მთავარი,სიახლეები

ლაშა მიქელაძეს ბათუმის ბულვარში დირექტორის პირველ მოადგილედ ნიშნავენ

04.06.2022
ლაშა მიქელაძეს ბათუმის ბულვარში დირექტორის პირველ მოადგილედ ნიშნავენ

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლაშა მიქელაძეს ნიშნავენ. ამ დრომდე ის შპს „ბათუმის წყალში“ წყალარინებისა და სანიაღვრე სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, უფრო ადრე კი სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი იყო.

„ბათუმელებს“ კონკურსის გამოცხადებისთანავე ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბულვარის „დირექტორად“ ლაშა მიქელაძეს ნიშნავდნენ. თავის დროზე ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ როგორც პირადად ლაშა მიქელაძესთან, ისე ფინანსთა სამინისტროში. თუმცა, როგორც ლაშა მიქელაძემ, ისე სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელიც ამჯერად თავად ლაშა მიქელაძემაც დაგვიდასტურა, ის ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. ჩვენივე ინფორმაციით, მიქელაძე შეარჩიეს კიდეც და ახალ სამსახურში შემდეგი კვირიდან წარადგენენ.

მას შემდეგ, რაც პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნება, ლაშა მიქალაძეს ჩააბარებენ ბულვარის მართვას. დირექტორს ჯერჯერობით ვერ ნიშნავენ, ვიდრე ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ჯინჭარაძე მისი გადაყენების კანონიერებაზე  სასამართლოს განჩინებას ელოდება.

შესაბამისად, ახალი პირველი მოადგილე ავტომატურად გახდება ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მოქმედი მოვალეობის შემსრულებელი, სოფო ლაზიშვილი კი დეკრეტულ შვებულებაში გეგმავს გასვლას.„ბათუმელების“ ინფორმაციით, ის შვებულებიდან ბულვარის ადმინისტრაციაში არ დაბრუნდება.

სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება – ბულვარის ყოფილი დირექტორის სარჩელი სასამართლოში

ბულვარის პირველი მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია 2021 წლის მარტიდან, რაც ის დავით სურგულაძემ დატოვა.

საკონკურსო პირობების მიხედვით, ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის პირველი მოადგილის ხელფასი 2860 ლარია.

 

მთავარი ფოტო: ლაშა მიქელაძის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: