დუმბაძის 12-ში კაფეების – ვინილისა და k2-ის ადგილზე მშენებლობა იგეგმება

შპს „ახალი ერა“ ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე, ადრე შეთანხმებული 8-სართულიანის ნაცვლად, 5-სართულიანი სახლის აშენებას გეგმავს. ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია. დუმბაძის #12-24 -ა-ს გვერდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილი პირველი აფთიაქის სამსართულიანი შენობა დგას, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს კი, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ერთსართულიანი სახლია განთავსებული, სადაც ადრე ბელგიის საკონსულო იყო.

ამ ქუჩაზე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ძველი განაშენიანება, სახლების უმეტესობა ორსართულიანია. 2017 წელს კომპანიამ ამ ქუჩაზე რვასართულიანი სახლის მშენებლობა შეათანხმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს. მერიაში კი, კომპანიას კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ უშუამდგომლა. მაშინ ეს საკითხი საზოგადოებაში მწვავე კრიტიკის საგანი გახდა, რის შემდეგაც კომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა ლევან ხიმშიაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით კომპანია პროექტს აჩერებს.

ახლა კომპანია ხუთსართულიანი პროექტის შეთანხმებას ითხოვს. საკითხი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ 2 სექტემბრის სხდომაზე განიხილა.

ადრე განხილული და ახალი ხუთსართულიანი სახლის პროექტის რენდერი

დუმბაძის ქუჩაზე ახალი მრავალბინიანი სახლის ასაშენებლად კომპანია ორი ერთსართულიანი შენობის დანგრევას აპირებს, მათ შორისაა კაფე ვინილის და კაფე კ2-ის შენობები და ეზო. ტერიტორიის დაზუსტებული ფართობი 952 კვადრატული მეტრია.

დუმბაძის #12

შპს „ახალი ერა“ 2014 წელს დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის 33 პროცენტს რუსეთის მოქალაქე თამაზ ბექიაია, 34 პროცენტს ბიზნესმენი ჯუმბერ ზოიძე, ხოლო დარჩენილ 33 პროცენტს ლევან ხიმშიაშვილი ფლობენ.

დუმბაძის ქუჩაზე რვასართულიანი სახლის აშენებას არჩილ ხაბაძის მეგობრის კომპანია გეგმავს

ბათუმის ბულვარში შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ჯიხურს დადგამენ

ბათუმის ბულვარი შტატგარეშე თანამშრომლებისთვის [მუშა-სპეციალისტებისთვის] დროებითი განთავსების მსუბუქი კონსტრუქციის დადგმას გეგმავს. ჯიხურს ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 20 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

„შტატგარეშე თანამშრობლები ძირითადად გამწვანებაზე მუშაობენ. მათი რაოდენობა 80-მდეა. აქედან ნახევარი ძველ ბულვარში მუშაობს, ნახევარი კი ახალ ბულვარში. ძველ ბულვარში ასეთი მოსასვენებელი, გამოსაცვლელი ადგილი არის, თუმცა არ არის ახალ ბულვარში, ამიტომ ასეთი გამოსავალი ვიპოვეთ და ამ ჯიხურს, რომელიც მსუბუქი კონსტრუქცია იქნება, ახალ ბულვარში განვათავსებთ“ – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

უშუალოდ ბულვარის ადმინისტრაციაში [აჭარის  2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით] შტატით 36 ადამიანია დასაქმებული.

კონსტრუქციის, რომელსაც ბულვარი შეისყიდის, საერთო [შიდა] ფართობი 32 კვ.მ უნდა იყოს. ჯიხური აღჭურვილი იქნება სხვადასხვა ინვენტარით, კონდენციონერით, ხელსაბანი ნიჟარით. ჯიხურის განთავსება უნდა განხორციელდეს, ტენდერში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, 30 დღის განმავლობაში.

ესკიზი

რატომ არ იწყება დაპირებული მშენებლობა „ოცნების ქალაქში“

„ოცნების ქალაქში“ დაპირებული მრავალბინიანი სახლის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. საბოლოო პროექტი და მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაცია კი სამინისტროს ერთი თვის წინ უნდა ჰქონოდა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, სამინისტროს საბოლოო პროექტი დღემდე არ ჩაუბარებია.

„ზუსტდება დეტალები. კომპანიისგან გვაქვს პირობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ჩაგვაბარებს საბოლოო პროექტს, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. უკვე მზად გვაქვს ტექნიკური დავალების მონახაზიც“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრმა.

„სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის“ პროგრამის მიხედვით, აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები 1 550 ოჯახის ბინით უზრუნველყოფას გეგმავს. აჭარის მთავრობის მიერ შექმნილმა სამუშო ჯგუფმა კი, 2019 წლის პირველი აგვისტოსთვის, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები 1 594 ოჯახი აღწერა [ამ ჯგუფს 1 727 ჯიხური/სახლი აქვს აღწერილი „ოცნების ქალაქში].

პროგრამა, რომლის მთლიანი ღირებულება 48 750 000 ლარია, 2019-2022 წლებში უნდა განხორციელდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე, ხელშეკრულება, 2019 წლის 25 მარტს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ინჟარქიტექტთან“ 320 001 ლარზე აქვს გაფორმებული [სატენდერო თანხა 400 ათასი ლარი იყო]. პროექტი 2019 წლის ივნისის ბოლოს უნდა ყოფილიყო მზად.

აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ბინებით უზრუნველყოფის პროგრამაზე მუშაობს, პარალელურად კი ბათუმის მერია „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზემცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი სახლის უკანონო მშენებლობისთვის 3000 ლარით აჯარიმებს. მერიაში „ბათუმელებს“ ისიც უთხრეს, რომ „ამ მოქალაქეებს მხოლოდ 3000-ლარიანი ჯარიმა და საურავი კი არა, შესაძლოა გასამმაგებული ჯარიმაც დაეკისროთ – ამას ითვალისწინებს კანონი, რომელიც ამავე ჯარიმის გაუქმების შესაძლებლობასაც უშვებს“.

მთავარი ფოტო: „ოცნების ქალაქში“ ასაშენებელი საცხოვრებელი კომპლექსი / რენდერი

 

ძლიერი წვიმა ბათუმში [ფოტო]

დღეს, 6 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 7 საათიდან ბათუმში კოკისპირულად წვიმს. ძლიერი ჭვიმის შედეგად, დაიტბორა ქალაქის ქუჩები. რამდენიმე ადგილზე შეფერხებით მოძრაობს ავტოტრანსპორტი.

„ბათუმის წყალში“ ამ დროისთვის [20:15 სთ.] შესულია ზარი 30-მდე მისამართიდან, ეზოებისა და სახლების დატბორვის შესახებ. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბრიგადები გასულები არიან გამოძახების ადგილებზე. ძირითადად, ზარები კომპანიაში გრიბოედოვის, ლერმონტოვის, გორგილაძის, აღმაშენებლის ქუჩებიდან შევიდა.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში შაბათს, 7 სექტემბერს, კვლავ მოსალოდნელია წვიმა, ელვა-ჭექა. კვირას, 8 სექტემბერს კი, საღამოს და ღამის საათებში ზოგან ელვა-ჭექა და წვიმა, ხოლო დღისით, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ბათუმი / 6.09.2019 / ფოტოები: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები
ბათუმი / 6.09.2019
ბათუმი / 6.09.2019
ბათუმი / 6.09.2019
ბათუმი / 6.09.2019

 

მერიის პასუხი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთ: შესაძლოა, ჯარიმა გასამმაგდეს

„ოცნების ქალაქში“ უკანონო მშენებლობებისთვის დაჯარიმებულ ხუთ ოჯახთან დაკავშირებით ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა განგვიმარტა, რომ საუბარია იმ ოჯახებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც მერიამ შეტყობინების საფუძველზე მოახერხა. ირაკლი მოქიამ გვითხრა ისიც, რომ ამ მოქალაქეებს მხოლოდ 3000-ლარიანი ჯარიმა და საურავი კი არა, შესაძლოა გასამმაგებული ჯარიმაც დაეკისროთ – ამას ითვალისწინებს კანონი, რომელიც ამავე ჯარიმის გაუქმების შესაძლებლობასაც უშვებს. რას ნიშნავს იდენტიფიცირება შეტყობინების საფუძველზე და რას აპირებს მერია? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ ირაკლი მოქიამ უპასუხა.

  • ბატონო ირაკლი,  როგორ ამოარჩიეთ „ოცნების ქალაქში“ ხუთი ოჯახი, რომლებმაც სახლი უკანონოდ ააშენეს, იქ ხომ ყველას უკანონოდ აქვს ქოხი აშენებული?

როდესაც ინფორმაცია შემოდის შეტყობინებით ან სხვა სახით, მერია იწყებს ავტომატურ რეაგირებას, „პროდუქტის უსაფრთხოების თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით. თქვენ რაზეც საუბრობთ, ძველი დადგენილებაა. გვაქვს კიდევ უფრო ადრინდელი წარმოებებიც, თუ არ ვცდები, რამდენიმე წლის წინ მთლიანად გადავაგზავნეთ სააღსრულებო ბიუროში ის ტერიტორია საკადასტრო კოდებით იძულებით დემონტაჟზე, სადაც არის განთავსებული „ოცნების ქალაქი“.

არ ვიცი, თქვენთვის არის თუ არა ცნობილი – მერიამ ნაწილობრივი დემონტაჟი განახორციელა კიდეც  იქ [„ოცნების ქალაქში“] საკუთარი ხარჯებით, სააღსრულებო ბიუროსთან ერთად. შემდეგ რაღაც მიზეზების გამო ეს დემონტაჟი შეჩერდა. არ მახსოვს – ან თანხა აღარ გვეყო, ან რესურსი. ეს იყო 2014 ან 2015 წელი, ზუსტად არ მახსოვს. იქედან მოყოლებული ინფორმაციას გვაწვდიან იდენტიფიცირებულს – სახელით-გვარით და პირადი ნომრით. ძალიან ბევრი ერთი და იმავე სახელისა და გვარის ადამიანია „ოცნების ქალაქში“. ამ ხუთ მოქალაქეზე კი ინფორმაცია მიიღო მერიამ შიდა მოკვლევით, ან ფინანსთა სამინისტროდან, ან მოქალაქისგან. დადასტურებულია, რომ მშენებლობა უკანონოდ აქვთ განხორციელებული.

  • ანუ ვიღაცის იდენტიფიცირება მოახდინეთ, ამოარჩიეთ და აჯარიმებთ იმიტომ, რომ შეტყობინება შემოგივიდათ?

გეუბნებით კიდევ ერთხელ, ამორჩეული არ არის. თუ ამორჩეულია, ეს ინფორმაციის მომწოდებელს უნდა ჰკითხოთ და არა ჩვენ.

