მთავარი,სიახლეები

„რუსებს კარგად რომ ჰქონდეთ საქმე, შეიარაღებას კორეას არ დაესესხებოდნენ“ – ინტერვიუ გენერალთან

23.05.2025 •
„რუსებს კარგად რომ ჰქონდეთ საქმე, შეიარაღებას კორეას არ დაესესხებოდნენ“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსებს რომ კარგად ჰქონდეთ საქმე, კორეელებს არ დაესესხებოდნენ შეიარაღებას და პირად შემადგენლობას,“ – რუსეთ-უკრაინის ომს ისევ აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

რა იცვლება „დიდი შვიდეულის“ მიერ რუსეთის მიმართ დაანონსებული სანქციებით?

„იქ პუტინი ჩავიდა და განაცხადა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორიული ძეგლები უკრაინელებმა გაანადგურესო. ბოდიში, მაგრამ 1500 კილოიან ბომბებს რომ ჩამოაგდებ შენივე ტერიტორიაზე და მერე სხვას აბრალებ, რაღაცას ანადგურებსო, ისეთი საკითხია – რა გითხრათ: რუსეთია და რასაც იტყვის პუტინი, სჯერათ ყველაფრის.

ის, რომ თავისივე ტერიტორიების დაბომბვა მოუწია პუტინს და ახლაც ბომბავს ბელგოროდის მიმართულებას, ეს ფაქტია,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

რას შეიძლება მიაღწიოს უკრაინამ წელს? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ხდება ფრონტის ხაზზე ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანი? 

შეიმჩნევა რუსების მხრიდან გარკვეული გააქტიურება: ხარკოვის, პოკროვსკის, ზაპოროჟიეს მიმართულებით. ხერსონთანაც აქტიურობენ რუსები, თუმცა ნაკლებად.

ხერსონიდან რომ დავიწყოთ: წვრთნები ჩაატარეს, თითქოსდა დნეპრის ფორსირებას აპირებდნენ, თუმცა ამის არც ძალები და არც საინჟინრო – სატრანსპორტო საშუალებები რუსებს არ გააჩნიათ. ფორსირება ძალიან რთული ოპერაციაა სამხედრო თვალსაზრისით. თანაც, გაითვალისწინეთ – უკრაინელებით გამაგრებული დნეპრის მარჯვენა ნაპირი არის უფრო მაღალი, რაც ართულებს ფორსირების განხორციელებას.

ზაპოროჟიეს მიმართულებითაც რუსებს აქვთ გარკვეული მცდელობა, რომ სამხრეთიდან განახორციელონ შემოვლა და დარტყმა პოკროვსკის მიმართულებაზე, თუმცა ეს გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია ამინდის დასტაბილურებასთან: გაშრა მიწა, რაც საშუალებას იძლევა, უფრო აქტიურად იმოქმედონ, მოწმენდილი ამინდებია და დრონებისთვისაც გაადვილებულია მოქმედება.

აქამდე აქტიურად გამოიყენებოდა ტერმინები „ზამთრის კამპანია“, „გაზაფხულის კამპანია“, თუმცა რუსების მხრიდან ეს გააქტიურება არ უკავშირდება ამ ფაზებს. ეს ტერმინები მაინც უფრო ზოგადია და წარსულიდან მოდის: წინათ ჯარები ზამთრის დადგომისთანავე გადიოდნენ ზამთრის ბინებში, საბრძოლო მოქმედებები წყდებოდა და გაზაფხულზე ისევ იწყებოდა.  თანამედროვე ომის თეატრში ეს ცნებები მაინც პირობითია, ვინაიდან რუსებს ზამთარშიც არ შეუწყვეტიათ შეტევების მცდელობები, თუმცა ბუნებრივი პირობები მნიშვნელოვნად ამცირებდა მათ ინტენსიობას.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ამჯერად კონცენტრირება ხდება პაკროვსკა-ხარკოვის მიმართულებაზე. არსებობს მოლოდინი, რუსები გააძლიერებენ დაწოლას ამ მიმართულებაზე.

ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ცვლილების მანიშნებელი არაფერია. ეს უფრო პოზიციების გაუმჯობესებისკენ მიმართული ცალკეული, ტაქტიკური მოქმედებებია, ვიდრე საერთო, ოპერატიული გეგმის მიხედვით წარმოებული მოქმედება.

  • ჩანს, რომ რუსეთს ისევ აქვს დონბასის აღების განზრახვა? 

დონბასის აღება არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. რა თქმა უნდა, პუტინი ცდილობს, ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, გარკვეული, დამატებითი ბენეფიტი მიიღოს. პუტინს სურს, განსაკუთრებით ამერიკულ მხარეს აჩვენოს ის, რომ ტრამპის თქმისა არ იყოს, „კარტები მის ხელშია“. სინამდვილეში ეს ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს.

უკრაინელების მხრიდან კონტრშეტევებია მცირე მიმართულებებზე – უკეთესი დაცვითი პოზიციების დაკავების მიზნით. რუსები კი ცდილობენ, დაიკავონ ისეთი პოზიცია, რომელიც მათ შეტევის განვითარების საშუალებას მისცემს.

  • პუტინი არ შეხვდა ზელენსკის. თქვენი დაკვირვებით, რატომ აწყობს პუტინს დროის გაჭიანურება, თუ არც აპირებს ცეცხლის შეწყვეტას? 

აპირებს თუ არ აპირებს, პუტინს მოუწევს ცეცხლის შეწყვეტა, თუ რამე მნიშვნელოვნად არ შეიცვალა.

ცეცხლის შეწყვეტა კი, ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება არსებულ პოზიციებზე, ანუ ნულოვან ხაზზე, სადაც შეხების წერტილია. პუტინს სურს, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია მოექცეს მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაში. შემდეგ კი, ამ საკითხს გამოიყენებს სავაჭროდ.

ჩემი დაკვირვებით, წლის ბოლომდე ცეცხლი შეწყდება. შეიძლება, მანამდე ცეცხლი შეწყდეს 30 დღით, მაგრამ მთელ ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტა ალბათ წლის ბოლომდე მოხდება. ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას. ხშირად ურევენ ამ ტერმინებს. მე არ მითქვამს არსად, რომ ამ ეტაპზე ეს ომი დასრულდება.

  • წინა ინტერვიუში უკრაინის დიპლომატიის კუთხით უპირატესობას გაუსვით ხაზი. „ეს გადამწყვეტი მომენტია. ახლა მსოფლიოს შეუძლია დაინახოს, ნამდვილად შესწევთ თუ არა მის ლიდერებს უნარი, უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტა და მიაღწიონ ნამდვილ, ხანგრძლივ მშვიდობას“, – სოციალურ ქსელში წერდა ზელენსკი. რა იცვლება უკრაინისთვის დასავლეთის მხარდაჭერის კუთხით? 

ეს დიპლომატიური უპირატესობა, რა თქმა უნდა, რჩება უკრაინის მხარეს. თურქეთის ამბავმაც ეს აჩვენა, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებისთვის, მზადაა ამერიკელების მიერ დასახული ცეცხლის შეწყვეტის გეგმას შეუერთდეს და ელოდება რუსეთის მხრიდან პასუხს.

ამ დროს რუსეთმა მესამე პირები გამოგზავნა – უხეშად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად მიუღებელი და აბსურდული წინადადებების წამოყენება, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი გადაწყვეტილების მიმღებები არ იყვნენ. ევროპელმა ლიდერებმა და ამერიკელებმაც აღნიშნეს, რომ არ ჩანს პუტინის მხრიდან მზადყოფნა მოლაპარაკებისთვის.

არ გამოვრიცხავ, პუტინი თამაშობს და ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ მხოლოდ ევროპული სახელმწიფოების ლიდერები ვერ გადაწყვეტენ ამ საქმეს და საჭიროა, უშუალოდ ტრამპი იყო ჩართული. ამით შესაძლოა პუტინმა ტრამპს გაუკეთა ერთგვარი რევერანსი, რომ მსგავს საკითხებს მხოლოდ ტრამპი წყვეტს.

  • ამასობაში, ტრამპის განცხადებებით რა ირკვევა? ანალიტიკოსებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ტრამპს პუტინთან კონფრონტაცია არ სურს. 

ჩემი დაკვირვებით, მნიშვნელოვანია, ბოლოს ვის ხვდება, ვის ესაუბრება ტრამპი – ბოლო ვინც არის, იმის სასიკეთო აზრებს ავითარებს. ვერ გეტყვით, რთულია ტრამპზე საუბარია.

არ გამოვრიცხავ, რომ ტრამპის მხრიდან რეალურად არის მცდელობა, ჩამოშორდეს მის მიერ დასახელებულ, განუხორციელებელ გეგმას და ეს საკითხი რომის პაპს გადააბაროს – არის კიდეც ამაზე საუბარი. ეს არ ნიშნავს, რომ აშშ უწყვეტს სამხედრო დახმარებას უკრაინას.

ყველაზე დიდი პოლიტიკური ზარალი, რაც პუტინმა მიიღო, არის ევროპის გაერთიანება. ნუ დაგვავიწყდება გერმანიის ხელისუფლების განცხადება, რომ ის იღებს ვალდებულებას უახლოეს მომავალში ჰყავდეს ევროპაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები.

გერმანიას რა შეუძლია და როგორი სამხედრო მანქანის შექმნა ხელეწიფება  – ვინმემ თუ არ იცის და არ ეზარება, გადახედოს ისტორიას და ნახავს.

  • დღეს ირკვევა, რომ „დიდი შვიდეული“(G7) რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებისთვის მზადყოფნას ადასტურებს, თუ ის უარს იტყვის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე“. რა ეფექტი ჰქონდა აქამდე რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს?

კატეგორიულად არ ვეთანხმები პოზიციას, რომ თითქოს სანქციებმა არ იმოქმედა და რუსეთმა მაინც შეძლო სამხედრო მრეწველობის გადაწყობა. დიახ, შესაძლოა, გადააწყო სამხედრო მრეწველობა, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა სფეროები, სხვა მრეწველობა დასუსტდა. ეს ყველაფერი ბიუჯეტთან არის დაკავშირებული.

წარმოიდგინეთ, საშუალოდ 19 ტრილიონია ევროპის ეკონომიკური შესაძლებლობა, რუსეთისა – 2 ტრილიონი. ვიდრე 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყებოდა, ნატოს შეიარაღებული ძალებში იყო 2 მლნ კაცი, რუსეთში – 900 ათასი. გადამწყვეტ ტექნოლოგიურ საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, საჰაერო ძალები, მაღალტექნოლოგიური შეიარაღება – ცხადია, დასავლეთს აქვს უპირატესობა.

მაგალითად, უკრაინას აქვს „ლეოპარდი 2A5“, რომელიც იმის მიუხედავად, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების წარმოების ტექნიკა, გაცილებით ჯობია T-90 – ების მოდიფიკაციას, რაც რუსების შემთხვევაში დღესდღეისობით ყველაზე კარგი ტანკია. ეს მაგალითი მოვიყვანე იმიტომ, რომ ტანკი და სატანკო ჯარები რუსეთის სახმელეთო ძალის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს. რეალობაში აღმოჩნდა, რომ ლეოპარდს თითქმის ორჯერ უფრო შორიდან შეუძლია ტ-90-ის კოშკურა გამჭოლად გახვრიტოს,  მისი უკანა სვლის სიჩქარე 30 კმ/სთ-ია, ტ-90-ის 4კმ/სთ რაც „ესროლე და დაიმალე“ მანევრისთვის გადამწყვეტია, მართვა ხდება შტურვალით და გადაცემათა ავტომატური კოლოფით, ხოლო ტ-90 ის მექანიკოს, ისევ ტრაქტორისტივით ბერკეტებით და მექანიკური კოლოფით უწევს ოპერირება.  უკრაინელი ტანკისტები მერსედესის და ჟიგულის შედარებას ახდენენ მათ მაგალითზე.  გაცილებით რთულ და ტექნოლოგიურ სისტემებზე არც კი შევჩერდები.

  • ფიქრობთ, რომ სანქციების ახალი პაკეტი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს რუსეთისთვის? 

ცხადია, ყველას – თქვენ, მე, უკრაინელებს, მთელ ევროპას სურს, რომ სანქციებმა მყისიერი შედეგი გამოიღოს, მაგრამ ასე არ არის: რუსეთი დიდი ქვეყანაა და დიდი რესურსები აქვს. სანქციები მოქმედებს და ამას გააჩნია კუმულატიური, დაგროვებითი ეფექტი.

რუსებს რომ კარგად ჰქონდეთ საქმე, კორეელებს არ დაესესხებოდნენ შეიარაღებას და პირად შემადგენლობას.

  • კურსკზეც მინდა გკითხოთ: რა აჩვენა კურსკის ოპერაციამ? 

უკრაინელები იქ პერიოდულად ისევ აქტიურობენ – საზღვრისპირა ორ სოფელთან აქვთ ახლა დაპირისპირება. ასე რომ, სრულად არ დაუტოვებიათ კურსკი უკრაინელებს.

მნიშვნელოვანია, რომ იქ დაბომბვებს ახორციელებენ რუსები. პუტინი ჩავიდა და განაცხადა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორიული ძეგლები უკრაინელებმა გაანადგურესო. ბოდიში, მაგრამ 1500 კილოიან ბომბებს რომ ჩამოაგდებ შენივე ტერიტორიაზე და მერე სხვას აბრალებ, რაღაცას ანადგურებსო, ისეთი საკითხია – რა გითხრათ: რუსეთია და რასაც იტყვის პუტინი, სჯერათ ყველაფრის.

ის, რომ თავისივე ტერიტორიების დაბომბვა მოუწია პუტინს და ახლაც ბომბავს ბელგოროდის მიმართულებას, ეს ფაქტია.

  • პუტინი ბუფერული ზონის შექმნას იწყებს რუსეთის და უკრაინის საზღვარზე. ეს გადაწყვეტილება რას აჩვენებს თქვენთვის?

ამაზე საუბრობს პუტინი დიდი ხანია. ამიტომაც არის გააქტიურება ხარკოვის მიმართულებაზე „გადამწვარი მიწის პრინციპით“. ზუსტად ამ ტერიტორიას ეძახის პუტინი შემდეგ ბუფერულ ზონას.

აქ საინტერესო ის საკითხია, რომ პუტინმა ეს ტერიტორიები – რის დაკავებაც სურს, მთლიანად შეიყვანა კონსტიტუციით რუსეთის შემადგენლობაში. თუ პუტინი ამ მოცემულობით შეწყვეტს ომს, გამოვა, რომ ხერსონის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ტერიტორიები თითქოს უკრაინელების მიერ არის ოკუპირებული. ამ ვითარებაში კი, პუტინს გამარჯვებაზე საუბარი გაუჭირდება.

  • უშვებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთი სანქციების პირობებში ისე გაძლიერდეს, რომ ხელახლა დაიწყოს შეტევა? 

არ ვეთანხმები გარკვეული ექსპერტებისგან იმის მტკიცებას, რომ 2 წლის შემდეგ რუსეთი უკვე ნატოზე განახორციელებს თავდასხმას. არაა სავალდებულო სამხედრო საკითხების ცოდნა – რუკას დახედონ და დაინახავენ: რომელ ევროპას უნდა შეუტიოს რუსეთმა, როცა უკრაინა პროევროპულია, მტერია და მისი არ არის? გამოდის, რომ ფლანგზე დაიტოვებს მოწინააღმდეგეს – თანაც ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს, რომელიც ელოდება, როდის დასუსტდება რუსეთი. ასე შეუტევს ევროპას?

როგორ წარმოუდგენიათ, ფლანგზე რუსეთს ასეთი დაპირისპირება ჰქონდეს და თუნდაც ცეცხლი შეწყვეტილი იყოს, მოხსნას ჯარი უკრაინიდან და გადაიყვანოს ევროპაში? ამ დროს უკრაინელები რას იზამენ: ტელევიზორთან დასხდებიან და ახალ ამბებს უყურებენ?

რა თქმა უნდა, რუსეთის რესურსი მიდის კლებისკენ. სად არის მათი ნაქები ახალი იარაღი? გაუთავებლად აშინებენ უკრაინელებს „არეშნიკით“. გამოიყენეს კიდეც, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ამ დღეებში საცდელი გაშვებაც მოინდომეს, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა. მოხალისეების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ისინი რუსულ ჯარში იმ იმედით მიდიან, რომ ცეცხლი მალე შეწყდება, ფულს აიღებენ და ომში მონაწილეობაც აღარ მოუწევთ.

ამას გარდა, ადამიანური რესურსი არაა საკმარისი წარმატებისთვის. აგერ, ინდოეთი მილიარდ-ნახევარია, ბირთვული იარაღიც აქვთ, პაკისტანი 300 მილიონია, ბანგლადეში 150 მილიონია, მაგრამ რა გამოდის, ინდოეთზე მძლეველი მსოფლიოში არავინაა? რუსეთი, ცხადია, შეეცდება თავისი, დიდი ადამიანური რესურსის გამოყენებას, თუმცა უკრაინას აქვს მატერიალურ-ტექნიკური რესურსის უპირატესობა დასავლეთის მხარდაჭერით.

იმისთვის, რომ რუსეთმა დაიბრუნოს თავისი სიძლიერე, რაც მას ჰქონდა 2022 წელს ომის დაწყებამდე, მას დასჭირდება საშუალოდ 6-8 წელი. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ჯიბეებში ხელჩაწყობილი იქნება.

რეალურად ორივე მხარე მოემზადება მომავლისთვის, ვის უფრო მეტი შეუძლია. დასავლეთს მეტი შესაძლებლობა აქვს, განავითაროს შეიარაღება, თუ რუსეთს? – ცხადია, დასავლეთს. უკრაინა აქამდე იღებდა საბჭოთა წარმოების ტექნიკას, რაც ევროპაში ჰქონდათ საწყობებში დარჩენილი, ან დასავლურ ძველი თაობების სისტემებს, რომელიც ფაქტობრად გაიხარჯა. დასავლეთი ახლა უკვე იძულებულია უკრაინას მიაწოდოს თანამედროვე [არა ბოლო თაობის] სისტემები. მაგალითად, სულ ბოლო ინფორმაციით, სხვა ტექნიკასთან ერთად, ავსტრალია 41 „აბრამსს“ უგზავნის უკრაინას. ეს ერთი ამერიკული, ან ერთნახევარი საბჭოთა ტიპის  სატანკო ბატალიონია.

რუსები კი, ამ დროს ურტყამენ მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინაში. ცხადია, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვითი საშუალებები სჭირდება, მაგრამ უკრაინელებს რუსები უკვე ვეღარაფრით გააკვირვებენ, „არეშნიკიც“ რომ გამოიყენონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: