ზუგდიდელი აქტივისტი კერენ ესებუა, დღეს, 23 მაისს, ზუგდიდის სასამართლომ 3 500 ლარით დააჯარიმა. მას და კიდევ ერთ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას, „ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.
აქტივისტებს 20 მაისს, ზუგდიდში „ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირმა სოსო ქუხილავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სოსო ქუხილავა კერენ ესებუას ფიზიკურადაც შეეხო, ხელზეც დაარტყა, რის შემდეგაც მას ტელეფონი დაუვარდა და დაიმტვრა.
ამჟამად მიმდინარეობს მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი.
მარიამი და კერენი ამბობენ, რომ ირაკლი ზარქუას ნამდვილად დასცინოდნენ, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფა, პირველი სწორედ ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირმა დაიწყეს.
ამ ინციდენტის შემდეგ კერენს და მარიამს ზარქუამ პოლიციაში უჩივლა.
პოლიციაში მარიამმა და კერენმაც უჩივლეს ირაკლი ზარქუას, თუმცა დღეს სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტების გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღო.

კერენ ესებუა და მარიამ სიჭინავა
კერენ ესებუას შშმ დედა ჰყავს და მას კერენის გარდა სხვა მზრუნველი არ ჰყავს. მარიამ სიჭინავა კი მარტოხელა დედაა და არასრულწლოვანი შვილის ერთადერთი მეურვეა.