  • შეტყობინების გარეშე არ იცოდით, რომ „ოცნების ქალაქში“ სახლები უკანონოდ ააშენეს?

უბრალოდ ეს იდენტიფიცირებული, დაზუსტებული ინფორმაციაა. რამდენიმე წლის წინ ჩვენთვის, როგორც ერთი კონკრეტული სამსახურისთვის, იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ყველა ერთად გადავეცით სააღსრულებო ბიუროს იძულებით დემონტაჟზე. ამის შემდგომ ვისი იდენტიფიცირებაც მოახერხა მერიამ – მოახერხა. ჩემთვის ცნობილი არ არის, მთლიანი დემონტაჟი რის გამო ვერ მოხდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამის შემდეგ შემოვიდა უკვე დადგენილ-დაზუსტებული შეტყობინება. მარტო ხუთზე არ არის მაქ საუბარი, ეს ხუთი ახლაა თორემ, ისე ძალიან ბევრია. საკმაოდ დიდი რაოდენობაა და თუ ეს დეტალურად გაინტერესებთ, წერილობით გიპასუხებთ.

  • გამოდის, ხვალ-ზეგ საურავის დაკისრებაზე წერილებს სხვებიც მიიღებენ?

ვისაც საურავი დაეკისრა, აბსოლუტურად ყველას ჩაბარდა დადგენილება დაჯარიმებაზე. ამ შემთხვევაში წარმოება დაწყებული გვქონდა მანამდე, 2018 წლის დეკემბერში კი გამოიცა ეს დადგენილება ამ საკითხზე, ზუსტად არ მახსოვს, როდის დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ამ ჯარიმის სამართლებრივი ნაწილი თუ გაინტერესებთ, იმ შემთხვევაშია შესაძლებელი შეჩერება, თუ პირველი ჯარიმა გაუქმდება, თორემ პირდაპირ წერია კანონმდებლობაში… თქვენი კითხვის არსი რა არის, რატომ დავაჯარიმეთ თუ საიდან მივიღეთ ეს ინფორმაცია, თუ კიდევ სხვები რატომ არ დაჯარიმდნენ?

  • მე მაინტერესებს რამდენად გაძლევთ კანონი შესაძლებლობას ერთი და იმავე დარღვევისთვის, ვთქვათ, ათიდან დააჯარიმოთ ხუთი? 

ისევ გეუბნებით, რომ მხოლოდ ამ ხუთზე არ არის საუბარი, ბევრი ობიექტია, რომელზეც მერიაში წარმოება დაწყებულია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჰპირდა ოცნების ქალაქში მცხოვრებთ, რომ მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფს. სანამ ამ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, მთავრობამ აღიარა მათი სოციალური ყოფა და გამოთქვა სურვილი, რომ შეუქმნას მათ ღირსეული ცხოვრების პირობები.

კი ბატონო, ასეა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თუ პირველი ჯარიმა გაუქმდება, ავტომატურად გაუქმდება საურავიც. თქვენ რასაც მეუბნებით, ეს გუშინ ან გუშინწინ არ დაწყებულა.

  • ადგენილებაში წერია, რომ 2018 წლის დეკემბერში დააჯარიმეთ და ერთი თვის ვადა მიეცით, მაგრამ საურავი 2019 წლის აპრილში დაარიცხეთ, რატომ?

მაქ ზუსტად იქნება დღეების მიხედვით საურავი გამოთვლილი – 30 დღის შემდეგ 2019 წლის აპრილამდე.

  • ისიც აგვიხსენით, როგორ მოხდა, რომ სამშენებლო კომპანიას უკანონო მიშენებისთვის, ზოგჯერ სართულის დაშენებისთვის, 1000 ლარით აჯარიმებთ და „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს 3000 ლარი დააკისრეთ?

განსხვავება იმაშია, რომ კანონი ნებართვის არსებობის შემთხვევაში დარღვევაზე 1000 ლარს ითვალისწინებს, ხოლო უნებართვო მშენებლობაზე – 3000 ლარს, თანაც ასამმაგებს.

  • რატომ დაემუქრნენ თქვენი თანამშრომლები ამ ოჯახებს შემწეობის წართმევით ან ამ თანხების ჩამოჭრით?

ჩემს თანამშრომლებს ამის უფლებამოსილება არ აქვთ და არც გააკეთებდნენ ამას. მე არ ვიცი, ვინ რა თქვა.

 

 

გამოცდების შედეგები: მასწავლებლობის მსურველმა 73%-მა საგნობრივი კომპეტენცია ვერ დაადასტურა

2019 წლის ზაფხულის გამოცდაზე, სადაც პედაგოგობის მსურველ პირებს საგნობრივი კომპეტენცია უნდა დაედასტურებინათ, 73-მა პროცენტმა, ანუ 6 568 პირმა ვერ დაადასტურა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაში 8 896 პირი მონაწილეობდა. აქედან უმრავლესობამ ვერ გადალახა 40- 60-პროცენტიანი ბარიერი. ცენტრის ინფორმაციით, ესენი არიან როგორც პედაგოგობის მსურველი, ასევე ის პირები, ვინც სხვა საგანში აპირებდა კომპეტენციის დადასტურებას.

გამოცდაზე გასულთაგან საგნობრივი კომპეტენცია მხოლოდ 2 328 პირმა დაადასტურა. საგნობრივი კომპეტენციის გამოცდაზე ზოგმა პედაგოგობის მსურველმა 1 ქულა, ზოგიერთმა კი 7-ზე ნაკლები ქულა მიიღო.

ზაფხულის გამოცდას საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დასადასტურებლად უკვე მოქმედი პედაგოგებიც აბარებდნენ, მათ შორის პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგები.

მათგან რამდენმა შეძლო უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად საჭირო კრედიტქულების დაგროვება, ჯერ ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს არ აქვს.

პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის როფესიული ჯილდოს შეთავაზების შემდეგ, პროფესიიდან გასვლის სურვილი 11 ათასამდე პრაქტიკოსმა პენსიონერმა პედაგოგმა გამოთქვა, რის შემდეგაც საჯარო სკოლებში ვაკანსიები გაჩნდა.

პრაქტიკოსი პედაგოგების ნაწილმა კი გადაწყვიტა საგნობრიბრივი კომპეტენცია ზაფხულის გამოცდებზე დაედასტურებინა, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, საბოლოოდ რამდენმა პენსიონერმა პედაგოგმა შეძლო საჭირო რაოდენობის კრედიქტულების დაგროვება სტატუსის შესაცვლელად.

ამ დროისთვის საჯარო სკოლებში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსი მიმდინარეობს.

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება – 7 სექტემბერს პლატფორმამდე მგზავრობა უფასოა

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. დღეს შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმაზე ფესტივალის მიმდინარეობასა და ფრინველებზე დაკვირვების მონაცემებს შეაჯამებენ. ღონისძიებას უცხოელი და ქართველი ორნითოლოგები, ეკოტურისტები, ფრინველებზე დამკვირვებლები, გიდები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მას, ვინც ჯერ არ დაკვირვებია მთებზე მოწყობილი პლატფორმებიდან აჭარაში ფრინველების მიგრაციის ულამაზეს სანახაობს, ხვალ, 7 სექტემბერს, ეძლევა ამის შესაძლებლობა. 7 სექტემბერს, 12 საათზე, ბულვარის ტურისტული ცენტრიდან სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე ბოლო ტურის მონაწილეები წავლენ. ტრანსპორტს, ბინოკლებსა და გიდის მომსახურებას გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის ორგანიზატორი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

მგზავრობა, ბინოკლები და გიდის მომსახურება ყველა დაინტერესებული პირისთვის უფასოა.

ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმს აჭარაში დიდი პოტენციალი აქვს. ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრი“  მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. ფესტივალი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ფოტო გადაღებულია ამ წლის ფესტივალზე

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნა. ყოველდღიურად ფესტივალზე დასწრების მსურველებს საშუალება ჰქონდათ შემეცნებით-გასართობ ტურებში მიეღოთ მონაწილეობა და ფრინველთა მიგრაციას სახალვაშოსა და შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმებიდან, ასევე, ჭოროხის დელტასა და კოლხეთის ეროვნულ პარკში დაკვირვებოდნენ.

საღამოობით, სასტუმრო ოაზისში გამართულ პრეზენტაციებზე, მოწვეული სტუმრები ფესტივალის მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ. მათ შორის იყვნენ ფესტივალის სპეციალური სტუმრები – ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის დამფუძნებელი დიდ ბრიტანეთში ტიმ ეპლტონი, შუა აღმოსავლეთსა და კავკასიის რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ასოციაციის პრეზიდენტი რობ შელდონი და ბლოგერი, ექსპერტი მაიკ ჰენდერსონი.

2,3,4,5 სექტემბერს გაიმართა პრეზენტაციები და ლექციები სასტუმრო „ოაზისში“. საღამოს პრეზენტაციებზე დასასწრებად ტრანსპორტირება იქნება უფასო. გამგზავრება – ბულვარის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრიდან.

გასვლითი ტურები 2,3,4,5 სექტემბერს პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ადგილებზე სრულად იყო უზრუნველყოფილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრს:  +995 577 90 90 93.

სილქნეტის მომხმარებლებს შორის ინტერნეტრბოლა მიმდინარეობს

სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის გათამაშება „ინტერნეტ რბოლა“ მიმდინარეობს.

ვინც მეტ ინტერნეტს დახარჯავს, ყოველკვირეულ წამახალისებელ ბონუსებს მიიღებს, ასევე მოხვდება ლიდერ ხუთეულში და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის Apple Iphone Xr.

ეს რბოლა 4 კვირა გასტანს.

ყოველკვირეულად გამოვლინდება 20 გამარჯვებული, რომელიც სილქნეტისგან ინტერნეტ მოცულობას მიიღებს საჩუქრად.

ბონუსის დაანგარიშდება გამარჯვებულების მიერ კვირის განმავლობაში გახარჯული ინტერნეტ მოცულობის მიხედვით განისაზღვრება:

[checklist]

  • პირველი ხუთეულისთვის – გაასმაგებული ინტერნეტ მოცულობის ოდენობით;
  • მეორე ხუთეულისთვის (6-10) – გაათმაგებულ ინტერნეტ მოცულობის ოდენობით;
  • მესამე და მეოთხე ხუთეულისთვის (10-20) – გახუთმაგებულ ინტერნეტ მოცულობის ოდენობით.

