მედიის ადვოკატირების კოალიცია ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტ სულხან მესხიძეზე ძალადობის და მისი გაძევების, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობის შეზღუდვის შემთხვევებს ეხმაურება.
ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც.
„ჟურნალისტების მიმართ ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია და წარმოადგენს ღია თავდასხმას მედიის თავისუფლებაზე. საქართველოში ამჟამად არსებული სამუშაო გარემო მედიის თავისუფლებისთვის კრიტიკული და მნიშვნელოვნად შემზღუდველია. ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვა ზიანს აყენებს დემოკრატიულ პროცესებს და ზღუდავს საზოგადოების ინფორმირების უფლებას“ – აცხადებს მედიაკოალიცია.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტებს შენობაში კამერების შეტანის უფლება ჩამოართვა. 22 და 23 მაისს მედიის წარმომადგენლებს სასამართლოში სრულფასოვნად მუშაობის საშუალება შეეზღუდათ. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ეს შეზღუდვა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო პროცესებზე გავრცელდა“ – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე, მედიის ადვოკატირების კოალიცია დაზარალებულ ჟურნალისტებსა და მედიას სრულ სოლიდარობას უცხადებს და მოითხოვს ყველა საჯარო მოსამსახურისა და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ ჟურნალისტური საქმიანობის შემზღუდველი ქმედებების შეწყვეტას.
„ადგილობრივ მედიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ უფრო ხშირად არ აძლევენ საჯარო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობას და ზღუდავენ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა ვერ იღებს ინფორმაციას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას.“ – წერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ ინციდენტით, სწრაფად გამოიძიოს და სათანადოდ დასაჯოს ყველა მოძალადე პირი.
„ქარტია შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თვითმმართველობის სხდომები საჯაროა, და რომ ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი ატმოსფერო ადგილებზე ჟურნალისტებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პროფესიულ საქმიანობას.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.