელეთო ძალის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს. რეალობაში აღმოჩნდა, რომ ლეოპარდს თითქმის ორჯერ უფრო შორიდან შეუძლია ტ-90-ის კოშკურა გამჭოლად გახვრიტოს,  მისი უკანა სვლის სიჩქარე 30 კმ/სთ-ია, ტ-90-ის 4კმ/სთ რაც „ესროლე და დაიმალე“ მანევრისთვის გადამწყვეტია, მართვა ხდება შტურვალით და გადაცემათა ავტომატური კოლოფით, ხოლო ტ-90 ის მექანიკოს, ისევ ტრაქტორისტივით ბერკეტებით და მექანიკური კოლოფით უწევს ოპერირება.  უკრაინელი ტანკისტები მერსედესის და ჟიგულის შედარებას ახდენენ მათ მაგალითზე.  გაცილებით რთულ და ტექნოლოგიურ სისტემებზე არც კი შევჩერდები.

  • ფიქრობთ, რომ სანქციების ახალი პაკეტი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს რუსეთისთვის? 

ცხადია, ყველას – თქვენ, მე, უკრაინელებს, მთელ ევროპას სურს, რომ სანქციებმა მყისიერი შედეგი გამოიღოს, მაგრამ ასე არ არის: რუსეთი დიდი ქვეყანაა და დიდი რესურსები აქვს. სანქციები მოქმედებს და ამას გააჩნია კუმულატიური, დაგროვებითი ეფექტი.

რუსებს რომ კარგად ჰქონდეთ საქმე, კორეელებს არ დაესესხებოდნენ შეიარაღებას და პირად შემადგენლობას.

  • კურსკზეც მინდა გკითხოთ: რა აჩვენა კურსკის ოპერაციამ? 

უკრაინელები იქ პერიოდულად ისევ აქტიურობენ – საზღვრისპირა ორ სოფელთან აქვთ ახლა დაპირისპირება. ასე რომ, სრულად არ დაუტოვებიათ კურსკი უკრაინელებს.

მნიშვნელოვანია, რომ იქ დაბომბვებს ახორციელებენ რუსები. პუტინი ჩავიდა და განაცხადა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორიული ძეგლები უკრაინელებმა გაანადგურესო. ბოდიში, მაგრამ 1500 კილოიან ბომბებს რომ ჩამოაგდებ შენივე ტერიტორიაზე და მერე სხვას აბრალებ, რაღაცას ანადგურებსო, ისეთი საკითხია – რა გითხრათ: რუსეთია და რასაც იტყვის პუტინი, სჯერათ ყველაფრის.

ის, რომ თავისივე ტერიტორიების დაბომბვა მოუწია პუტინს და ახლაც ბომბავს ბელგოროდის მიმართულებას, ეს ფაქტია.

  • პუტინი ბუფერული ზონის შექმნას იწყებს რუსეთის და უკრაინის საზღვარზე. ეს გადაწყვეტილება რას აჩვენებს თქვენთვის?

ამაზე საუბრობს პუტინი დიდი ხანია. ამიტომაც არის გააქტიურება ხარკოვის მიმართულებაზე „გადამწვარი მიწის პრინციპით“. ზუსტად ამ ტერიტორიას ეძახის პუტინი შემდეგ ბუფერულ ზონას.

აქ საინტერესო ის საკითხია, რომ პუტინმა ეს ტერიტორიები – რის დაკავებაც სურს, მთლიანად შეიყვანა კონსტიტუციით რუსეთის შემადგენლობაში. თუ პუტინი ამ მოცემულობით შეწყვეტს ომს, გამოვა, რომ ხერსონის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ტერიტორიები თითქოს უკრაინელების მიერ არის ოკუპირებული. ამ ვითარებაში კი, პუტინს გამარჯვებაზე საუბარი გაუჭირდება.

  • უშვებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთი სანქციების პირობებში ისე გაძლიერდეს, რომ ხელახლა დაიწყოს შეტევა? 

არ ვეთანხმები გარკვეული ექსპერტებისგან იმის მტკიცებას, რომ 2 წლის შემდეგ რუსეთი უკვე ნატოზე განახორციელებს თავდასხმას. არაა სავალდებულო სამხედრო საკითხების ცოდნა – რუკას დახედონ და დაინახავენ: რომელ ევროპას უნდა შეუტიოს რუსეთმა, როცა უკრაინა პროევროპულია, მტერია და მისი არ არის? გამოდის, რომ ფლანგზე დაიტოვებს მოწინააღმდეგეს – თანაც ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს, რომელიც ელოდება, როდის დასუსტდება რუსეთი. ასე შეუტევს ევროპას?

როგორ წარმოუდგენიათ, ფლანგზე რუსეთს ასეთი დაპირისპირება ჰქონდეს და თუნდაც ცეცხლი შეწყვეტილი იყოს, მოხსნას ჯარი უკრაინიდან და გადაიყვანოს ევროპაში? ამ დროს უკრაინელები რას იზამენ: ტელევიზორთან დასხდებიან და ახალ ამბებს უყურებენ?

რა თქმა უნდა, რუსეთის რესურსი მიდის კლებისკენ. სად არის მათი ნაქები ახალი იარაღი? გაუთავებლად აშინებენ უკრაინელებს „არეშნიკით“. გამოიყენეს კიდეც, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ამ დღეებში საცდელი გაშვებაც მოინდომეს, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა. მოხალისეების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ისინი რუსულ ჯარში იმ იმედით მიდიან, რომ ცეცხლი მალე შეწყდება, ფულს აიღებენ და ომში მონაწილეობაც აღარ მოუწევთ.

ამას გარდა, ადამიანური რესურსი არაა საკმარისი წარმატებისთვის. აგერ, ინდოეთი მილიარდ-ნახევარია, ბირთვული იარაღიც აქვთ, პაკისტანი 300 მილიონია, ბანგლადეში 150 მილიონია, მაგრამ რა გამოდის, ინდოეთზე მძლეველი მსოფლიოში არავინაა? რუსეთი, ცხადია, შეეცდება თავისი, დიდი ადამიანური რესურსის გამოყენებას, თუმცა უკრაინას აქვს მატერიალურ-ტექნიკური რესურსის უპირატესობა დასავლეთის მხარდაჭერით.

იმისთვის, რომ რუსეთმა დაიბრუნოს თავისი სიძლიერე, რაც მას ჰქონდა 2022 წელს ომის დაწყებამდე, მას დასჭირდება საშუალოდ 6-8 წელი. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ჯიბეებში ხელჩაწყობილი იქნება.

რეალურად ორივე მხარე მოემზადება მომავლისთვის, ვის უფრო მეტი შეუძლია. დასავლეთს მეტი შესაძლებლობა აქვს, განავითაროს შეიარაღება, თუ რუსეთს? – ცხადია, დასავლეთს. უკრაინა აქამდე იღებდა საბჭოთა წარმოების ტექნიკას, რაც ევროპაში ჰქონდათ საწყობებში დარჩენილი, ან დასავლურ ძველი თაობების სისტემებს, რომელიც ფაქტობრად გაიხარჯა. დასავლეთი ახლა უკვე იძულებულია უკრაინას მიაწოდოს თანამედროვე [არა ბოლო თაობის] სისტემები. მაგალითად, სულ ბოლო ინფორმაციით, სხვა ტექნიკასთან ერთად, ავსტრალია 41 „აბრამსს“ უგზავნის უკრაინას. ეს ერთი ამერიკული, ან ერთნახევარი საბჭოთა ტიპის  სატანკო ბატალიონია.

რუსები კი, ამ დროს ურტყამენ მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინაში. ცხადია, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვითი საშუალებები სჭირდება, მაგრამ უკრაინელებს რუსები უკვე ვეღარაფრით გააკვირვებენ, „არეშნიკიც“ რომ გამოიყენონ.

ბათუმის ბულვარის დირექტორს და მოადგილეებს უკონკურსოდ დანიშნავენ – ცვლილება

ბათუმის ბულვარის დირექტორისა და მისი მოადგილეების დასანიშნად ამიერიდან კონკურსს აღარ გამოაცხადებენ. ამ თანამდებობებზე დასანიშნად დღემდე მოქმედი წესით კონკურსები უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, ეს წესი აჭარის არალეგიტიმურმა მთავრობამ გააუქმა.

შესაბამის დადგენილებას აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ხელი 2025 წლის 13 მაისს მოაწერა. დადგენილება 19 მაისიდან ამოქმედდა.

სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი 2022 წლის ივნისიდან დღემდე ლაშა მიქელაძეა. მას სამი მოადგილე ჰყავს.

2025 წლის 13 მაისის დადგენილებით ცვლილება შევიდა ბულვარის დებულებაში. ამ ცვლილებამდე დებულებაში ეწერა რომ:

„ბულვარს ხელმძღვანელობს ბულვარის დირექტორი, რომელსაც თანამდე­ბობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩე­ვად სამინისტრო აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს დასანიშნად მთავრობას“.

ახალი ცვლილებით კი:

„ბულვარს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის [შემდგომში მინისტრი] წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

რაც შეეხება მოადგილეებს – ცვლილებამდე დებულებაში ეწერა:

  • „ბულვარის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე,  რომლებსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ბულვარის დირექტორის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“

ახალი დებულების მიხედვით კი:

  • „ბულვარის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. ბულვარის დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ბულვარის დირექტორის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ბულვარის მოქმედი დირექტორი ლაშა მიქელაძე ჯერ პირველ მოადგილედ დაინიშნა და დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, ვინაიდან მისი წინამორბედი ირაკლი ჯინჭარაძე თვლიდა, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს და სასამართლოში დავობდა.

ამ თემაზე:

ლაშა მიქელაძეს ბათუმის ბულვარში დირექტორის პირველ მოადგილედ ნიშნავენ

ქობულეთის პლაჟზე საშხაპეები და გასახდელები ქარს წაუღია, ახლის მონტაჟში 400 ათას ლარს დახარჯავენ

ქობულეთის მერია პლაჟზე საშხაპეებისა და გასახდელების მოსაწყობად ტენდერის გარეშე 400 ათას 500 ლარს დახარჯავს. სულ დაამონტაჟებენ 20 გასახდელს და 20 საშხაპეს, ასევე დამატებით 3 საშხაპეს ძაღლებისთვის.

რაც შეეხება იმ საშხაპეებსა და გასახდელებს, რომლებიც წინა სეზონზე იყო პლაჟზე, მერიის დოკუმენტებით ირკვევა, რომ ისინი ყველა დააზიანა ქარმა 10 მაისს.

ქობულეთის მერიის შპს „ქობულეთის წყალი“ მერის მოვალეობის შემსრულებელს წერს, რომ მათზე გადაცემულია მოძრავი ქონება, კერძოდ გასახდელი საშხაპეები, 30 ერთეული.

„ვინაიდან სანაპირო ზოლისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაკავშირებულია გარკვეული სირთულის სამუშაოებთან და მოითხოვს გარკვეულ ვადებს, მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე თვეში, პირველი მაისიდან დაიწყო აღნიშნული გასახდელი საშხაპე კაბინების დამონტაჟება, თუმცა მიმდინარე წლის 10 მაისს აჭარის რეგიონში მომხდარმა სტიქიამ – ძლიერმა ქარმა, წვიმამ და შტორმმა სრულიად დააზიანა სანაპირო ზოლში დამონტაჟებული კაბინები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად სეზონის დასრულების შემდგომ ხდება აღნიშნული გასახდელი საშხაპე კაბინების დემონტაჟი და დასაწყობება მომავალ სეზონამდე. სამონტაჟო სამუშაოების პერიოდში აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ერთეული კერძოდ – 10 ცალი გასახდელი საშხაპე კაბინა სრულად ამორტიზირებული იყო და არ ექვემდებარება შეკეთებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტისათვის დასახული ამოცანების შესასრულებლად და მოახლოებული სეზონის შეუფერხებლად გახსნისათვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს 30 ერთეული გასახდელი საშხაპე კაბინის შესყიდვა.“ – აღნიშნულია „ქობულეთის წყალი“-ს დირექტორის სულხან გორჯელაძის მიერ ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ცეცხლაძისთვის 2025 წლის 16 მაისს გაგზავნილ წერილში.

წყარო: შესყიდვების პორტალი

ირაკლი ცეცხლაძეს „ქობულეთის წყლის“ დირექტორის წერილთან დაკავშირებით 16 მაისსვე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ბოლქვაძე წერს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ისედაც გათვალისწინებულია „20 ერთეული გასახდელი, 20 ერთეული საშხაპე კაბინა და 3 ერთეული ძაღლების საშხაპეს შეძენა-მონტაჟის ღონისძიება.

აღნიშნული საშხაპე კაბინები მნიშვნელოვან და აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს რათა გამართულად და სრულად იქნეს მოწყობილი სანაპირო ზოლი და არ შეფერხდეს ტურისტული სეზონის გახსნა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავლებთან.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გთხოვთ, აცნობოთ სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებას განიხილოს გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში, საშხაპეებისა და გასახდელების შეძენა-მონტაჟის სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საკითხი“.

წყარო: შესყიდვების პორტალი
  • თუ ბიუჯეტში გაწერილი იყო თანხა საშხაპეებისა და გასახდელების მოსაწყობად რატომ არ გამოაცხადეს ტენდერი და რატომ გახდა აუცილებელი მათი შესყიდვა  გადაუდებელი აუცილებლობით?
  • ძველი საშხაპე-გასახდელები რომ ქარს არ დაეზიანებინა [რასაც „ქობულეთის წყლის“ დირექტორი წერს], დაამონტაჟებდნენ თუ არა ახალ საშხაპე-გასახდელებს პლაჟზე?

ამ კითხვებზე პასუხს „ბათუმელები“ ქობულეთის მერიისგან ამ დრომდე ელოდება. მიღების შემთხვევაში მერიის პასუხს აქვე შემოგთავაზებთ.

400 ათას 500 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე ქობულეთის მერიამ თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან უკვე მიიღო.

საშხაპეების და გასახდელის ნიმუში / წყარო: შესყიდვების პორტალი

„ვგმობთ ჟურნალისტზე თავდასხმას“ – ეთიკის ქარტია და მედიაკოალიცია სულხან მესხიძის სხდომიდან გაძევებაზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტ სულხან მესხიძეზე ძალადობის და მისი გაძევების, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის  წარმომადგენლებისთვის მუშაობის შეზღუდვის შემთხვევებს ეხმაურება.

ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც.

„ჟურნალისტების მიმართ ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია და წარმოადგენს ღია თავდასხმას მედიის თავისუფლებაზე. საქართველოში ამჟამად არსებული სამუშაო გარემო მედიის თავისუფლებისთვის კრიტიკული და მნიშვნელოვნად შემზღუდველია. ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვა ზიანს აყენებს დემოკრატიულ პროცესებს და ზღუდავს საზოგადოების ინფორმირების უფლებას“ – აცხადებს მედიაკოალიცია.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტებს შენობაში კამერების შეტანის უფლება ჩამოართვა. 22 და 23 მაისს მედიის წარმომადგენლებს სასამართლოში სრულფასოვნად მუშაობის საშუალება შეეზღუდათ. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ეს შეზღუდვა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო პროცესებზე გავრცელდა“ – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე, მედიის ადვოკატირების კოალიცია დაზარალებულ ჟურნალისტებსა და მედიას სრულ სოლიდარობას უცხადებს და მოითხოვს ყველა საჯარო მოსამსახურისა და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ ჟურნალისტური საქმიანობის შემზღუდველი ქმედებების შეწყვეტას.
„ადგილობრივ მედიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ უფრო ხშირად არ აძლევენ საჯარო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობას და ზღუდავენ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა ვერ იღებს ინფორმაციას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას.“ – წერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ ინციდენტით, სწრაფად გამოიძიოს და სათანადოდ დასაჯოს ყველა მოძალადე პირი.
„ქარტია შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თვითმმართველობის სხდომები საჯაროა, და რომ ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი ატმოსფერო ადგილებზე ჟურნალისტებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პროფესიულ საქმიანობას.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
ჟურნალისტ სულხან მესხიძეს ხელვაჩაურის აკრებულოს სხდომაზე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ხელი დაარტყეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს სხდომა. ამ დროს სხდომაზე იმყოფებოდნენ საკრებულოს და მერიის თანამშრომლები. არც ერთ მათგანს, არც საკრებულოს თავმჯდომარეს და არც სხვას, ამ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

მარიამ სიჭინავა ზუგდიდის სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე  ნინო ჭაბუკიანმა დღეს, 23 მაისს, 4 000 ლარით დააჯარიმა ზუგდიდელი აქტივისტი, მარიამ სიჭინავა – მას „ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ უჩივლა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

„დამაჯარიმეს 4000 ლარით“ – წერს მარიამ სიჭინავა ფეისბუქზე და იქვე დასძენს, რომ მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა დარბაზიდან გააძევა შეძახილის – „ოლეე, ოლას!“ გამო.

ასევე, ზარქუას საჩივრის საფუძველზე დღეს ზუგდიდის სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა კიდევ ერთი აქტივისტი, კერენ ესებუა.

საქმე ეხება ზუგდიდში, 20 მაისს მომხდარ ინციდენტს – ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში ირაკლი ზარქუას აქტივისტები დახვდნენ. მას სასტუმროს დატოვება აქტივისტების შეძახილის ფონზე მოუწია.

ზუგდიდელ აქტივისტებს „ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირმა სოსო ქუხილავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სოსო ქუხილავა კერენ ესებუას ფიზიკურადაც შეეხო, ხელზეც დაარტყა, რის შემდეგაც მას ტელეფონი დაუვარდა და დაიმტვრა.

მარიამი და კერენი ამბობენ, რომ ირაკლი ზარქუას ნამდვილად დასცინოდნენ, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფა, პირველი სწორედ ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირმა დაიწყეს.

ამ ინციდენტის შემდეგ კერენს და მარიამს ზარქუამ პოლიციაში უჩივლა. თავის მხრივ, ზარქუას უჩივლეს ზუგდიდელმა აქტივისტებმა.

ზუგდიდელი აქტივისტი კერენ ესებუა სასამართლომ 3500 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდელი აქტივისტი კერენ ესებუა, დღეს, 23 მაისს, ზუგდიდის სასამართლომ 3 500 ლარით დააჯარიმა. მას და კიდევ ერთ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას, „ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.

აქტივისტებს 20 მაისს, ზუგდიდში „ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირმა სოსო ქუხილავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სოსო ქუხილავა კერენ ესებუას ფიზიკურადაც შეეხო, ხელზეც დაარტყა, რის შემდეგაც მას ტელეფონი დაუვარდა და დაიმტვრა.

ამჟამად მიმდინარეობს მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი.

მარიამი და კერენი ამბობენ, რომ ირაკლი ზარქუას ნამდვილად დასცინოდნენ, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფა, პირველი სწორედ ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირმა დაიწყეს.

ამ ინციდენტის შემდეგ კერენს და მარიამს ზარქუამ პოლიციაში უჩივლა.

პოლიციაში მარიამმა და კერენმაც უჩივლეს ირაკლი ზარქუას, თუმცა დღეს  სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტების გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღო.

კერენ ესებუა და მარიამ სიჭინავა

კერენ ესებუას შშმ დედა ჰყავს და მას კერენის გარდა სხვა მზრუნველი არ ჰყავს. მარიამ სიჭინავა კი მარტოხელა დედაა და არასრულწლოვანი შვილის ერთადერთი მეურვეა.

რამდენჯერმე დამარტყეს და ხელები გადამიგრიხეს – ჟურნალისტ სულხან მესხიძეზე ხელვაჩაურის საკრებულოში იძალადეს

ჟურნალისტ სულხან მესხიძის ინფორმაციით, მას ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ხელი დაარტყეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს სხდომა. ამ დროს სხდომაზე იმყოფებოდნენ საკრებულოს და მერიის თანამშრომლები. არც ერთ მათგანს, არც საკრებულოს თავმჯდომარეს და არც სხვას, ამ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სულხან მესხიძე ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ თვითმხილველმა მოქალაქემ, რომელიც ასევე არ შეუშვეს საკრებულოს საჯარო სხდომაზე, პოლიცია გამოიძახა, თუმცა უშედეგოდ, პოლიციის ეკიპაჟი ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ის დაახლოებით 11:30 წუთზე ხელვაჩაურის საკრებულოს შენობაში მივიდა პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, მას საჯარო სხდომა უნდა გაეშუქებინა, თუმცა დაცვის სამსახურმა შენობაში გადაადგილება შეუზღუდა:

„არ განმიმარტეს, თუ რატომ არ მიშვებდნენ საკრებულოს სხდომაზე, დაგველოდეთ,  დაგველოდეთო. 12 საათს აკლდა 2 წუთი, როცა შემიშვეს საკრებულოს სხდომაზე. დარბაზში დავაფიქსირე, რომ სურათი იყო იგივე, რაც ბოლო პერიოდშია საკრებულოს სხდომებზე. სხდომათა დარბაზი გადავსებული იყო მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებით. ძლივს შევედი. ამით საკრებულოს ზღუდავს მედიის შესვლას სხდომათა დარბაზში.“

ჟურნალისტი შეეცადა ვიდეოკადრებზე აესახა ის ვითარება, რაც საკრებულოს სხდომათა დარბაზში დახვდა. სწორედ ამ დროს მას მუშაობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკურადაც იძალადეს მასზე.

„ჩავრთე კამერა და მერიის თანამშრომლებს ვკითხე, თუ რის გამო ესწრებიან ისინი საკრებულოს სხდომას, აქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ დღის წესრიგის მიხედვით რა საკითხები განიხილება. მათ ამ კითხვებზე არ ჰქონდათ პასუხი, რაც იყო ახსნა იმისა, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილს მიზანმიმართულად ითვისებენ, რომ მოქალაქეებს დასწრების საშუალება არ მიეცეთ“.

ამ კითხვების მოსმენის შემდეგ რამდენიმე პირი ჟურნალისტს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა:

„სიტყვიერი დაპირისპირების დროს პირად სივრცეს არღვევენ, ძალიან ახლოს მოაქვთ სახე, გიყვირიან აგრესიით, შეურაცხმყოფელი ფრაზებით მომმართეს და მომთხოვეს, კამერა გამეთიშა და კითხვები არ დამესვა“.

სულხანი გვიყვება, რომ  კამერა არ გათიშა და მოვალეობის შესრულება გააგრძელა, რასაც მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორება:

„რამდენჯერმე დამარტყეს მოულოდნელად, შემდეგ უკვე ხელების გადაგრეხის მეთოდით, საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გამომაგდეს. ვიცი, რომ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები იყვნენ, ვინც ხელი დამარტყა. ამ ყველაფერს უყურებდა საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია. გამაგდეს და დარბაზში დატოვეს მხოლოდ აჭარის ტელევიზია.

არანაირი გაფრთხილება არ მიუციათ იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მე აგრესიით მომმართავდნენ.  როცა დავრჩი გარეთ მარტო, დაცვის სამსახური ჩადგა კართან, რომ შიგნით არ შევსულიყავი, მე ვაკაკუნებდი კარებზე და ვითხოვდი, რომ გაეღოთ. რამდენიმე წუთში გააღეს კარი და შევედი სხდომაზე. როცა შევედი საკრებულოს თავმჯდომარეს მივმართე, ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორებას ხედავდით, რატომ არ მოახდინეთ რეაგირება, რატომ შემეზღუდა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება-მეთქი. თენგიზ ირემაძემ პასუხი ვერ გამცა და ისევ ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომაგდეს გარეთ. ამის შემდეგ უკვე აღარ შემიშვეს შიგნით.“

ჟურნალისტი ამბობს, რომ მასზე ძალადობას აჭარის ტელევიზია იღებდა და ელოდება, როგორ გააშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ფაქტს:

„ჟურნალისტმა მთხოვა ფაქტის შეფასება, რაც განხორციელდა ჩემ მიმართ, მაგრამ უარი ვუთხარი იმის გამო, რომ აჭარის ტელევიზიას არ ვენდობი. თუმცა კადრები გადაღებული აქვთ და ველოდები, მაინტერესებს როგორ გააშუქებენ. რას იტყვიან იმ უკანონობაზე, რაც ნახეს და გადაიღეს.“

საინტერესოა, რომ საჯარო სხდომაზე, სადაც საკრებულოს და მერიის ათეულობით თანამშრომელი იმყოფებოდა, პროტესტი ერთ პირსაც არ გამოუხატია იმის გამო, რაც მათ თვალწინ მოხდა. თვითმმართველობის კოდექსი პირდაპირ ავალდებულებს ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც თვითმმართველობის ორგანოში მუშაობს, სხდომის საჯაროობის უზრუნველყოფას და, ზოგადად, თვითმმართველობასთან დაკავშირებული საკითხების საჯაროობის უზრუნველყოფას. მეტი პასუხისმგებლობა კი ამის შესასრულებლად, რა თქმა უნდა, საკრებულოს თავმჯდომარეს, თენგიზ ირემაძეს აქვს. როგორც ჩანს, მას ეს კოდექსი კარგად არ შეუსწავლია, თუ შეისწავლა და სხდომის საჯაროობაზე არ ზრუნავს, ის უბრალოდ არ ასრულებს იმ მოვალეობებს, რისთვისაც აირჩიეს.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს სავარაუდოდ არც დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობა ესმის კარგად. იმედია, ის მაინც იცის, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ვიყავი მარტო და მთელი სისტემა დამიპირისპირდა მე, როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად. დავრჩი მარტო ამ აგრესიის წინაშე. მობილურზეც ხელი დამარტყეს, რითაც ვმუშაობ და რაც ჩემთვის არის სამუშაო კამერა. ამის შემდეგ ვიდეოგადაღებაც შეწყდა, სრულყოფილად ვერ ჩავწერე, ხელის დარტყმის დროს მობილური ტელეფონი რომ არ დაცემულიყო ძირს, წონასწორობა დავკარგე.“

„ბათუმელებმა“ სცადა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირება. ის ტელეფონს არ პასუხობს, ვესაუბრეთ მის თანამშრომელს, რომელიც დაგვპირდა, რომ დაგვიკავშირდება, როგორც კი გადასცემს ხელმძღვანელს, რომ მისგან განმარტებას ველოდებით. თენგიზ ირემაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებაც გავუგზავნეთ.

თუ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე, განმარტებას გააკეთებს, აქვე გამოვაქვეყნებთ.

სულხან მესხიძის ინფორმაციით, ის გამოერიდა ტერიტორიას უსაფრთხოების მიზნით და აპირებს მიმართოს ყველა შესაძლებლობას რეაგირებისთვის.

„22 მაისი არის დღე, როცა დაიწყო დიქტატურა საქართველოში” – თინა ხიდაშელი

„თუკი ოდესმე ვინმე წლების შემდეგ იკითხავს როდის დადგა საქართველოში დიქტატურა, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ის დადგა 2025 წლის 22 მაისს, იმიტომ, რომ ზურა ჯაფარიძის საქმის მსგავსი პატიმრობები მხოლოდ და მხოლოდ დიქტატურებში ხდება. სხვა არანაირი მმართველობის პირობებში ასეთი პატიმრები ქვეყნებში არ არსებობენ,“ – ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი ზურა გირჩი ჯაფარიძის დაკავებას.

დღეს, 23 მაისს, მესამე სექტორმა ზურა ჯაფარიძის დაკავების საქმეზე საგანგებო ბრიფინგი მოაწყო და არალეგიტიმური პარლამენტის არაკონსტიტუციურ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოცხადებული დევნა შეაფასა.

„ყოველდღიურად იზრდება საქართველოში პოლიტპატიმრების ოდენობა. ყოველდღიურად ადამიანები ამ ქვეყანაში ციხეში მიდიან იმიტომ, რომ განსხვავებულად ფიქრობენ, იმიტომ, რომ აქვთ გამბედაობა დაუპირისპირდნენ რეჟიმს და არ ეგუებიან იმ ხელოვნურად შექმნილ ტყუილ ნარატივებს, რომელსაც ქართული ოცნება იგონებს.

ზურა ჯაფარიძის შემთხვევა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მთელი ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, რომ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ ის არის მოქმედი პოლიტიკური ლიდერი, ეს არის კლასიკური შემთხვევა პოლიტიკური ანგარიშსწორების და პოლიტიკური პატიმრობის, იმიტომ, რომ ის არის მოქმედი პოლიტიკური ლიდერი, მოქმედი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი და აგერ გუშინდელ დღემდე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

რომ არა მისი პრინციპული დამოკიდებულება, ის დღეს იქნებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი.

დღეს, ჩვენ პირველად საქართველოს ისტორიაში, ვულოცავ „ქართულ ოცნებას“, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივიღეთ მოქმედი პოლიტიკოსი საქართველოს ციხეში. ასეთი რამ საქართველოში ჯერ არ მომხდარა,“ – თქვა თინა ხიდაშელმა.

ზურა ჯაფარიძე ნაცმოძრაობის დროს არც ერთი დღე არ ყოფილა თანამდებობის პირი და პარტიის წევრი - ხიდაშელი

ხიდაშელის თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოეგონებინა დანაშაულის სცენარი, შემდეგ ამ თავის მიერ მოგონებული დანაშაულის სცენარის მიხედვით, შეარჩია მოთამაშეები, აქტორები და ახლა უკვე იწყებს მათ სათითაოდ დაპატიმრებას.

„რატომ არის ზურა ჯაფარიძის შემთხვევა სპეციფიურად განსხვავებული? კომისიის მანდატის ფარგლებში განსაზღვრულია, რომ მან უნდა გამოიძიოს ნაციონალური მოძრაობის დროს მომხდარი დანაშაული.

ზურა ჯაფარიძე არცერთი დღე, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არ ყოფილა არათუ რაიმე თანამდებობის პირი, ის არ ყოფილა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრიც კი. ის ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბოლო წუთამდე იყო არასამთავრობო სექტორში.

ასეთ ადამიანს იბარებენ დანაშაულებზე, რომელიც მოხდა ვიღაცის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ის არ მიდის კომისიაზე, ამის გამო შემდეგ იწყებენ მის სისხლის სამართლებრივ დევნას და აგერ დღეს ის უკვე ციხეშია.

თუ ვინმე საქართველოში, სრულ ჭკუაზე მყოფი მეტყვის, რომ არსებობს რაიმე კავშირი, ენმ-ის დროს მომხდარ დანაშაულებზე, ზურა ჯაფარიძის როგორც ან მონაწილის, ან მოწმის, ან რაიმე სხვა სტატუსით დაბარების, გამოკითხვის შესახებ, ასეთივე წარმატებით, თითოეული თქვენგანი, ვინც აქ დგახართ, დედაჩემი, ჩვენი ოჯახის წევრები, ნებისმიერი მოქალაქე ამ ქვეყანაში, შეუძლია დაიბაროს თეა წულუკიანმა. პასუხად თუ მიიღებს, რომ „მე რა შუაში ვარ, არ მოვდივარ” – ჩასვას ციხეში,“ – თქვა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ არის არსებული რეჟიმი სახიფათო.

„მნიშვნელოვანია ამ პატიმრობის შემდეგ ყველამ ძალიან კარგად გავაცნობიეროთ, რომ იმდენად არ არსებული შემადგენლობიდან გაჩნდა პატიმარი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოჰკიდოს რეჟიმმა ხელი, ჩასვას ციხეში და თავი ამართლებინოს შემდეგ, რომ არ გაჰყავდა გვირაბი ბომბეიდან ლონდონამდე,“ – ამბობს თინა ხიდაშელი.

„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გუშინ, 22 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო. მან უარი თქვა, როგორც გირაოს გადახდაზე, ასევე, რეჟიმთან თანამშრომლობაზე.

„ჩემთვის პრინციპულია, არ დაემორჩილო რეჟიმს ტყუილში“ – ინტერვიუ ზურა ჯაფარიძესთან, რომელიც შეიძლება დააპატიმრონ

“უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ სასამართლოში, ჟურნალისტებს კამერებით მუშაობის საშუალება არ მიეცათ” – ქარტია

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს შსს-სა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თვითნებურ და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას, 22 მაისს, საქალაქო სასამართლოს შენობაში არ დაეშვა ჟურნალისტები კამერებითა და მიკროფონებით. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს აქვთ უფლება, სასამართლოს ფოიეში კამერებით იმუშაონ და პირდაპირ ეთერშიც გავიდნენ, მათ ამ უფლებით 22 მაისს პირველად ვერ ისარგებლეს,“ – წერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გმობს ჟურნალისტებისათვის მუშაობაში ხელშეშლას.

22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავდა პოლიტიკოსის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეს.

„საქმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი იყო მაღალი და ამ ინტერესის საპასუხოდ სასამართლოში მედიის გამოჩენა იყო სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმური.

ადგილზე  დიდი ოდენობით მობილიზებული საპოლიციო ძალები და მანდატურები ფიზიკურად ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა ქალებზე, და ჟურნალისტებს მუშაობაში უშლიდნენ ხელს,“ – აღწერს ქარტია 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შსს-ს, ხელი აიღოს ჟურნალისტების შევიწროებაზე და მისცეს მათ პროფესიული მოვალეობის შესრულების და კანონით დაცული უფლებებით სარგებლობის საშუალება.

სასამართლო პროცესზე, რომლის გაშუქების უფლებაც 22 მაისს მედიას არ მიეცა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააპატიმრეს.

„ქაოსური კი არა, ქოცური განაშენიანებაა. ჰაერი გაყიდულია“ – ფოტოამბები ახალი ბულვარიდან

„ქაოსური კი არა, ეს არის ქოცური განაშენიანება“ – გვითხრა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც ქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟული უბნის, ახალი ბულვარის გასწვრივ არსებულ განაშენიანებაზე ვკითხეთ. მასთან მეზობლების თხოვნით მივედით – „იგერაა, ჩვენი დომკომი და იმას კითხე, ყველაფერი იცისო.“

მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა, მხოლოდ ერთი ფრაზით შეაფასა არსებული ვითარება და კატეგორიულად მოგვთხოვა აღარ გაგვეგრძელებინა საუბარი – „არ მცალია, შემეშვით ახლა.“

აქ საჯაროდ საუბარი ბევრს არ სურს, თუმცა მოსაყოლი აქვთ. გვიყვებიან, შემდეგ კი გვთხოვენ პრობლემა ისე გავაშუქოთ, რომ მათი იდენტიფიცირება არ მოვახდინოთ. ფიქრობენ, რომ პრობლემები შეექმნებათ. არიან ისეთები, ვისაც ახალი მშენებლობები მოსწონს, თუმცა ღიად საუბარი მათაც არ სურთ და ისეთებიც, რომლებიც დადებთ მხარეებზეც საუბრობენ და უარყოფით შედეგებზეც ამახვილებენ ყურადღებას.

„უკვე ჰაერიც გაყიდულია, ისე ახლოსაა ერთმანეთთან კორპუსები, რომ ხედები არ ჩანს. ზოგან მზიანი ადგილი საერთოდ აღარ არის. არქიტექტურის სამსახურმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი, ეს სამსახური უნდა კურირებდეს ამას და კურირებს კიდეც“, – გვიყვება თამარი. მას ახალი ბულვარის გასწვრივ არსებულ დასახლებაში შევხვდით.

თამარმა გაგვაფრთხილა, რომ „ისე გვიყვება“ და არა ჩასაწერად. გვთხოვა მისი ვინაობა არ გავასაჯაროოთ. ორი მიზეზი დაგვისახელა – ამ უბანში არ ვცხოვრობ, თანაც ოცნების კოორდინატორი ვარო.

თამარს ვკითხეთ, ის როგორც კოორდინატორი უყვება თუ არა მმართველი პარტიას „ჰაერის გაყიდვასა“ და იმ დისკომფორტზე, რასაც ქაოსური განაშენიანება იწვევს. გვიპასუხა, რომ ამაში აზრს ვერ ხედავს:

„რა აზრი აქვს? – ქალაქის მერია იდეალურადაა ინფორმირებული მშენებლობისა და განახლების საკითხებზე, არანაირი მშენებლობა არ შეიძლება მერიის გარეშე, უბანი დიდია. მე, ზოგადად, ვსაუბრობ ქალაქზე და არა მხოლოდ ამ უბანზე“.

თამარის მოსაზრებები ზოგჯერ ურთიერთ გამომრიცხავია. ერთ შემთხვევაში ის ამბობს, რომ ცუდი სანახავია პატარა სახლები ცათამბჯენების გვერდით და თუ შენდება ყველგან ახალი უნდა აშენდეს. მეორე შემთხვევაში კი გვიხსნის, რომ სწორედ მჭიდრო დასახლების შექმნა და კორპუსების ქაოსური მშენებლობა იწვევს უჰაერობას და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს, რაც დღეს ქალაქს აწუხებს:

„ნინოშვილის აქეთ რაც ხდება… თუნდაც ორბი, კარგი კომპლექსიაო, მაგრამ რამხელა აშენდა ხომ? – ამას ხელი შეუწყვეს და ახლა თქვენ რომ იღებთ, აზრი რა აქვს? – ეს ყველაფერი განკარგა ვიღაცამ და გაკეთდა. ეს ჩვენი, რიგითი ხალხის საუბრით არ წყდება. ნებართვის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებ დღეს“, – გვიხსნის თამარი.

ახალი ბულვარის გასწვრივ, ანგისის დასახლებაში მოსახლეობა დაუსრულებელი მშენებლობებით გამოწვეული დისკომფორტის გამო სწუხს:

„რომ დაიწყო არ დასრულდა. ათი წელია ჩემი შვილი სამშენებლო მტვერს სუნთქავს. რა გავაკეთოთ, ავსახლდეთ? – აქ ინვესტორია მთავარი და არ ბავშვების ჯანმრთელობა“, – გვითხრა დარინა დიასამიძემ.

„ირგვლივ მიმოიხედეთ, რამეს ხედავთ გაკეთებულს? მარტო ბინა, ბინა, კორპუსი, კორპუსი. ბინას გზა, მოწესრიგება და სისუფთავე არ უნდა? თქვენ წვიმაში გამოდით აქ და ნახეთ, როგორი სუნია“, – ამბობს გამვლელი ნანა.

ახალი ბულვარის დასახლებაში მცხოვრებლები წუხან ცუდი სუნის გამო, რაც მათივე თქმით, განსაკუთრებით წვიმის შემდეგ ძლიერდება. ზოგი ამას რიგ უბნებში საკანალიზაციო სისტემის არარსებობას უკავშირებს:

„2 პატარა სახლი რომ იდგა ახლა იქ 25-სართულიანი კორპუსია, ვეღარ უძლებს სისტემა.“

ზოგი სუნს მდინარეს უკავშირებს: „გადახედეთ მდინარეში როგორი წყალია, არავინ, იცის რა ჩაედინება მაგაში.“

მდინარე მეჯინისწყალი ამ დასახლებიდან დაახლოებით 300 მეტრში ზღვას უერთდება

„პრემიუმ კლასი“, „ზღვიდან 100 მეტრში“, „მაღალი ხარისხი“, „კომფორტული გარემო“ – ასე ახასიათებენ მშენებლები საკუთარ კორპუსებს და მის ირგვლივ არსებულ გარემოს გასაყიდი ბინებისა და აპარტამენტების შეთავაზებისას ბათუმის ახალ ბულვართან ახლოს. ირგვლივ არსებული მტვერი, სამშენებლო ნარჩენები და მონგრეული ინფრასტრუქტურა მათი ზრუნვის საგანი არ არის.

გზა ზღვიდან 300 მეტრში, ახალი ბულვარის გასწვრივ, „პრემიუმ კლასის“ ბინებთან ახლოს მზიან ამინდში
ახალაშენებულ კორპუსთან მისასვლელი – ზღვასთან ახლოს
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა

ადგილობრივები წუხან სამშენებლო ნარჩენების გამოც. ეს, მათივე თქმით, სახლებთან ახლოს სპეციფიკურ სუნსაც იწვევს. სამშენებლო ნარჩენებს შეხვდებით ადგილებში, სადაც ე.წ. შავი კარკასის მშენებლობა დაასრულეს და მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე გადავიდნენ. ისეთ ადგილებშიც, სადაც მიწის ნაკვეთები სამშენებლოდ შემოღობეს, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დაუწყიათ.

სამშენებლო ნარჩენები საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს
სამშენებლო ნარჩენები

შეხვდებით სახიფათო ნარჩენებსაც.

სახიფათო ნარჩენები

საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა ამ უბანში აქტუალური პრობლემაა, მიუხედავად ამისა მშენებლები ტექნიკურ წყალს პირდაპირ საკანალიზაციო ჭებში უშვებენ.

ტექნიკური წყალი პირდაპირ საკანალიზაციო ჭაში – ანგისის ქუჩა

პერიოდულად წყლით ივსება აშენებული კარკასების სარდაფები და პარკინგისთვის განკუთვნილი ადგილები.

ახალი ბულვარის მიმდებარე დასახლებაში ხშირად შეხვდებით კუსტარულად მოწყობილ ელექტროგანათების ბოძებს და ღია სადენებს, ბევრ შემთხვევაში მათი ნაწილი ტროტუარზეა დავარდნილი. არავის აქვს პასუხი უსაფრთხოა თუ არა ისინი გამვლელისთვის. თავისუფლად შესაძლებელია ღამით მიმავალმა ადამიანმა ამ სადენებს ფეხი დააბიჯოს. ზოგ შემთხვევაში კი იმდენად დაბალზეა ღია ელექტრომოწყობილობები, რომ თავისუფლად შესაძლებელია ბავშვიც მისწვდეს მათ.

ღია სადენები
ბათუმი ანგისის ქუჩა – ღია სადენები ტროტუარზე
ღია სადენები ტროტუარზე
ღია სადენები და ელექტრომოწყობილობები ანგისის ქუჩაზე

ტროტუარების ავტომანქანებით ათვისების პრობლემა დღის წესრიგში აქაც მწვავედ დგას: „მანქანის გასაჩერებელ ადგილს ვერ იპოვი“. აქ ჩივიან ასევე, რომ ტროტუარები მწყობრიდან გამოსული მანქანების სადგომად აქციეს: „დააყენეს მანქანები წლობით და ადგილი არაა არასდროს.“

ამ ფოტოზე კარგად ჩანს, როგორ აქვთ დაკავებული ტროტუარი გაუმართავ მანქანებს, აქვეა უსინათლოთა ბილიკიც, რომლით სარგებლობასაც უსინათლო რეალურად ვერ შეძლებს.
წარწერა ჭიშკარზე, ზოგან უფრო მკაცრ გამაფრთხილებელ წარწერაც შეხვდებით

ლორთქიფანიძის ქუჩაზე გადავიღეთ კიდევ ერთი ფოტო, რომელიც ყველაზე კარგად აჩვენებს, როგორ ზრუნავს სახელმწიფო უსინათლოთა უფლებებზე.

აქ მთავრდება უსინათლოთა ბილიკი, ან იწყება, არ ვიცით მერიას როგორ ჰქონდა ჩაფიქრებული.
კიდევ ერთი ტროტუარი

ამ ხიდის მოაჯირიც არ არის უსაფრთხო ბავშვებისთვის:

ხიდის მოაჯირი

აქ ამბობენ, რომ მტვერს სატვირთო მანქანების ინტენსიური გადაადგილება და სამშენებლო მასალების ადგილზე მშრალი წესით დამუშავებაც იწვევს. გარდა ამისა, ამ უბანში დღის 4 საათისთვის ნაგვის ურნები უკვე გადავსებული დაგვხვდა:

გადავსებული ურნები
ნარჩენები
თავისუფალი ურნა ფაქტობრივად არ შეგვხვედრია

ინტენსიური სამშენებლო პროცესის პარალელურად აქ შეხვდებით შემორჩენილ მწვანე „კუნძულებსაც“, სადაც ჯერ კიდევ თესავენ მწვანილს, რამდენიმე ოჯახს კი ეზოში ქათმებიც ჰყავს.

მარინა კეთილაძე  – ფოტოზე ჩანს ასევე პატარა ბოსტანი მაღალსართულიანი კორპუსების ეზოში, სადაც მწვანილი დაუთესავთ.

მარინა კეთილაძემ გვითხრა, რომ ახალი განაშენიანება მოსწონს: „გაკეთდა როგორც წესი და რიგია, კანალიზაციაც გაკეთდა. კი, ყველგან ახალია. ადრე ამოდიოდა… არაფერი პრობლემა არ გვაქვს. არც წყალი დგება. სისუფთავეა. მშენებლობების დასრულებას ჩვენ არავინ გვეკითხება, ინვესტორს კითხეთ. თუ გააკეთებს ინვესტორი დასრულება.“

ბათუმის ახალ ბულვართან ახლოს პრესტიჟულ უბანში მცხოვრები ქათმები.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 მაისის 21 საათიდან 24 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 24 – 29 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 1-2 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 25-26 მაისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 978 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
  • ტანკი – 10 841 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 22 575 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 28 165 ერთეული [+43]
  • MLRS – 1 390 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 167 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 36 945 ერთეული [+148]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 49 407 ერთეული [+139]
  • სპეცტექნიკა – 3 895 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 58 360 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 606 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 468 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 563 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 150 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 790 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

  • „თუ სსრკ არ დაიშალა, მაშინ ლოგიკურად, სამართლებრივი თვალსაზრისით, გამოდის, რომ უკრაინის კრიზისი შიდა პროცესია“, – ციტირებს პროპაგანდისტული გამოცემა ტასი პუტინის მრჩეველს:

„ახალი ერეკლე მეფეები ისევ მუხლებზე დაჩოქილები შეეხვეწებიან დედა რუსეთს“ – სიმონიანი საქართველოზე

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა იცვლება თურქეთში მოპოვებული დოკუმენტებით ბათუმელი მედროშის საქმეში?

თურქეთის სხვადასხვა ოფიციალური უწყების, მათ შორის, ორდუს სახელმწიფო პროკურატურის დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ საქართველოდან გაძევების შემთხვევაში, „ბათუმელ მედროშეს“ თურქეთში დაპატიმრება ელის. „ბათუმელებს“ აღნიშნული დოკუმენტები ინფორმირებულმა პირმა მოაწოდა. უფლებადამცველის შეფასებით, ეს დოკუმენტები ახალაღმოჩენილი გარემოებაა და ამის საფუძველზე ხელახლა მიმართავენ ქართულ სასამართლოებს მედროშისთვის ლტოლვილის სტატუსი მინიჭების მოთხოვნით.

დოკუმენტების თანახმად, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, თურქეთის ოფიციალური სამსახურები ამტკიცებენ, რომ თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] ტერორისტულ ორგანიზაცია FETO-სთან დაკავშირებული პირია. ამავე დოკუმენტების მიხედვით, თემურ ქათამაძის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანია „გიულენის ტერორისტულ მოძრაობასთან“ არის კავშირში.

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. თემურ ქათამაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა. ის აქციებზე საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა. თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია და ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.

თემურ ქათამაძეს ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ სასამართლომაც უარი უთხრა ბათუმელს მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზს]. მედროშის ქვეყნიდან გაძევების პროცედურა შსს-მ დაიწყო, თუმცა გაძევების შესახებ გადაწყვეტილებაც გასაჩივრდა და შსს ისევ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

საკუთარი თავის შესახებ ამ დრომდე თემურ ქათამაძემ ამ დოკუმენტების მოპოვება თავად ვერ შეძლო, რადგან მის თურქულ პასპორტს ვადა გაუვიდა, პირადობის მოწმობის საფუძველზე კი, ინფორმაციის მიწოდებაზე თურქეთიდან უარი უთხრეს.

უფლებადამცველ თამთა მიქელაძეს შეფასებით, „ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტები ადასტურებს იმ ეჭვს, რასაც ამ დრომდე აჟღერებდა „ბათუმელი მედროშე“, რომ ის თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდება.

„ეს არის ახლადაღმოჩენილი გარემოება. ჩვენ ამ დოკუმენტებს დავურთავთ სააპელაციო საჩივარს… ასევე, შესაძლებელია ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის ხელახლა მოთხოვნა“, – ამბობს თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია საიასთან ერთად თემურ ქათამაძის ინტერესებს იცავს.

„ეს დოკუმენტები ადასტურებს იმ ეჭვს, რომ თურქეთში თემურ ქათამაძის წინააღმდეგ გამოძიების საფუძველი შეიძლება იყოს მისი კავშირები ფეტულა გიულენის მოძრაობასთან, რომლის წევრიც იგი არასდროს ყოფილა. მას ჰქონდა ახლო კავშირები ამ მოძრაობის წევრებთან საქართველოში.

აქამდე ამ ფაქტს დადგენილად არ მიიჩნევდა შსს-ს მიგრაციის სამსახური. შესაბამისად, სასამართლოსაც ამ საკითხზე არსებითად არ უმსჯელია საქმის განხილვის დროს. ამ ოფიციალური დოკუმენტებით კი დასტურდება, რომ ბატონი თემური თურქეთში მისი დეპორტაციის შემთხვევაში უფლების დარღვევის მსხვერპლი გახდება. არაერთი ანგარიში საუბრობს გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე, პოლიტიკურ დევნაზე თურქეთში.

თემურ ქათამაძეს დეპორტაციას ისე გეგმავდნენ, რომ არ შეუფასებია სახელმწიფოს: რა ტიპის გამოძიება მიმდინარეობდა, რა სამართლებრივი რისკები არსებობდა მის წინააღმდეგ?

გარემოებები, რაზეც საუბარია ამ დოკუმენტებში, არ ნიშნავს იმას, რომ ეს დადასტურდება. თემურ ქათამაძე გამორიცხავს ამ კავშირებს,“ – გვითხრა თამთა მიქელაძემ.

თუ სააპელაციო სასამართლო თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზის] გაძევების პროცესს არ შეაჩერებს და შემდეგ შსს-ს მიგრაციის სამსახური უკვე ახლადაღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე ისევ უარს ეტყვის მედროშეს სტატუსის მინიჭებაზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აპირებს „თემურ ქათამაძის საქმე“ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივროს.

  • რა ხდება?

იმის გამო, რომ საქართველოდან პროევროპული პროტესტის გამო აძევებენ და ლტოლვილის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა.

თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა.

დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

ამ თემაზე:

3 პირს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეს, ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს – მედროშეს აძევებენ

სსრკ იურიდიულად აგრძელებს არსებობას – პუტინის მრჩეველი

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, ანტონ კობიაკოვი ირწმუნება, რომ სსრკ დაიშალა სამართლებრივი პროცედურების დარღვევით. შესაბამისად, იურიდიულად ის აგრძელებს არსებობას.

„სსრკ ხომ სადღაც იურიდიულად ისევ არსებობს და აგრძელებს არსებობას, რასაც დიდი ხანია, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, ამბობენ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან. ამას იმიტომ ამბობენ, რომ დარღვეული იყო სსრკ-ს ე.წ. დაშლის პროცედურა“, – თქვა მან პეტერბურგის საერთაშორისო სამართლებრივი ფორუმის დასკვნით პრესკონფერენციაზე გამოსვლისას.

კობიაკოვის განმარტებით, საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო იმავე დეპუტატთა კონგრესის გადაწყვეტილებით, რომელმაც ის ჩამოაყალიბა.

„თუ სახალხო დეპუტატთა კონგრესმა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც საბჭოთა კავშირის კონგრესი, შექმნა სსრკ 1922 წელს, მაშინ ის უნდა დაშლილიყო იმავე დეპუტატთა კონგრესის გადაწყვეტილებით. ხოლო თუ სამართლებრივი პროცედურა დაირღვა, მაშინ გამოდის, რომ სსრკ იურიდიულად არსებობს, ასე ამბობენ კონსტიტუციური სამართლის ექსპერტები“, – თქვა კობიაკოვმა.

„თუ სსრკ არ დაიშალა, მაშინ ლოგიკურად, სამართლებრივი თვალსაზრისით, გამოდის, რომ უკრაინის კრიზისი შიდა პროცესია“, – ციტირებს პროპაგანდისტული გამოცემა ტასი პუტინის მრჩეველს. კობიაკოვმა დასძინა, რომ „სსრკ-ის დაშლას სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს [კონსტიტუციური სამართლის ექსპერტების მიერ] მიმდინარე მოვლენების გასაგებად“.

მთავარ ფოტოზე: კადრი პეტერბურგის საერთაშორისო სამართლებრივი ფორუმის დასკვნით პრესკონფერენციიდან.

ამავე თემაზე:

„ახალი ერეკლე მეფეები ისევ მუხლებზე დაჩოქილები შეეხვეწებიან დედა რუსეთს“ – სიმონიანი საქართველოზე

 

„ველოდები, რომ დამაკავებენ, გამომკეტავენ“- ზუგდიდელი ქალი აქტივისტი

23 მაისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აქტივისტი ქალების – კერენ ესებუას და მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი გაიმართება. ზუგდიდელ ქალებს „ოცნების“ პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა შეურაცხყოფისთვის უჩივის.

კერენ ესებუა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აქვს მოლოდინი, რომ მას სასამართლო დარბაზშივე დააკავებენ.

„ეს დაკვეთა მოდის კობახიძისგან, პაპუაშვილისგან, ზარქუასთან და პირდაპირ კალაძისგან, რადგან მათ გვითხრეს, რომ დავისჯებით სამაგალითოდ, რომ შემდგომ ვერც ერთმა მოქალაქემ ვეღარ გაბედოს ერთი სიტყვითაც კი შეელაპარაკოს „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს.

მათ ისე ეშინიათ ორი ქალის, რომ ცდილობენ გამოგვკეტონ. ეშინიათ, რომ 26 მაისს, არ ვიყოთ გარეთ. ვერ ვიჯერებ იმას, რომ რომელიმე მოსამართლეს ეყოფა გამბედაობა, რომ ამ დაკვეთის წინააღმდეგ წავიდეს“, -ამბობს კერენ ესებუა.

კერენს შშმ დედა ჰყავს და ფაქტობრივად მხოლოდ ის არის დედის ერთადერთი დამხმარე. მარიამ სიჭინავა კი მარტოხელა დედაა და 10 წლის შვილზე ზრუნავს.

კანონმდებლობის მიხედვით, პროკურატურას უფლება არ აქვს მოითხოვს მარტოხელა დედის პატიმრობა, რადგან ის არასრულწლოვანი შვილის ერთადერთი მეურვეა.

კერენის დედაზე მის გარდა ვერავინ იზრუნებს.

„მე ვარ დედისერთა, არ მყავს და-ძმა, მე გამოვდივარ მისი ერთადერთი მზრუნველი, რადგან მეტი არავინ არ არის. დედას ჰყავს ერთი და, რომელსაც თავისი ოჯახი ჰყავს და ცხოვრობს სხვა ქალაქში“, – ამბობს კერენ ესებუა.

მისი თქმით, თუ მოსამართლე არ გაითვალისწინებს დედამისის მოწყვლადობას, შესაძლოა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს.

„დედას არ შეუძლია გადაადგილება დამოუკიდებლად, შრომისუუნაროა. მისთვის აკრძალულია ნერვიულობა, რადგან თვალზე აქვს გლაუკომა და ნერვიულობა გავლენას ახდენს მის მხედველობაზე.

მისთვის ნებისმიერი სახის ფიზიკური შრომა აკრძალულია, თავის ქვემოთ დიდხანს დაჭერაც არ შეიძლება, აკრძალული აქვს 3 კილომდე ტვირთის აღება. რადგან ჰქონდა ბადურას ჩამოშლა, დღის განმავლობაში მუდმივად იწვეთებს წვეთებს, ეს წამალი კი მისაწოდებელია, რადგან ცხადია, ვერ კითხულობს დედა.

გასაფენი რომ იყოს რაღაც, ვერ გაფენს, ნაგავი რომ იყოს გასატანი, ვერ გაიტანს, გარეთაც კი ვერ გავა ქუჩაში, რაღაც რომ მოხდეს. ნერვიულობის დროს კი საერთოდ ეკარგება მხედველობა“, – ამბობს კერენი.

როგორც კერენ ესებუა ამბობს, წინა სასამართლო სხდომაზე, როცა შსს ითხოვდა მისი და მარიამ სიჭინავას დაპატიმრებას, მოსამართლემ აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინა და ისინი პატიმრობაში არ დატოვა.

„მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მარიამი მარტოხელაა დედაა და მე – დედაზე ერთადერთი მზრუნველი.

ეს წერია სასამართლოს დასკვნაში, რომ ითვალისწინებს დედაჩემის მდგომარეობას და არ გაითვალისწინა თბილისის მოთხოვნა ჩემი პატიმრობაში დატოვების და გამოიყენა ჯარიმა, როგორც სადამსჯელო ფორმა.

შემდეგ აპელაცია შეიტანეს ქუთაისში ამ საქმეზე და ქუთაისმაც დატოვა იგივე გადაწყვეტილება ძალაში. არ მაქვს მოლოდინი, რომ იგივე მოხდება, რაც წინა სასამართლოზე იყო, რადგან ახლა არის პირდაპირი დაკვეთა ჩემი და მარიამის დასჯაზე.

23 მაისის სასამართლო პროცესზე ალბათ ჩემი და მარიამის საქმეებს გააერთიანებენ, რადგან ერთი და იმავე დროს ჩაინიშნა სასამართლო სხდომა და იგივე ეპიზოდზეა ორივე საქმეში საუბარი“, – გვეუბნება კერენ ესებუა.

მისი თქმით, „ოჯახის სიწმინდეზე“ მოლაპარაკე „ოცნება“ რეალურად, ადამიანებს უფლებას არ აძლევს იზრუნონ თავიანთ ოჯახებზე, შვილებზე და დედებზე.

„აღარ აინტერესებთ არაფერი. თან „ოჯახის სიწმინდის“ დღეს აღნიშნავდნენ თურმე და ჩვენ არ გვაძლევენ უფლებას დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრები. ეს არის ღირსების შემლახავი, როცა იხლიჩები ამ ორს შორის – ოჯახი და სამშობლო.

რა, არ უნდა შევასრულოთ სამშობლოს წინაშე მოვალეობა? ან  ოჯახის წინაშე მოვალეობა?

და ხვდები, რომ როცა ასეთი დილემა გაქვს, უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პიროვნულად, ფსიქიკურად დამაზიანებელია, რადგან მშობელს ეხება საქმე და არ იცი საერთოდ რა გელის. ამიტომ კობახიძის, პაპუაშვილის და სხვების განცხადებებს მე განვიხილავ, როგორც დაკვეთას“, – ამბობს კერენი.

კერენის თქმით, მის წინააღმდეგ საქმე დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობის პირის შეურაცხყოფასაც გულისხმობს და ისჯება 4 ათას ლარამდე ჯარიმით ან 45 დღემდე პატიმრობით.

კერენ ესებუამ და მარიამ სიჭინავამ თავადაც მიმართეს სასამართლოს ირაკლი ზარქუას მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, თუმცა როგორც კერენ ესებუა გვეუბნება, მათი საჩივარი ცალკე განიხილება.

„ჩვენი სარჩელიც არის შეტანილი იმაზე, რომ ხელი გამარტყა ირაკლი ზარქუას თანმხლებმა პირმა და გამაგდებინა ტელეფონი ხელიდან, რა დროსაც გატყდა ტელეფონი.

ეს კაცია სოსო ქუხილავა, რომელიც არის სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მეტყევე“, – გვეუბნება კერენი.

კერენ ესებუას სასამართლო პროცესი ხვალ, 23 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.

„რადგან დაურთეს ძველი საქმის მასალებს ის, რომ ჩვენ მაშინ არ გადავიხადეთ ჯარიმები და რადგან უკვე ადმინისტრაციულად სახდელდადებულები ვართ, ალბათ მოითხოვენ პატიმრობას, რადგან მთელი რეპრესიული მანქანა ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს.

თუ მარიამსაც დააპატიმრებენ, ეს იქნება სრული სიგიჟე, რადგან წარმოუდგენელია, თან ოჯახის სიწმინდეზე, თითქოს რაღაც ფასეულობებზე ლაპარაკობდე და თან ეს, მათივე მიღებული კანონებით ვაჭრობდნენ. გეტყვიან, – შენ თუ გინდა, რომ კარგად იყოს დედაშენი ან შენი შვილი, მაშინ არ გამოხვიდე გარეთ, გაჩუმდი. გაშანტაჟებენ.

თუ ჩვენ ახლა დავინახავთ იმას, რომ აღარ აპირებენ ჩემი და მარიამის მდგომარეობის გათვალისწინებას, ეს იქნება პირდაპირი მუქარა და შანტაჟი, რადგან გიწირავენ ოჯახს.

„ოცნებაზე“ საუბრისას, ცხადია, რთულია მორალურ იმპერატივზე ისაუბრო, რადგან მათ არ გააჩნიათ ეს და მათი მთავრობა დაცლილია მორალისგან, იდეოლოგიისგან, დაცლილია სურვილისგან იზრუნონ საკუთარ მოქალაქეებზე და პირველ რიგში, ცხადია, დაგემუქრებიან ყველაზე ძვირფასის გაწირვით – მშობლით და შვილით.

ჩემთვის ასევე ძალიან რთულია წარმოვიდგინო მარიამის 10 წლის ბავშვი, რომელიც დადის სკოლაში, აქვს უამრავი საჭიროება, როგორც აღმზრდელობით, ასევე ჯანმრთელობის და ზრუნვის ნაწილში – ყველგან. დედის თანხმობის გარეშე წამალსაც კი ვერ მისცემენ ბავშვს, რომ დასჭირდეს, ვერავინ ვერ მოაწერს თანხმობაზე ხელს.

და მეც უნდა ვიფიქრო იმაზე, დედა ხომ არ წაიქცა, როგორ გადაადგილდება, თავი ხომ არ დაარტყა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ზარქუამ თავისი ეგო დაიკმაყოფილოს“, – ამბობს კერენ ესებუა.

19 მაისს პროპაგანდისტულმა არხმა POSTV-მ გაავრცელა ვალერი ქოჩიაშვილის ვიდეოს, სადაც ის ამაყად ამბობს, რომ გუშინ, 18 მაისს, ბათუმში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს რესტორანში შეხვდა და აგინა.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა თავად დიპლომატმაც.

თუმცა შს სამინისტროში ამ დრომდე არ პასუხობენ კითხვას, რატომ არ დაიწყო ვალერი ქოჩიაშვილის მიმართ სამართლებრივი რეაგირება.

ჯაფარიძე დარბაზშივე დააპატიმრეს “წულუკიანის კომისიაზე” არ მისვლის გამო

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი” ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლო სხდომის დარბაზშივე დააპატიმრეს. გადაწყვეტილების გამოცხადებისას ის სხდომათა დარბაზში მარტო, ადვოკატების გარეშე იმყოფებოდა, რადგან მისივე თხოვნით მისმა ადვოკატებმა დარბაზი დატოვეს.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა ჯაფარიძის თხოვნა მისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შესახებ და პროცესი დაცვის გარეშე გააგრძელა. ამის შემდეგ მან განიხილა პროკურორების, მარი მეშველიანისა და ნათია თათიაშვილის შუამდგომლობა ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.

მას ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს.

ზურა გირჩი ჯაფარიძე  წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო დააპატიმრეს. მან უარი თქვა, როგორც გირაოს გადახდაზე, ასევე, რეჟიმთან თანამშრომლობაზე.

“ჩემი აღქმა ამ ყველაფრის მიმართ არის ის, რომ რეჟიმი გაიძულებს დაემორჩილო. რეჟიმს შეუძლია მოიგონოს ნებისმიერი სისულელე და გაიძულოს, დაემორჩილო, დაგემუქროს, რომ დაგაპატიმრებს ან სხვა რაღაცას გააკეთებს.

მოაწყვეს რაღაც ცირკი და ახლა გეუბნებიან, რომ ამ ცირკში უნდა მიიღო მონაწილეობა და თუ არ დამემორჩილები, დაგსჯი. ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს, რომ თუ შენ ასეთ რამეში მორჩილებას ავლენ, მერე აღარ გაქვს საკმარისი მორალური უფლება ადამიანებს უთხრა, გავაგრძელოთ ერთად ბრძოლა.

ჩემთვის პრინციპული საკითხია, არ დაემორჩილო ტყუილში და ამით მაგალითი მისცე თუნდაც სხვებს,” – უთხრა ზურაბ ჯაფარიძემ “ბათუმელებს” დაპატიმრებამდე 2 დღით ადრე ჩაწერილ ინტერვიუში.

„ჩემთვის პრინციპულია, არ დაემორჩილო რეჟიმს ტყუილში“ – ინტერვიუ ზურა ჯაფარიძესთან, რომელიც შეიძლება დააპატიმრონ

 

ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორი“ ქობულეთში 1,5 მლნ კუბურ მეტრ მასალას მოიპოვებს ულიცენზიოდ

ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ამჯერად ულიცენზიოდ 1,5 მილიონ კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს ქობულეთის სოფელ კვირიკეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვებს. კომპანიას 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში მხოლოდ 24 თეთრის გადახდა მოუწევს.

ბათუმში კი კომპანია ტროტუარის გასწვრივ ლითონის ღობეს აწყობს, მათ შორის ქალაქის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზეც. აქვს თუ არა შესაბამისი ნებართვა „ამბასადორს“? – ქალაქის მერიიდან პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

ქობულეთში 21,7 ჰექტარ ტერიტორიაზე 1,5 მილიონი კუბური მეტრი წიაღისეულის ულიცენზიოდ მოპოვების უფლება კომპანიას ერთი წლის განმავლობაში ექნება. შესაბამის განკარგულებას „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 6 მაისს მოაწერა.

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 1 500 000 [ერთი მილიონ ხუთასი ათასი] მ3 სასარგებლო წიაღისეული [კვირიკეს ტუფობრექჩიები და ანდეზიტო-ბაზალტები] ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კვირიკეს ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / 21.05.2025

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ამბასადორს“ „ოცნების“ მთავრობა ლიცენზიისგან ათავისუფლებს.

„ამბასადორი“ ნახევარ მილიონ კუბურ მეტრ წიაღისეულს ულიცენზიოდ ქობულეთში, ხალას მიმდებარე ტერიტორიაზეც მოიპოვებს.

ლოდების გადატანა ხელოვნური კუნძულისთვის. ბათუმი, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა / 21.05.2025
ლოდების გადატანა ხელოვნური კუნძულისთვის. ბათუმი, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა / 21.05.2025

ახალი, 6 მაისის განკარგულებით, „ამბასადორმა“ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული მხოლოდ კუნძულის/ნახევარკუნძულის მშენებლობისთვის უნდა გამოიყენოს.

ამასთან, კომპანიამ „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს 365 ათას 217 ლარის გადახდა“.

ანუ, 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში „ამბასადორი“ მხოლოდ 0,243 ლარს ანუ დაახლოებით 24 თეთრს გადაიხდის.

ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / 21.05.2025
ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / 21.05.2025

ახალი განკარგულების მიხედვით, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ, ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე, წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა უნდა განახორციელოს მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ.

„ამბასადორმა“ კი, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / 21.05.2025

„ამბასადორი“ ზღვაში ხელოვნურად შექმნილი ნახევარკუნძულის გარკვეულ ნაწილზე ცათამბჯენების მშენებლობას იწყებს, რის გამოც საპროექტო ტერიტორიას უკვე ღობავს.

ბათუმში „ხელოვნური კუნძულის“ მასშტაბური პროექტი ისე ხორციელდება, რომ ქალაქს ამ დრომდე გენგეგმა არ აქვს.

„ამბასადორი“ არა მხოლოდ მასზე გადაცემულ თუ ხელოვნურად შექმნილ ნაკვეთებს, არამედ იმ ტერიტორიასაც ღობავს, რომელიც ამ დრომდე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და რეესტრის ბოლო ამონაწერით ის არც გასხვისებულია და არც იჯარითაა გადაცემული. ანუ, „ამბასადორი“ ლითონის ღობეს ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ, ქალაქის კუთვნილ ნაკვეთზე აწყობს.

„ბათუმელები“ დაინტერესდა რამდენად კანონიერად ღობავს ტერიტორიას კერძო კომპანია? აქვს თუ არა მას შესაბამისი ნებართვა და რა უფლებით, რის საფუძველზე სარგებლობს მუნიციპალურ ქონებას?

ჩვენს კითხვებზე ბათუმის მერიიდან პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ. მუნიციპალური ინსპექციიდან კი მოგვწერეს: „ნებართვის გამცემი ორგანო არ ვართ… სხვა დამატებითი ინფორმაცია უნდა გამოითხოვოთ ოფიციალურად“.

ბათუმის მერიიდან და მუნიციპალური ინსპექციიდან აღნიშნულ საკითხზე „დამატებით ინფორმაციას“, მიღების შემთხვევაში, აქვე შემოგთავაზებთ.

ტროტუარის გასწვრივ ნაკვეთი [ქვის მოაჯირიდან ზღვის მიმართულებით „ამბასადორზე“ გადაცემული ტერიტორიის საზღვრამდე] სადაც ადრე ბარცხანის პლაჟი იყო, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. კომპანია ამ ტერიტორიას ლითონის კონსტრუქციით ღობავს / 21.05.2025
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზეა მრავალწლოვანი ხეებიც. ეს ხეები მოსაჭრელად უკვე დანომრილია. ტროტუარს და ნარგავებს შორის „ამბასადორს“ უკვე ლითონის ღობე აქვს მოწყობილი.

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო „ამბასადორმა“ ეს ხეები მოსაჭრელად დანომრა, ტერიტორია კი უკვე შემოღობა / 21.05.2025

ამ თემაზე:

ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

ცრუ მოწმე პოლიციელი, ვლადიმერ ჩიტაია მზია ამაღლობელის საქმეში – „მე არაფრის მეშინია“

პროკურატურის მიერ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ჩახსნილი მოწმე – პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაია არ პასუხობს შეკითხვას, რომელზეც მას სასამართლოში უნდა გაეცა პასუხი. ეს ის პოლიციელია, რომელმაც გურიის პოლიციის უფროსს უპატაკა, ჩემი ინფორმაციით, მზია ამაღლობელი „იღებდა ინსტრუქციებს“ და „თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი“.

ამ პატაკის საფუძველზე მზია ამაღლობელის პირადი მობილური ტელეფონი გახსნეს, თუმცა საბოლოოდ პროკურატურას თავდასხმის წინასწარ განზრახვის ვერსია აღარ გაუჟღერებია. დეტექტივ-გამომძიებელი ვლადიმერ ჩიტაია პროკურატურის ერთადერთი მოწმე იყო, რომელმაც თავდასხმის წინასწარ განზრახვის ვერსია გააჟღერა, თუმცა მის ჩვენებაზე პროკურატურამ უარი თქვა.

კონკრეტულად რა ინფორმაცია ჰქონდა ვლადიმერ ჩიტაიას და ვისგან მიიღო ეს ინფორმაცია? – „ტვ პირველმა“ ოზურგეთის ერთ-ერთ კაფეში მიაგნო პროკურატურის მიერ ჩახსნილ მოწმეს, თუმცა ჩიტაიამ კითხვაზე პასუხის გაცემას გაქცევა არჩია.

„ეგ არის ოპერატიული ინფორმაცია… ეგ არის პირადი კონტაქტი. რაზე დამდევთ ახლა? მე არაფრის არ მეშინია, ყველაფერი სასამართლოშია,“ – უთხრა ვლადიმერ ჩიტაიამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი „მზია ამაღლობელის საქმეში“ 2025 წლის 15 თებერვალს ჩნდება. „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც მზია ამაღლობელი თავდასხმამდე მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს…,“ – ეწერა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, სერგი ჟღენტის მიმართ მომზადებულ პატაკში.

16 მაისის სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ თავისი 8 მოწმის, მათ შორის, ვლადიმერ ჩიტაიას დაკითხვაზე უარი თქვა.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

წინა სხდომაზე, 8 მაისს, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკითხეს. ის ამ საქმეში სილის გაწვნის გამო დაზარალებულად არის ცნობილი. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლესაც უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.

მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის.

„სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,” – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.

ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი არ დაუდგენია. ამ შემთხვევის გარდა, ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა. მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს – 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა. გრიგოლ ბესელია ამჯერად უკვე კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ამჯერად მზია ამაღლობელს ისევ სტიკერის გაკვრის გამო შსს ახალი მუხლით ედავებ. ამ ადმინისტრაციულ საქმეს მოსამართლე მარიანა ფომაევა 9 ივნისს განიხილავს.

მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე შეტანილია ევროსასამართლოში.

ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწვნა არ იწვევს ტანჯვას – ექსმოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე

ზუგდიდელი არტისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო კვლავ დააჯარიმეს

ზუგდიდელი არტისტი და აქტივისტი როსტევან ზარანდია [როსტო], მზია ამაღლობელის სტენსილის გამო მეორედ დააჯარიმეს. საქმე ეხება მზია ამაღლობელის სტენსილს წარწერით – „თავისუფლება“, რომელიც არტისტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის კედელზე შეასრულა. 

დადგენილებაში, რომელიც როსტევან ზარანდიას დღეს, 22 მაისს ჩაბარდა წერია, რომ სასამართლომ იგი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს „თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას“ განმეორებით და აკისრებს ჯარიმის გადახდას 3000 ლარის ოდენობით.

იმავე ადგილას იმავე სტენსილის გამო აქტივისტი პირველად 17 თებერვალს 2000 ლარით დააჯარიმეს.

როსტო ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

დღესვე აქტივისტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კიდევ ერთი ოქმი ჩააბარეს, რომლითაც კვლავ პროკურატურის კედელზე გაკეთებული, მზია ამაღლობელის სტენსილის გამო უჩივიან.

როსტევან ზარანდია წლებია ხატავს და მისი სხვა სტენსილები დღემდე ხელუხლებელია ზუგდიდის შენობების კედლებზე, თუმცა ნამუშევრებს, რომლებიც საპროტესტო შინაარსისაა – შლიან.

როსტო ამბობს, რომ სტენსილი კუთხსახეხით გადახეხეს, ნაცვლად იმისა, რომ წყლის ჭავლით გადაერეცხათ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შენობის იერსახე არ არის მათი ზრუნვის საგანი, არამედ თავად სტენსილის შინაარსი.

ამავე თემაზე:

ზუგდიდელ აქტივისტს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო აჯარიმებენ

„10 ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან“ – ლადო აფხაზავა

„ათი ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან, დამთავრდებიან ძალიან მალე. დეპრესიაში ჩავარდებით მეგობრებო და აბა, თქვენ იცით“- ასე გამოეხმაურა ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში, ახალი რუსული კანონის, ე.წ „ფარას“ ამოქმედებას, რომელიც 1 ივნისიდან შედის ძალაში.

ახალი კანონი, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება ამერიკული „ფარას“ ანალოგს ეძახის, რეპრესიების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, კანონი არა მარტო თავისუფალ მედიას და სამოქალაქო სექტორს ემუქრება გაქრობით, კონტროლს აწესებს სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლებაზეც.

„ცხვირ-პირს გვილეწავდნენ და არავინ დაუპატიმრებიათ, არავის პასუხი არ უგია. სიძულვილის ენის ტირაჟირება ამათი ხელისუფლების დროს მოხდა, ქარხანა-ფაბრიკები აქვთ ტროლების და ბოტების და მე ერთი, ელემენტარული საყვედური არ შემიძლია დავწერო?

ნუ შემოვა და ნუ წაიკითხავს.

ვერ იზამენ მაგას. ხალხს იმხელა შინაგანი თავისუფლება აქვს უკვე, რაჟდენ კუპრაშვილი კი არა, ათი ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან.

ძალიან კარგია, განახორციელონ ტერორი, დაიწყონ ეგ „ფარაც“, კიდევ მიიღონ საშინელი კანონები და მათ მოუბრუნდებათ უკან. როგორც პირველი რუსული კანონი ვერ განახორციელეს და არაფერი აქვთ ხელში, ასევე ჩაეფუშებათ ეს „ფარაც“.

ახლა „ოცნების“ ხელისუფლებას კვდომის მესამე ეტაპი აქვს. ცდილობდნენ ვიღაცისგან მაინც მიეღოთ აღიარება, მაგრამ ვერ მიიღეს.

მზია ამაღლობელი რატომ ჰყავთ გამოკეტილი? „ბათუმელები“ რომ მიხვიდეთ და შეევედროთ – „ბატონო პრემიერო გვიშველე“, „გვერდში დაგვიდექით…“ არავინ არ მივიდა „ბათუმელებიდან“, ხომ?!

იბარებენ ადამიანებს წულუკიანის კომისიებზე და ვერც აქედან მიიღეს ვერაფერი, ეჭიდებიან ხავსს, მაგრამ ვერც ამერიკისგან მიიღეს ვერაფერი. რუბიომ თქვა, რომ ანტიამერიკული ძალაა „ოცნებაო“.

ამის შემდეგ უკვე დაეწყებათ დეპრესია და ასე დამთავრდებიან“ – ამბობს ლადო აფხაზავა.

მისი თქმით, ვერც ძველი და ვერც ახალი რუსული კანონებით „ოცნება“ ქართულ საზოგადოებას ვერ შეაშინებს.

„ქვეყანას ვინც დატოვებს, ამას ძალიან მალე ვნახავთ, რადგან ჩვენ არავინ ვაპირებთ საქართველოს დატოვებას.

აქ არის ჩემი მშობლების, ჩემი წინაპრების საფლავები და ჩვენ არ ვაპირებთ წასვლას ვიღაც ერთი კაცის, ერთი ბიძინას გულისთვის“ -ამბობს ლადო აფხაზავა.

მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი 30 მაისისთვის გადაიდო

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 მაისს, 13:00 საათზე განახლდება. სასამართლო პროცესი თავდაპირველად 29 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა 1 დღით, 30 მაისისთვის გადადეს. 

იმის გამო, რომ პროკურატურამ თავისი მოწმეების დაკითხვაზე უარი განაცხადა და 8 მოწმე საქმიდან მოხსნა, 30 მაისის პროცესზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა დაიწყება.

  • მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

8 მაისს, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკითხეს. ის ამ საქმეში სილის გაწვნის გამო დაზარალებულად არის ცნობილი. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლესაც უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.

მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის.

„სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,” – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.

ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი არ დაუდგენია. ამ შემთხვევის გარდა, ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა. მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს – 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა. გრიგოლ ბესელია ამჯერად უკვე კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ამჯერად მზია ამაღლობელს ისევ სტიკერის გაკვრის გამო შსს ახალი მუხლით ედავებ. ამ ადმინისტრაციულ საქმეს მოსამართლე მარიანა ფომაევა 9 ივნისს განიხილავს.

მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე შეტანილია ევროსასამართლოში.

„ბრიტანეთის პრემიერმა ალბათ იმიტომ არ აწია თავი, რომ ეზიზღებოდა მისკენ [კობახიძისკენ] გამოხედვა“ – ინტერვიუ

„ივანიშვილი ამტკიცებს, კონსოლიდაციას ახდენს ამ რეჟიმის. თუმცა ვიცით, რომ „ოცნების“ ელექტორატი ბევრად ნაკლებია, ვიდრე საპროტესტო ელექტორატი. საპროტესტო ელექტორატს სჭირდება გამოღვიძება – როდესაც ადამიანი არის საპროტესტო ელექტორატში, მაგრამ ზის სახლში, იქ გამოხატავს უკმაყოფილებას, ამით არანაირ გავლენას არ ახდენს პოლიტიკურ პროცესზე,“ – ამბობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი.

„მთავრობა უნდა დაუბრუნდეს ევროპულ კურსს“ – აცხადებს ევროკომისარი გაფართოების საკითხში მარტა კოსი. რა გზავნილი აქვს ევროკომისარს „ოცნებისთვის“ და რა რესურსი რჩება „ოცნებას“, რომ მისთვის მისაღებ ფორმატში ევროკავშირი თანამშრომლობაზე დაიყოლიოს?

„ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო კახა, თქვენი დაკვირვებით, რა დატვირთვა აქვს ევროპელი ლიდერების განცხადებებს „ქართული ოცნებისთვის“? ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსიმ საქართველოსთან დაკავშირებით თქვა: „მთავრობა უნდა დაუბრუნდეს ევროპულ კურსს, წინააღმდეგ შემთხვევაში წინსვლას ვერ შევძლებთ. ქართველ ხალხს მოვუწოდებთ იყოს მტკიცედ, იბრძოლოს ევროპული ღირებულებების დასაცავად. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს“. ევროკომისრის ამ განცხადების შემდეგ რაჟდენ კუპრაშვილმა ისიც კი თქვა, რომ „ოცნების ფარა“ ჯილდოსაც ეხება. 

ცხადია, „ქართული ოცნება“ ვერაფერს ვერ გაიგებს – მან დაიხშო ყურები და არ უსმენს არანაირ განცხადებას.

არც კოსის და ევროკომისიაში არც არავის დარჩა ილუზია, რომ მათ განცხადებას აქ ვინმე შეისმენს. მარტა კოსის ეს განცხადება არის ფაქტის კონსტატაცია და არა მოწოდება. ის ხსნის იმ მიზეზს, რატომაც შეჩერდება საქართველოსთან ურთიერთობა.

აღარანაირი მოლოდინი აღარ არის, რომ „ქართული ოცნება“ რაიმეს შეცვლის.

  • რა შემთხვევაში შეიძლება ევროკავშირი გაჰყვეს „ქართულ ოცნებას“ მისთვის მისაღები ურთიერთობის ფორმატზე, ანუ თანამშრომლობა დემოკრატიის დაცვის გარეშე? 

ევროკავშირისთვის ახალი არ არის ავტორიტარულ ქვეყნებთან ურთიერთობა. მაგალითად, აზერბაიჯანში ან შუა აზიაში დემოკრატიის განვითარების პრაქტიკულად არ ახორციელებს ევროკავშირი, მაგრამ, სამაგიეროდ ამ ქვეყნებთან აქვს ეკონომიკური ურთიერთობები, გააჩნია გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური მიზნები, რომელსაც ევროკავშირი არ უგულებელყოფს.

საბოლოო ჯამში, საქართველოსთან შეიძლება აღარ მიაქციონ ყურადღება, როგორი მთავრობა ჰყავს საქართველოს და ამ ქვეყნის გადემოკრატიულების, გაკეთილშობილების მიზანი პრაქტიკულად მიატოვონ, როგორც უპერსპექტივო მიზანი, მაგრამ ისინი არ მიატოვებენ გეოპოლიტიკურ მიზანს: საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის, მნიშვნელოვანია ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად, იგივე შუა აზიასთან დერეფნის კუთხით და ასე შემდეგ.

შესაძლოა, ევროკავშირს ეს საგარეო პოლიტიკური მიზანი დარჩეს საქართველოსთან მიმართებით, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოსთან იგივე პოლიტიკის გატარება, რაც ევროკავშირს აქვს, მაგალითად, აზერბაიჯანთან – ორმხრივად სასარგებლო ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, პოლიტიკურიც, თუმცა უფრო უსაფრთხოების მიზნით – მარტივი არ იქნება. ეს არ იქნება მარტივი, რადგან საქართველო უკვე ევროკავშირის გაფართოების ამბიციის ობიექტია.

  • საქართველოს აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუ პროტესტის ჩახშობა შეძლო ივანიშვილმა, ეს ფაქტორი მაინც იქნება ანგარიშგასაწევი ევროკავშირისთვის? 

თავისთავად, როცა ხარ კანდიდატი ქვეყანა და ევროკავშირს აქვს გაფართოების ამბიცია, ამის დაქვეითება და ურთიერთობის სხვა რეჟიმში გადასვლა ნიშნავს ევროკავშირის ამბიციის დამარცხებას. გამოვა, რომ ევროკავშირმა სცადა ამ რეგიონში გაფართოება, სცადა ქვეყნის ტრანსფორმაცია და შემდეგ მისი ინტეგრაცია, მაგრამ ეს არ გამოუვიდა და გადადის სხვა ურთიერთობაზე.

თუ არაფერი გამოვიდა, მაინც ასე მოუწევს [ევროკავშირს], მაგრამ ეს დააზიანებს ევროკავშირის იმიჯს.

ამიტომაც, ევროკავშირი ბოლომდე შეეცდება, რომ საქართველო დააბრუნოს იმ გზაზე, რომელზეც იდგა, მით უმეტეს, რომ შიდა რესურსი საქართველოში არსებობს – ხალხის 80 %-ის მონდომება და სურვილი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

  • რაზე ამყარებს ამ დროს იმედს ივანიშვილი? დღეს „ოცნების“ პრემიერი ამბობდა, ისე ვისაუბრე ალბანეთში უსამართლო დამოკიდებულებაზე, ბრიტანეთის პრემიერს თავი არ აუწევიაო. 

ეს მოუყვეს კობახიძემ „ოცნების“ თვალდახუჭულ მომხრეებს. ალბათ იმიტომ არ აწია თავი, რომ უბრალოდ ეზიზღებოდა მისკენ გამოხედვა, როცა ამდენ ტყუილს ისმენდა. ძალიან კარგად იცის ყველამ, რაც ხდება საქართველოში.

„ოცნებას“ დიდი ხანია ეს გეგმა შემუშავებული აქვს. „ოცნება“ დიდი ხანია ცდილობს, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება შეიცვალოს და საერთოდ დაივიწყოს საქართველოს მიმართ ამბიცია, დაივიწყოს ის, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანებაა, ნატოში გაწევრიანება და შეხედოს საქართველოს, როგორც აზერბაიჯანს, უბრალოდ რაღაც ქვეყანას, რომელსაც გააჩნია გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა.

„ქართულ ოცნებას“ სჭირდება საქართველომ დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი ჩამოიშოროს, ის უნდა გადაიქცეს ქვეყნად, როგორიც არის ამ რეგიონის საშუალო ქვეყანა – შუა აზიის სახელმწიფოები, რბილი ავტორიტარიზმის სახელმწიფო.

„ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ ევროკავშირმა გააცნობიეროს: საქართველო ეს არის რბილი ავტორიტარიზმის ქვეყანა და არავითარი შანსი, ის გადააქციო მოწინავე დემოკრატიულ სახელმწიფოდ და გააწევრიანო ევროკავშირში, არ არსებობს.

ამიტომაც, „ოცნების“ გზავნილი ევროკავშირთან არის ის, რომ ევროკავშირმა დროულად უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით და შევიდეს, რაც დიალოგში, მართალია, არალეგიტიმურ, მაგრამ მთავრობასთან, რომელიც ფაქტობრივად მართავს ქვეყანას და დაამყაროს მასთან სხვადასხვა სახის ურთიერთობა: ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა სახის.

  • ამ გადასახედიდან რამდენად დიდია შანსი, ივანიშვილის ეს ოცნება აუსრულდეს? 

სწორედ ამას დაეთმო მარტა კოსის გამოსვლის მეორე ნაწილი, მისი რემარკი, როცა მან მიმართა ქართველ ხალს, ჩვენ დამოკიდებული ვართ თქვენზეო. ევროკავშირი ვერ გადაარჩენს საქართველოს, თუ ხალხი დანებდა, თუ ხალხმა მიიღო დიქტატურა, როგორც ეს მოხდა აზერბაიჯანში.

თუ ასე მოხდა, მაშინ ევროკავშირი ვერ გადაარჩენს საქართველოს.

მაგრამ თუ ხალხი არ დანებდა, მაშინ ჩვენ თქვენთან ვართო – ევროკავშირი მზადაა, აღმოგვიჩინოს დახმარება, რაც შესაძლებელია. მას, ცხადია, არ შეუძლია ჩაერიოს ქვეყნის სუვერენიტეტში. ბევრს კი აბრალებს ამ კუთხით „ოცნება“, მაგრამ აბსოლუტურად უაპელაციოდ – ევროკავშირს არ შეუძლია ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში, მაგრამ შეუძლია აღმოუჩინონ მაქსიმალური მხარდაჭერაა, ხალხს მისცენ იმის პირობა, რომ როგორც კი დემოკრატია საქართველოში კვლავ დამყარდება, ისინი სწრაფად შეუდგებიან საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

ამ შემთხვევაში საქართველოს დაუბრუნდება ის ფინანსური დახმარება, ბერკეტები, რომელსაც ევროკავშირი იყენებდა.

ევროკავშირი შეეცდება განაგრძოს, როგორც თავისუფალი მედიის, ისე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. რაჟდენ კუპრაშვილის დღევანდელი გამოსვლა კი აჩვენებს იმას, რომ „ოცნებას“ სურს ყველა ამ არხის გადაკეტვა, საიდანაც შეიძლება დაფინანსდეს სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია.

ამიტომაც, რჩება ხალხის ნება და მისი ძალა. თუ ხალხს შესწევს ძალა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გადაარჩინოს დემოკრატია ქვეყანაში, მაშინ ევროკავშირი დაუდგება მას ძალიან მყარად გვერდით. თუ ხალხს არ ექნება ეს და ამაზეა საუბარი სწორედ, რომ ხალხის იმედი გვაქვსო, ანუ ხალხი ვერ დადგება მედგრად, მაშინ ევროკავშირი ვერაფერს შეცვლის.

  • უკვე 175 დღეა უწყვეტად გრძელდება აქციები. მეტი რა შეუძლია საზოგადოებას? 

მგონია, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამაც, უბრალოდ საპროტესტო ელექტორატმა უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ გამოგლიჯონ „ქართულ ოცნებას“ იმდენი ბერკეტი, რამდენიც შესაძლებელია. ჩემი აზრით, ამ კონტექსტში ცოტა სერიოზულად უნდა მიუდგნენ ადგილობრივი არჩევნების თემას და არ დაიშურონ ძალისხმევა იმისთვის, რომ გამოიყენონ არჩევნები რაღაც გარკვეული ძალაუფლების ბერკეტების ხელიდან გამოსაცლელად.

ეს უნდა გააკეთონ პარტიებმა საპროტესტო ელექტორატთან ერთად, პროტესტის ფონზე. პროტესტი უნდა იყოს მიმართული სწორედ ადგილობრივი არჩევნების სწორად ჩატარების მოთხოვნით.

  • არჩევნებში მონაწილეობის საწინააღმდეგო სახელდება სხვადასხვა არგუმენტი. მთავარი არგუმენტი ისაა, რომ დიქტატურა არჩევნებს არ ცნობს. რატომ ღირს თქვენი აზრით არჩევნებში მონაწილეობა? 

ჩვენ დიქტატურისკენ მივდივართ, მაგრამ ჯერჯერობით არჩევნებში მონაწილეობა შესაძლებელია. მართალია, „ოცნებას“ გამოცხადებული აქვს პარტიების აკრძალვა, მაგრამ სანამ არ აკრძალეს და ვერ აკრძალეს, შენ თვითონ პოლიტიკური პროცესი არ უნდა ჩაახშო. თუ ოპოზიცია ამბობს უარს, რომ არ აქვს აზრი და არ მივიღებ მონაწილეობას, პრაქტიკულად ის ხურავს პოლიტიკურ პროცესს და იტოვებს მხოლოდ ქუჩის პროტესტის გზას, რაც ნაკლები შესაძლებლობაა გამარჯვებისთვის.

ვფიქრობ, არ უნდა იქნას ხელაღებით გადაგდებული ადგილობრივი არჩევნების შანსი. თუ შესაძლებელია, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტი მაინც მოიგო, მაგალითად, თბილისი, ბათუმი, რუსთავი. ქუთაისიც შეიძლება მოიგო, თუ ძალიან მოინდომებ. წინა არჩევნები შესაძლოა „ოცნებამ“ მოიგო, მაგრამ მას შემდეგ „ოცნების“ დისკრედიტაცია კიდევ უფრო მეტად მოხდა.

იმ მიზეზით, რომ აზრი არ აქვს და მაინც გააყალბებენ, არ უნდა თქვას ოპოზიციამ უარი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. ოპოზიცია უნდა სცადოს, რომ პროტესტის შენარჩუნდეს ამ ადგილობრივი არჩევნების გარშემო და არა ეფემერული, საპარლამენტო, ახალი არჩევნების გამო, რომელსაც ნამდვილად ვიცით, რომ არ დანიშნავს „ქართული ოცნება“, ვიდრე არ დაეცემა ბოლომდე. ვერც ვერავინ აიძულებს „ოცნებას“ დანიშნოს არჩევნები.

  • ახერხებს ივანიშვილი ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას, თუ ჩანს დასუსტების ნიშნები? 

ის ამტკიცებს, კონსოლიდაციას ახდენს ამ რეჟიმის, თუმცა ვიცით, რომ „ოცნების“ ელექტორატი ბევრად ნაკლებია, ვიდრე საპროტესტო ელექტორატი.

თუმცა საპროტესტო ელექტორატს სჭირდება გამოღვიძება – როდესაც ადამიანი არის საპროტესტო ელექტორატში, მაგრამ ზის სახლში, იქ გამოხატავს უკმაყოფილებას, ამით არანაირ გავლენას არ ახდენს პოლიტიკურ პროცესზე. ეს საპროტესტო ელექტორატი უნდა გამოიყვანო ქუჩაში და როგორ გამოიყვან, თუ მას არ მისცემ ხელშესახებ მიზანს ახლო მომავალში? დღეს ეუბნები, რომ გამოდი, დღე და ღამე იდექი ქუჩაში, რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, მაგრამ ამდენი დღის განმავლობაში ხალხი დარწმუნდა, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებს „ოცნება“ არ ნიშნავს და ვერ დაანიშვნინებ, რადგან „ოცნებას“ ჰყავს გაწვრთნილი პოლიცია, სამხედრო ძალა, სასამართლო, ფული, ვერ არყევ მის ძალაუფლებას ასეთი პროტესტით.

ამიტომაც, საპროტესტო ხალხს უნდა უთხრა: მოდი, ვცადოთ ბედი ადგილობრივ არჩევნებში და წავართვათ ის, რის შესაძლებლობაც გვაქვს. რა თქმა უნდა, აქ ყველა ფორმით შეიძლება შეგზღუდონ, არჩევნებიც გააყალბონ და დაკარგო ხმები, მაგრამ ეს ყველაფერი გამოაცოცხლებს საპროტესტო ელექტორატს.

მე მგონია ეს ერთადერთი საშუალება, რომ პოლიტიკური პროცესის გარშემო მოხდეს პარტიების გაძლიერება და მათი კონსოლიდაცია. ამ დროს შესაძლებელია სხვა მოთხოვნების გაცოცხლება, მათ შორის, პარტიული დაფინანსების მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს უსამართლოდ წაართვეს. ვინც გადალახა ბარიერი, მას ეკუთვნის დაფინანსება, მიუხედავად იმისა, შევიდა თუ არა პარლამენტში. რა უფლებით მიიღეს ეს დისკრიმინაციული კანონი? ეს ხომ აშკარად დარღვევაა ყველანაირი დემოკრატიის? მაგრამ რცხვენიათ ამის გაპროტესტება. სინამდვილეში ეს არის ხალხის ფული და უნდა მოხმარდეს ხალხის მიზნებს.

პოლიტიკური პარტიების დემორალიზება ხდება და მათაც ეშინიათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის. მათ მეტი გონიერება უნდა გამოიჩინონ ამ კონტექსტში და არ უნდა აჰყვნენ არარაციონალურ მოთხოვნებს, რომლებიც კონტრპროდუქტიულია მათი გამარჯვებისთვის და მთლიანად დემოკრატიის გამარჯვებისთვის ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ასევე შესაძლებლობა, ევროპელი პარტნიორები დააბრუნო პოლიტიკურ პროცესში არჩევნების გარშემო. თუ პროტესტის მოთხოვნები დაუკავშირდება ადგილობრივ არჩევნებს, აქ შეიძლება ჩაერთოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რეგიონთა საბჭო და ბევრი სხვა ორგანიზაცია.

გერმანიის ელჩი ბათუმში თავდასხმის დეტალებს იხსენებს – „მადლიერი ვარ სოლიდარობისთვის“

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ბათუმში თავდასხმის დეტალებს იხსენებს „tv პირველთან“.

„ბათუმში ჩვენ თევზის ბაზრის სიახლოვეს გადავადგილდებოდით. მოულოდნელად ვიღაც ბიჭი გამოჩნდა და ყვირილი დამიწყო. ჩვენ ქართველებთან ერთად ვიყავით, მათ უთხრეს, რომ გაჩუმებულიყო და წასულიყო.

ქართველების გვერდით დგომამ ძალიან გამახარა, მას არავინ შეუერთდა და ექვსმა-შვიდმა ადამიანმა უთხრა, რომ ადგილი დაეტოვებინა და ისიც წავიდა.

მე მადლიერი ვარ სოლიდარობის მესიჯებისთვის, ასეთი ინციდენტები გავლენას ვერ მოახდენს საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობაზე.

უნდა ითქვას, რომ ჩვენი მეგობრობა ახლა პრობლემურია, მაგრამ ჩვენი მეგობრობის შემოთავაზება ძალაშია.

მინდა ვთქვა, რომ პარტნიორობას ორი მხარე სჭირდება. ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია, ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირის წევრობას. 20 წელია კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს და ჩვენ ამის გაგრძელება გვინდა“ – განაცხადა პეტერ ფიშერმა. / tv-პირველის თარგმანი.

გერმანიის ელჩი ბათუმში რამდენიმე დღით იმყოფებოდა. ის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდა და ასევე, ბათუმში შეხვდა მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

პროპაგანდისტულმა არხმა POSTV- მ გაავრცელა ვალერი ქოჩიაშვილის ვიდეო, სადაც ის ამაყად ამბობს, რომ 18 მაისს, ბათუმში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს შეხვდა და აგინა.

ინციდენტს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა ამ ინციდენტით არა მარტო ელჩს, არამედ საქართველოსაც მიაყენა შეურაცხყოფა.

„ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და რომლის როლი იყო გადამწყვეტი იმ დროს, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში შესასვლელად. გერმანიის გარეშე არ არსებობს ინტეგრაციის პროცესი“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე:

„სადაც არ წავედი საქართველოში, ხალხი მეუბნება: გვინდა, ჩვენს პასპორტზე ეწეროს – European Union, Georgia“ | ინტერვიუ

საია „უცხოეთის აგენტების აქტს“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა.

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ამ კანონის ამოქმედება აყენებს მყისიერ საფრთხეს ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის, რადგან ეს ორგანიზაციები და ინდივიდები შესაძლოა უსაფუძვლოდ მოაქციონ კანონის რეგულირების ფარგლებში.

შესაბამისად, არსებობს იმის აუცილებელი პირობა, რომ ეს სარჩელი განხილული იყოს სწრაფად და საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმები. სწორედ ამ მოთხოვნით არის წარდგენილი ეს სარჩელი“ – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ დღეს, 22 მაისს, ბრიფინგზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თითქოს ეს კანონი არის ამერიკული „ფარას“ პირდაპირი თარგმანი, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ კანონის პირდაპირი თარგმნა არ ნიშნავს იმას, რომ ის ანალოგიურად გამოიყენება სხვა სივრცეში, სხვა სამართლებრივ სისტემაში და სხვა პოლიტიკურ კონტექსტში.

„აშშ-ში ანალოგიური კანონი ასე არ მოქმედებს, იქ კანონი არ ებრძვის დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, ინდივიდებს, რომლებიც საკუთარი ორგანიზაციული საქმიანობიდან გამომდინარე მოიპოვებენ დაფინანსებას და საკუთარი დამოუკიდებელი საქმიანობის ფარგლებში განკარგავენ მას.

იმ პოლიტიკურ კონტექსტში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, აშკარაა ის მიზანი, რომელიც ამოძრავებს ქართულ ოცნებას, რომ სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები შეზღუდონ სხვადასხვა ფორმით და ამ კანონის მიღებაც ამას ემსახურება.

ამ კანონის ბუნდოვანი შინაარსი, ასევ, განუჭვრეტელი ძალაუფლების მინიჭება ანტიკორუფციული ბიუროსათვის, აჩენს იმის რისკებს, რომ ეს კანონი გამოყენებული იქნება რეპრესიულად“- ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია ეს კანონი შეაჩეროს, მისი მოქმედება შეაჩეროს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მაღალ ნდობას იმსახურებს და აუცილებლად დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენთვის მონიჭებული კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე.

ამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქროთ მათ მთავარ მისიაზე, რომ მათ პირველ რიგში უნდა დაიცვან კონსტიტუცია და ამ საქმის განხილვით და დაკმაყოფილებით მათ შეუძლიათ ეს მისია შეასრულონ“ – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 977 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870]
  • ტანკი – 10 839 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 22 574 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 28 122 ერთეული [+32]
  • MLRS – 1 388 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 167 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 36 797 ერთეული [+105]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 49 268 ერთეული [+99]
  • სპეცტექნიკა – 3 895 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 58 043 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 441 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 563 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 115 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 747 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს – დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც ტრამპმა მის სოციალურ ქსელში, TruthSocial-ში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება:

ტრამპი პუტინთან საუბარზე: სულისკვეთება შესანიშნავი იყო, რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მზიას მხრიდან სილის გაწვნა იყო რეაქცია შეურაცხყოფაზე – თამთა მელაშვილი

რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს? თქვენი აზრით, რატომაა მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი და მისი უკანონო პატიმრობით, რისი მცდელობა აქვს რეჟიმს? – ამ კითხვებზე საკუთარი მოსაზრების გაზიარება „ბათუმელებმა“ სთხოვა მწერალ თამთა მელაშვილს.

თამთა მელაშვილი: „ქართულ კულტურაშიც და ყველა კულტურაშიც, მეტ-ნაკლებად ყველა კონტექსტში, ქალისგან კაცის სილის გაწვნა, მე მგონია, რომ ერთნაირად იკითხება. როგორც წესი, ესაა რეაქცია შეურაცხყოფაზე და იმაზე მიუთითებს, რომ კაცი მორალურ საზღვრებს სერიოზულად გასცდა.

ასე იყო მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც.

მზიას მხრიდან სილის გაწვნა იყო შეურაცხყოფაზე რეაქცია და პოლიციელი დგებუაძე და ზოგადად, ივანიშვილის რეჟიმის სამსახურში მყოფი ძალოვნები დიდი ხანია ნამდვილად გასცდნენ ყველანაირ საზღვარს, როცა მოქალაქეებს დევნიან, სცემენ, აშანტაჟებენ, სახლში უვარდებიან, აჯარიმებენ, ცილს სწამებენ და რაღაც ფარსს მართავენ, რომელსაც სასამართლო პროცესი ეწოდება.

გარდა ამისა, ამ საქციელით, მგონია, რომ დგებუაძემ კითხვის ნიშნის ქვეშ სერიოზულად დააყენა ქართულ კულტურაში კაცობის და კაცურობის განმსაზღვრელი წესები. იმიტომ, რომ სილის გაწვნის შემთხვევაში, კულტურულად მიღებული მოლოდინი ჩნდება, რომ კაცი ამას ღირსებით და თვითკონტროლით უპასუხებს, დგებუაძემ კი საპასუხოდ ტანტრუმი დადგა. ის დღესაც აწითლებულ ლოყაზე ლაპარაკობს იმიტომ, რომ ესაა რეჟიმის დავალება. ამ დავალების საფუძველზე ცდილობს რეჟიმი მზიას დასჯას.

ასეთი დავალების შესრულებისას დგებუაძე ნამდვილად არ გრძნობს კომფორტს, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ მეტი დისკომფორტი მტირალას, მატყუარას, მონის სახელის დამკვიდრებაა. ამ დაღით იცხოვრებს და ასე შევა ისტორიაშიც.

…ხელოვნება რეალური ცხოვრების სარკეა და მან ნამდვილად შეიძლება მეტი სიმძაფრით დაგვანახოს უსამართლობა. ამ უსამართლობას ვუცქერთ ახლა მზიას და სხვა პატიმრების სასამართლო პროცესებზე.

ამ წუთებში, მეც თქვენს მსგავსად, ვადევნებ თვალს მზიას პროცესს და ბატონ დგებუაძეს ნამდვილად ვეთანხმები იმაში, რომ მან სასაცილოდ და სამასხროდ გაიხადა თავი. ამაში ნამდვილად ვერავინ შეედავება, რადგან ესაა ერთადერთი სიმართლე, რაც მან პროცესზე თქვა.

კი, ნამდვილად გახდა სილის გაწვნისგან მის მიერ „განცდილი ტკივილი“ სასაცილო საზოგადოებაში, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის შეთხზული ტკივილი და არაფერს წარმოადგენს  იმ ნამდვილ ტკივილთან შედარებით, რასაც უკანონოდ დაპატიმრებულები და მათი ახლობლები განიცდიან.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. ის ისჯება თავისუფალი სიტყვისთვის, სიმამაცისთვის, ღირსებისთვის, სინათლისთვის. შეუძლებელია ტყუილზე, ფარსზე, შიშსა და მომხვეჭელობაზე აგებულმა სისტემამ ეს სინათლე დაამარცხოს“.

_________________

ფოტო: გურამ მამედოვი

ამავე თემაზე: 

სილა რეჟიმს, რომელიც გვგუდავს – ზვიად რატიანი მზია ამაღლობელზე

„ყველაზე კარგი ქუთაისი ჩემთვის აქციაზე დგას“ – უწყვეტი პროტესტი ქუთაისში

„ბათუმელები“ ამ სტატიაში ქუთაისის პროტესტზე გიამბობთ. ქუთაისში მოქალაქეები რუსთაველის ქუჩაზე, მერიის წინ იკრიბებიან და ასე უერთდებიან ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეების საერთო მოთხოვნებს – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და სამართლიან გარემოში ჩატარდეს ხელახალი, საპარლამენტო არჩევნები.

ქუთაისის პროტესტის აქტიური მონაწილე, საბავშვო ლიტერატურის მასწავლებელი, მიშიკო მუმლაძე ამბობს, რომ ქუთაისის პროტესტის გამორჩეულობა მისი უწყვეტობაა, რადგან პროტესტის ეს ფორმა აქამდე არ ახსოვს ქუთაისს.

მიშიკო მუმლაძე საპროტესტო აქციების ერთი-ერთი პირველი მონაწილეა, რომელიც დააკავეს 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო მოძრაობისას.

„28 ნოემბერს დამიჭირეს და ორი დღე ვიყავი დაკავებული. ქუთაისში დამაკავეს და სულ პირველი მე დამაკავეს სხვათა შორის, კობახიძის განცხადებიდან დაახლოებით 2 საათში.

ქუთაისში მაშინვე შევიკრიბეთ, დაიწყო პროტესტი და მას შემდეგ უწყვეტად ვაპროტესტებთ. ჩვენ გარეთ სწორედ კობახიძის განცხადებამ გამოგვიყვანა, როცა მან თქვა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებენ. მაშინ პოლიციელებმა არ მოგვცეს ნებართვა, რომ ზებრაზე გადავსულიყავით. საბოლოო ჯამში, ოქმში ისე გაფორმდა, რომ თითქოს სამ პოლიციელს ვაგინე, მაგრამ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

მე მკაცრად ვარ ამის მომხრე და ვთვლი, რომ პროტესტს რეგიონში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ თბილისში არ დავდივარ ხოლმე აქციებზე, თუ რაიმე გამონაკლისი არ არის.

შევეცადეთ, რომ პროტესტი ქუთაისში ყოფილიყო რაც შეიძლება ხალხმრავალი და მართლაც, პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში დაახლოებით 2 000 ადამიანი იყო ქუთაისში გამოსული, რაც სრული რეკორდია ქუთაისის პროტესტის ისტორიაში… როგორც სხვა ქალაქებში, შემდეგ ქუთაისშიც მოიკლო აქციის მონაწილეების რაოდენობამ, თუმცა უწყვეტობას ვინარჩუნებთ.

მე მგონია, რომ ზუსტად ის იყო ამ ქვეყნის პრობლემა წლების განმავლობაში, რომ ბევრი რამ თბილისში წყდებოდა და შესაბამისად, პროტესტიც თბილისში იყო ხოლმე, მაგრამ ირაკლი კობახიძის და ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლების არასწორი გადაწყვეტილებები თანაბრად მოქმედებს ადამიანებზე, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ხმა სოციალურ ქსელში თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ისმოდეს – მხოლოდ თბილისში არ არის პროტესტი.

გარდა ამისა, პოლიტპატიმრების, უკანონოდ დაკავებულ ადამიანების ესმოდეთ, იცოდნენ, რომ მათი თავისუფლებისთვის ქუთაისშიც უწყვეტად დგანან ქუჩაში ადამიანები“, – გვეუბნება მიშიკო მუმლაძე.

მისი თქმით, ახლა უკვე დაახლოებით 50 ადამიანი უერთდება ყოველდღიურ საპროტესტო აქციას და ერთმანეთს ენაცვლებიან მთელი კვირის განმავლობაში.

მიშიკო გვეუბნება იმასაც, რომ მისი დაკვირვებით, აქციის მონაწილეებთან სხვა მიდგომა აქვს ქუთაისის პოლიციას:

„რა ახსნა აქვს ამას არ ვიცი, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, თუ ვინმე მსვლელობის დროს, უბრალოდ ქუჩაში დგომის დროს შეურაცხყოფას მოგვაყენებს ან შეგვაგინებს და ა.შ., პოლიცია დაუყოვნებლივ რეაგირებს, აკავებს ასეთ პიროვნებებს. მცირე რაოდენობასაც გადაგვიკეტია ქუჩა და არაფერი უთქვამთ. ჩვენთან ერთად გადაადგილდებიან და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაცული იყოს. ეს ალბათ იქამდე ხდება, სანამ ბრძანებას მიიღებენ.

ეს დამოკიდებულება ყველას უკვირს“.

მიშიკო მუმლაძე

მიშიკო ამბობს, რომ აქციაზე გასვლისას, ყოველ ჯერზე ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს აქ მისი ოჯახია.

„აქციაზე ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს. მგონია, რომ აქციაზე ჩემი ოჯახი დგას, ყველაზე ახლობელი ადამიანები… ყველაზე კარგი ქუთაისი ჩემთვის აქციაზე დგას. ხალხი, რომელიც ღირსებას უნარჩუნებს ქალაქს, როგორც თვითმმართველ ქალაქს.

ქუთაისი ძალიან ოპოზიციური ქალაქია თავისი შინაარსით, რადგან აქ ხელისუფლებას 50 პროცენტი, ფაქტობრივად, 2018 წლის შემდეგ არ აუღია. მაშინდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი წააგო პირველი ტური, ახლაც არ აუღია ხელისუფლებას 50 პროცენტი. ძალიან ოპოზიციურია, ყველაზე მეტად დაცლილია და „ქართული ოცნების“ ხელწერა ყველაზე კარგად ქუთაისში ჩანს“, – გვეუბნება მიშიკო.

როგორც მისგან ვიგებთ, ბოლო რამდენიმე კვირაა ქუთაისის აქციის მონაწილეები თავიანთი პროფესიის მიხედვით საუბრობენ სხვადასხვა გამოწვევებზე. მაგალითად, აქციის მონაწილეა ნარკოლოგ-ფსიქოლოგი, რომელმაც ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა ავტორიტარიზმის პირობებში, თვითმმართველობის სპეციალისტი, რომელმაც ისაუბრა თვითმმართველობის გამოწვევებზე ავტორიტარიზმში ა.შ. დაგეგმილია სხვა გამოსვლებიც, მაგალითად რა გავლენას ახდენს ბავშვებზე მსგავსი რეპრესიული რეჟიმი და სხვა.

„რაც შემიძლია ყველას შევპირდეთ, მათ შორის პოლიტპატიმრებს – არ გავჩერდებით! ქუთაისში ერთი ადამიანიც რომ დავრჩე, მე მაინც ყოველთვის გავაპროტესტებ მათ უკანონო პატიმრობას და არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს ხალხისგან ნდობა.

ბოლომდე ვიბრძოლებთ, ბოლომდე, რადგან უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. ამის შემდეგ ერთადერთი რჩება, რომ ამ ქვეყნიდან წახვიდე და რადგან მე ქვეყნიდან წასვლა არ მსურს, სანამ აქ ვიქნები და შემეძლება, აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნები და შემდეგ უკვე ხალხმა გადაწყვიტოს, ვის მიანდოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოები, რომ ძალაუფლება ერთხელ და სამუდამოდ განაწილდეს.

ის, რამაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა, არის ძალაუფლების თავმოყრა ერთი ადამიანის ან ერთი გუნდის ხელში, ამიტომაც გამოსავლად მიმაჩნია ძალაუფლების გადანაწილება“ – ამბობს ჩვენთან საუბრის დასასრულს მიშიკო მუმლაძე.

ქუთაისის აქციების კიდევ ერთი მონაწილე, ვალერი თევდორაძე ადვოკატია პროფესიით. იგი ამბობს, რომ აქციების დასაწყისში ვერ წარმოედგინათ, თუ ამდენხანს გაგრძელდებოდა პროტესტი და მით უფრო, თუ მოახერხებდნენ შეენარჩუნებინათ უწყვეტობა:

„პოლიტპატიმრები არიან იმის გარანტი, რომ ქუჩაში ვიქნებით. ჩვენ ახლა მორალური უფლებაც არ გვაქვს, რომ დავსხდეთ სახლში. ის ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად აპროტესტებდნენ, ჩვენი თანამებრძოლები, ციხეში არიან გამოკეტილები და სახლებში არ დაგვედგომება.

ამასთან, მთავარი საფუძველი რაც გახდა ამ პროტესტის [ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება], ეს საკითხი ისევ გადაუწყვეტელია. მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდა არალეგიტიმური ხელისუფლების დამოკიდებულება ამ საკითხზე და ბუნებრივია, ესეც აძლიერებს ჩვენს პროტესტს.

როცა არალეგიტიმურია ხელისუფლება, ის არ არის ხალხის დაკვეთის შემსრულებელი და შესაბამისად, ვიღებთ იმ სიტუაციას, რაშიც ვართ. 28 ნოემბრის განცხადება არ ყოფილა ამოვარდნილი მთელს ამ სურათში. ოქტომბრის არჩევნების გაყალბებამ ლოგიკური გაგრძელება პოვა კობახიძის განცხადებაში და მას შემდეგ – ანტიდასავლურ, ანტიევროპულ, ანტიამერიკულ, ანტიპარტნიორულ და ანტიქართულ ვითარებაში, რაც გვაქვს სახეზე.

„ქართული ოცნება“, ადამიანთა ეს ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ერთი ადამიანის და ქვეყნის [რუსეთის] ინტერესებს ატარებს უკვე მთლიანად, საერთოდ მოწყვეტილია ქართულ რეალობას და საზოგადოებას სხვა არაფერი დარჩენია პროტესტის გარდა“, – ამბობს ვალერი თევდორაძე.

აქცია ქუთაისში

ადვოკატის თქმით, ქუთაისში აქციაზე ერთად დგანან ადამიანები, რომლებიც აქამდე ბევრ საერთოს ვერ პოულობდნენ:

„ჩვენ მთელი ეს თვეები გარეთ ვართ. ცუდ ამინდში, სიცივეში, ახალ წელს, შობას, აღდგომას, რაც არ წარმოგვედგინა, რასაც ვერ დავუშვებდით ისეთი რაღაცები მოხდა… ამ ქვეყნის მოქალაქეებმა თავიანთი დღის წესრიგი სრულიად არიეს, ცხოვრების წესი გადაალაგეს და მთელი ამ თვეების განმავლობაში დგანან აქციაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშალოს და ეს ძალიან მალე გავითავისეთ მოქალაქეებმა. ქუთაისში რომ უწყვეტი აქცია გვაქვს, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ქუთაისური საზოგადოება არ უნდა გამოაკლდეს და არ აკლდება ამ საერთო ბრძოლას.

ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მოდი, თბილისში გადაწყდეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ დედაქალაქში წყდება ჩვენს რეალობაში. ეს ის ვითარებაა, როცა მარტო თბილისში ვერ იქნება პროტესტი“, – ამბობს ვალერი თევდორაძე.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია აქციაზე მყოფმა საზოგადოების მხარდაჭერა იგრძნოს, რახან ძალიან დამღლელია უწყვეტი პროტესტი. მოქალაქის თმით, პროტესტი ქუთაისში ცენტრალურ პარკთან ახლოს იმართება, რადგან შეკრების ადგილი, ქუთაისის მერიის შენობა პარკის მოპირდაპირე მხარესა და აქ მოძრავი ადამიანები ყოველთვის ეხმიანებიან პროტესტის მონაწილეებს სხვადასხვა ფორმით და უდასტურებენ თანამოაზრეობას.

ვალერი თევდორაძე

„დარბევა რომ ხდებოდა თბილისში, მეორე დღეს გაცილებით ბევრი ადამიანი გამოდიოდა აქციაზე.

აღვნიშნე, რომ უწყვეტი პროტესტი დამღლელია, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. 28 ნოემბრიდან მოყოლებული, როცა ქუჩაში გამოვედით და სრულიად დარწმუნებული ვართ ჩვენი პროტესტის სიმართლეში, მას შემდეგ, არაფერი სასიკეთოდ არ შეცვლილა, მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდა.

ჩემ თავს რომ დავუსვა კითხვა – „ხვალ რატომ უნდა გავიდე აქციაზე?“ იქვე ჩნდება მეორე კითხვა – „რა გაუმჯობესდა, რა შეიცვალა 28 ნოემბრის შემდეგ?“ პირიქით, გაუარესდა და ეს გაუარესება არ არის ამოწურვადი. თუ ჩვენ გავჩერდებით, ეს იქნება კიდევ ერთი ნიშანი არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომ შეუძლიათ დაგვიმორჩილონ.

უწყვეტი პროტესტით ვადასტურებთ, რომ ამ ზეწოლებით, კანონის გაუარესებით, ჯარიმების გაზრდის, ადმინისტრაციული პატიმრობის დღეების გაზრდით და სხვა უამრავი რისკის მიუხედავად, ჩვენ აქ ვდგავართ, იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი ყველა ამ ზეწოლასა და შიშზე მაღლა დგას. 

თუ ჩვენ უკან დავიხევთ, საბოლოდ უკან დასახევიც აღარ გვექნება და თუ ახლა სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა აქციაზე გვარბევენ, ხვალ მოგვაკითხავენ სახლებში, იმიტომ, რომ არასოდეს ძალადობრივი რეჟიმი არ კეთილშობილდება განდევნის გარეშე.

აქ საუბარი არ არის ინდივიდების გადარჩენაზე. ერთი ადამიანი თავს როგორღაც გაიტან, აქ საუბარია იმაზე, რომ მკვეთრად გაუარესდება საზოგადოების ვითარება და ეს უკვე დაწყებულია, რაც ადვილად აღქმადია…

სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, უნდა ახერხებდეს და აანალიზებდეს სად მივდივართ და როგორი დაჩქარებული წესით იმ ვითარებისკენ, როცა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ვიყავით.

ჩვენი სტიგმატიზება აქვს ხელისუფლების პროპაგანდას ჩართული და ეს ცხადია. ჩვენი აქციის მონაწილეები სამსახურიდან გამოუშვეს, ყველა ბერკეტი გამოიყენეს, თუ რამე იყო.

ჩვენთან კომუნიკაციას საფრთხედ მიიჩნევენ, მე ასე ვიტყოდი, „ოცნების“ პროპაგანდის მსხვერპლები და ვამჩნევთ, როგორ აუჩქარებს ხოლმე ფეხს ასეთი ადამიანი, ჩვენი პროტესტის ჩავლისას, რომ არიქა, ვინმესთან კომუნიკაცია არ „დაჰბრალდეს“ შემდეგში“, – გვითხრა ვალერი თევდორაძემ.

ამავე თემაზე: 

„მთავარი პატიმარი საქართველოა” – როგორია უწყვეტი პროტესტი გორში

აკაკი ძნელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაუშვეს

აჭარის არალეგიტიმური განათლების მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია დღეს, 21 მაისს, „ბათუმელებს“ დაგვიდასტურეს აჭარის მთავრობაში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თავად დაწერა განცხადება აკაკი ძნელაძემ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე თუ გადააყენეს? – „ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ დეტალებს დააზუსტებენ.

ონლაინ გამოცემა „აჭარა თაიმსი“ წერს, რომ აკაკი ძნელაძესა და კულტურის მინისტრის მოადგილეს, ლადო მგალობლიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და სწორედ ამას უკავშირდება აკაკი ძნელაძის თანამდებობიდან გათავისუფლება.

„ბათუმელებმა“ შესაბამისი უწყებების პრესსამსახურებს ჰკითხა, რამდენად რეალურია ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან პრესსამსახურში თავი შეიკავეს.

ჯერჯერობით უცნობია, რის ნიადაგზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფიზიკურად არალეგიტიმური მთავრობის მინისტრის მოადგილეები.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს ლადო მგალობლიშვილმა არ უპასუხა. აკაკი ძნელაძემ კი თქვა, რომ „ახლა ვერ დაგველაპარაკებოდა“ და ტელეფონი გამორთო.

ბათუმში მძღოლები 13 მილიონით დააჯარიმეს მოძრაობის წესების დარღვევისთვის – 2024 წლის მონაცემები

გასულ წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის  ბათუმის ბიუჯეტში 8 მილიონ 856 ათას 100 ლარი შევიდა. ეს თანხა არ ასახავს საპატრულო პოლიციის [ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერების] მიერ ბათუმში გამოწერილი ჯარიმების სრულ მონაცემებს, რადგან კანონის შესაბამისად ჯარიმებიდან შემოსული თანხის მხოლოდ 60 პროცენტი შედის ბათუმის ბიუჯეტში, 40 პროცენტი კი – ცენტრალურ ბიუჯეტში.

ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ბათუმში გამოწერილი საპატრულო ჯარიმების ოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა.

ბათუმში არანაკლებ მწვავე პრობლემაა პარკინგი, თუმცა „ავტომობილის გაჩერების  წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისათვის“ გამოწერილი ჯარიმებიდან  ბიუჯეტში გასულ წელს 50 000 ლარი შესულა.

ქალაქში, სადაც ავტომანქანას წესების დარღვევით უფრო ხშირად აჩერებენ, ვიდრე წესების დაცვით, როგორც ჩანს, მუნიციპალური ინსპექციის შესაბამისი სამსახური სათანადოდ ვერ რეაგირებს, ან „ერიდება“, რადგან ბათუმში ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარ არის. ეს მუნიციპალურ ინსპექციაში კარგად იციან და თავადაც არღვევენ წესებს იმ მოტივით, რომ „მეტი ადგილი არ იყო.“

2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვის მიხედვით კი ბათუმის მერიამ 3 თვეში სანქციების, ჯარიმებისა და საურავების სახით  2 მილიონ  946 100 ლარი ამოიღო. ჯარიმები პირველი კვარტლის მიმოხილვის ანგარიშში დიფერენცირებული არ არის.

გასული წლის ანგარიშის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელსაც, საჯარიმო თანხებს შორის ყველაზე დიდი წილი სწორედ კანონდამრღვევი მძღოლების მიერ გადახდილი თანხით შეგროვდება.

ამავე თემაზე:

3 თვეში 3 მილიონამდე ლარი ამოიღო ბათუმის მერიამ ჯარიმებიდან

“მთავრობა უუნაროა ანაკლია ან ფოთი აირჩიოს ერთადერთ ღრმაწყლოვან პორტად, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი არ აშენდება”- ინტერვიუ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში რომ განხორციელებულიყო, ახლა ანაკლიაში პორტის პირველი ფაზა დასრულებული იქნებოდა და შესაძლებელი იქნებოდა გემების მიღება. აშენებული იქნებოდა ახალი ქალაქი, ანაკლია სითი, სადაც იქნებოდა თავისუფალი სავაჭრო ზონა, ასევე აშენებული იქნებოდა ახალი სარკინიგზო ხაზი.

2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ანაკლიაში პორტი არ არის აშენებული. პორტის მშენებლობისთვის შერჩეულია ჩინური კონსორციუმი, რომელთან ხელშეკრულების გაფორმების თარიღიც ერთი წელია გამუდმებით იცვლება.

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ, რა ეტაპზეა ანაკლიის ღრმაწყლოვაბი პორტის პროექტი, რა სამუშაოებს ასრულებს პორტის ასაშენებლად სახელმწიფო და რას ფიქრობენ ყოფილი ინვესტორები ამ პროექტზე.

  • რა ხდება ახლა ანაკლიაში

ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 14 აპრილს გაავრცელა, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები [მობილიზაცია] აქტიურ ფაზაშია“.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას, კერძოდ ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავებას და „ტალღმტეხელის“ მოწყობის სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. [იან დე ნულ ენ ვი] ასრულებს. ამ კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში ერთობლივი საწარმოს სახით გაიმარჯვა.

ანაკლიაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ ახორციელებს.

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ სახელმწიფომ 2023 წელს დააფუძნა. კომპანიის მიზანი საწყის ეტაპზე საზღვაო ინფრასტუქტურის პროექტირება/მშენებლობაა. კერძოდ, სახელმწიფო კომპანია ანაკლიაში ფსკერდაღრმავების სამუშაოებს ასრულებს.

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი, ზურაბ სიჭინავა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ ვიდეო-რგოლში, რომელიც 17 აპრილს გამოქვეყნდა, საუბრობს, რომ ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემის მიღების თარიღად 2029 წელი, საკმაოდ მოზომილი თარიღი გააჟღერა. სამუშაოების ინტენსივობა და აქტივობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ უფრო მალე შევძლებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემის მიღებას“, –  ამბობს ზურაბ სიჭინავა აღნიშნულ ვიდეოში.

ამავე ვიდეოდან ირკვევა, რომ 2025 წლის ბოლომდე იგეგმება 350 მეტრი ტალღმტეხელის მოწყობა ზღვაში.

საზღვაო ინფრასტუქტურის მშენებლობა ანაკლიაში. სქრინი ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან
  • სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის ძიება საქართველოს მთავრობამ ძველი ინვესტორების პროექტიდან ჩახსნის შემდეგ დაიწყო. კერძოდ, 2022 წლის მეორე ნახევარში გამოაცხადა ახალი შესარჩევი პროცესი ანაკლიის პროექტისთვის ახალი კერძო პარტნიორის შესარჩევად.

2024 წლის მაისში საერთაშორისო კონკურსის შედეგად შეირჩა China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd , თუმცა კონსორციუმთან  ხელშეკრულება დღემდე არაა გაფორმებული.

2025 წლის 8 აპრილს „ქართული ოცნების“ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ჯერ არ გადაუციათ ჩინური კონსორციუმისთვის.

„ინვესტორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, ჯერ არ დასრულებულა და არავისთვის არაფერი არ გადაუციათ“, – თქვა ლევან დავითაშვილმა.

15 აპრილს ლევან დავითაშვილი სიტყვით გამოვიდა ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები მიმოიხილა.

ლევან დავითაშვილმა საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და თქვა, რომ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება“.

„ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არ ველოდოთ ინვესტორებს და სახელმწიფომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა შექმნას. ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ პორტს – ამ ინფრასტრუქტურის შექმნის შედეგად გვექნება ბევრად უფრო ხელსაყრელი პირობები, რომ ვესაუბროთ პარტნიორებს. პარტნიორი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი, სხვადასხვა ტიპის პროფესიონალი, კომპანია, რომელიც კომპლექსურ ეკოსისტემას ანაკლიის პორტის გარშემო ჩვენთან ერთად განავითარებს. მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება კონკურენტუნარიანი, ხარისხიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გავხდებით და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ტვირთნაკადების ჩვენ დერეფანში დამაგრებას მოვახერხებთ,“ – თქვა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის გამოსვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. პრესსამსახურის ცნობით, დავითაშვილმა ასევე თქვა:

„მიუხედავად იმისა, რომ პორტში პირველი გემების შემოსვლის თარიღად 2028 წელი იყო დასახელებული, შესაძლებელია, ანაკლიის ნავსადგურმა გემების მიღება 2027 წლის ბოლოსაც შეძლოს“.

შეჯამებისთვის, სამინისტროს მიერ ორდღიანი სხვაობით გავრცელებულ ორ სხვადასხვა ინფორმაციაში, ანაკლიაში პირველი გემის შესვლის თარიღად ორი სხვადასხვა დრო დასახელდა.

  • როგორ ხედავს ანაკლიის პროექტს ADC-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის – ADC” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს, 2017 წლის 24 დეკემბერს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).

საქართველოს მთავრობამ – გიორგი გახარიას პრემიერობისას, 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.

„ბათუმელები“ ესაუბრა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, იურისტ თედ ჯონასს, რომელიც პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე იყო ჩართული და კარგად იცნობს იმ წინაღობებს, რომელიც ანაკლიის, როგორც „საქართველოში ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტის“ განვითარებას აქვს.

თქვენი აზრით, რა ფაქტორები უშლის ხელს დღეს ანაკლიის პორტის იდეის განხორციელებას? – ვკითხეთ თედ ჯონასს.

თედ ჯონასი: „2016 წელს პროექტის განსახორციელებლად შერჩეულმა კომპანიამ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC), ანაკლიის პორტის განვითარებაში თითქმის 80 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, რაც მოიცავდა ნავსადგურის სრულ დრენაჟს, ხმელეთის მხრიდან სამოქალაქო საინჟინრო სამუშაოებს და ყველა საჭირო გარემოზე ზემოქმედებისა და დაგეგმარების კვლევას.

ADC-ის შვილობილმა კომპანიამ ასევე შეიძინა და დღემდე ფლობს პორტის მიმდებარე 500 ჰექტარ მიწას სპეციალური ეკონომიკური ზონის, ანაკლია სიტის, განვითარებისთვის.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის [ADC] მიერ პორტზე გაწეული ყველა სამუშაო, ფაქტობრივად, უგულებელყო საქართველოს მთავრობამ, როდესაც მან ADC-თან 2020 წლის იანვარში საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა.

მას შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, ქართველი ხალხისადმი მრავალი დაპირების მიუხედავად, ყველა ჯერზე ჩააგდო ახალი ინვესტორის პოვნა ანაკლიის პორტის განვითარებისთვის.

მთავრობამ ბიუჯეტში გამოყო თანხები გარკვეული მცირე სამუშაოების შესასრულებლად. მაგალითად, როგორიცაა სამოქალაქო სამუშაოები პორტის სახმელეთო ნაწილზე და ჰიდროლოგიური ტესტები. თუმცა, ამან მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწია.

პორტის მშენებლობის მთავარი დაბრკოლება დღეს ის არის, რომ მთავრობა ან არაკომპეტენტურია, ან განზრახ ვერ ასრულებს ამ ამოცანას.

დღეისათვის ცხადია, რომ ანაკლიის პორტის აშენება შეუძლებელია მანამ, სანამ ფოთის პორტის მომავალი არ გაირკვევა – გადაწყვეტილება მთლიანად მთავრობის ხელშია – მთავრობა უარს ამბობს ამ საკითხის მოსაგვარებლად რაიმე ნაბიჯის გადადგმაზე.

სანამ “ეიპიემ ტერმინალ ფოთი APMT” აქვს შანსი, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ნებართვა მიიღოს, არცერთი სერიოზული ინვესტორი არ ჩადებს ინვესტიციას ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს იურიდიული უფლებამოსილება, გასცეს ან არ გასცეს APMT-ს ნებართვა ფოთში ახალი პორტისთვის და მუდმივად ატყუებდა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომ ის უარს იტყოდა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე. მან უარი თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი განზრახვების გამოხატვაზე მას შემდეგ, რაც 2018 წლის ზაფხულში ADC-ს წინააღმდეგ წავიდა.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე არც ერთი ღრმაწყლოვანი პორტი არ აშენდება და არც შეიძლება აშენდეს: საქართველოს მთავრობა ფოთში ახალი პორტის აშენების ნებართვას არ აძლევს APMT-ს, მაგრამ ამავე დროს არ გამორიცხავს ფოთში ახალი პორტის აშენების შესაძლებლობას. შესაბამისად, ინვესტორებს არ შეუძლიათ ენდონ, რომ ანაკლია ამოქმედდება, როგორც საქართველოს ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი.

მოკლედ, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მხოლოდ ერთი ღრმაწყლოვანი პორტისთვის არის საკმარისი ბაზარი. მთავრობის უუნარობა ან უარი ანაკლიის ან ფოთის არჩევაზე ერთადერთ ღრმაწყლოვან პორტად ნიშნავს, რომ არც ერთი პორტი არ შენდება“.

თედ ჯონასი

2025 წლის 8 აპრილს „ქართული ოცნების“ ვიცე-პრემიერმა დავითაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ჩინური კონსორციუმისთვის ჯერ არ გადაუციათ. დავითაშვილის თქმით, „ინვესტორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, ჯერ არ დასრულებულა და არავისთვის არაფერი არ გადაუციათ“. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? – ვკითხეთ თედ ჯონასს.

თედ ჯონასი: „მთავრობის მიერ CCCC-ის და CHI-ის ანაკლიის ტენდერის გამარჯვებულებად გამოცხადება საქართველოს საზოგადოების წინაშე კიდევ ერთი ტყუილი იყო. განცხადება ზუსტად დაემთხვა პარლამენტის მიერ რუსული კანონის საბოლოო მიღებას. ვფიქრობ, მთავრობამ ეს ცრუ განცხადება 2 მიზეზის გამო გააკეთა. პირველი, რუსული კანონის მიღება რუსეთისთვის იმის გარანტია იყო, რომ საქართველო ანტიდასავლურ გზას ადგას და, შესაბამისად, რუსეთს შეუძლია ენდოს საქართველოში ანაკლიის პორტის მშენებლობას სანქცირებული ჩინელი ინვესტორით. შესაბამისად, პროექტში დასავლეთის ჩართვის შანსი არ იქნებოდა (მაშინ, როცა ADC-ს მნიშვნელოვანი დასავლური აქციები და კონტრაქტორული პარტნიორობა ჰქონდა).

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ეს განცხადება გააკეთა, იყო ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რათა ის დაერწმუნებინა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ქვეყნისთვის პოზიტიური საქმეების კეთებას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსული კანონის მიღებით მან ახლახან გაწყვიტა კავშირები დასავლეთთან.

მჯერა, რომ მთავრობამ ვერ შეძლო CCCC-თან და CHI-სთან „გარიგების დადება“ პროექტში ინვესტირების შესახებ – კომპანიები არ არიან დარწმუნებული პროექტის შესახებ, რადგან საქართველოს მთავრობა აშკარად არ გამორიცხავს APMT-ის მიერ ფოთში კონკურენტი ღრმაწყლოვანი პორტის უფრო სწრაფად აშენების შესაძლებლობას; მეორე – CCCC სანქცირებულია. ეს ნიშნავს, რომ არცერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საჯარო თუ კერძო, არ დააფინანსებს პროექტს და არცერთი დასავლელი კონტრაქტორი არ ითანამშრომლებს მასთან. ამიტომ, დაფინანსების წყაროები და სამშენებლო სამუშაოები ძალიან შეზღუდულია“.

თქვენი აზრით, რა პოლიტიკური ინსტრუმენტია ანაკლიის პორტი აშშ-სთვის? რუსეთისთვის? ჩინეთისთვის? და თუ ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რამდენად შესაძლებელია, რომ დაუშვას ამერიკამ გადავიდეს ჩინეთის ხელში ეს ინსტრუმენტი? – ვკითხეთ თედ ჯონასს.

თედ ჯონასი: „ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ნათქვამი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სიტყვებს შორის, რასაც მე ვეთანხმები, არის ის, რომ მას სურს, ამერიკულმა კომპანიებმა ააშენონ და ფლობდნენ უცხოურ პორტებს, რათა გააფართოვონ აშშ-ის საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა და წინააღმდეგობა გაუწიონ ჩინეთის ძალიან აქტიურ „ერთი სარტყლის გზის“ ინიციატივას და საზღვაო პროექტებს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში, სადაც ჩინეთი დიდი მონდომებით მუშაობს პოზიციების დასამკვიდრებლად. ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა ნამდვილად უნდა გააძლიეროს თავისი თამაში და წაახალისოს ამერიკული კომპანიები, ააშენონ, ფლობდნენ და მართონ ანაკლიის მსგავსი პორტები.

რუსეთს არ აქვს რესურსები პორტების ასაშენებლად. მას საკუთარი პორტების შენარჩუნებაც კი არ შეუძლია, განსაკუთრებით უკრაინის თავდასხმების ფონზე. რუსეთის მთავარი ინტერესი იყო, შეეჩერებინა საქართველო ანაკლიის პორტის მშენებლობაში ნებისმიერი დასავლური ინვესტიციით ან დაფინანსებით. რუსეთი ყოველთვის ცდილობდა, ხელი შეეშალა საქართველოსთვის ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის შუა დერეფნი გაეხსნა რუსეთის კონტროლის გარეშე.

ამგვარად, რუსეთმა შესაძლოა მიიღოს და ისარგებლოს კიდეც ანაკლიის პორტით, რომელიც ჩინელების, მათი მოკავშირეების მიერ არის აშენებული, საკუთრებაში არსებული და მართული. მე მჯერა, რომ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს მთავრობამ პროექტი CCCC-სა და CHI-ს 2024 წლის მაისში გადასცა. ეს რუსეთისთვის სასარგებლო იქნებოდა“.

__

მთავარი ფოტო: საზღვაო ინფრასტუქტურის მშენებლობა ანაკლიაში. სქრინი ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

რა ელის საპროტესტო აქციებს ზაფხულში? – „ოცნება“ ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას“

„თვითონ „ქართული ოცნება“ გადის ბეწვის ხიდზე, მათი მხრიდან ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მძიმე შეცდომა, რაც მათთვის საბოლოოც კი აღმოჩნდეს. ამიტომაც მგონია, რომ მოთმინების ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – გვიყვება გოტა ჭანტურია, წინააღმდეგობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, რომელსაც ვკითხეთ: რა ელის საპროტესტო აქციებს ზაფხულში?

წინააღმდეგობის წევრთან საუბარი ევროკომისრის კომენტარით დავიწყეთ, რომელმაც წუხელ ქართველ ხალხს მიმართა. მარტა კოსიმ სიმტკიცისკენ მოგვიწოდა და ხაზი გაუსვა, თქვენი იმედი გვაქვსო.

„როცა პროტესტი არსებობს და ამას აქვს უწყვეტი ხასიათი, არავის ვუტოვებთ მორალურ უფლებას, ამ რეჟიმთან ითანამშრომლოს. ეს არის თვალი თვალის წილ, როგორც ამბობენ: ან ისინი გვაჯობებენ, ან ჩვენ ვაჯობებთ.

გააჩნია, ვინ უფრო თანმიმდევრული იქნება. ვინ უფრო შეუპოვარი იქნება, მაგაზეც არის,“ – აღნიშნა გოტა ჭანტურიამ „ბათუმელებთან“.

„ბათუმელებმა“ გოტა ჭანტურიასთან ინტერვიუ ჩაწერა, ის მოძრაობის „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრია:

  • ბატონო გოტა, ევროკომისრის – მარტა კოსის ბოლო განცხადებაზე რას ფიქრობთ: ჩვენ თქვენი იმედი გვაქვსო და ქართველ ხალხს სიმტკიცისკენ მოგვიწოდა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ევროკავშირისგან კონკრეტული მექანიზმების ამოქმედებას „ოცნების“ წინააღმდეგ ნაკლებად უნდა ველოდოთ? 

ასე მოხდება, თუ ისინი წინააღმდეგობას საქართველოში ვეღარ დაინახავენ.

ვიცით, რომ ევროკავშირი და გნებავთ აშშ თანამშრომლობენ გაცილებით მძიმე რეჟიმებთან. ეს საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიის ნაწილი, რომელსაც მე პირადად შეიძლება ვეწინააღმდეგებოდე, მაგრამ მოცემულობაა.

ჩვენ არჩევნების შემდეგ სახალხო წინააღმდეგობა რომ არ დაგვეწყო და 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ [ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადება ევროკავშირი გაწევრიანების მოლაპარაკების 2028 წლამდე გადადების შესახებ] არ გვეაქტიურა, ამ ხალხს არ ექნებოდა სხვა გზა, თუ არა ის, რომ თანამშრომლობის გარკვეული ფორმა გამოეძებნათ. ბუნებრივია, ეს არ იქნებოდა ახლო პარტნიორობა და ურთიერთობები, მაგრამ რაღაც გზას გამონახავდნენ.

ამ დრომდე ევროკავშირისა და პარტნიორებისგან ძალიან მნიშვნელოვან და მკაფიო მხარდაჭერას ვგრძნობთ, რაც დასაფასებელია. მეორე საკითხია, რამდენად მეტი უნდა იყოს ეს მხარდაჭერა, ან ნაკლები. მე, პირადად, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში მეტ მხარდაჭერას ვისურვებდი.

ვხედავთ, რომ ყველა კანონი მიღებულია და შესაბამისი პრაქტიკა დანერგილი, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩაახშონ და გააქრონ. ყველაფერი ფინანსურ რეპრესიებსა და ტერორზეა ორიენტირებული. ამ პირობებში ძალიან რთულია ბრძოლა, განსაკუთრებით ისეთ რთულ სოციალურ პირობებში, როგორშიც ჩვენ ვართ.

ის, რომ პროტესტი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, ბევრს ვერ წარმოედგინა, მათ შორის, დასავლეთში. უკვე 175 დღეა ხალხი ქუჩაშია საპროტესტო აქციაზე, ახლო მონაკვეთებში ხალხმრავალი აქციებიც არის, თანაც, აქცია არ არის მხოლოდ თბილისში: ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ახალციხეში – ყველგან საპროტესტო აქციაა. მარტვილში ერთი ადამიანის პროტესტია. ამას ემატება სოციალური პროტესტები სხვადასხვა ქალაქში: ჭიათურა, ბალდა, საირმე, თუ ქობულეთი. ფაქტობრივად, ცეცხლია წაკიდებული ყველგან პროტესტის.

  • თქვენ, როგორც წინააღმდეგობის აქტიური წევრი, როგორ ხედავთ ამ წინააღმდეგობის გაძლიერებას? ზაფხულის სეზონი ახლოვდება. გაზაფხული ბევრისთვის არ აღმოჩნდა ქუჩაში გასვლის ხელშემწყობი ფაქტორი.

ამ წინააღმდეგობამ უკვე მიიღო შეუქცევადი ხასიათი. შესაბამისად, ძალიან რთული იქნება – თუმცა შესაძლებელია – ამ პროტესტის ჩახშობა. საკმაოდ რთული იქნება ყოველდღიური პროტესტის გაქრობა, თუმცა გასაძლიერებლად, ბუნებრივია, რაღაც მომენტუმებია საჭიროა. ჯერჯერობით ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი არ გამოჩნდა. გვქონია ხალხმრავალი აქციებიც: 14 აპრილის აქცია, 9 მაისის აქცია. შესაძლოა, ქუჩაში არ იყო გამოსული 100 ათასობით ადამიანი, მაგრამ როცა ყოველდღიურ პროტესტში ხარ ჩართული, ცხადია, ყოველთვის დიდი რაოდენობით ხალხი ვერ გამოვა.

ისტორიულადაც ასე იყო: „ვარდების რევოლუციის“ დროს ბოლო მომენტში იყო ხალხის დიდი ნაკადი, თორემ მანამდე ბევრი ხალხი არ ყოფილა.

ჩემი ფოკუსი ახლა მთლიანად არის მიმართული 26 მაისზე. თითოეული ასეთი მნიშვნელოვანი დღის წინ მუდმივად ცდილობენ, ფოკუსის გადაფარვას, ცდილობენ ჯგუფები გადაკიდონ ერთმანეთს, მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნების თემით.

26 მაისს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ძალიან ბევრნი, ურყევად ვდგავართ და ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის.

  • თქვენი აზრით, როგორ უქმნის საფრთხეს საქართველოს დამოუკიდებლობას ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს? 

ყველაფერი ამას აჩვენებს, რომ საფრთხეს უქმნიან დამოუკიდებლობას. პირველ რიგში, ამას აჩვენებს ის, რომ უსამართლოდ, უსაფუძვლოდ ჰყავთ ადამიანები დაჭერილი და პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება.

2012 წლიდან დღემდე ემიგრაციის რაოდენობა მუდმივად იზრდება. დაახლოებით 1 მილიონი ადამიანია გასულია ქვეყნიდან ფიზიკურად. მეორე მხრივ, ვხედავთ, როგორი შემოდინებაა რუსების.

ვინ როგორ ცხოვრობს ამ ქვეყანაში? ჩვენი საზოგადოება უფრო და უფრო მძიმე ყოფაშია მაშინ, როცა ემიგრანტები რუსეთიდან საკმაოდ კარგად ცხოვრობენ.

წუხელ 3 ადამიანი გაიტაცა ხურვალეთიდან საოკუპაციო რეჟიმმა. ერთი გაათავისუფლეს და ორი ისევ პატიმრობაში რჩება. ეს ყველაფერი რანაირი მშვიდობაა და დამოუკიდებლობა? 700 ათასი ადამიანი რომ სოციალურ შემწეობას იღებს, რანაირი დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა ეს?

  • რაზეა დამოკიდებული დემოკრატიის გადარჩენა საქართველოში, საპროტესტო აქციების უწყვეტობაა მნიშვნელოვანი ფაქტორია? 

ჩემთვის, პირადად, პროტესტის უწყვეტობა ძალიან მნიშვნელოვანია.

სულ ვამბობთ, რომ რუსეთს ვებრძვით, უთანასწორო ბრძოლაა, რომ ფინანსური და ძალოვანი სტრუქტურები მათ მხარესაა და ასე შემდეგ. ისიც გააზრებული უნდა გვქონდეს, რომ ეს არ არის მარტივი და მოკლევადიანი ბრძოლა.

მეორეა მოთმინების მომენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოთმინება ვიქონიოთ. თვითონ „ქართული ოცნება“ გადის ბეწვის ხიდზე, მათი მხრიდან ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება იქცეს ძალიან მძიმე შეცდომად, რაც მათთვის საბოლოოც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

  • თუმცა „ქართული ოცნება“ დღითიდღე ამკაცრებს რეპრესიულ მანქანას. ფიქრობთ, ვერ შეძლებს პროტესტის ჩახშობას? 

ის ამას ცდილობს, მაგრამ ხომ ხედავთ? – ჯერ ამბობდნენ, რომ აი, 20 იანვარი არის ბოლო თარიღი, მერე თებერვალი, შემდეგ მარტიო. მათთვის კარგი იქნებოდა, რომ პროტესტი გაჩერებულიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ვეღარ აკონტროლებენ სიტუაციას – ვერ მართავენ ქვეყანას. მათი ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს და მთლიანად დაკარგონ კონტროლი ყველაფერზე.

ამიტომაც მგონია, რომ მოთმინების ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

კიდევ ერთი ფაქტორია – ორგანიზება, რაც ძალიან გვიჭირს. იყო პროფესიული მარშები, გაერთიანებები, მაგრამ მყარი ორგანიზება საკმაოდ იშვიათია. ეს ორგანიზება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაერთიანებულად ვიმოქმედოთ – მინიმუმ არ დავაზიანოთ ერთმანეთი. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით უნდა ვიმოქმედოთ.

ამჯერად ზაფხულზეც დიდი შიშია, რომ აი, ზაფხულში პროტესტს რა ეშველება? თუმცა ზამთარი გავიარეთ და ვნახეთ, რომ ბევრი დანაკარგი არ გვქონია –  ბაკურიანშიც წავიდნენ დასასვენებლად და გუდაურშიც, ამავდროულად პროტესტი მაინც გაგრძელდა.

ზაფხული ბათუმმა კარგად შეიძლება გამოიყენოს: თუ ბათუმში ჩამოვა დამსვენებელი, მთლიანად აჭარის რეგიონში, უნდა გამოვიდნენ აქციაზეც. ასე რომ, შეიძლება ადამიანური რესურსი მოაკლდეს თბილისს, მაგრამ მოემატოს რეგიონებს. მთავარია, ფოკუსი არ დავკარგოთ.

მე არ ვფიქრობ, რომ რაოდენობა არის გადამწყვეტი – 500 იქნება ეს, თუ 1000 – მთავარია, უწყვეტობა შენარჩუნდეს.

  • უშვებთ, რომ უწყვეტი წინააღმდეგობის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი, არაფერი დათმოს ივანიშვილმა?

რა თქმა უნდა, რისკი არსებობს, როცა ამხელა მტერს ვებრძვით, მაგრამ აქ რამდენიმე პასუხია: უპირველესი არის ის, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს!

მეორე ვარიანტია პროტესტის, წინააღმდეგობის გაჩერება. გვეუბნებიან კიდეც: მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მარშით რომ დადიხართ, რა შედეგია? რუსთაველის გადაკეტვას რა შედეგი აქვს? მე იქეთ მაქვს შეკითხვა: რომ არ გადაკეტავ, ამას რა შედეგი აქვს? რომ არ მოდიხარ საერთოდ აქციაზე, ამას რა შედეგი ექნება?

შედეგი არის ის, რომ ხილულად გამოვხატავთ პროტესტს. ბათუმშიც მახსოვს აქციაზე მითხრეს, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თუ გავიგეთ, რომ მარშით აღარ მოდიხართ, ეს იქნება ნიშანი, რომ რაღაც ხდება, ესე იგი, ის ხალხი გააჩერესო.

ასე რომ, ეს ყველაფერი არის მუხტის მიმცემი თანამებრძოლებისთვისაც.

ეს მნიშვნელოვანია საგარეო კუთხითაც: როცა პროტესტი არსებობს და ამას აქვს უწყვეტი ხასიათი, არავის ვუტოვებთ მორალურ უფლებას, ამ რეჟიმთან ითანამშრომლოს. ეს არის თვალი თვალის წილ, როგორც ამბობენ: ან ისინი გვაჯობებენ, ან ჩვენ ვაჯობებთ.

გააჩნია, ვინ უფრო თანმიმდევრული იქნება. ვინ უფრო შეუპოვარი იქნება, მაგაზეც არის.

რაც მთავარია: არავინ ამბობს, რომ რაღაც უპირობოდ ასე უნდა იყოს და მორჩა. კვლევები აჩვენებს, რომ საზოგადოება პროტესტის მრავალფეროვან ფორმებს უჭერს მხარს. ჩემი სათქმელი იმ ჯგუფებისადმი, რომლებიც ამ პროტესტში თავს ჯერ კიდევ ნაკლებად ხედავენ, არის ის, რომ სცადონ სხვა ვარიანტი. ამას მე ნიშნის მოგებით არ ვეუბნები მათ. თანამებრძოლებს ამას ვერც ვიტყვი. უბრალოდ, იქნებ სცადონ სხვა ვარიანტი, რომელმაც შეიძლება იმუშაონ – მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტი თუ არ ჭრის, ეკონომიკის სამინისტროსთან, ან სხვაგან სადმე გამართონ აქცია.

შეიძლება, სხვა ფორმით იყოს გამოხატული პროტესტი, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს არ მუშაობს, შედეგი არ გვაქვს, ივანიშვილის რეჟიმი არ ჩამოიქცა და ამიტომაც უნდა გავჩერდეთო – არ არის გამოსავალი.

პროტესტის შეწყვეტა არ არის გამოსავალი, პირველ რიგში, ტყვეებისთვის. მესმის, რომ გვინდა მეტი, მეც ძალიან მინდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ არ ვართ იმ ეტაპამდე მისული. ამიტომაც, მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ პროტესტი.

___

მთავარი ფოტო: გოტა ჭანტურია, მარიამ ნიკურაძის ფოტო

რა ხდება მდინარე ბარცხანაზე ხიდთან, რომელიც ბათუმის მერიამ გადაკეტა – ფოტოამბავი

ბათუმში, ბონი-გოროდოკის დასახლებაში, მდინარე ბარცხანაზე მდებარე ხიდი ქალაქის მერიის ინფორმაციით ავარიულია და მასზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ეს ხიდი გოროდოკში ერთმანეთს მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩებს აკავშირებს.

„ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ამ ეტაპზე, ყველა შესაბამისი სამსახურის ჩართულობით, ხიდის სტრუქტურული მდგრადობის შესწავლა და აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა მიმდინარეობს“ – განაცხადა ბათუმის მერიამ 17 მაისს.

მერია „ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების“ მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა „ბათუმელებს“ მიმდებარე დასახლებაში რამდენიმე პირმა უთხრა, რომ ხიდზე მძიმეწონიანი მანქანები გადაადგილდებოდნენ, რომლებსაც ინერტული მასალები გადაჰქონდათ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის [ავტობანიდან ჩამოდიოდნენ და ამ ხიდის გავლით მიდიოდნენ ბარცხანაში], ამიტომ ხიდმა დატვირთვას ვერ გაუძლო.

„მიმდინარეობს წინასაპროექტო კვლევა, ხიდის კონსტრუქციული ნაწილის შესწავლა, რის შემდეგაც დაიწყება მუშაობა პროექტირებაზე“, – გვითხრეს დღეს, 21 მაისს, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში.

სამმართველოდან გვაინტერესებდა ინფორმაცია – დაახლოებით როდის დაიწყება ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა ფორმით შეისყიდიან და რა დრო დასჭირდება მის დასრულებას.

ბათუმის მერიის ინფორმაციით ხიდზე მოძრაობა მინიმუმ 3 თვით შეიზღუდა, ანუ 18 აგვისტომდე.

დაზიანების გამო გოროდოკში მდინარე ბარცხანაზე ხიდი 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე გადაიკეტა / 21.05.2025
დაზიანების გამო გოროდოკში მდინარე ბარცხანაზე ხიდი 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე გადაიკეტა / 21.05.2025
მდინარე ბარცხანა / დაზიანების გამო გოროდოკში, მდინარე ბარცხანაზე ეს ხიდი 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე გადაიკეტა / 21.05.2025
დაზიანების გამო გოროდოკში მდინარე ბარცხანაზე ხიდი 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე გადაიკეტა / 21.05.2025

გადაკეტილი ხიდის ერთ-ერთ მხარეს ხეზე მიჭედებულია დაფა, რომელიც გვამცნობს, რომ სამუშაოები აქ ბათუმის მერიის სამმართველოს დაკვეთით ხორციელდება.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ამხანაგობა „ნიზუმალის“, სადაც გვითხრეს, რომ ისინი ნაპირსამაგრ სამუშაოებს ასრულებენ და ხიდთან შეხება არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები გადაკეტილი ხიდის ქვემოთაც უნდა შესრულდეს. „ბათუმელებმა“ ამ ეტაპზე ვერ მოახერხა იმის დადგენა, ხიდზე დაგეგმილი სამუშაოები შეუშლის თუ არა ხელს ნაპირსამაგრ სამუშაოებს.

ბათუმში, თევდორე მღვდლის ქუჩის N1-დან N114-მდე სანიაღვრე სისტემის მოწყობასა და ნიჟარაძის ქუჩა N6ბ-დან ნიჟარაძის ქუჩა N26-მდე [მდინარე ბარცხანის კალაპოტში] ნაპირსამაგრი კედლის მოწყობაზე მერიის სამმართველოს ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ნიზუმალი“-სთან 4 385 128 ლარზე აქვს გაფორმებული.

ხელშეკრულება 2024 წლის აგვისტოშია გაფორმებული, რომლის მიხედვითაც ორთავე მისამართზე სამუშაოს შესრულების ვადად 2025 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.

„ბათუმელებმა“ ნახა პროექტიც, რომლის მიხედვითაც ნაპირსამაგრი სამუშაოები გადაკეტილი ხიდის ქვემოთაც უნდა ჩატარდეს – აშენდეს რკინაბეტონის კედელი მდინარის ორივე მხარეს. ამ პროექტში ხიდის ავარიულობის შესახებ არაფერი წერია. აქვე აღსანიშნავია, რომ პროექტში მდინარე ბარცხანის ნაცვლად შეცდომით მდინარე ყოროლისწყალია მითითებული, თუმცა ამას მერიის სამმართველოში, როგორც ჩანს, არავინ მიაქცია ყურადღება.

რაც შეეხება ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების ვადას, ის 2025 წლის 30 მაისის ნაცვლად სამი თვით, სექტემბრამდე გადაავადეს [30 აგვისტოს ჩათვლით].

ნაპირსამაგრი სამუშაოების გადავადების მიზეზები მხარეთა შეთანხმების დოკუმენტებიდან:

„ნიზუმალმა“ წერილობით გვაცნობა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად ყველა საჭირო ორგანიზაციას წერილობით აცნობა მიწის ქვეშა და მიწის ზედა კომუნიკაციებთან დაკავშირებით ქსელების მიმართულების და არსებობის დასადგენად. აღნიშნულმა გარემოებამ თავის მხრივ გარკვეული დროით შეაფერხა სამუშაოების განხორციელება.

ასევე, სამუშაო პროცესების შეჩერება გამოიწვია გრძელვადიანმა უამინდობამ. 2024 წლის ნოემბრის თვეში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის ბევრ ლოკაციაზე, მათ შორს ნიჟარაძის ქუჩა N6ბ-დან ნიჟარაძის ქუჩა N26-მდე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოებზე გამოიწვია მეწყრული პროცესები, მდინარის ადიდებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა განხორციელებულ სამუშაოებს, ჩარეცხა მოწყობილი მისასვლელი გზა, საიდანაც ხდებოდა ობიექტის მომარაგება სამშენებლო მასალებით და მძიმე სპეცტექნიკით.

კომპანიის მიერ ამოღებული ქვაბული ნაპირსამაგრი კედლის მოსაწყობად განმეორებით იქნა შევსებული ინერტული მასალით და კომპანიის მიერ ხელახლა გახდა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების საჭიროება მისასვლელი გზის მოსაწყობად.

ხელშეკრულების გაფორმების დღიდან დღემდე განვითარებულმა უამინდობამ და ნალექიანი დღეების მრავლად არსებობამ გამოიწვია ქ. ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩა N6ბ-დან ნიჟარაძის ქუჩა N26-მდე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოების შეფერხება და სამშენებლო ტემპის შენელება.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, „ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ნიზუმალ“-მა 05.05.2025წ. კორესპონდენციით 10/1425125467-90 მოგვმართა ზემოაღნიშნულ მისამართზე სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით და წარმოადგინა სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ცნობა, რომლის საფუძველზეც დაკორექტირდა ფინანსური გეგმა-გრაფიკი.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ცნობების გათვალისწინებით აგვისტოდან-მარტის თვის ჩათვლით ნალექიანი დღეების რაოდენობამ შეადგინა 94 დღე, გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილად მივიჩნევთ ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდეს 2025 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.“

„ნიზუმალისთვის“, შესყიდვების პორტალის 2025 წლის 21 მაისის მონაცემებით, ხელშეკრულების თანხის [4 385 128 ლარის] მხოლოდ 16 პროცენტია გადარიცხული – ჯამში 704 ათას 152 ლარი.

მდინარე ბარცხანა – კალაპოტი გადაკეტილ ხიდამდე, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები დაწყებულია [მარცხნივ] და ამავე მდინარის კალაპოტი ხიდის შემდეგ, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა [მარჯვნივ] / 21.05.2025
ხიდის გადაკეტვის გამო დროებით შეცვლილია რამდენიმე საქალაქო ავტობუსის მოძრაობის მარშრუტიც.

დაზიანების გამო გოროდოკში მდინარე ბარცხანაზე ხიდი 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე გადაიკეტა / 21.05.2025

ამ თემაზე:

სად შეიზღუდა მუნიციპალური ავტობუსის მოძრაობა ბათუმში ხიდის დაზიანების გამო

 

 

საქართველოში შემოსული 451 გემიდან 15 რუსული დროშის ქვეშ დაცურავს – I კვარტლის სტატისტიკა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში სულ 451 გემი შემოვიდა, რაც 47 გემით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა, შემცირებულია კონტეინერმზიდი და თხევადი ტვირთმზიდი გემების რაოდენობა.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოში შემოსული გემების უმეტესობა პანამის დროშის ქვეშ დაცურავს [82 გემი], შემდეგ მოდის თურქეთის [75 გემი], მალტის [46 გემი], ლიბერიის [38 გემი] დროშის ქვეშ მცურავი გემები.

რაც შეეხება რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს, ასეთი საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 15 გემი შემოვიდა [გასულ წელს კი საქართველოს ნავსადგურებმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი 88 გემი მიიღეს].

საქართველოში შემოსული იმ გემების რაოდენობა, რომლებიც რუსეთის დროშით დაცურავს [2020-2024 წლები] / წყარო: საქსტატი
გარდა აღნიშნულისა, საქართველოში ასევე შემოვიდა გემები შემდეგი ქვეყნების დროშებით: აზერბაიჯანი, ანტიგუა და ბარბუდა, აშშ, ბარბადოსი, ბაჰამის კუნძულები, ბელიზი, ბულგარეთი, გაბონი, გვინეა – ბისაუ, ეგვიპტე, ვანუატუ, იამაიკა, ინდოეთი, იტალია, კაიმანის კუნძულები, კამერუნი, კვიპროსი, კომორის კუნძულები, კუკის კუნძულები, მარშალის კუნძულები, მონღოლეთი, პალაუ, პორტუგალია, საბერძნეთი, სან-მარინო, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, ტანზანია, ტოგო, ჰონდურასი.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი 13 გემი შემოვიდა [გასულ წელს კი, მთლიანობაში, 22 გემი].

შემოსული გემების შესახებ მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა [საქსტატი] გამოაქვეყნა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 451 გემი, რომელთა 50.1 პროცენტი იყო გენერალური [ზოგადი სახის] ტვირთის გადამზიდი, 22.2 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდი, 18.2 პროცენტი – კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი – 9.5 პროცენტი – ნაყარ ტვირთმზიდებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

ამავე მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 2.6-ჯერ მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 32.2 პროცენტით მეტი – გენერალური [ზოგადი სახის] ტვირთმზიდი, 12.8 პროცენტით ნაკლები – კონტეინერმზიდი და 11.5 პროცენტით ნაკლები – თხევადი ტვირთმზიდი.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-17 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის თითქმის 200 გემს შეეხება. გემებისთვის, რომლებიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და გადააქვთ რუსული ნავთობი არარეგულარული და მაღალი რისკის შემცველი გადაზიდვების პრაქტიკის გამოყენებით, იკრძალება მომსახურების ფართო სპექტრის მიწოდება, მათ შორის პორტში შესვლა. ჩრდილოვანი ფლოტის მიმართ შემზღუდავი ზომები მიზნად ისახავს შეამციროს შემოსავლები, რომლებიც აძლიერებენ რუსეთის საომარ ეკონომიკას.

ვრცლად ამ თემაზე:

რას ითვალისწინებს ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

 

 

 

 

 

Exit mobile version