[/checklist]

აქციის დასრულების შემდეგ შეჯამდება 4 კვირიანი რბოლა და გამოვლინდება ის 5 გამარჯვებული, რომელსაც სრული 4 კვირის მანძილზე გახარჯული ჰქონდა ყველაზე მეტი ინტერნეტ მოცულობა ჯამურად;

გამარჯვებული ხუთეული სილქნეტისგან  საჩუქრად მიიღებს მობილური ტელეფონის მოწყობილობას – Apple Iphone Xr.

აქციაში ჩართვა შესაძლებელია USSD კოდით – *999# 

გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სილქნეტის Facebook გვერდზე.

სილქნეტი- ყველაფერი კავშირშია!

7 მიზეზი, თუ რატომ იტანენ ქალები ჩაგვრას

ავტორი: ცირა ჯგერენაია, ადვოკატი

მიზეზი N1: შვილები

მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ (სამოქალაქო კოდექსის  მუხლი 1212).

თამუნა: სამ შვილთან ერთად გამომაგდო ქუჩაში. 8 თვეა ცალკე ვცხოვრობთ და ერთხელ არ უკითხავს, რას ვჭამთ და ვსვამთ. რამდენი წელია მიმეორებს, მოკიდე შენს შვილებს ხელი და აქედან წადიო. თითქოს მხოლოდ ჩემი შვილები არიან და მისი არა. მაგისთვის სულ ერთია მისი შვილები მშივრები იქნებიან თუ მაძღრები, მაგრამ რა ვქნა, ჩემთვისაც ასე ხომ არ იქნება. შეხედე, ხელები რას მიგავს, სხვის სახლებს ვალაგებ, ჩემს შვილებს არ მოშივდებათ, სანამ ცოცხალი ვარ. არაფერი არ მინდა მაგის, დანახვაც არ მინდა (ხელები დახეთქილი აქვს, ზოგან ჭრილობას ფუფხი აქვს მოდებული, ცრემლების გარეშე ვერ ჰყვება თავის ამბავს.)

– ხომ მუშაობს თქვენი მეუღლე?

თამუნა: კი, სადღაც ზუსტად არ ვიცი. არ მინდა მისი არაფერი. მე გავზრდი ჩემს შვილებს, ოღონდ თავი დაგვანებოს, არც უნდა მაგას შვილები, ძალით ხომ არ გავაზრდევინებ?! არც იმ ალიმენტს გადაიხდის, სამსახურიდან წამოვა ალბათ.

– მესმის, ბავშვების აღზრდა და გამოკვება, როგორც წესი, ქალის პასუხისმგებლობა და ტვირთია – ვამბობ მე, მაგრამ ვგრძნობ რა ყალბად ჟღერს ეს დავარცხნილი ფრაზა და ვჩუმდები.

მიზეზი N2: მარტოობა

ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია  დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური  ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით (საქართველოს  კონსტიტუციის   მე-11  მუხლი).

ნანა: ვერ ვეტყვი მშობლებს, ოჯახს რომ ვანგრევ, ინერვიულებენ. საერთოდ არ მინდა ვინმემ გაიგოს, მაინც არავინ დამიდგება გვერდით. ხომ იცი, განათხოვარ ქალს სხვანაირად უყურებენ მამაკაცებიც, არ მაქვს მაგის თავი.

ნატო: მოწმე როგორ არ მყავს. ჩემი და რამდენჯერ ყოფილა შემსწრე როგორ მცემდა. ერთხელ  დანა წაართვა ხელიდან, მაგრამ სასამართლოში გამოყოლაზე უარი მითხრა. მისი ქმარი ჩემს ქმართან ძმაკაცობს და აუკრძალა. თვითონაც მეუბნება, არ დაშორდეო.

თეა: ჩემი შვილები მის მხარეს არიან, ბიჭები – საერთოდ. ერთს სოფლის სახლი გადაუფორმა, მეორეს სამსახური მაგან დააწყებინა და იმას უჯერებენ ყველაფერს. მასავით ლაპარაკობენ.

– გოგონებიც ხომ გყავთ?

თეა: გოგონები თავს იკლავენ. პოლიციაში და სასამართლოში რა გინდაო, მამას დაიჭერენო.  რცხვენიათ. მე მარტო ვარ. არავინ არ მიდგას გვერდით, ეს მინდა წინასწარ იცოდეთ.

მიზეზი N3: ქონება

საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი (სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლი).

ეკა:  წასასვლელი არ მაქვს არსად, რამდენი წელი შევალიე მაგ სახლს, არ იცი. საკუთარი ხელით მაქვს ყველაფერი გაკეთებული.

– სახლი ვის სახელზეა?

ეკა: ჩემი დედამთილის, მაგის გარდა სოფლის სახლიც აქვთ. ყველაფერი მაგის სახელზეა.  მთელი ცხოვრება ვშრომობ და  გამოდის, ქუჩაში ვრჩები. უსამართლობაა ეს აბა რაა?! მე არც ვიცოდი ასე თუ შეიძლებოდა, თურმე მთელი ცხოვრება ტყუილად მიშრომია, ჩემი არაფერია.  ორი სახლი აქვს ჩემს ქმარს. დედამისის სახელზე გააფორმეს ყველაფერი წინასწარ,  სპეციალურად  გააკეთეს თავიდანვე, ალბათ დააკვალიანა ვიღაცამ. ჩემს შვილებს არაფერი ეკუთვნით?

– ამ ეტაპზე არა!

მიზეზი N4: მემკვიდრეობა

კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად მიიჩნევიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, (განურჩევლად სქესისა), რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (სამოქალაქო კოდექსის  1136-ე მუხლი).

თამარი: ჩემი ქმარი მეუბნება, გიორგი დამიტოვე და წადით, სადაც გინდათო. სად უნდა წავიდე. რაც მე იმ სახლ-კარში შრომა მაქვს ჩადებული. ჩემი მამამთილის სახელზე კია, მაგრამ წილი რომ მოვთხოვო არ შეიძლება? სხვა მემკვიდრე კი არ ჰყავთ, ჩემი შვილი ერთადერთი ბიჭია შვილიშვილებში. აბა, სად წაიღებენ მაგ სახლს, ჩემს გიორგის არ ეკუთვნის? მე გავაკეთე იმ სახლში ყველაფერი, ცემენტს დავათრევდი ჩემი ხელით და  ბოლოს არაფერი.

– შვილებს მშობლების ქონებაზე მშობლების სიცოცხლეში არანაირი უფლება არ აქვთ, სხვა წასასვლელი არ გაქვთ?

თამარი:  არა, არ მაქვს!  ჩემს ძმას ხომ არ მივადგები სახლში? ცოლ-შვილი ჰყავს.

– თქვენი ძმა თქვენს მშობლებთან ცხოვრობს?

თამარი: კი, დედაა ახლა მარტო ცოცხალი. ადგილიც არაა იქ ამდენი და ასე ვერ შევაწუხებ მის ცოლ-შვილს!

– თქვენი სახლიც ხომაა? თქვენც მემკვიდრე ხართ!

თამარი: ჩემი როგორაა. მე 15 წელია გათხოვილი ვარ, ჩემი ოჯახი მქონდა, მაგრამ რად გინდა. არ ყოფილა სამართალი და ეგაა.

მიზეზი N5: უმოქმედობა

სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე (სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლი).

მარი: არაფერს არ იფორმებს თავის სახელზე, სამი სახლი აქვთ. ფირმა აქვს თავისი, ტურისტებზე მუშაობს, დას გადაუფორმა და 80 ლარს არ უხდის ბავშვს ალიმენტს. 80 ლარი აქვს გადასახდელი და 2 წელია თეთრი არ გაუხდია.

– აღმასრულებელს არ აცნობეთ, შემოსავალი რომ აქვს?

მარი: კი, როგორ არა, მაგრამ მეუბნება არაფერი უფიქსირდება და რა გავაკეთოო?! სხვა ქალიც მოძებნა და გრიალებს. მე და ჩემი შვილი კი შიმშილით ვკვდებით. გუშინ სახლში რომ მივდიოდი, ნაგვის ურნაზე ცელოფნის პარკით გადაკიდებული პური ვნახე და ის წავიღეთ.  ჩემს შვილს გეფიცები თუ ტყუილს ვამბობდე. შენ ახალგაზრდა ხარ, არ იცი რა ხდება ამ ქვეყანაზე.

– პოლიციაში განაცხადეთ? ალიმენტის გადაუხდელობა დანაშაულია!

მარი: (იცინის) ვიყავი. მაგ მუხლით დაჭერილი ვინმე გინახავს?

– არა! მუხლი თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს.

მიზეზი N6:  ძალადობა

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა,  ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 90-დან 150-საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ (სისხლის სამართლის კოდექსის  1261-ე  მუხლი).

ელენე:  მეტის მოთმენა არ შემიძლია. ამიტომ მოვედი შენთან.

– ფიზიკურადაც გეხებათ?

ელენე: წლებია. ყველაფერზე შეუძლია იჩხუბოს. 4 თვე ჩაკეტილი ვყავდი სახლში, გარეთ რომ გადიოდა, სახლს გარედან კეტავდა გასაღებით და ბავშვთან ერთად შიგნით მტოვებდა.  ტელეფონი წამართვა. რომელი ერთი მოგიყვე. ტვინის შერყევა მქონდა, ისე მცემა.

– ექიმთან იყავით? სამედიცინო ჩანაწერები იქნება საავადმყოფოში შენახული.

ელენე:  არა, არ გამომიძახია სასწრაფო. ისე ვიწექი ცოტა ხანი. 35 წლის ვარ. რაც გავთხოვდი, ექიმთან არ ვყოფილვარ არცერთხელ.

– ბავშვებზეც ძალადობს?

ელენე: კი, ერთხელ ორივეს გამოგვეკიდა პურის საჭრელი დანით, ბავშვს ისე შეეშინდა, გული წაუვიდა.

– პოლიციისთვის არ მიგიმართავთ არასოდეს?

ელენე:  არა.  მემუქრებოდა, არ გაცოცხლებო.

– ნუ გეშინიათ, ვერაფერს დაგიშავებთ. პოლიციას უნდა მივმართოთ!

ელენე: რამდენს  მიუსჯიან?

– გააჩნია. 3-5 წელი ალბათ.

ელენე: რომ გამოვა, მერე რა ვქნა?

– …………………

მიზეზი N7: ქალად ყოფნის ბედნიერება და უბედურებაც

საკანონმდებლო ჩანაწერი ვერ მოიძებნა.

მაგდა: არ მინდა, ციხეში რომ მოხვდეს, მინდა, რომ მე დამანებოს თავი და მერე რას იზამს, არ მაინტერესებს.

– და რაც ჩაიდინა პასუხი არ უნდა აგოს? ჩემი აზრით, უნდა მიხვიდეთ სასამართლოში.

მაგდა:  არა. მეცოდება ციხისთვის.

– მოსამართლეს ეტყვის, რომ თქვენ მოიგონეთ ყველაფერი. არ გაგიკვირდეთ, აქეთ თუ დაგადანაშაულებთ ძალადობაში.

მაგდა:  თქვას.  არ შემიძლია. რომ მეცოდინება ჩემ გამოა ციხეში, თავს ცუდად ვიგრძნობ. ჩემი შვილების მამაა მაინც.

– თქვენ გამო არაა, იმის გამო, რაც ჩაიდინა თქვენი და ბავშვების მიმართ. დაფიქრდით კიდევ, ჯერ გაქვთ დრო!

მაგდა:  არა. (ტირის) არ შემიძლია. მაპატიეთ.

 

 

 

14 მილიონი ლარი ბათუმში კომაროვის სკოლისთვის, როდის დაიწყება მშენებლობა

ბათუმში კომაროვის სკოლის მშენებლობა, წინასწარი გათვლებით, დაიწყება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს და დასრულდება 2020 წლის სექტემბერში – უთხრეს „ბათუმელებს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე კი ტენდერი გამოცხადდება. სკოლის მშენებლობას 14 მილიონამდე ლარი დასჭირდება.

სააგენტოს ინფორმაციით, ტენდერი, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების შემდგომ, 2019 წლის 15-20 სექტემბერის პერიოდში გამოცხადდება დიზაინ ბილდით [ანუ, მიმწოდებელი თავად იქნება პასუხისმგებელი დეტალური პროექტის მომზადებაზე].

წინასწარი გათვლებით, სკოლის მშენებლობისთვის 13-14 მილიონი ლარია საჭირო. თანხის 20%, როგორც სააგენტოში გვითხრეს, გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში, ხოლო დარჩენილი თანხა გათვალისწინებული იქნება 2020 წლის ბიუჯეტში.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ამჯერად ატარებს ფასთა კვლევას გენერალური გეგმის დიზაინ-კონცეფციის დასამუშავებლად. ტერიტორია [ორი ნაკვეთი], სადაც სკოლა უნდა აშენდეს, მდებარეობს ქალაქ ბათუმში სვიშევსკის ქუჩა N1-ში და ჯამში 97 383 კვ.მ-ია.

პრეტენდენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს დოკუმენტი, რომელიც აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების განთავსებას და მათ პარამეტრებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, ასევე საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტურქტურით უზრუნველყოფას [ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი: სატრანსპორტო და საფეხმავლო კავშირების, ავტოპარკინგის, სათამაშო მოედნების, ღობის, გარე განათების და სხვა ნაწილების დატანით. გეგმები, მცირე არქიტექტურული ფორმები (სკამები, ნაგვის ურნები, განათება და ა.შ); დენდროლოგიური პროექტი; გარე საინჟინრო კომუნიკაციების ქსელის მოწყობის სქემატური ნახაზები, წყლისა და კანალიზაციის წერტილები; გარე განათების პროექტირება; ბუნებრივი აირის ძირითადი და ლოკალური ქსელები და სხვ.].

ამ ეტაპზე მზად მხოლოდ სკოლის ესკიზია.

ამ თემაზე:

როგორი იქნება კომაროვის სკოლა ბათუმში

„ოცნების ქალაქში“ უკანონო მშენებლობისთვის 6 000 ლარის გადახდა მოუწევთ – საურავი და ჯარიმა  

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ხუთი ოჯახი ბათუმის მერიას საცხოვრებელი სახლის უკანონო მშენებლობისთვის 2018 წელს 3000 ლარით დაუჯარიმებია. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ თეა ქონდარიძეს ახლახან მერიის მიერ 2019 წლის 10 აპრილს გამოცემული დადგენილებაც ჩააბარეს, სადაც წერია, რომ მას ჯარიმის გადაუხდელობის გამო დამატებით 3000 ლარის საურავი დაეკისრა. შესაბამისად, ახლა თეა ქონდარიძეს მერიისთვის 6 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. თუმცა, ეს თანხა შეიძლება ისევ გაიზარდოს.

დადგენილებაში, რომელსაც ხელს მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი, მირიან მეტრეველი აწერს, ასევე ნათქვამია, რომ დაჯარიმებულს ეს თანხა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში უნდა გადაეხადა.

მერიის დადგენილების თანახმად, 2019 წლის 22 მარტს უწყება გაუგზავნეს თეა ქონდარიძეს, რომლითაც საკითხის განსახილველად ზეპირ სხდომაზე მიიწვიეს, სადაც ის არ გამოცხადებულა. ამიტომაც მერიამ გადაწყვეტილება მიიღო და მას საურავის სახით ჯარიმის ოდენობის თანხა – 3000 ლარი დააკისრა.

სამთავრობო კომისიის ინფორმაციით, რომელმაც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები აღწერა, აქ 1500-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, მათგან ნახევარზე მეტს ქოხი უკანონოდ აქვს აშენებული. აქ მცხოვრებთა თქმით, მერიის ჯარიმის შესახებ დადგენილება მხოლოდ ხუთმა ოჯახმა მიიღო.

რა ნიშნით გამოარჩია მერიამ ეს ხუთი ოჯახი, ჯერჯერობით, უცნობია. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პასუხის გასაცემად ჯერ კიდევ ემზადებიან. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ე.წ. „ოცნების ქალაქი“ ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა. ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონების ბაზების ტერიტორიაზე ოჯახებმა, რომელთა ნაწილი აცხადებდა, რომ ეკომიგრანტები იყვნენ ან არ გააჩნდათ საცხოვრებელი, ხის ფიცრულები ააგეს და დასახლდნენ, თუმცა თანდათან ხის ნაგებობებს კაპიტალური შენობები ჩაენაცვლა.

ტერიტორია, სადაც „ოცნების ქალაქია“ გაშენებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაცია 2019 წლის 9 თებერვალს დაიწყო.

ამავე თემაზე:

ოცნების ქალაქში უკანონო მიშენებისთვის ოჯახები 3000 ლარით დააჯარიმეს

 

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს საზღვრებთან უკანონო ქმედებები

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს განცხადებას საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ, რომელიც გაკეთდა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ვენაში, 2019 წლის 5 სექტემბერს.

განცხადებას სტილის დაცვით გთავაზობთ.

  1. ვწუხვართ, რომ ბოლო პერიოდში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განვითარებულმა მოვლენებმა უსაფრთხოების საერთო მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა. ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული გუგუტიანთკარისა და ჩორჩანა / წნელისის უაღრესად შემაშფოთებელ ბოლოდროინდელ მოვლენებში.რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას და მათი მთავარი საარსებო წყაროს – ხეხილის ბაღებისა და წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს. ასეთი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებთ, რომ პროცესების წინანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ჩაერთოს.
  1. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის მხარეს გააგრძელოს კომუნიკაციის ყველა არსებული საშუალების, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გამოყენება. დაძაბულობის შემცირებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევების გადასაჭრელად დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში, ჩვენ მივესალმებით ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას და მოვითხოვთ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საქმიანობის განახლებას წინაპირობების და შემდგომი შეფერხების გარეშე.
  1. აღმაშფოთებელია, რომ ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული მდგომარეობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ქართულ რეგიონებში კვლავ უარესდება. ბორდერიზაციის აქტიური განხორციელება, გაზრდილი სამხედრო წარმომადგენლობა, ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთის პუნქტებზე განუწყვეტელი შეზღუდვები, გადაუჭრელი საკითხები დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეთნიკური ქართველების ინტერესებს აზიანებს, ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების განდევნა, თვითნებური დაკავებების გაგრძელება და დევნილთა უფლებების განხორციელების დაბრკოლება შემდგომ ძალისხმევას საჭიროებს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასა და დე-ფაქტო ხელისუფლებას შეწყვიტონ ქმედებები ამ მიმართულებით. კვლავ გამოვხატავთ შეშფოთებას გალის რაიონში რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებთან პატიმრობაში ყოფნისას საქართველოს მოქალაქის ბ-ნ კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სწრაფი გამოძიება და სრული გამჭვირვალობა ამ ტრაგიკული ინციდენტის გარემოებებთან დაკავშირებით. ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეებთან (2018 წელს ბ-ნ ტატუნაშვილთან და 2016 წელს ბ-ნ ოთხოზორიასთან) დაკავშირებული ფატალური ინციდენტების დაუსჯელობის გამო და კვლავ მოვუწოდებთ ამ საქმეების, ისევე როგორც 2014 წლის ბ-ნ ბაშარულის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.
  1. ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 25 აგვისტოს ჩატარდა ე. წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“, 8 სექტემბერს გათვალისწინებული მეორე ტურის ჩათვლით. ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებული ე. წ. “საპარლამენტო არჩევნების” ლეგიტიმურობას. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის / ცხინვალის რეგიონებში დე ფაქტო ხელისუფლებათა გადაწყვეტილებები ე. წ. “არჩევნების” ჩატარების შესახებ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უწყვეტ ძალისხმევას ეწინააღმდეგება.
  2. 11 წელი გავიდა რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შემდეგ, რომელიც სამწუხაროდ კვლავ გადაუჭრელია. ევროკავშირი გამოხატავს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ურყევ მხარდაჭერას ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებების და საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების შესაბამისად. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მისი თანათავმჯდომარეობის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით ჩვენ პროცესებში კვლავაც ჩართულნი ვართ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობაა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილიზაციის, ნორმალიზაციისა და ნდობის აღდგენაში წვლილის შეტანას დაუღალავად აგრძელებს.
  3. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებები და 2008 წლის 8 სექტემბრის “შემდგომი განხორციელების ღონისძიებები”. ევროკავშირი ასევე ითხოვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (თავისი მანდატის შესაბამისად), ისევე როგორც ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმების, ჰუმანიტარული და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციების დაშვებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ჩათვლით.

ოცნების ქალაქში უკანონო მიშენებისთვის ოჯახები 3000 ლარით დააჯარიმეს

ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ხუთი ოჯახი ბათუმის მერიამ უკანონო მიშენებებისთვის დააჯარიმა. მოსახლეობის ინფორმაციით, ერთმა ოჯახმა, რომელიც „ოცნების ქალაქში“ შვიდ წელზე მეტია ერთ ოთახში ცხოვრობს, დამატებით ერთი ოთახი მიაშენა. „ქმარი დაბრუნდა ციხიდან და  ბავშვისთვის ცალკე ოთახი მოაწყვეს“, –  გვიყვება სოფო ბერიძე. მისი მეზობლის, ჟუჟუნა მოსიძის ინფორმაციით კი, უკანონო მიშენებისთვის დააჯარიმეს ისეთი ოჯახიც, რომელსაც საპირფარეშო არ ჰქონდა და მიშენებული ფართობი მის მოსაწყობად გამოიყენა.

კიდევ სამი მსგავსი შემთხვევისთვის ოჯახები მერიამ ჯერ 3000 ლარით დააჯარიმა, შემდეგ კი ჯარიმის გაორმაგების შესახებ გააფრთხილა. გარდა ამისა, მერიის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სახელმწიფო შემწეობებიდან ჩამოეჭრებათ თანხა, ან საერთოდ შეუწყდებათ ასეთი დახმარება.

რის საფუძველზე დააჯარიმა მერიამ „ოცნების ქალაქის“ მცხოვრები ოჯახები ისედაც უკანონოდ აშენებულ სახლებზე მიშენებებისთვის? – ამის გარკვევას მერიაში ვცდილობთ. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ასევე გვაინტერესებს, როგორ დააჯარიმა მერიამ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები 3000 ლარით, მაშინ როცა სამშენებლო კომპანიების მიერ შეთანხმებული პროექტის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმები ხშირად თანხის ამ ოდენობას არ აღწევს.

ოცნების ქალაქში დაჯარიმებულები და მათი მეზობლები საპროტესტო აქციას მართავენ.

რიჟვაძე: მოვემზადებით, რომ რეგიონი სამუდამოდ გავწმინდოთ ნაცმოძრაობის ნარჩენებისგან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორინკე რიჟვაძემ, აჭარის ტელევიზიასთან შესაძლო საკადრო ცვლილებებზე საუბრისას თქვა, რომ მათი წლევანდელი და მომავალი წლის გეგმებში რეგიონის „ნაციონალური მოძრაობისგან“ გაწმენდა შედის.

„ნუ აყვებით ჭორებს. რა თქმა უნდა, ჩვენ, ვინც ამ ჭორებს გვივრცელებს, ბუნებრივია, საქმით დავუმტკიცებთ, რომ ჩვენი გეგმა, როგორც წელს, ასევე მომავალ წელს, გახლავთ ის, რომ მოვემაზდოთ არჩევნებისთვის და ერთხელ და სამუდამოდ რეგიონი გავწმინდოთ ნაცმოძრაობის ნარჩენებისგან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ახლახან საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას პრემიერობის კანდიდატმა – გიორგი გახარიამ თქვა, რომ ის არსად არ აპირებს წასვლას და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას უკვე 7 წელია მართავს. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ხუთი არჩევნები ჩატარდა. ყოველი საარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლების მთავარი სლოგანი „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოოდ დასრულება იყო.

მთავარი ფოტო: კადრი აჭარის ტელევიზიიდან

ამავე თემაზე:

მე თქვენ დაგასრულებთ, ქუჩაში დარჩებით – გახარია ნაციონალურ მოძრაობას

მე თქვენ დაგასრულებთ, ქუჩაში დარჩებით – გახარია ნაციონალურ მოძრაობას

“ერთი რამ მინდა გითხრათ: არსად წასვლას ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ… თქვენ დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. ქუჩის ოპოზიცია ხართ და 2020-ში ქუჩაში დარჩებით”, – ეს განცხადება პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გააკეთა პარლამენტში ენმ-ს ფრაქციასთან შეხვედრაზე.

“რაც შეეხება ყველაფერ იმას რაც აქ ითქვა, ერთმნიშნელოვნად მინდა აღვნიშო, ეს არის ჩვეულებრივი ენმ-ს სახე: ტყუილი, როცა სიმართლის ჩანაცვლება ხდება. ამას თქვენ აკეთებდით არამხოლოდ 9 წელი, ამას თქვენ აკეთებთ დღესაც”, – განაცხადა გახარიამ.

ამის შემდეგ ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა სხდომის შეწყვეტის ინიციატივა დააყენა, მისი თქმით, გახარია კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებდა, რომელიც მათ მანამდე დაუსვეს. ენმ-ს წევრები მანამდე ითხოვდნენ, პარლამენტში შეეშვათ ის აქტივისტები, რომელთა სახელზე დაშვებულია საშვი, თუმცა პარლამენტის გადაწყვეტილებით, მათ საკანონმდებლო ორგანოში უკვე რამდენიმე დღეა, არ უშვებენ. აქტივისტები აღნიშნულს შენობის გარეთ, ე.წ. სირცხვილის კორიდორის ფორმით აპროტესტებენ.

„ქალბატონო სალომე, გირჩევთ თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს შეხედოთ თვალებში” – ამ სიტყვებით გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე სალომე სამადაშვილს მიმართა.

 

როგორ შეუძლიათ სოფლებს მინიმალური თანხით უფასო ინტერნეტი ჩართონ – ახალი პროექტი

საყოველთაო ინტერნეტიზაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხანაში, არის მცირედდასახლებული სოფლები და დაბები, სადაც მსხვილი პროვაიდერები არ შედიან კომერციულად არახელსაყრელი პერსპექტივის გამო. 

საქართველოში არაერთი ასეთი დაბა და სოფელია, სადაც მცირერიცხოვან მოსახლეობას, გარდა იმისა, რომ გეოგრაფიულადაც მოწყვეტილია ცენტრს, არ აქვს წვდომა ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.

ახალი ინტერნეტტექნოლოგიის დახმარებით გაუშვეს უფასო ინტერნეტის ქსელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ცენტრში. ამიერიდან მოსახლეობა და ტურისტები უსადენო Wi-FI სერვისით ისარგებლებენ. 

“ნინოწმინდის ინტერნეტიზაციის ტექნოლოგია ბევრად უფრო ინოვაციურია, ვიდრე 2017 წელს თუშეთის ინტერნეტიზაციისას გამოვიყენეთ.

ახალი პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ცალკეული სოფელი კი არ ერთვება ქსელში, არამედ მთლიანად რეგიონი იფარება ინტერნეტქსელით. თითქმის იგივე ეფექტია, რაც მობილური ოპერატორების დაფარვის ქსელი, ოღონდ საუბარია Wi-Fi-ზე”, – ამბობს პროექტის ავტორი, კონსტანტინ სტალინსკი.

ქსელის მშენებლობის პროცესი

პროექტის ინიციატორი საქართველოს პირველი სათემო მაუწყებელი – რადიო “ნორია”. უფასო ინტერნეტსერვისის მომსახურება მათივე ტექნიკური ჯგუფის მიერ ხორციელდება. რადიო “ნორის” დირექტორის, არარატ თთთიანის აზრით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის:

“სოფლების ინტერნეტიზაციის პროცესს მეტ-ნაკლებად ადგილობრივი ინტერნეტპროვაიდერებიც ახერხებენ. მართალია, პროცესი ნელა მიმდინარეობს, მაგრამ გარკვეული შედეგი სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ სოფელში უკვე არის. აქ მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ნორმალური კომუნიკაციების გარეშე წარმოუდგენელია”.

პროექტის ინიციატორი საქართველოს პირველი სათემო მაუწყებელი – რადიო “ნორია”. უფასო ინტერნეტ-სერვისის მომსახურება მათივე ტექნიკური ჯგუფის მიერ ხორციელდება

ნინოწმინდის პროექტის ამოქმედება ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ამჯერად ინოვაციური ტექნოლოგიით ინტერნეტი მხოლოდ ნინოწმინდაშია, მაგრამ შესაძლებელია ამ არეალის გაფართოება, რისთვისაც საჭიროა ადგილობრივი მუნიციპალური ხელისუფლების მხარდაჭერა.

ზონა ნინოწმინდაში, სადაც უფასო Wi-Fi-თ შეიძლება სარგებლობა

როგორც კონსტანტინ სტალინსკი ამბობს, მისთვის, როგორც იდეის ავტორისთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ინფორმაციაზე წვდომა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული, ჩაკეტილი თემების მცხოვრებლებს ჰქონდეთ. მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვის შემთხვევაში ეს შესაძლოა არც ისე შორი პერსპექტივა იყოს.

მთავარი ფოტო: კონსტანტინ სტალინსკი

ბათუმში სამ ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება – მშენებელმა კომპანიამ მილი დააზიანა

ამ დროისთვის ბათუმში ამბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, შეფერხების მიზეზი  მშენებელი კომპანიის მიერ  მილის დაზიანებაა. ავარიის შედეგედ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ: ტაბიძის, ლეონიძისა და რურუას ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.

„სოკარ გაზში“ გვითხრეს, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ბუნებრივი აირის მიწოდება საღამოს ექვსი საათიდან დაიწყება, ქსელში ეტაპობრივად ჩაირთვება  სამივე ქუჩის ყველა აბონენტი.

„სოკარ გაზში“ არ დაგვიკონკრეტეს მშენებელი კომპანია, რომელმაც მილი დააზიანა.

 

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 1.8 მილიონი ლარი სახელწიფო გრანტი გამოიყო

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა დამტკიცდა.

„უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 1,845,000 ლარით განისაზღვრა.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა (შემდგომში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) შემდეგი ოდენობების მიხედვით განისაზღვრა:

სახელმწიფო გრანტის ოდენობა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საგნების მიხედვით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: რა შუაშია მიხეილ ჩინჩალაძე?

„რა შუაშია მიხეილ ჩინჩალაძე? იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიჰყავს პროცესი. ეს არის ერთი ადამიანის დისკრედიტაციის სურვილი. რატომ არის და როგორ არის, მე ჩემი ახსნა მაქვს ამაზე. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რომ ადამიანი, რომელიც მართლა ძალიან წარმატებულია თავის საქმიანობაში, ხდება თავდასხმის ობიექტი იმ პირების მიერ, რომლებიც არიან კრიტიკულად განწყობილები,“ – ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე საბჭოს წევრს – ნაზი ჯანეზაშვილს.

გიორგი მიქაუტაძე იმ 20 ადამიანს შორისაა, რომელიც იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატად შეარჩია. ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს, 5 სექტემბერს, თქვა: „20 კანდიდატიდან 10 არის სააპელაციოს მოსამართლე, რომლის თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეა, ამით, მგონი, ყველაფერია ნათქვამი“

გიორგი მიქაუტაძე დადებით ტენდენციად მიიჩნევს იმას, რომ შერჩეული 20 კანდიდატიდან 10 სააპელაციო სასამართლოს წევრია. იგი პოლიტიკურ ან სხვა სახის ჩარევებს გამორიცხავს და ირწმუნება, რომ ეს „კარიერული წინსვლის პრინციპია“.

„არსებობს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკა, როცა 99 პროცენტ შემთხვევაში დაწინაურება ხდება კარიერული ზრდის პრინციპით. ეს არის ძალიან ბუნებრივი და სწორი მოვლენა. ეს ასე უნდა იყოს. ასე ჩვენთან კი არ ხდება მარტო. კონკრტულ კანდიდატებზე ვერ ვისაუბრებ, მეც თვითონ კანდიდატი ვარ,“ – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ „ბათუმელებთან“.

გიორგი მიქაუტაძეს „გონიოს პლაჟის ინციდენტზეც“ ვკითხეთ, რომელიც 2016 წელს მოხდა და ამ დრომდე საქმის გამოძიება დასრულებული არ არის. პლაჟზე ნაცემი არასრულწლოვნის მშობლების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ბავშვს პლაჟზე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა.

ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს დააკავეს არასრულწლოვნის მშობლები. მოგვიანებით პროკურატურამ ცალკე დაიწყო ძიება პლაჟზე არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე.

2016 წლის ზაფხულიდან დღემდე გამოძიებას არ უთქვამს, სცემა თუ არა მოსამართლემ არასრულწლოვანს – ოფიციალურად ძიება გრძელდება. სამაგიეროდ, მალევე დასრულდა ძიება და უკვე გაასამართლეს კიდეც ბიჭის მშობლები, რომლებსაც, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ჩვენების საფუძველზე, პროკურატურა მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა.

ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტი საბოლოოდ არ დადასტურდა და ბრალდებულ მშობლებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდეს ჯარიმის გადახდა. მსჯავრდებულები დიდ ბრიტანეთში არიან. მათ უკვე მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი და მათთან ერთად არის არასრულწლოვანი ბიჭიც, რომელიც მოსამართლეს პლაჟზე ფიზიკურ ძალადობას ედავება.

„გამოითხოვეთ ეს ინფორმაცია პროკურატურისგან. იცით, რატომ არ არის დასრულებული გამოძიება? გაქვთ ამაზე პასუხი? – არასრუწლოვანი პირი საერთოდ არ მივიდა, არ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში,“ – გვითხრა გიორგი მიქაუტაძემ. მას ასევე ვკითხეთ, თუ რატომ არის მისთვის მისაღები პროკურატურის ეს პასუხი, როცა არსებობს ადამიანის დისტანციური დაკითხვის შესაძლებლობა და იგივე „გიორგი მიქაუტაძის საქმეზე“ გამართულ სასამართლო პროცესზე არასრულწლოვნის ბრალდებული მშობლები სკაიპის საშუალებით ჩართეს.

„ეს კითხვები ჩემ მიმართ არ უნდა არსებობდეს. ეს უნდა იყოს პროკურატურისკენ მიმართული… მე არ მაქვს არანაირი ინტერესი ამ საქმის მიმართ. ვერავინ დამისახელებს მიზეზს, რატომ შეიძლება ვყოფილიყავი დაინტერესებული ამ საქმის მიმართ“, – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

რატომ გამორიცხავს მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს მდივანი, რომ ბრალდებული შესაძლოა თავად გახდეს არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობისთვის?

„ეს გამორიცხულია. ეს მოხდა დღისით, მზისით, 50 მოწმის თვალწინ. რა ძალადობაზე მელაპარაკებით. ორი მცირეწლოვანი შვილი მახლდა მე,“ – დასძინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

 

 

 

 

 

ყველაზე კომფორტული ქალაქების ათეული მსოფლiოში – “ეკონომისტის” რეიტინგი

„ეკონომისტმა“ ახლახან გამოაქვეყნა მსოფლიოს ქალაქების ათეული, სადაც ცხოვრება 2019 წელს ყველაზე კომფორტულია. „ეკონომისტის“ ექსპერტების შეფასებით, ამ სიაში ევროპის მხოლოდ ორი ქალაქი მოხვდა. წელს ამ თვალსაზრისით ლიდერ ქალაქებად, ძირითადად, კანადისა და ავსტრალიის მეგაპოლისები დასახელდა. რაც შეეხება პირველ პოზიციას, ის ავსტრიის დედაქალაქ ვენას ერგო წილად. მეგაპოლისმა სარეიტინგო 100 ქულიდან 99,1 ქულა მიიღო. კომფორტული ქალაქების რეიტინგში ვენა 2018 წელსაც პირველ ადგილს იკავებდა.

ავსტრალიის ქალაქი მელბურნი

წელს ავსტრალიის ქალაქი მელბურნი ისევ მეორე ადგილზე აღმოჩნდა. ეს ქალაქი მრავალი წლის განმავლობაში რეიტინგის ლიდერი იყო.

ავსტრალია/სიდნეი

ქალაქი სიდნეი მესამე ადგილზეა. ავსტრალიის ამ მეგაპოლისს რეიტინგში ყოველთვის აქვს თავისი ადგილი. 2018 წელს სიდნეი სიაში მეხუთე ადგილზე იყო.

იაპონია/ოსაკა

ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, სტაბილურობა და კულტურა – აქამდე 140 დიდი ქალაქი მხოლოდ ამ კრიტერიუმებით ფასდებოდა. წელს პირველად ქალაქები კლიმატის ცვლილების თვალსაზრისითაც შეფასდა. შესაბამისად, იაპონიის ქალაქ ოსაკასთვის გასული წლის რეიტინგი ერთი ერთეულით გაუარესდა და წელს მას მეოთხე ადგილი შეხვდა.

კანადა/კალგარი

ქალაქი კალგარი „ეკონომისტის“ რეიტინგებში ყოველთვის ლიდერის პოზიციებზე იყო. წელს ამ კანადურ ქალაქს მეხუთე ადგილი, 2018 წელს კი მეოთხე პოზიცია შეხვდა.

კანადა/ვანკუვერი

წლევანდელ ათეულში, ძირითადად, კანადისა და ავსტრალიის ქალაქები მოხვდნენ. წელს კანადის ზამთრის ქალაქი ვანკუვერი მეექვსე პოზიციაზეა.

კანადა/ტორონტო

ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ კანადის ქალაქ ტორონტოში ცხოვრების მაღალი დონე იყო. „ეკონომისტის“ რეიტინგში წელს ქალაქს მეშვიდე პოზიცია შეხვდა.

იაპონია/ ტოკიო

შემდეგი პოზიცია შეხვდა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისია.

დანია/კოპენჰაგენი

რეიტინგში ტოკიოს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენი მოჰყვება. „ეკონომისტის“ წლევანდელ ათეულში ის მხოლოდ და მხოლოდ მეორე ევროპული ქალაქია.

ავსტრალია/ადელაიდა

ათეულის ბოლო მეათე ადგილი კი ადელაიდს მიაკუთვნეს. ეს ქალაქიც ავსტრალიაში მდებარეობს.

მთავარი ფოტო: ვენა, სასეირნო კარეტა წმინდა სტეფანეს საკათედრო ტაძრის წინ

ფოტო: SPIEGEL ONLINE

სახლები ძველ ბათუმში [ფოტო]

ქალაქის სულს ძველი სახლები და ქუჩები ქმნის. სახლები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ეპოქის არქიტექტურულ წესებს არ არღვევს და საერთო ურბანულ ლანდშაფტს ქმნის. ბათუმში ასეთი სახლები ძველ, ისტორიულ უბანშია შემორჩენილი. კადრებზე ასახული სახლების უმრავლესობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლია, თუმცა ბათუმში ამ სტატუსის მქონე არაერთი სახლი დაინგრა მაღალსართულიანი სახლის ასაშენებლად.

 

ბათუმის მერის გაყინული იდეა

ძველ ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც ბათუმის მერიამ მესაკუთრეებისგან, მისი გადარჩენის მიზნით გამოისყიდა. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. ამ სახლს დაახლოებით ექვსი წლის წინ ხანძარი გაუჩნდა და სახლის შიდა ნაწილი დაიწვა. მესაკუთრეებმა მისი აღდგენა ვერ შეძლეს.

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მისი ამ თანამდებობაზე არჩევიდან მალევე [2018 წლის პირველ თებერვალს] შეჰპირდა საზოგადოებას, რომ ისტორიული სახლების გადარჩენაზე იზრუნებდა. მერის იდეა ამ სახლების გამოსყიდვა, მათი პირვანდელი იერ-სახით და მასშტაბით შენარჩუნების პირობით გასხვისება იყო.

ლაშა კომახიძე ამბობდა, რომ  შენობების გამოსყიდვის შემდეგ ეტაპზე შეიმუშავებდნენ ამ შენობების რეაბილიტაციის პროექტებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით და ინვესტორებს პირობიან საინვესტიციო წინადადებებს შესთავაზებდნენ. მიუხედავად ამისა, მერიამ მხოლოდ ერთადერთი სახლის გამოსყიდვა შეძლო და ეს სახლიც ამ დრომდე მერიის ბალანსზე რჩება. ის ვერ გაასხვისეს, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ სახლი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა. ბათუმის საკრებულოსთვის გადაგზავნილი ინფორმაციით, მის გასხვისებას პირობიანი აუქციონით გეგმავდნენ.

ბათუმის მერის ამ იდეას ბევრი თავიდანვე ეჭვის თვალითა უყურებდა, თუმცა მაშინ მოქმედი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც კი, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ეს საკითხი კერძო სექტორს აინტერესებდა. მაშინ არ დაუსახელებიათ და არც ახლა ვიცით, რომელმა კომპანიებმა გამოთქვეს პროექტში ჩართვის სურვილი. იდეის გახმოვანებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ კი მერიიდან მივიღეთ პასუხი, რომ კერძო სექტორიდან ამ მიმართულებით ინტერესი არ გამოიკვეთა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, იდეა კვლავ ძალაშია და „მერია, აჭარის მთავრობასთან ერთად, აქტიურად განაგეძობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვას.“

ამის დასადასტურებლად  მერიიდან მოგვწერეს, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ფონდ ,,ქართუსთან“ ერთად რეაბილიტაციას უწევს კულტურული მემკვიდრეობის 10 ძეგლს. მერია კი, თავის მხრივ, დამატებით კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს.

„რაც ცხადყოფს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის მსგავსი მასშტაბები აქამდე არ ყოფილა“, – ნათქვამია მერიის მიერ გამოგზავნილ პასუხში.

საინტერესოა, რატომ განიხილავს მერია სტატუსმინიჭებული სახლების სარეაბილიტაციო პროცესს, როგორც ისტორიული განაშენიანებისა და ძეგლების ფონურ ნაგებობებზე უპრეცედენტო მასშტაბის ზრუნვად? – ამ კითხვაზე პასუხი მერიის მიერ გამოგზავნილ წერილობით ინფორმაციაში არ იკვეთება.

