„ივანიშვილი ამტკიცებს, კონსოლიდაციას ახდენს ამ რეჟიმის. თუმცა ვიცით, რომ „ოცნების“ ელექტორატი ბევრად ნაკლებია, ვიდრე საპროტესტო ელექტორატი. საპროტესტო ელექტორატს სჭირდება გამოღვიძება – როდესაც ადამიანი არის საპროტესტო ელექტორატში, მაგრამ ზის სახლში, იქ გამოხატავს უკმაყოფილებას, ამით არანაირ გავლენას არ ახდენს პოლიტიკურ პროცესზე,“ – ამბობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი.
„მთავრობა უნდა დაუბრუნდეს ევროპულ კურსს“ – აცხადებს ევროკომისარი გაფართოების საკითხში მარტა კოსი. რა გზავნილი აქვს ევროკომისარს „ოცნებისთვის“ და რა რესურსი რჩება „ოცნებას“, რომ მისთვის მისაღებ ფორმატში ევროკავშირი თანამშრომლობაზე დაიყოლიოს?
„ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო კახა, თქვენი დაკვირვებით, რა დატვირთვა აქვს ევროპელი ლიდერების განცხადებებს „ქართული ოცნებისთვის“? ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსიმ საქართველოსთან დაკავშირებით თქვა: „მთავრობა უნდა დაუბრუნდეს ევროპულ კურსს, წინააღმდეგ შემთხვევაში წინსვლას ვერ შევძლებთ. ქართველ ხალხს მოვუწოდებთ იყოს მტკიცედ, იბრძოლოს ევროპული ღირებულებების დასაცავად. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს“. ევროკომისრის ამ განცხადების შემდეგ რაჟდენ კუპრაშვილმა ისიც კი თქვა, რომ „ოცნების ფარა“ ჯილდოსაც ეხება.
ცხადია, „ქართული ოცნება“ ვერაფერს ვერ გაიგებს – მან დაიხშო ყურები და არ უსმენს არანაირ განცხადებას.
არც კოსის და ევროკომისიაში არც არავის დარჩა ილუზია, რომ მათ განცხადებას აქ ვინმე შეისმენს. მარტა კოსის ეს განცხადება არის ფაქტის კონსტატაცია და არა მოწოდება. ის ხსნის იმ მიზეზს, რატომაც შეჩერდება საქართველოსთან ურთიერთობა.
აღარანაირი მოლოდინი აღარ არის, რომ „ქართული ოცნება“ რაიმეს შეცვლის.
- რა შემთხვევაში შეიძლება ევროკავშირი გაჰყვეს „ქართულ ოცნებას“ მისთვის მისაღები ურთიერთობის ფორმატზე, ანუ თანამშრომლობა დემოკრატიის დაცვის გარეშე?
ევროკავშირისთვის ახალი არ არის ავტორიტარულ ქვეყნებთან ურთიერთობა. მაგალითად, აზერბაიჯანში ან შუა აზიაში დემოკრატიის განვითარების პრაქტიკულად არ ახორციელებს ევროკავშირი, მაგრამ, სამაგიეროდ ამ ქვეყნებთან აქვს ეკონომიკური ურთიერთობები, გააჩნია გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური მიზნები, რომელსაც ევროკავშირი არ უგულებელყოფს.
საბოლოო ჯამში, საქართველოსთან შეიძლება აღარ მიაქციონ ყურადღება, როგორი მთავრობა ჰყავს საქართველოს და ამ ქვეყნის გადემოკრატიულების, გაკეთილშობილების მიზანი პრაქტიკულად მიატოვონ, როგორც უპერსპექტივო მიზანი, მაგრამ ისინი არ მიატოვებენ გეოპოლიტიკურ მიზანს: საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის, მნიშვნელოვანია ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად, იგივე შუა აზიასთან დერეფნის კუთხით და ასე შემდეგ.
შესაძლოა, ევროკავშირს ეს საგარეო პოლიტიკური მიზანი დარჩეს საქართველოსთან მიმართებით, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოსთან იგივე პოლიტიკის გატარება, რაც ევროკავშირს აქვს, მაგალითად, აზერბაიჯანთან – ორმხრივად სასარგებლო ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, პოლიტიკურიც, თუმცა უფრო უსაფრთხოების მიზნით – მარტივი არ იქნება. ეს არ იქნება მარტივი, რადგან საქართველო უკვე ევროკავშირის გაფართოების ამბიციის ობიექტია.
- საქართველოს აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუ პროტესტის ჩახშობა შეძლო ივანიშვილმა, ეს ფაქტორი მაინც იქნება ანგარიშგასაწევი ევროკავშირისთვის?
თავისთავად, როცა ხარ კანდიდატი ქვეყანა და ევროკავშირს აქვს გაფართოების ამბიცია, ამის დაქვეითება და ურთიერთობის სხვა რეჟიმში გადასვლა ნიშნავს ევროკავშირის ამბიციის დამარცხებას. გამოვა, რომ ევროკავშირმა სცადა ამ რეგიონში გაფართოება, სცადა ქვეყნის ტრანსფორმაცია და შემდეგ მისი ინტეგრაცია, მაგრამ ეს არ გამოუვიდა და გადადის სხვა ურთიერთობაზე.
თუ არაფერი გამოვიდა, მაინც ასე მოუწევს [ევროკავშირს], მაგრამ ეს დააზიანებს ევროკავშირის იმიჯს.
ამიტომაც, ევროკავშირი ბოლომდე შეეცდება, რომ საქართველო დააბრუნოს იმ გზაზე, რომელზეც იდგა, მით უმეტეს, რომ შიდა რესურსი საქართველოში არსებობს – ხალხის 80 %-ის მონდომება და სურვილი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
- რაზე ამყარებს ამ დროს იმედს ივანიშვილი? დღეს „ოცნების“ პრემიერი ამბობდა, ისე ვისაუბრე ალბანეთში უსამართლო დამოკიდებულებაზე, ბრიტანეთის პრემიერს თავი არ აუწევიაო.
ეს მოუყვეს კობახიძემ „ოცნების“ თვალდახუჭულ მომხრეებს. ალბათ იმიტომ არ აწია თავი, რომ უბრალოდ ეზიზღებოდა მისკენ გამოხედვა, როცა ამდენ ტყუილს ისმენდა. ძალიან კარგად იცის ყველამ, რაც ხდება საქართველოში.
„ოცნებას“ დიდი ხანია ეს გეგმა შემუშავებული აქვს. „ოცნება“ დიდი ხანია ცდილობს, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება შეიცვალოს და საერთოდ დაივიწყოს საქართველოს მიმართ ამბიცია, დაივიწყოს ის, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანებაა, ნატოში გაწევრიანება და შეხედოს საქართველოს, როგორც აზერბაიჯანს, უბრალოდ რაღაც ქვეყანას, რომელსაც გააჩნია გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა.
„ქართულ ოცნებას“ სჭირდება საქართველომ დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი ჩამოიშოროს, ის უნდა გადაიქცეს ქვეყნად, როგორიც არის ამ რეგიონის საშუალო ქვეყანა – შუა აზიის სახელმწიფოები, რბილი ავტორიტარიზმის სახელმწიფო.
„ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ ევროკავშირმა გააცნობიეროს: საქართველო ეს არის რბილი ავტორიტარიზმის ქვეყანა და არავითარი შანსი, ის გადააქციო მოწინავე დემოკრატიულ სახელმწიფოდ და გააწევრიანო ევროკავშირში, არ არსებობს.
ამიტომაც, „ოცნების“ გზავნილი ევროკავშირთან არის ის, რომ ევროკავშირმა დროულად უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით და შევიდეს, რაც დიალოგში, მართალია, არალეგიტიმურ, მაგრამ მთავრობასთან, რომელიც ფაქტობრივად მართავს ქვეყანას და დაამყაროს მასთან სხვადასხვა სახის ურთიერთობა: ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა სახის.
- ამ გადასახედიდან რამდენად დიდია შანსი, ივანიშვილის ეს ოცნება აუსრულდეს?
სწორედ ამას დაეთმო მარტა კოსის გამოსვლის მეორე ნაწილი, მისი რემარკი, როცა მან მიმართა ქართველ ხალს, ჩვენ დამოკიდებული ვართ თქვენზეო. ევროკავშირი ვერ გადაარჩენს საქართველოს, თუ ხალხი დანებდა, თუ ხალხმა მიიღო დიქტატურა, როგორც ეს მოხდა აზერბაიჯანში.
თუ ასე მოხდა, მაშინ ევროკავშირი ვერ გადაარჩენს საქართველოს.
მაგრამ თუ ხალხი არ დანებდა, მაშინ ჩვენ თქვენთან ვართო – ევროკავშირი მზადაა, აღმოგვიჩინოს დახმარება, რაც შესაძლებელია. მას, ცხადია, არ შეუძლია ჩაერიოს ქვეყნის სუვერენიტეტში. ბევრს კი აბრალებს ამ კუთხით „ოცნება“, მაგრამ აბსოლუტურად უაპელაციოდ – ევროკავშირს არ შეუძლია ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში, მაგრამ შეუძლია აღმოუჩინონ მაქსიმალური მხარდაჭერაა, ხალხს მისცენ იმის პირობა, რომ როგორც კი დემოკრატია საქართველოში კვლავ დამყარდება, ისინი სწრაფად შეუდგებიან საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
ამ შემთხვევაში საქართველოს დაუბრუნდება ის ფინანსური დახმარება, ბერკეტები, რომელსაც ევროკავშირი იყენებდა.
ევროკავშირი შეეცდება განაგრძოს, როგორც თავისუფალი მედიის, ისე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. რაჟდენ კუპრაშვილის დღევანდელი გამოსვლა კი აჩვენებს იმას, რომ „ოცნებას“ სურს ყველა ამ არხის გადაკეტვა, საიდანაც შეიძლება დაფინანსდეს სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია.
ამიტომაც, რჩება ხალხის ნება და მისი ძალა. თუ ხალხს შესწევს ძალა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გადაარჩინოს დემოკრატია ქვეყანაში, მაშინ ევროკავშირი დაუდგება მას ძალიან მყარად გვერდით. თუ ხალხს არ ექნება ეს და ამაზეა საუბარი სწორედ, რომ ხალხის იმედი გვაქვსო, ანუ ხალხი ვერ დადგება მედგრად, მაშინ ევროკავშირი ვერაფერს შეცვლის.
- უკვე 175 დღეა უწყვეტად გრძელდება აქციები. მეტი რა შეუძლია საზოგადოებას?
მგონია, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამაც, უბრალოდ საპროტესტო ელექტორატმა უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ გამოგლიჯონ „ქართულ ოცნებას“ იმდენი ბერკეტი, რამდენიც შესაძლებელია. ჩემი აზრით, ამ კონტექსტში ცოტა სერიოზულად უნდა მიუდგნენ ადგილობრივი არჩევნების თემას და არ დაიშურონ ძალისხმევა იმისთვის, რომ გამოიყენონ არჩევნები რაღაც გარკვეული ძალაუფლების ბერკეტების ხელიდან გამოსაცლელად.
ეს უნდა გააკეთონ პარტიებმა საპროტესტო ელექტორატთან ერთად, პროტესტის ფონზე. პროტესტი უნდა იყოს მიმართული სწორედ ადგილობრივი არჩევნების სწორად ჩატარების მოთხოვნით.
- არჩევნებში მონაწილეობის საწინააღმდეგო სახელდება სხვადასხვა არგუმენტი. მთავარი არგუმენტი ისაა, რომ დიქტატურა არჩევნებს არ ცნობს. რატომ ღირს თქვენი აზრით არჩევნებში მონაწილეობა?
ჩვენ დიქტატურისკენ მივდივართ, მაგრამ ჯერჯერობით არჩევნებში მონაწილეობა შესაძლებელია. მართალია, „ოცნებას“ გამოცხადებული აქვს პარტიების აკრძალვა, მაგრამ სანამ არ აკრძალეს და ვერ აკრძალეს, შენ თვითონ პოლიტიკური პროცესი არ უნდა ჩაახშო. თუ ოპოზიცია ამბობს უარს, რომ არ აქვს აზრი და არ მივიღებ მონაწილეობას, პრაქტიკულად ის ხურავს პოლიტიკურ პროცესს და იტოვებს მხოლოდ ქუჩის პროტესტის გზას, რაც ნაკლები შესაძლებლობაა გამარჯვებისთვის.
ვფიქრობ, არ უნდა იქნას ხელაღებით გადაგდებული ადგილობრივი არჩევნების შანსი. თუ შესაძლებელია, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტი მაინც მოიგო, მაგალითად, თბილისი, ბათუმი, რუსთავი. ქუთაისიც შეიძლება მოიგო, თუ ძალიან მოინდომებ. წინა არჩევნები შესაძლოა „ოცნებამ“ მოიგო, მაგრამ მას შემდეგ „ოცნების“ დისკრედიტაცია კიდევ უფრო მეტად მოხდა.
იმ მიზეზით, რომ აზრი არ აქვს და მაინც გააყალბებენ, არ უნდა თქვას ოპოზიციამ უარი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. ოპოზიცია უნდა სცადოს, რომ პროტესტის შენარჩუნდეს ამ ადგილობრივი არჩევნების გარშემო და არა ეფემერული, საპარლამენტო, ახალი არჩევნების გამო, რომელსაც ნამდვილად ვიცით, რომ არ დანიშნავს „ქართული ოცნება“, ვიდრე არ დაეცემა ბოლომდე. ვერც ვერავინ აიძულებს „ოცნებას“ დანიშნოს არჩევნები.
- ახერხებს ივანიშვილი ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას, თუ ჩანს დასუსტების ნიშნები?
ის ამტკიცებს, კონსოლიდაციას ახდენს ამ რეჟიმის, თუმცა ვიცით, რომ „ოცნების“ ელექტორატი ბევრად ნაკლებია, ვიდრე საპროტესტო ელექტორატი.
თუმცა საპროტესტო ელექტორატს სჭირდება გამოღვიძება – როდესაც ადამიანი არის საპროტესტო ელექტორატში, მაგრამ ზის სახლში, იქ გამოხატავს უკმაყოფილებას, ამით არანაირ გავლენას არ ახდენს პოლიტიკურ პროცესზე. ეს საპროტესტო ელექტორატი უნდა გამოიყვანო ქუჩაში და როგორ გამოიყვან, თუ მას არ მისცემ ხელშესახებ მიზანს ახლო მომავალში? დღეს ეუბნები, რომ გამოდი, დღე და ღამე იდექი ქუჩაში, რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, მაგრამ ამდენი დღის განმავლობაში ხალხი დარწმუნდა, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებს „ოცნება“ არ ნიშნავს და ვერ დაანიშვნინებ, რადგან „ოცნებას“ ჰყავს გაწვრთნილი პოლიცია, სამხედრო ძალა, სასამართლო, ფული, ვერ არყევ მის ძალაუფლებას ასეთი პროტესტით.
ამიტომაც, საპროტესტო ხალხს უნდა უთხრა: მოდი, ვცადოთ ბედი ადგილობრივ არჩევნებში და წავართვათ ის, რის შესაძლებლობაც გვაქვს. რა თქმა უნდა, აქ ყველა ფორმით შეიძლება შეგზღუდონ, არჩევნებიც გააყალბონ და დაკარგო ხმები, მაგრამ ეს ყველაფერი გამოაცოცხლებს საპროტესტო ელექტორატს.
მე მგონია ეს ერთადერთი საშუალება, რომ პოლიტიკური პროცესის გარშემო მოხდეს პარტიების გაძლიერება და მათი კონსოლიდაცია. ამ დროს შესაძლებელია სხვა მოთხოვნების გაცოცხლება, მათ შორის, პარტიული დაფინანსების მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს უსამართლოდ წაართვეს. ვინც გადალახა ბარიერი, მას ეკუთვნის დაფინანსება, მიუხედავად იმისა, შევიდა თუ არა პარლამენტში. რა უფლებით მიიღეს ეს დისკრიმინაციული კანონი? ეს ხომ აშკარად დარღვევაა ყველანაირი დემოკრატიის? მაგრამ რცხვენიათ ამის გაპროტესტება. სინამდვილეში ეს არის ხალხის ფული და უნდა მოხმარდეს ხალხის მიზნებს.
პოლიტიკური პარტიების დემორალიზება ხდება და მათაც ეშინიათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის. მათ მეტი გონიერება უნდა გამოიჩინონ ამ კონტექსტში და არ უნდა აჰყვნენ არარაციონალურ მოთხოვნებს, რომლებიც კონტრპროდუქტიულია მათი გამარჯვებისთვის და მთლიანად დემოკრატიის გამარჯვებისთვის ქვეყანაში.
მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ასევე შესაძლებლობა, ევროპელი პარტნიორები დააბრუნო პოლიტიკურ პროცესში არჩევნების გარშემო. თუ პროტესტის მოთხოვნები დაუკავშირდება ადგილობრივ არჩევნებს, აქ შეიძლება ჩაერთოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რეგიონთა საბჭო და ბევრი სხვა ორგანიზაცია.