მთავარი,სიახლეები

რას ითვალისწინებს ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

20.05.2025 •
რას ითვალისწინებს ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-17 პაკეტი დაამტკიცა.  ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა და საგარეო საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე კაია კალასმა პლატფორმა X-ზე დაწერა.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეს რაუნდი ომის დაწყებიდან ყველაზე ფართომასშტაბიანია.

მე-17 პაკეტში ჩვენ ვაერთიანებთ „სურგუტნეფტეგაზს“ – რუსულ ნავთობგიგანტს, ასევე, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის თითქმის 200 გემს.

…რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი უკანონო და სასტიკ ომს, მით უფრო მკაცრი იქნება ჩვენი პასუხი” – წერს კალასი.

დღეს, 20 მაისს მიღებული, ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მე-17 პაკეტი რუსეთს წვდომას უზღუდავს მნიშვნელოვან სამხედრო ტექნოლოგიაზე და ენერგეტიკულ შემოსავლებზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. სანქციების მთავარი სამიზნეა რუსეთის ნავთობტანკერების  „ჩრდილოვანი ფლოტი”, მათი ოპერატორები და, ასევე, რუსული ნავთობის მთავარი მწარმოებელი.

გემებისთვის, რომლებიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და გადააქვთ რუსული ნავთობი არარეგულარული და მაღალი რისკის შემცველი გადაზიდვების პრაქტიკის გამოყენებით, იკრძალება მომსახურების ფართო სპექტრის მიწოდება, მათ შორის პორტში შესვლა. ჩრდილოვანი ფლოტის მიმართ შემზღუდავი ზომები მიზნად ისახავს შეამციროს შემოსავლები, რომლებიც აძლიერებენ რუსეთის საომარ ეკონომიკას.

გარდა ამისა, ევროკავშირი აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს (აქტივების გაყინვა და სახსრების ხელმისაწვდომობის აკრძალვა), რომლებიც მიმართულია იმ აქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ჩრდილოვანი ფლოტის ფუნქციონირებას.

ეს ზომები ვრცელდება საზღვაო კომპანიებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვით ტრანსპორტირებაზე და მონაწილეობენ საზღვაო გზით რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში. მათ შორის არიან სუბიექტები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, თურქეთიდან და ჰონგ-კონგიდან. სიაში ასევე შედის რუსეთის ნავთობის გადაზიდვების ინდუსტრიის ერთი მნიშვნელოვანი დამზღვევი.

„მას შემდეგ რაც ევროკავშირმა დააწესა ნავთობის ფასის ლიმიტი და სანქციები ჩრდილოვან ფლოტზე, რუსეთის შესაბამისი შემოსავალი 38 მილიარდი ევროთი შემცირდა. რუსეთის შემოსავლები 2025 წლის მარტში 13,7%-ით ნაკლები იყო 2023 წლის მარტის შემოსავლებზე და 20,3%-ით ნაკლები – 2022 წლის მარტის შემოსავლებზე” – ევროპის საბჭო.

ევროკავშირმა სანქციები დააწესა 45-ზე მეტ რუსულ კომპანიასა და ფიზიკურ პირზე, რომლებიც რუსეთის არმიას დრონებით, იარაღით, საბრძოლო მასალით, სამხედრო აღჭურვილობით, კრიტიკული კომპონენტებითა და ლოგისტიკური მხარდაჭერით ამარაგებენ. მათ შორის არიან იარაღის კომპანიები და მათი დირექტორები, საზღვაო გადამზიდი კომპანიები, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარები; ასევე კომპანიები, რომლებიც ფლობენ ნავთობტანკერებს თურქეთიდან და ჰონგ-კონგიდან.

იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, სანქციებს დაექვემდებარა 17 ფიზიკური და 58 იურიდიული პირი, რომლებსაც გაეყინებათ აქტივები, ასევე ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის თანხების გადაცემა. ფიზიკურ პირებს ასევე დაუწესდათ აკრძალვა მოგზაურობაზე, რაც მათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე შესვლას ან ტრანზიტით გადაადგილებას უკრძალავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: