მთავარი,სიახლეები

ზუგდიდელი აქტივისტები „ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი ზარქუას პოლიციაში უჩივიან

21.05.2025
ზუგდიდელი აქტივისტები „ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი ზარქუას პოლიციაში უჩივიან

ზუგდიდელი აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრს, ირაკლი ზარქუას და მის თანმხლებ პირს პოლიციაში უჩივიან.

ირაკლი ზარქუამ, გუშინ, 20 მაისს, თანმხლებ პირთან ერთად, მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, კერენ ესებუას დაუმტვრიეს ტელეფონი.

„ჩვენ ხელითაც შეგვეხო ზარქუა და მისი თანმხლები პირი და გვაქვს ამის ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ჩემს ლაივში არ ჩანს. რამდენიმე ეპიზოდად იყო ეს, იდაყვში მოკიდა კერენს ხელი ზარქუამ და შეეცადა დაეჯიკავებინა. მეორედ კი – უკვე მისმა თანმხლებმა პირმა. ვიდეოშიც ისმის ხმა, საკმაოდ მძიმედ დაარტყა მაჯაზე ხელი კერენს და ტელეფონი გააგდებინა ხელიდან. სასამართლო რომ ჩაინიშნება, დავდებ ყველა ვიდეოს.

კერენს აქვს დაზიანებული ტელეფონი, მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ამის შემდეგ ვუპასუხეთ ჩვენც და შემდეგ, როცა უკვე კერენს ხელი დაარტყა ზარქუას თანმხლებმა პირმა, ჯერ-ჯერობით მისი სახელი არ ვიცით, მერე ისმის ჩემი გინება ვიდეოში, რომელიც ამ ხელის დარტყმას მოჰყვა.

დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება, მაგრამ არ ველოდებით, რომ ამაზე ვინმე რაიმე რეაგირებას მოახდენს“ – ამბობს მარიამ სიჭინავა „ბათუმელებთან“.

იგი ამბობს, რომ უცნობია, რა მუხლით დაიწყებს გამოძიებას ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველო. „შესაძლოა ეს იყოს წვრილმანი ხულიგნობა“ – ამბობს აქტივისტი.

„თუმცა, ნივთის დაზიანება სისხლის სამართალია და ალბათ ამ მიმართულებითაც დაიწყებენ გამოძიებას. ყველა მტკიცებულება აქვთ იმისთვის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით მაინც დაიწყოს გამოძიება“- ამბობს მარიამ სიჭინავა.

მისივე ინფორმაციით, პოლიციას მიმართა ირაკლი ზარქუამაც. „ზუსტად არ ვიცი რა მუხლით ჩივის, დიდი ალბათობით პარლამენტის დეპუტატისთვის შეურაცხყოფის მიყენებას შემომედავებიან.

თუმცა ჩვენ განცხადებაშიც დავაფიქსირეთ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის წევრი იმყოფება ზუგდიდში და მასთან მოგვივიდა სიტყვიერი დაპირისპირება. დაახლოებით ერთ საათში უნდა ჩამაბარონ საქმის მასალები და მეცოდინება რომელი მუხლით არის საქმე დაწყებული“ – ამბობს მარიამ სიჭინავა.

როგორც მარიამ სიჭინავას პირდაპირ ჩართვაში ჩანს, 20 მაისს „ოცნების“ პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა, თანმხლებ პირებთან ერთად სასტუმრო „ლეთაში“ ვახშმობდა, ზუგდიდის პროტესტში მონაწილე აქტივისტები კი სასტუმროში არ შეუშვეს.

გარეთ გამოსვლის შემდეგ კი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირებმა, მარიამს და კერენს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ზარქუას სასტუმროს დატოვება აქტივისტების შეძახილის ფონზე მოუწია.

ამავე თემაზე:

“ოცნების” დეპუტატები აბუ-დაბიში მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: