მთავარი,სიახლეები

„ყველაზე კარგი ქუთაისი ჩემთვის აქციაზე დგას“ – უწყვეტი პროტესტი ქუთაისში

22.05.2025 •
„ყველაზე კარგი ქუთაისი ჩემთვის აქციაზე დგას“ – უწყვეტი პროტესტი ქუთაისში

„ბათუმელები“ ამ სტატიაში ქუთაისის პროტესტზე გიამბობთ. ქუთაისში მოქალაქეები რუსთაველის ქუჩაზე, მერიის წინ იკრიბებიან და ასე უერთდებიან ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეების საერთო მოთხოვნებს – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და სამართლიან გარემოში ჩატარდეს ხელახალი, საპარლამენტო არჩევნები.

ქუთაისის პროტესტის აქტიური მონაწილე, საბავშვო ლიტერატურის მასწავლებელი, მიშიკო მუმლაძე ამბობს, რომ ქუთაისის პროტესტის გამორჩეულობა მისი უწყვეტობაა, რადგან პროტესტის ეს ფორმა აქამდე არ ახსოვს ქუთაისს.

მიშიკო მუმლაძე საპროტესტო აქციების ერთი-ერთი პირველი მონაწილეა, რომელიც დააკავეს 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო მოძრაობისას.

„28 ნოემბერს დამიჭირეს და ორი დღე ვიყავი დაკავებული. ქუთაისში დამაკავეს და სულ პირველი მე დამაკავეს სხვათა შორის, კობახიძის განცხადებიდან დაახლოებით 2 საათში.

ქუთაისში მაშინვე შევიკრიბეთ, დაიწყო პროტესტი და მას შემდეგ უწყვეტად ვაპროტესტებთ. ჩვენ გარეთ სწორედ კობახიძის განცხადებამ გამოგვიყვანა, როცა მან თქვა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებენ. მაშინ პოლიციელებმა არ მოგვცეს ნებართვა, რომ ზებრაზე გადავსულიყავით. საბოლოო ჯამში, ოქმში ისე გაფორმდა, რომ თითქოს სამ პოლიციელს ვაგინე, მაგრამ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

მე მკაცრად ვარ ამის მომხრე და ვთვლი, რომ პროტესტს რეგიონში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ თბილისში არ დავდივარ ხოლმე აქციებზე, თუ რაიმე გამონაკლისი არ არის.

შევეცადეთ, რომ პროტესტი ქუთაისში ყოფილიყო რაც შეიძლება ხალხმრავალი და მართლაც, პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში დაახლოებით 2 000 ადამიანი იყო ქუთაისში გამოსული, რაც სრული რეკორდია ქუთაისის პროტესტის ისტორიაში… როგორც სხვა ქალაქებში, შემდეგ ქუთაისშიც მოიკლო აქციის მონაწილეების რაოდენობამ, თუმცა უწყვეტობას ვინარჩუნებთ.

მე მგონია, რომ ზუსტად ის იყო ამ ქვეყნის პრობლემა წლების განმავლობაში, რომ ბევრი რამ თბილისში წყდებოდა და შესაბამისად, პროტესტიც თბილისში იყო ხოლმე, მაგრამ ირაკლი კობახიძის და ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლების არასწორი გადაწყვეტილებები თანაბრად მოქმედებს ადამიანებზე, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ხმა სოციალურ ქსელში თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ისმოდეს – მხოლოდ თბილისში არ არის პროტესტი.

გარდა ამისა, პოლიტპატიმრების, უკანონოდ დაკავებულ ადამიანების ესმოდეთ, იცოდნენ, რომ მათი თავისუფლებისთვის ქუთაისშიც უწყვეტად დგანან ქუჩაში ადამიანები“, – გვეუბნება მიშიკო მუმლაძე.

მისი თქმით, ახლა უკვე დაახლოებით 50 ადამიანი უერთდება ყოველდღიურ საპროტესტო აქციას და ერთმანეთს ენაცვლებიან მთელი კვირის განმავლობაში.

მიშიკო გვეუბნება იმასაც, რომ მისი დაკვირვებით, აქციის მონაწილეებთან სხვა მიდგომა აქვს ქუთაისის პოლიციას:

„რა ახსნა აქვს ამას არ ვიცი, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, თუ ვინმე მსვლელობის დროს, უბრალოდ ქუჩაში დგომის დროს შეურაცხყოფას მოგვაყენებს ან შეგვაგინებს და ა.შ., პოლიცია დაუყოვნებლივ რეაგირებს, აკავებს ასეთ პიროვნებებს. მცირე რაოდენობასაც გადაგვიკეტია ქუჩა და არაფერი უთქვამთ. ჩვენთან ერთად გადაადგილდებიან და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაცული იყოს. ეს ალბათ იქამდე ხდება, სანამ ბრძანებას მიიღებენ.

ეს დამოკიდებულება ყველას უკვირს“.

მიშიკო მუმლაძე

მიშიკო ამბობს, რომ აქციაზე გასვლისას, ყოველ ჯერზე ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს აქ მისი ოჯახია.

„აქციაზე ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს. მგონია, რომ აქციაზე ჩემი ოჯახი დგას, ყველაზე ახლობელი ადამიანები… ყველაზე კარგი ქუთაისი ჩემთვის აქციაზე დგას. ხალხი, რომელიც ღირსებას უნარჩუნებს ქალაქს, როგორც თვითმმართველ ქალაქს.

ქუთაისი ძალიან ოპოზიციური ქალაქია თავისი შინაარსით, რადგან აქ ხელისუფლებას 50 პროცენტი, ფაქტობრივად, 2018 წლის შემდეგ არ აუღია. მაშინდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი წააგო პირველი ტური, ახლაც არ აუღია ხელისუფლებას 50 პროცენტი. ძალიან ოპოზიციურია, ყველაზე მეტად დაცლილია და „ქართული ოცნების“ ხელწერა ყველაზე კარგად ქუთაისში ჩანს“, – გვეუბნება მიშიკო.

როგორც მისგან ვიგებთ, ბოლო რამდენიმე კვირაა ქუთაისის აქციის მონაწილეები თავიანთი პროფესიის მიხედვით საუბრობენ სხვადასხვა გამოწვევებზე. მაგალითად, აქციის მონაწილეა ნარკოლოგ-ფსიქოლოგი, რომელმაც ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა ავტორიტარიზმის პირობებში, თვითმმართველობის სპეციალისტი, რომელმაც ისაუბრა თვითმმართველობის გამოწვევებზე ავტორიტარიზმში ა.შ. დაგეგმილია სხვა გამოსვლებიც, მაგალითად რა გავლენას ახდენს ბავშვებზე მსგავსი რეპრესიული რეჟიმი და სხვა.

„რაც შემიძლია ყველას შევპირდეთ, მათ შორის პოლიტპატიმრებს – არ გავჩერდებით! ქუთაისში ერთი ადამიანიც რომ დავრჩე, მე მაინც ყოველთვის გავაპროტესტებ მათ უკანონო პატიმრობას და არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს ხალხისგან ნდობა.

ბოლომდე ვიბრძოლებთ, ბოლომდე, რადგან უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. ამის შემდეგ ერთადერთი რჩება, რომ ამ ქვეყნიდან წახვიდე და რადგან მე ქვეყნიდან წასვლა არ მსურს, სანამ აქ ვიქნები და შემეძლება, აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნები და შემდეგ უკვე ხალხმა გადაწყვიტოს, ვის მიანდოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოები, რომ ძალაუფლება ერთხელ და სამუდამოდ განაწილდეს.

ის, რამაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა, არის ძალაუფლების თავმოყრა ერთი ადამიანის ან ერთი გუნდის ხელში, ამიტომაც გამოსავლად მიმაჩნია ძალაუფლების გადანაწილება“ – ამბობს ჩვენთან საუბრის დასასრულს მიშიკო მუმლაძე.

ქუთაისის აქციების კიდევ ერთი მონაწილე, ვალერი თევდორაძე ადვოკატია პროფესიით. იგი ამბობს, რომ აქციების დასაწყისში ვერ წარმოედგინათ, თუ ამდენხანს გაგრძელდებოდა პროტესტი და მით უფრო, თუ მოახერხებდნენ შეენარჩუნებინათ უწყვეტობა:

„პოლიტპატიმრები არიან იმის გარანტი, რომ ქუჩაში ვიქნებით. ჩვენ ახლა მორალური უფლებაც არ გვაქვს, რომ დავსხდეთ სახლში. ის ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად აპროტესტებდნენ, ჩვენი თანამებრძოლები, ციხეში არიან გამოკეტილები და სახლებში არ დაგვედგომება.

ამასთან, მთავარი საფუძველი რაც გახდა ამ პროტესტის [ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება], ეს საკითხი ისევ გადაუწყვეტელია. მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდა არალეგიტიმური ხელისუფლების დამოკიდებულება ამ საკითხზე და ბუნებრივია, ესეც აძლიერებს ჩვენს პროტესტს.

როცა არალეგიტიმურია ხელისუფლება, ის არ არის ხალხის დაკვეთის შემსრულებელი და შესაბამისად, ვიღებთ იმ სიტუაციას, რაშიც ვართ. 28 ნოემბრის განცხადება არ ყოფილა ამოვარდნილი მთელს ამ სურათში. ოქტომბრის არჩევნების გაყალბებამ ლოგიკური გაგრძელება პოვა კობახიძის განცხადებაში და მას შემდეგ – ანტიდასავლურ, ანტიევროპულ, ანტიამერიკულ, ანტიპარტნიორულ და ანტიქართულ ვითარებაში, რაც გვაქვს სახეზე.

„ქართული ოცნება“, ადამიანთა ეს ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ერთი ადამიანის და ქვეყნის [რუსეთის] ინტერესებს ატარებს უკვე მთლიანად, საერთოდ მოწყვეტილია ქართულ რეალობას და საზოგადოებას სხვა არაფერი დარჩენია პროტესტის გარდა“, – ამბობს ვალერი თევდორაძე.

აქცია ქუთაისში

ადვოკატის თქმით, ქუთაისში აქციაზე ერთად დგანან ადამიანები, რომლებიც აქამდე ბევრ საერთოს ვერ პოულობდნენ:

„ჩვენ მთელი ეს თვეები გარეთ ვართ. ცუდ ამინდში, სიცივეში, ახალ წელს, შობას, აღდგომას, რაც არ წარმოგვედგინა, რასაც ვერ დავუშვებდით ისეთი რაღაცები მოხდა… ამ ქვეყნის მოქალაქეებმა თავიანთი დღის წესრიგი სრულიად არიეს, ცხოვრების წესი გადაალაგეს და მთელი ამ თვეების განმავლობაში დგანან აქციაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშალოს და ეს ძალიან მალე გავითავისეთ მოქალაქეებმა. ქუთაისში რომ უწყვეტი აქცია გვაქვს, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ქუთაისური საზოგადოება არ უნდა გამოაკლდეს და არ აკლდება ამ საერთო ბრძოლას.

ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მოდი, თბილისში გადაწყდეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ დედაქალაქში წყდება ჩვენს რეალობაში. ეს ის ვითარებაა, როცა მარტო თბილისში ვერ იქნება პროტესტი“, – ამბობს ვალერი თევდორაძე.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია აქციაზე მყოფმა საზოგადოების მხარდაჭერა იგრძნოს, რახან ძალიან დამღლელია უწყვეტი პროტესტი. მოქალაქის თმით, პროტესტი ქუთაისში ცენტრალურ პარკთან ახლოს იმართება, რადგან შეკრების ადგილი, ქუთაისის მერიის შენობა პარკის მოპირდაპირე მხარესა და აქ მოძრავი ადამიანები ყოველთვის ეხმიანებიან პროტესტის მონაწილეებს სხვადასხვა ფორმით და უდასტურებენ თანამოაზრეობას.

ვალერი თევდორაძე

„დარბევა რომ ხდებოდა თბილისში, მეორე დღეს გაცილებით ბევრი ადამიანი გამოდიოდა აქციაზე.

აღვნიშნე, რომ უწყვეტი პროტესტი დამღლელია, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. 28 ნოემბრიდან მოყოლებული, როცა ქუჩაში გამოვედით და სრულიად დარწმუნებული ვართ ჩვენი პროტესტის სიმართლეში, მას შემდეგ, არაფერი სასიკეთოდ არ შეცვლილა, მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდა.

ჩემ თავს რომ დავუსვა კითხვა – „ხვალ რატომ უნდა გავიდე აქციაზე?“ იქვე ჩნდება მეორე კითხვა – „რა გაუმჯობესდა, რა შეიცვალა 28 ნოემბრის შემდეგ?“ პირიქით, გაუარესდა და ეს გაუარესება არ არის ამოწურვადი. თუ ჩვენ გავჩერდებით, ეს იქნება კიდევ ერთი ნიშანი არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომ შეუძლიათ დაგვიმორჩილონ.

უწყვეტი პროტესტით ვადასტურებთ, რომ ამ ზეწოლებით, კანონის გაუარესებით, ჯარიმების გაზრდის, ადმინისტრაციული პატიმრობის დღეების გაზრდით და სხვა უამრავი რისკის მიუხედავად, ჩვენ აქ ვდგავართ, იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი ყველა ამ ზეწოლასა და შიშზე მაღლა დგას. 

თუ ჩვენ უკან დავიხევთ, საბოლოდ უკან დასახევიც აღარ გვექნება და თუ ახლა სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა აქციაზე გვარბევენ, ხვალ მოგვაკითხავენ სახლებში, იმიტომ, რომ არასოდეს ძალადობრივი რეჟიმი არ კეთილშობილდება განდევნის გარეშე.

აქ საუბარი არ არის ინდივიდების გადარჩენაზე. ერთი ადამიანი თავს როგორღაც გაიტან, აქ საუბარია იმაზე, რომ მკვეთრად გაუარესდება საზოგადოების ვითარება და ეს უკვე დაწყებულია, რაც ადვილად აღქმადია…

სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, უნდა ახერხებდეს და აანალიზებდეს სად მივდივართ და როგორი დაჩქარებული წესით იმ ვითარებისკენ, როცა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ვიყავით.

ჩვენი სტიგმატიზება აქვს ხელისუფლების პროპაგანდას ჩართული და ეს ცხადია. ჩვენი აქციის მონაწილეები სამსახურიდან გამოუშვეს, ყველა ბერკეტი გამოიყენეს, თუ რამე იყო.

ჩვენთან კომუნიკაციას საფრთხედ მიიჩნევენ, მე ასე ვიტყოდი, „ოცნების“ პროპაგანდის მსხვერპლები და ვამჩნევთ, როგორ აუჩქარებს ხოლმე ფეხს ასეთი ადამიანი, ჩვენი პროტესტის ჩავლისას, რომ არიქა, ვინმესთან კომუნიკაცია არ „დაჰბრალდეს“ შემდეგში“, – გვითხრა ვალერი თევდორაძემ.

ამავე თემაზე: 

„მთავარი პატიმარი საქართველოა” – როგორია უწყვეტი პროტესტი გორში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: