ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა დღეს, 23 მაისს, 4 000 ლარით დააჯარიმა ზუგდიდელი აქტივისტი, მარიამ სიჭინავა – მას „ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ უჩივლა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
„დამაჯარიმეს 4000 ლარით“ – წერს მარიამ სიჭინავა ფეისბუქზე და იქვე დასძენს, რომ მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა დარბაზიდან გააძევა შეძახილის – „ოლეე, ოლას!“ გამო.
ასევე, ზარქუას საჩივრის საფუძველზე დღეს ზუგდიდის სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა კიდევ ერთი აქტივისტი, კერენ ესებუა.
საქმე ეხება ზუგდიდში, 20 მაისს მომხდარ ინციდენტს – ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში ირაკლი ზარქუას აქტივისტები დახვდნენ. მას სასტუმროს დატოვება აქტივისტების შეძახილის ფონზე მოუწია.
ზუგდიდელ აქტივისტებს „ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირმა სოსო ქუხილავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სოსო ქუხილავა კერენ ესებუას ფიზიკურადაც შეეხო, ხელზეც დაარტყა, რის შემდეგაც მას ტელეფონი დაუვარდა და დაიმტვრა.
მარიამი და კერენი ამბობენ, რომ ირაკლი ზარქუას ნამდვილად დასცინოდნენ, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფა, პირველი სწორედ ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირმა დაიწყეს.
ამ ინციდენტის შემდეგ კერენს და მარიამს ზარქუამ პოლიციაში უჩივლა. თავის მხრივ, ზარქუას უჩივლეს ზუგდიდელმა აქტივისტებმა.






