„ქაოსური კი არა, ეს არის ქოცური განაშენიანება“ – გვითხრა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც ქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟული უბნის, ახალი ბულვარის გასწვრივ არსებულ განაშენიანებაზე ვკითხეთ. მასთან მეზობლების თხოვნით მივედით – „იგერაა, ჩვენი დომკომი და იმას კითხე, ყველაფერი იცისო.“
მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა, მხოლოდ ერთი ფრაზით შეაფასა არსებული ვითარება და კატეგორიულად მოგვთხოვა აღარ გაგვეგრძელებინა საუბარი – „არ მცალია, შემეშვით ახლა.“
აქ საჯაროდ საუბარი ბევრს არ სურს, თუმცა მოსაყოლი აქვთ. გვიყვებიან, შემდეგ კი გვთხოვენ პრობლემა ისე გავაშუქოთ, რომ მათი იდენტიფიცირება არ მოვახდინოთ. ფიქრობენ, რომ პრობლემები შეექმნებათ. არიან ისეთები, ვისაც ახალი მშენებლობები მოსწონს, თუმცა ღიად საუბარი მათაც არ სურთ და ისეთებიც, რომლებიც დადებთ მხარეებზეც საუბრობენ და უარყოფით შედეგებზეც ამახვილებენ ყურადღებას.
„უკვე ჰაერიც გაყიდულია, ისე ახლოსაა ერთმანეთთან კორპუსები, რომ ხედები არ ჩანს. ზოგან მზიანი ადგილი საერთოდ აღარ არის. არქიტექტურის სამსახურმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი, ეს სამსახური უნდა კურირებდეს ამას და კურირებს კიდეც“, – გვიყვება თამარი. მას ახალი ბულვარის გასწვრივ არსებულ დასახლებაში შევხვდით.
თამარმა გაგვაფრთხილა, რომ „ისე გვიყვება“ და არა ჩასაწერად. გვთხოვა მისი ვინაობა არ გავასაჯაროოთ. ორი მიზეზი დაგვისახელა – ამ უბანში არ ვცხოვრობ, თანაც ოცნების კოორდინატორი ვარო.
თამარს ვკითხეთ, ის როგორც კოორდინატორი უყვება თუ არა მმართველი პარტიას „ჰაერის გაყიდვასა“ და იმ დისკომფორტზე, რასაც ქაოსური განაშენიანება იწვევს. გვიპასუხა, რომ ამაში აზრს ვერ ხედავს:
„რა აზრი აქვს? – ქალაქის მერია იდეალურადაა ინფორმირებული მშენებლობისა და განახლების საკითხებზე, არანაირი მშენებლობა არ შეიძლება მერიის გარეშე, უბანი დიდია. მე, ზოგადად, ვსაუბრობ ქალაქზე და არა მხოლოდ ამ უბანზე“.
თამარის მოსაზრებები ზოგჯერ ურთიერთ გამომრიცხავია. ერთ შემთხვევაში ის ამბობს, რომ ცუდი სანახავია პატარა სახლები ცათამბჯენების გვერდით და თუ შენდება ყველგან ახალი უნდა აშენდეს. მეორე შემთხვევაში კი გვიხსნის, რომ სწორედ მჭიდრო დასახლების შექმნა და კორპუსების ქაოსური მშენებლობა იწვევს უჰაერობას და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს, რაც დღეს ქალაქს აწუხებს:
„ნინოშვილის აქეთ რაც ხდება… თუნდაც ორბი, კარგი კომპლექსიაო, მაგრამ რამხელა აშენდა ხომ? – ამას ხელი შეუწყვეს და ახლა თქვენ რომ იღებთ, აზრი რა აქვს? – ეს ყველაფერი განკარგა ვიღაცამ და გაკეთდა. ეს ჩვენი, რიგითი ხალხის საუბრით არ წყდება. ნებართვის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებ დღეს“, – გვიხსნის თამარი.
ახალი ბულვარის გასწვრივ, ანგისის დასახლებაში მოსახლეობა დაუსრულებელი მშენებლობებით გამოწვეული დისკომფორტის გამო სწუხს:
„რომ დაიწყო არ დასრულდა. ათი წელია ჩემი შვილი სამშენებლო მტვერს სუნთქავს. რა გავაკეთოთ, ავსახლდეთ? – აქ ინვესტორია მთავარი და არ ბავშვების ჯანმრთელობა“, – გვითხრა დარინა დიასამიძემ.
„ირგვლივ მიმოიხედეთ, რამეს ხედავთ გაკეთებულს? მარტო ბინა, ბინა, კორპუსი, კორპუსი. ბინას გზა, მოწესრიგება და სისუფთავე არ უნდა? თქვენ წვიმაში გამოდით აქ და ნახეთ, როგორი სუნია“, – ამბობს გამვლელი ნანა.
ახალი ბულვარის დასახლებაში მცხოვრებლები წუხან ცუდი სუნის გამო, რაც მათივე თქმით, განსაკუთრებით წვიმის შემდეგ ძლიერდება. ზოგი ამას რიგ უბნებში საკანალიზაციო სისტემის არარსებობას უკავშირებს:
„2 პატარა სახლი რომ იდგა ახლა იქ 25-სართულიანი კორპუსია, ვეღარ უძლებს სისტემა.“
ზოგი სუნს მდინარეს უკავშირებს: „გადახედეთ მდინარეში როგორი წყალია, არავინ, იცის რა ჩაედინება მაგაში.“

მდინარე მეჯინისწყალი ამ დასახლებიდან დაახლოებით 300 მეტრში ზღვას უერთდება
„პრემიუმ კლასი“, „ზღვიდან 100 მეტრში“, „მაღალი ხარისხი“, „კომფორტული გარემო“ – ასე ახასიათებენ მშენებლები საკუთარ კორპუსებს და მის ირგვლივ არსებულ გარემოს გასაყიდი ბინებისა და აპარტამენტების შეთავაზებისას ბათუმის ახალ ბულვართან ახლოს. ირგვლივ არსებული მტვერი, სამშენებლო ნარჩენები და მონგრეული ინფრასტრუქტურა მათი ზრუნვის საგანი არ არის.

გზა ზღვიდან 300 მეტრში, ახალი ბულვარის გასწვრივ, „პრემიუმ კლასის“ ბინებთან ახლოს მზიან ამინდში

ახალაშენებულ კორპუსთან მისასვლელი – ზღვასთან ახლოს

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა
ადგილობრივები წუხან სამშენებლო ნარჩენების გამოც. ეს, მათივე თქმით, სახლებთან ახლოს სპეციფიკურ სუნსაც იწვევს. სამშენებლო ნარჩენებს შეხვდებით ადგილებში, სადაც ე.წ. შავი კარკასის მშენებლობა დაასრულეს და მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე გადავიდნენ. ისეთ ადგილებშიც, სადაც მიწის ნაკვეთები სამშენებლოდ შემოღობეს, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დაუწყიათ.

სამშენებლო ნარჩენები საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს

სამშენებლო ნარჩენები
შეხვდებით სახიფათო ნარჩენებსაც.

სახიფათო ნარჩენები
საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა ამ უბანში აქტუალური პრობლემაა, მიუხედავად ამისა მშენებლები ტექნიკურ წყალს პირდაპირ საკანალიზაციო ჭებში უშვებენ.

