2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების მიმოხილვის მიხედვით ბათუმის მერიამ 3 თვეში სანქციების, ჯარიმებისა და საურავების სახით 2 მილიონ 946 100 ლარი ამოიღო, რაც საპროგნოზო მაჩვენებელზე მეტია. მერიის პროგნოზი იყო 2 მილიონ 400 000 ლარი.
მატება იყო გასულ წელსაც – 2024 წელს საჯარიმო მოსაკრებლებიდან ბათუმის ბიუჯეტში 13 მილიონ 709 600 ლარი შევიდა, მერია 8 მილიონამდე ლარს ვარაუდობდა.
ჯარიმები პირველი კვარტალის მიმოხილვის ანგარიშში დიფერენცირებული არ არის. მსგავსი დეტალური ინფორმაცია მხოლოდ წინა წლის მონაცემების შეჯამების შემდეგ, ახალი წლის დასაწყისში ქვეყნდება ერთგვარი ანგარიშის სახით, რომელსაც ბათუმის მერია საკრებულოს წარუდგენს.
გასული წლის ანგარიშის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელსაც ყველაზე მეტი ბიუჯეტში ჯარიმის სახით კანონდამრღვევი მძღოლების მიერ გადახდილი თანხით შეგროვდება.
გასულ წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ბათუმის ბიუჯეტში 8 მილიონ 856 100 ლარი შევიდა. ეს თანხა არ ასახავს საპატრულო პოლიციის მიერ ბათუმში გამოწერილი ჯარიმების სრულ მონაცემს, რადგან კანონის შესაბამისად გამოწერილი ჯარიმებიდან შემოსული თანხის მხოლოდ 60 პროცენტი შედის ბათუმის ბიუჯეტში, 40 პროცენტი კი – ცენტრალურ ბიუჯეტში. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ბათუმში გამოწერილი საპატრულო ჯარიმების ოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა.
„ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისათვის“ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში გასულ წელს 50 000 ლარი შესულა. ქალაქში, სადაც ავტომანქანას წესების დარღვევით უფრო ხშირად აჩერებენ, ვიდრე წესების დაცვით. როგორც ჩანს, მუნიციპალური ინსპექციის შესაბამისი სამსახური სათანადოდ ვერ რეაგირებს, ან „ერიდება“, რადგან ბათუმში ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარ არის. ეს მუნიციპალურ ინსპექციაში კარგად იციან და თავადაც არღვევენ წესებს იმ მოტივით, რომ „მეტი ადგილი არ იყო.“
სამაგიეროდ უმუშავიათ მუნიციპალური ავტობუსის კონტროლიორებს, გასულ წელს უბილეთო მგზავრობის გამო გადახდილი ჯარიმებიდან 172 000 ლარი შეგროვდა ბიუჯეტში, საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პირობების დარღვევის გამო კი 6 500 ლარი გადაუხდიათ.
1 მილიონ 852 600 ლარი შეადგინა საგზაო მეურნეობასა და კავშირგაბმულობის დარგში გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ.
სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო კი გასული წლის ბიუჯეტში 1 მილიონ 854 300 ლარი გადაუხდიათ.
2024 წელს ბათუმში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში – 77 700 ლარი გადაიხადეს; „სახელმწიფო საკუთრების ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო“ – 3 000 ლარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გარემოს დაცვის სფეროში კი 51 700 ლარი გადაუხდიათ.
შემოსავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის, განათლებისა და აღზრდის სფეროში – 10 100 ლარია.
ბათუმის ბიუჯეტში სამართალდარღვევების გამო ვაჭრობასა და ფინანსების დარგში – 29 700 ლარი, წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო – 69 500 ლარი, მმართველობის წესის ხელმყოფი სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო კი – 515 400 ლარი შევიდა.