„თვითონ „ქართული ოცნება“ გადის ბეწვის ხიდზე, მათი მხრიდან ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მძიმე შეცდომა, რაც მათთვის საბოლოოც კი აღმოჩნდეს. ამიტომაც მგონია, რომ მოთმინების ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – გვიყვება გოტა ჭანტურია, წინააღმდეგობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, რომელსაც ვკითხეთ: რა ელის საპროტესტო აქციებს ზაფხულში?
წინააღმდეგობის წევრთან საუბარი ევროკომისრის კომენტარით დავიწყეთ, რომელმაც წუხელ ქართველ ხალხს მიმართა. მარტა კოსიმ სიმტკიცისკენ მოგვიწოდა და ხაზი გაუსვა, თქვენი იმედი გვაქვსო.
„როცა პროტესტი არსებობს და ამას აქვს უწყვეტი ხასიათი, არავის ვუტოვებთ მორალურ უფლებას, ამ რეჟიმთან ითანამშრომლოს. ეს არის თვალი თვალის წილ, როგორც ამბობენ: ან ისინი გვაჯობებენ, ან ჩვენ ვაჯობებთ.
გააჩნია, ვინ უფრო თანმიმდევრული იქნება. ვინ უფრო შეუპოვარი იქნება, მაგაზეც არის,“ – აღნიშნა გოტა ჭანტურიამ „ბათუმელებთან“.
„ბათუმელებმა“ გოტა ჭანტურიასთან ინტერვიუ ჩაწერა, ის მოძრაობის „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრია:
- ბატონო გოტა, ევროკომისრის – მარტა კოსის ბოლო განცხადებაზე რას ფიქრობთ: ჩვენ თქვენი იმედი გვაქვსო და ქართველ ხალხს სიმტკიცისკენ მოგვიწოდა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ევროკავშირისგან კონკრეტული მექანიზმების ამოქმედებას „ოცნების“ წინააღმდეგ ნაკლებად უნდა ველოდოთ?
ასე მოხდება, თუ ისინი წინააღმდეგობას საქართველოში ვეღარ დაინახავენ.
ვიცით, რომ ევროკავშირი და გნებავთ აშშ თანამშრომლობენ გაცილებით მძიმე რეჟიმებთან. ეს საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიის ნაწილი, რომელსაც მე პირადად შეიძლება ვეწინააღმდეგებოდე, მაგრამ მოცემულობაა.
ჩვენ არჩევნების შემდეგ სახალხო წინააღმდეგობა რომ არ დაგვეწყო და 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ [ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადება ევროკავშირი გაწევრიანების მოლაპარაკების 2028 წლამდე გადადების შესახებ] არ გვეაქტიურა, ამ ხალხს არ ექნებოდა სხვა გზა, თუ არა ის, რომ თანამშრომლობის გარკვეული ფორმა გამოეძებნათ. ბუნებრივია, ეს არ იქნებოდა ახლო პარტნიორობა და ურთიერთობები, მაგრამ რაღაც გზას გამონახავდნენ.
ამ დრომდე ევროკავშირისა და პარტნიორებისგან ძალიან მნიშვნელოვან და მკაფიო მხარდაჭერას ვგრძნობთ, რაც დასაფასებელია. მეორე საკითხია, რამდენად მეტი უნდა იყოს ეს მხარდაჭერა, ან ნაკლები. მე, პირადად, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში მეტ მხარდაჭერას ვისურვებდი.
ვხედავთ, რომ ყველა კანონი მიღებულია და შესაბამისი პრაქტიკა დანერგილი, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩაახშონ და გააქრონ. ყველაფერი ფინანსურ რეპრესიებსა და ტერორზეა ორიენტირებული. ამ პირობებში ძალიან რთულია ბრძოლა, განსაკუთრებით ისეთ რთულ სოციალურ პირობებში, როგორშიც ჩვენ ვართ.
ის, რომ პროტესტი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, ბევრს ვერ წარმოედგინა, მათ შორის, დასავლეთში. უკვე 175 დღეა ხალხი ქუჩაშია საპროტესტო აქციაზე, ახლო მონაკვეთებში ხალხმრავალი აქციებიც არის, თანაც, აქცია არ არის მხოლოდ თბილისში: ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ახალციხეში – ყველგან საპროტესტო აქციაა. მარტვილში ერთი ადამიანის პროტესტია. ამას ემატება სოციალური პროტესტები სხვადასხვა ქალაქში: ჭიათურა, ბალდა, საირმე, თუ ქობულეთი. ფაქტობრივად, ცეცხლია წაკიდებული ყველგან პროტესტის.
- თქვენ, როგორც წინააღმდეგობის აქტიური წევრი, როგორ ხედავთ ამ წინააღმდეგობის გაძლიერებას? ზაფხულის სეზონი ახლოვდება. გაზაფხული ბევრისთვის არ აღმოჩნდა ქუჩაში გასვლის ხელშემწყობი ფაქტორი.