ტექნიკური წყალი პირდაპირ საკანალიზაციო ჭაში – ანგისის ქუჩა
პერიოდულად წყლით ივსება აშენებული კარკასების სარდაფები და პარკინგისთვის განკუთვნილი ადგილები.
ახალი ბულვარის მიმდებარე დასახლებაში ხშირად შეხვდებით კუსტარულად მოწყობილ ელექტროგანათების ბოძებს და ღია სადენებს, ბევრ შემთხვევაში მათი ნაწილი ტროტუარზეა დავარდნილი. არავის აქვს პასუხი უსაფრთხოა თუ არა ისინი გამვლელისთვის. თავისუფლად შესაძლებელია ღამით მიმავალმა ადამიანმა ამ სადენებს ფეხი დააბიჯოს. ზოგ შემთხვევაში კი იმდენად დაბალზეა ღია ელექტრომოწყობილობები, რომ თავისუფლად შესაძლებელია ბავშვიც მისწვდეს მათ.

ღია სადენები

ბათუმი ანგისის ქუჩა – ღია სადენები ტროტუარზე

ღია სადენები ტროტუარზე

ღია სადენები და ელექტრომოწყობილობები ანგისის ქუჩაზე
ტროტუარების ავტომანქანებით ათვისების პრობლემა დღის წესრიგში აქაც მწვავედ დგას: „მანქანის გასაჩერებელ ადგილს ვერ იპოვი“. აქ ჩივიან ასევე, რომ ტროტუარები მწყობრიდან გამოსული მანქანების სადგომად აქციეს: „დააყენეს მანქანები წლობით და ადგილი არაა არასდროს.“

ამ ფოტოზე კარგად ჩანს, როგორ აქვთ დაკავებული ტროტუარი გაუმართავ მანქანებს, აქვეა უსინათლოთა ბილიკიც, რომლით სარგებლობასაც უსინათლო რეალურად ვერ შეძლებს.

წარწერა ჭიშკარზე, ზოგან უფრო მკაცრ გამაფრთხილებელ წარწერაც შეხვდებით
ლორთქიფანიძის ქუჩაზე გადავიღეთ კიდევ ერთი ფოტო, რომელიც ყველაზე კარგად აჩვენებს, როგორ ზრუნავს სახელმწიფო უსინათლოთა უფლებებზე.

აქ მთავრდება უსინათლოთა ბილიკი, ან იწყება, არ ვიცით მერიას როგორ ჰქონდა ჩაფიქრებული.

კიდევ ერთი ტროტუარი
ამ ხიდის მოაჯირიც არ არის უსაფრთხო ბავშვებისთვის:

ხიდის მოაჯირი
აქ ამბობენ, რომ მტვერს სატვირთო მანქანების ინტენსიური გადაადგილება და სამშენებლო მასალების ადგილზე მშრალი წესით დამუშავებაც იწვევს. გარდა ამისა, ამ უბანში დღის 4 საათისთვის ნაგვის ურნები უკვე გადავსებული დაგვხვდა:

გადავსებული ურნები

ნარჩენები

თავისუფალი ურნა ფაქტობრივად არ შეგვხვედრია
ინტენსიური სამშენებლო პროცესის პარალელურად აქ შეხვდებით შემორჩენილ მწვანე „კუნძულებსაც“, სადაც ჯერ კიდევ თესავენ მწვანილს, რამდენიმე ოჯახს კი ეზოში ქათმებიც ჰყავს.

მარინა კეთილაძე – ფოტოზე ჩანს ასევე პატარა ბოსტანი მაღალსართულიანი კორპუსების ეზოში, სადაც მწვანილი დაუთესავთ.
მარინა კეთილაძემ გვითხრა, რომ ახალი განაშენიანება მოსწონს: „გაკეთდა როგორც წესი და რიგია, კანალიზაციაც გაკეთდა. კი, ყველგან ახალია. ადრე ამოდიოდა… არაფერი პრობლემა არ გვაქვს. არც წყალი დგება. სისუფთავეა. მშენებლობების დასრულებას ჩვენ არავინ გვეკითხება, ინვესტორს კითხეთ. თუ გააკეთებს ინვესტორი დასრულება.“

ბათუმის ახალ ბულვართან ახლოს პრესტიჟულ უბანში მცხოვრები ქათმები.