„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს შსს-სა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თვითნებურ და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას, 22 მაისს, საქალაქო სასამართლოს შენობაში არ დაეშვა ჟურნალისტები კამერებითა და მიკროფონებით. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს აქვთ უფლება, სასამართლოს ფოიეში კამერებით იმუშაონ და პირდაპირ ეთერშიც გავიდნენ, მათ ამ უფლებით 22 მაისს პირველად ვერ ისარგებლეს,“ – წერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გმობს ჟურნალისტებისათვის მუშაობაში ხელშეშლას.
22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავდა პოლიტიკოსის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეს.
„საქმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი იყო მაღალი და ამ ინტერესის საპასუხოდ სასამართლოში მედიის გამოჩენა იყო სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმური.
ადგილზე დიდი ოდენობით მობილიზებული საპოლიციო ძალები და მანდატურები ფიზიკურად ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა ქალებზე, და ჟურნალისტებს მუშაობაში უშლიდნენ ხელს,“ – აღწერს ქარტია 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შსს-ს, ხელი აიღოს ჟურნალისტების შევიწროებაზე და მისცეს მათ პროფესიული მოვალეობის შესრულების და კანონით დაცული უფლებებით სარგებლობის საშუალება.