ამ წინააღმდეგობამ უკვე მიიღო შეუქცევადი ხასიათი. შესაბამისად, ძალიან რთული იქნება – თუმცა შესაძლებელია – ამ პროტესტის ჩახშობა. საკმაოდ რთული იქნება ყოველდღიური პროტესტის გაქრობა, თუმცა გასაძლიერებლად, ბუნებრივია, რაღაც მომენტუმებია საჭიროა. ჯერჯერობით ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი არ გამოჩნდა. გვქონია ხალხმრავალი აქციებიც: 14 აპრილის აქცია, 9 მაისის აქცია. შესაძლოა, ქუჩაში არ იყო გამოსული 100 ათასობით ადამიანი, მაგრამ როცა ყოველდღიურ პროტესტში ხარ ჩართული, ცხადია, ყოველთვის დიდი რაოდენობით ხალხი ვერ გამოვა.
ისტორიულადაც ასე იყო: „ვარდების რევოლუციის“ დროს ბოლო მომენტში იყო ხალხის დიდი ნაკადი, თორემ მანამდე ბევრი ხალხი არ ყოფილა.
ჩემი ფოკუსი ახლა მთლიანად არის მიმართული 26 მაისზე. თითოეული ასეთი მნიშვნელოვანი დღის წინ მუდმივად ცდილობენ, ფოკუსის გადაფარვას, ცდილობენ ჯგუფები გადაკიდონ ერთმანეთს, მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნების თემით.
26 მაისს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ძალიან ბევრნი, ურყევად ვდგავართ და ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის.
- თქვენი აზრით, როგორ უქმნის საფრთხეს საქართველოს დამოუკიდებლობას ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს?
ყველაფერი ამას აჩვენებს, რომ საფრთხეს უქმნიან დამოუკიდებლობას. პირველ რიგში, ამას აჩვენებს ის, რომ უსამართლოდ, უსაფუძვლოდ ჰყავთ ადამიანები დაჭერილი და პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება.
2012 წლიდან დღემდე ემიგრაციის რაოდენობა მუდმივად იზრდება. დაახლოებით 1 მილიონი ადამიანია გასულია ქვეყნიდან ფიზიკურად. მეორე მხრივ, ვხედავთ, როგორი შემოდინებაა რუსების.
ვინ როგორ ცხოვრობს ამ ქვეყანაში? ჩვენი საზოგადოება უფრო და უფრო მძიმე ყოფაშია მაშინ, როცა ემიგრანტები რუსეთიდან საკმაოდ კარგად ცხოვრობენ.
წუხელ 3 ადამიანი გაიტაცა ხურვალეთიდან საოკუპაციო რეჟიმმა. ერთი გაათავისუფლეს და ორი ისევ პატიმრობაში რჩება. ეს ყველაფერი რანაირი მშვიდობაა და დამოუკიდებლობა? 700 ათასი ადამიანი რომ სოციალურ შემწეობას იღებს, რანაირი დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა ეს?
- რაზეა დამოკიდებული დემოკრატიის გადარჩენა საქართველოში, საპროტესტო აქციების უწყვეტობაა მნიშვნელოვანი ფაქტორია?
ჩემთვის, პირადად, პროტესტის უწყვეტობა ძალიან მნიშვნელოვანია.
სულ ვამბობთ, რომ რუსეთს ვებრძვით, უთანასწორო ბრძოლაა, რომ ფინანსური და ძალოვანი სტრუქტურები მათ მხარესაა და ასე შემდეგ. ისიც გააზრებული უნდა გვქონდეს, რომ ეს არ არის მარტივი და მოკლევადიანი ბრძოლა.
მეორეა მოთმინების მომენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოთმინება ვიქონიოთ. თვითონ „ქართული ოცნება“ გადის ბეწვის ხიდზე, მათი მხრიდან ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება იქცეს ძალიან მძიმე შეცდომად, რაც მათთვის საბოლოოც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
- თუმცა „ქართული ოცნება“ დღითიდღე ამკაცრებს რეპრესიულ მანქანას. ფიქრობთ, ვერ შეძლებს პროტესტის ჩახშობას?
ის ამას ცდილობს, მაგრამ ხომ ხედავთ? – ჯერ ამბობდნენ, რომ აი, 20 იანვარი არის ბოლო თარიღი, მერე თებერვალი, შემდეგ მარტიო. მათთვის კარგი იქნებოდა, რომ პროტესტი გაჩერებულიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ვეღარ აკონტროლებენ სიტუაციას – ვერ მართავენ ქვეყანას. მათი ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს და მთლიანად დაკარგონ კონტროლი ყველაფერზე.
ამიტომაც მგონია, რომ მოთმინების ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
კიდევ ერთი ფაქტორია – ორგანიზება, რაც ძალიან გვიჭირს. იყო პროფესიული მარშები, გაერთიანებები, მაგრამ მყარი ორგანიზება საკმაოდ იშვიათია. ეს ორგანიზება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაერთიანებულად ვიმოქმედოთ – მინიმუმ არ დავაზიანოთ ერთმანეთი. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით უნდა ვიმოქმედოთ.
ამჯერად ზაფხულზეც დიდი შიშია, რომ აი, ზაფხულში პროტესტს რა ეშველება? თუმცა ზამთარი გავიარეთ და ვნახეთ, რომ ბევრი დანაკარგი არ გვქონია – ბაკურიანშიც წავიდნენ დასასვენებლად და გუდაურშიც, ამავდროულად პროტესტი მაინც გაგრძელდა.
ზაფხული ბათუმმა კარგად შეიძლება გამოიყენოს: თუ ბათუმში ჩამოვა დამსვენებელი, მთლიანად აჭარის რეგიონში, უნდა გამოვიდნენ აქციაზეც. ასე რომ, შეიძლება ადამიანური რესურსი მოაკლდეს თბილისს, მაგრამ მოემატოს რეგიონებს. მთავარია, ფოკუსი არ დავკარგოთ.
მე არ ვფიქრობ, რომ რაოდენობა არის გადამწყვეტი – 500 იქნება ეს, თუ 1000 – მთავარია, უწყვეტობა შენარჩუნდეს.
- უშვებთ, რომ უწყვეტი წინააღმდეგობის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი, არაფერი დათმოს ივანიშვილმა?
რა თქმა უნდა, რისკი არსებობს, როცა ამხელა მტერს ვებრძვით, მაგრამ აქ რამდენიმე პასუხია: უპირველესი არის ის, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს!
მეორე ვარიანტია პროტესტის, წინააღმდეგობის გაჩერება. გვეუბნებიან კიდეც: მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მარშით რომ დადიხართ, რა შედეგია? რუსთაველის გადაკეტვას რა შედეგი აქვს? მე იქეთ მაქვს შეკითხვა: რომ არ გადაკეტავ, ამას რა შედეგი აქვს? რომ არ მოდიხარ საერთოდ აქციაზე, ამას რა შედეგი ექნება?
შედეგი არის ის, რომ ხილულად გამოვხატავთ პროტესტს. ბათუმშიც მახსოვს აქციაზე მითხრეს, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თუ გავიგეთ, რომ მარშით აღარ მოდიხართ, ეს იქნება ნიშანი, რომ რაღაც ხდება, ესე იგი, ის ხალხი გააჩერესო.
ასე რომ, ეს ყველაფერი არის მუხტის მიმცემი თანამებრძოლებისთვისაც.
ეს მნიშვნელოვანია საგარეო კუთხითაც: როცა პროტესტი არსებობს და ამას აქვს უწყვეტი ხასიათი, არავის ვუტოვებთ მორალურ უფლებას, ამ რეჟიმთან ითანამშრომლოს. ეს არის თვალი თვალის წილ, როგორც ამბობენ: ან ისინი გვაჯობებენ, ან ჩვენ ვაჯობებთ.
გააჩნია, ვინ უფრო თანმიმდევრული იქნება. ვინ უფრო შეუპოვარი იქნება, მაგაზეც არის.
რაც მთავარია: არავინ ამბობს, რომ რაღაც უპირობოდ ასე უნდა იყოს და მორჩა. კვლევები აჩვენებს, რომ საზოგადოება პროტესტის მრავალფეროვან ფორმებს უჭერს მხარს. ჩემი სათქმელი იმ ჯგუფებისადმი, რომლებიც ამ პროტესტში თავს ჯერ კიდევ ნაკლებად ხედავენ, არის ის, რომ სცადონ სხვა ვარიანტი. ამას მე ნიშნის მოგებით არ ვეუბნები მათ. თანამებრძოლებს ამას ვერც ვიტყვი. უბრალოდ, იქნებ სცადონ სხვა ვარიანტი, რომელმაც შეიძლება იმუშაონ – მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტი თუ არ ჭრის, ეკონომიკის სამინისტროსთან, ან სხვაგან სადმე გამართონ აქცია.
შეიძლება, სხვა ფორმით იყოს გამოხატული პროტესტი, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს არ მუშაობს, შედეგი არ გვაქვს, ივანიშვილის რეჟიმი არ ჩამოიქცა და ამიტომაც უნდა გავჩერდეთო – არ არის გამოსავალი.
პროტესტის შეწყვეტა არ არის გამოსავალი, პირველ რიგში, ტყვეებისთვის. მესმის, რომ გვინდა მეტი, მეც ძალიან მინდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ არ ვართ იმ ეტაპამდე მისული. ამიტომაც, მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ პროტესტი.
___
მთავარი ფოტო: გოტა ჭანტურია, მარიამ ნიკურაძის ფოტო