ძეგლის მატარებელ შენობებს ბათუმშიც და მთელი ქვეყნის მასშტაბით კანონი იცავს და მათზე ზრუნვა სახელმწიფო სტრუქტურებს ისედაც ევალებათ. მერმა როდესაც თავისი იდეა გაახმოვანა, ისაუბრა ფონური ნაგებობების გადარჩენაზე და არა სტატუსმინიჭებულ სახლებზე.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია ისტორიული სახლების გამოსყიდვაზე

რომელი მოსამართლეები არ განიხილავენ საქმეებს და რატომ

„საქმეების მოსამართლეებზე ელექტრონული განაწილების სრულფასოვნად ამოქმედების მხარდაჭერა ხელისუფლებისგან არ არსებობს… ისევ არიან მოსამართლეები, რომლებიც საქმეებს საერთოდ არ განიხილავენ. მოსამართლეების უმრავლესობას კი იმდენი საქმე აქვს, რომ მათ სხვა, ასევე მოსამართლეებისთვის აქტუალური პროცესისთვის მართლა აღარ რჩებათ დრო,“ – ამბობს სოფო ვერძეული, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ EMC-ის იურისტი. ეს ორგანიზაცია სწავლობს, როგორ მუშაობს მოსამართლეების ელექტრონული განაწილების სისტემა, რომელიც 2017 წლის ბოლოს ამოქმედდა საქართველოში.

„მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სასამართლოს თავმჯდომარეების უფლებამოსილება,“ – გვიყვება სოფო ვერძეული. – „დიდ სასამართლოებში თავმჯდომარეს აქვს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება გაანაწილოს საქმეები ვიწრო სპეციალიზაციის მიხედვით და შემდეგ ეს შემადგენლობა ერთ დღეში შეცვალოს. ეს გამონაკლისი აზრს უკარგავს ელექტრონულ გადანაწილებას, რაც თავის არსში მოიაზრებს იმას, რომ არ უნდა ვიცოდეთ, რომელი საქმის განხილვა მოუწევს მოსამართლეს“.

„ადრე თუ თავმჯდომარე საქმეს პირდაპირ ანაწილებდა, ახლა მოსამართლე ნაწილდება საქმეზე. ფაქტობრივად, ასე გამოდის. ეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს მოსამართლის დამოუკიდებლობას, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ მიუღია აქამდე არანაირი რეგულაცია, რაც განსაზღვრავდა, რა შემთხვევაში შეიძლება შევიდეს ამა თუ იმ შემადგენლობაში მოსამართლე. ვინ ვისთან ზეპირად რაზე შეთანხმდა, ამაზე ხომ ვერ ვისაუბრებთ,“ – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. მისივე თქმით, საბჭოს ამ კუთხით მოსამართლეებისგან არცერთი საჩივარი არ მიუღია. „როცა სისტემა ისევ კლანის ხელშია, ხმას ვერავინ ამოიღებს,“ – დასძენს ის.

ასე არ თვლის გიორგი მიქაუტაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. „ელექტრონული გადანაწილების სისტემა არის საკმაოდ დახვეწილი და იგი გამართულად ფუნქციონირებს“, – გვითხრა მან.

გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს, ასევე საბჭოს არამოსამართლე წევრებს ამ თემაზე არაერთხელ ესაუბრა და განუმარტა, რომ საქმეების კოლეგიური წესით განხილვის შემთხვევაში, საქმეების ელექტრონული გადანაწილების წესის შესაბამისად მუშაობა „სასამართლოს პარალიზებას“ გამოიწვევს და ამ წესის შემთხვევაში „სამჯერ მეტი მოსამართლე იქნება საჭირო“.

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში“ აზუსტებენ ახალ მონაცემებს – დაიწყო თუ არა აქტიურად საქმის განხილვა, მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძემ, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, ან დიმიტრი გვრიტიშვილმა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

„მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძის მიერ განხილული საქმეების რაოდენობა 0 პროცენტი იყო წლის დასაწყისში… ძირითადად, არგუმენტი არის ის, რომ ეს ადამიანები ასრულებენ ადმინისტრაციულ ფუნქციებს, თუმცა თითოეულ სასამართლოში არის სასამართლოს მენეჯერი ამისთვის. არ არსებობს იმის საჭიროება, რომ სასამართლოს თავმჯდომარე აქტიურად იყოს დაკავებული ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხების მოგვარებით. მაშინ, როცა სასამართლო სისტემა მუდმივად საუბრობს გადატვირთულობასა და მოსამართლეების სიმცირეზე, არიან კონკრეტული მოსამართლეები, რომლებიც საქმეებს საერთოდ არ განიხილავენ,“ – აღნიშნავს სოფო ვერძეული, EMC-ის იურისტი.

„როგორ წარმოგიდგენიათ, სასამართლოს თავმჯდომარემ განიხილოს საქმეები, სადაც 600 ადამიანია აპარატში და 100 მოსამართლე მუშაობს? მეც ადრე განვიხილავდი გარკვეული რაოდენობის საქმეებს, თუმცა არის პერიოდი, როცა ეს შეუძლებელი ხდება, როცა ყოველდღიურად გადაწყვეტილებების მიღება გიწევს. იუსტიციის საბჭო არის ბოჭორმის ქუჩაზე და სასამართლო არის დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში,“ – გვიპასუხა გიორგი მიქაუტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, რომელიც ამავდროულად მოსამართლეა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მას შევახსენეთ, რომ თითოეულ სასამართლოში არსებობს სასამართლოს მენეჯერი – ადმინისტრაციული საკითხების მოსაგვარებლად.

„კი, გადანაწილებულია მენეჯერთან, რა თქმა უნდა, ეს ფუნქციები… ერთ მაგალითს გეტყვით, არის წესრიგს დარღვევის შემთხვევები, აქციები, გახმაურებული საქმეები, დამსწრე პირების მღელვარება და ასეთ შემთხვევაში, თავმჯდომარემ უნდა მოახდინოს იმწუთიერი რეაგირება. ამათ გარდა, არის კიდევ საკადრო საკითხები. თავმჯდომარის ნამდვილად არ აქვს ის დრო, რაც აქვს მოსამართლეს,“ – გვიპასუხა გიორგი მიქაუტაძემ.

„პრივილეგირებული მოსამართლეების ჯგუფი საქმეების განხილვისგან ისვენებს,“ – მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. ის გვესაუბრა კონკრეტულ სამართლებრივ აქტზე, რომელიც იუსტიციის საბჭომ მიიღო და იმ მოსამართლეების დატვირთულობის პროცენტულობას ადგენს, ვინც სასამართლოს ხელმძღვანელი პირია, ან მოსამართლეობის პარალელურად იუსტიციის საბჭოს წევრიცაა.

„მაგალითად, დიმიტრი გვრიტიშვილის დატვირთვა, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა და თან იუსტიციის საბჭოს წევრი, 10 პროცენტი შეიძლება იყოს. ეს არის ზედა ზღვარი… ისეა გაწერილი ყველაფერი, რომ დატვირთვა ამ პირების იყოს მინიმალური. იმ სასამართლოში, სადაც მოსამართლეების რაოდენობა 7-ზე ნაკლებია, თავმჯდომარემ შესაძლოა საქმეების 50 პროცენტი განიხილოს, ხოლო იქ, სადაც მოსამართლეების რაოდენობა 7-ზე მეტია, მაგალითად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თავმჯდომარემ შეიძლება განიხილოს საქმეების 20 პროცენტი,“ – განმარტავს ნაზი ჯანეზაშვილი.

საქალაქო და რაიონული სასამართლოების შემთხვევაში შესაძლებელია ერთი კოლეგიის მოსამართლემ მეორეში იმუშაოს – მართლმსაჯულების სისტემის შეუფერხებელი მუშაობის მოტივით. ამას კონკრეტული მოსამართლის თანხმობა სჭირდება.

EMC-ის იურისტი, სოფო ვერძეული თვლის, რომ ეს წესიც „ერთგვარი ხვრელია“ – საქმე კონკრეტული მოსამართლის ხელში მოხვდეს.

„ამ დროს ხდება ის, რომ მოსამართლე, თუ მან საქმე არ უნდა განიხილოს, თვითაცილებას ახდენს… ამიტომაც გვაქვს ზოგ საქმეზე გაუგებარი თვითაცილება. ამ კუთხითაც კონკრეტული რეგულაცია იუსტიციის საბჭოს არ მიუღია,“ – განმარტავს სოფო ვერძეული.

გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი: „ეს არის აბსურდი. მართლა შეთქმულების თეორიას ნუ დავამსგავსებთ… წარმოიდგინეთ, რამხელა დანაშაულებრივი ჯაჭვი უნდა შეიქნას, რომელმაც უნდა განახორციელოს ძალიან ბევრი უკანონო ქმედება, რომლის კვალიც დარჩება, დანამდვილებით მინდა გითხრათ“.

ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი: „მე არც ის შემთხვევა მახსოვს, როცა მოსამართლემ გააპროტესტა ერთი კოლეგიიდან მეორეში გადაყვანა. ერთი იყო მხოლოდ უზენაეს სასამართლოში და იმ მოსამართლემ სასამართლო დატოვა. ჩვენ მივიღეთ სისტემა, როცა მოსამართლეები ვერ იცავენ საკუთარ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას. თუ შენ რაღაცას აპროტესტებ, სისტემიდან მიდიხარ. გასაუბრებაზეც ყველა კანდიდატს ვეკითხებოდი, რას ფიქრობდნენ ისინი ჩინჩალაძის კლანზე. არავინ ამ თემაზე არ ისაუბრა. ეს არის სისტემა, სადაც ფასობს სიჩუმე და მორჩილება“.

ერთადერთი საკითხი, რაზეც არავინ დავობს, თავად ელექტრონული განაწილების პროგრამაა, რომელიც ინფორმაციის შეყვანის შემდეგ, საქმისთვის შემთხვევითობის პრინციპით არჩევს მოსამართლეს. სადავო „გამონაკლისებია“, რის შეცვლასაც იუსტიციის საბჭო არ აპირებს.

ელექტრონული გადანაწილების პროგრამის მიმართაც აქვს განსხვავებული მოსაზრება ნაზი ჯანეზაშვილს:

„თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამან უნდა უზრუნველყოს თანაბრობა, ასე არ არის, რადგან პროგრამა ვერ ადგენს, რომელი საქმე რა სირთულისაა“.

 

 

 

როგორ იცნობ ბოშებს? | ქვიზი

Batumelebi.ge  იწყებს კამპანიას “ბოშები გელაურიდან”. კამპანიის ფარგლებში გაეცნობით ქობულეთში, სოფელ გელაურში მცხოვრები ბოშების ყოველდღიურობას, საქმიანობას, ადათებს. თვალი გვადევნეთ და გაიგეთ მეტი.

სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

ავტორი: Forset

მარიამი 16 წლის იყო, პირველად გინეკოლოგთან რომ მივიდა. ექიმმა არ გასინჯა და უთხრა, რომ არასრულწლოვანი კონსულტაციაზე მშობელთან ერთად უნდა მისულიყო. იმ დღის მერე კლინიკაში აღარ წასულა. სიმპტომები დაგუგლა, თავად დაისვა დიაგნოზი, შემდეგ ინტერნეტში სხვადასხვა ფორუმზე იკითხა, ამ დიაგნოზით რა წამლებს სვამდნენ სხვა გოგოები და თავადაც ის მედიკამენტები იყიდა.

სრული მასალის სანახავად დააკლიკეთ ბმულს: სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

________

პრობლემა დროებით მოუგვარდა, მაგრამ არ გამქრალა – მდგომარეობა პერიოდულად ისევ უმწვავდებოდა. დედასთან ერთად გინეკოლოგთან მისვლაზე არც უფიქრია, რადგან სახლში ისიც კი არ იცოდნენ, რომ შეყვარებული ჰყავდა. ზუსტად არ იცოდა, რა რეაქცია ექნებოდათ მშობლებს და სიმართლის თქმის შეეშინდა.

ახლა, 21 წლის ასაკში, ფიქრობს, რომ ეს მისი მხრიდან კარგი გადაწყვეტილება არ ყოფილა. საუკეთესო შემთხვევაში, შეეძლო, დაავადებისთვის თავი აერიდებინა, ან, სულ მცირე – კომპეტენტური დახმარება მაინც მიეღო სპეციალისტისგან. ხვდება, რომ თავი დიდი რისკის ქვეშ დაიყენა, მაგრამ იმ დროს სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. მის გარშემო არ იყო არც ერთი ზრდასრული ადამიანი, ვისთვისაც სქესობრივ საკითხებზე შეკითხვების დასმას შეძლებდა. სამაგიეროდ, გადაწყვეტილი აქვს, თავისი მომავალი შვილებისთვის ასეთი ადამიანი თავად იყოს.

მსოფლიოში მოზარდები სქესობრივი ჯანმრთელობის მრავალ პრობლემას ეჩეხებიან: ადრეული ორსულობა და მშობლობა, კონტრაცეფციის საშუალებებთან და უსაფრთხო აბორტთან შეზღუდული წვდომა, HIV-ის მაღალი რისკი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და ა.შ.

სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციო-კულტურული ფაქტორის გამო, ბევრ ქვეყანაში, მოზარდებისთვის საჭირო ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება შეზღუდულია, ჯანდაცვის მუშაკები კი, ხშირად ვერ უზრუნველყოფენ ახალგაზრდებისთვის ასაკის შესაბამისი ისეთი მომსახურების შეთავაზებას, რომელიც ორიენტირებულია არა განსჯაზე, არამედ მხარდაჭერაზე.

ამავეს მოწმობს სექსუალური და რეპროდუქციული საკითხების ეროვნული კვლევა, რომელიც წელს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით. კვლევის მიხედვით,  სამედიცინო დაწესებულებებში მოზარდთა კონფიდენციალობის დაცვის დაბალი ხარისხი მწვავე პრობლემად დგას.

“ფართოდ გავრცელებული პრაქტიკით, სამედიცინო მომსახურების გამწევი, ხშირად არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, არათუ ატყობინებს მშობელს აღნიშნული სერვისის გაწევის თაობაზე, არამედ მისგან წინასწარ ითხოვს ინფორმირებულ თანხმობას, რაც არღვევს მოზარდის უფლებას კონფიდენციალობაზე და ხარისხიანი სერვისის მიღების მნიშვნელოვან დაბრკოლებებს წარმოშობს,” – წერია კვლევაში.

მოზარდობა ადამიანის ცხოვრების კრიტიკული პერიოდია. ეს ის დროა, როცა ადამიანი დამოუკიდებელ ინდივიდად ყალიბდება, ახალ ურთიერთობებს იწყებს, სოციალურ ჩვევებს ივითარებს და სწავლობს ქცევებს, რაც შემდეგ მთელი ცხოვრება გაჰყვება. ბავშვობიდან მოზრდილობაში ამ კომპლექსური ნევროლოგიური, ფიზიკური და ემოციური ტრანზიციის დროს, ახალგაზრდები ჯანმრთელობის სხვადასხვა საფრთხეს აწყდებიან და აუცილებელია ამ საფრთხეებს მომზადებულები შეხვდნენ. საქართველოში ოჯახი, სკოლა ან რომელიმე სხვა ინსტიტუტი ამ საფრთხეებისთვის ახალგაზრდების მზაობას ვერ უზრუნველყოფს.

მაკა ბერბიჭაშვილი იხსენებს, რომ სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელბაზე შეკითხვები სკოლის ასაკში გაუჩნდა. ბიოლოგიის გაკვეთილებზე ბევრს არაფერს უხსნიდნენ; ამ თემაზე თვითონ და მისი მეგობრები არც მასწავლებლებთან საუბრობდნენ, არც – მშობლებთან. მისთვის ინფორმაციის ერთადერთი წყარო ფეისბუქის ჯგუფი იყო, რომელშიც შემთხვევით მოხვდა და საშუალება მიეცა, “დიდი გოგოების” გამოცდილების შესახებ წაეკითხა, შემდეგ კი წაკითხული დაქალებისთვის გაეზიარებინა.

იმავეს მოწმობს სახალხო დამცველის კვლევაც. კვლევის მიხედვით, კონტრაცეპტივებსა და ოჯახის დაგეგმვის საშუალებებზე მოზარდები, ძირითადად, თავიანთი თანატოლებისგან და ინტერნეტის მეშვეობით იგებენ. მიღებული ინფორმაცია კი, არ არის სათანადო და ვერ უზრუნველყოფს მოზარდის დაცვას რისკის შემცველი ქცევისგან.

კვლევის მიხედვით, დღეს საქართველოს განათლების სისტემა ვერ უზრუნველყოფს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ადამიანის სექსუალობის შესახებ რელევანტურ სწავლებას. ამასთან, პრობლემურია იმ საკითხების სწავლების ხარისხი და სიღრმეც, რომლებიც ოფიციალურად შედის სასწავლო გეგმაში.

“სასწავლო პროცესი მრავალი კომპლექსური და ურთიერთგადაჯაჭვული ხარვეზით ხასიათდება, რაც აბრკოლებს ცოდნის გადაცემას და მოზარდების ინფორმირებულობას,” წერია კვლევაში.

ექიმი სექსოლოგის, პროფესორ ზურაბ მარშანიას შეფასებით, საქართველოში სქესობრივი განათლების დონე “სავალალოა”. მისი თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ისაა, რომ ბავშვის სქესობრივი აღზრდა, ისევე, როგორც ზოგადად აღზრდა – იწყება ოჯახში, მშობლების მიერ, მაგრამ ამ საკითხში თავად მშობლებსაც არავითარი ცოდნა არ აქვთ, შესაბამისად, ბავშვსაც ვერაფერს ასწავლიან.

თუმცა, მარშანიას თქმით, უმთავრესი მიზეზი მაინც მთავრობის უმოქმედობაა. ის ფიქრობს, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევაა აუცილებელი, თუმცა, მარშანიას შეფასებით, მათ საამისოდ არც კომპეტენცია ჰყოფნით და არც პროფესიონალებისთვის აზრის კითხვა უნდათ. ამის ერთ-ერთ მაგალითად მარშანია ასახელებს ფაქტს, რომ საქართველოში კლინიკური სექსოლოგიის საექიმო პროგრამა გაუქმდა ანუ დღეს ვინმეს საქართველოში თუ უნდა, სექსოლოგი გახდეს – ვერ გახდება.

“ისინი მსჯელობენ, აი, ასე: “გერმანიაში არ არის სექსოლოგი, როგორც სპეციალობა”. მე საპასუხო კითხვას ვაძლევ: ვართ დღეს ჩვენ სქესობრივი განათლების მხრივ იმ დონეზე, რა დონეზეც გერმანიაა? რომ მივალთ – კი, ბატონო, მერე გააუქმე,” – ამბობს მარშანია.

სქესობრივი განათლების დაბალ ხარისხსა და სერვისების ხელმიუწვდომლობაზე საუბრობს ქალთა საერთაშორისო ქსელის პროექტების კოორდინატორი, აქტივისტი სოფი ბერია. მისი თქმით, კანონმდებლობით, ექიმი ვალდებული არ არის, მოზარდი პაციენტის შესახებ მშობელი ჩააყენოს საქმის კურსში; მას უფლება აქვს, შესაბამისი კონსულტაცია კონფიდენციალურად გაუწიოს მოზარდს, თუმცა პრაქტიკაში ასე არ ხდება. როგორც წესი, ექიმი მშობლის ჩართვას ითხოვს. ბერია ამბობს, რომ ეს პრაქტიკა მოზარდებს აიძულებს ან საერთოდ არ მივიდნენ ექიმთან, ან მივიდნენ ნაკლებად სანდო, ე.წ. მიწისქვეშა სერვისპროვაიდერებთან, სადაც სისუფთავის ნორმებიც კი არ არის დაცული.

ბერია გამოსავალს სქესობრივ განათლებაში ხედავს. მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის კვლევები, ასევე, არაერთი წარმატებული ქვეყნის მაგალითი აჩვენებს, რომ გამართულ სასწავლო სისტემას სიტუაციის გამოსწორება შეუძლია.

„თუ სწორად არის წარმართული სექსუალური განათლება, თუ არის სკოლაში სავალდებულო საგნად, თუ ინფორმაცია მიწოდებულია სამედიცინო კუთხით სწორად და ადამიანის უფლებებზე დაყრდნობით, და ეხმიანება მოზარდის ასაკობრივ საჭიროებებსა და ინტერესებს, ეს დადებითად მოქმედებს მოზარდების ჯანმრთელობაზე”, – ამბობს ბერია.

ბერია ამერიკის მაგალითს იშველიებს და ამბობს, რომ ბუშის დროს პირველად შემოვიდა თავშეკავებაზე ორიენტირებული სწავლება, რა დროსაც მოზარდთა დაავადების, ორსულობისა და აბორტების მაჩვენებლები ძალიან მაღლა ავიდა. ობამას ადმინისტრაციის დროს თავშეკავებაზე ორიენტირებულ სწავლებას დაფინანსება შეუმცირდა და ადამიანის უფლებათა კუთხით სქესობრივი სწავლების დაფინანსება გაიზარდა, რასაც მალევე მოჰყვა არასასურველი მაჩვენებლების დაბლა დაწევა. ახლა, ტრამპის ეპოქაში, ისევ მოაკლდა დაფინანსება უფლებრივი კუთხით განათლებას და გაიზარდა დაფინანსება თავშეკავებაზე ორიენტირებული სწავლებისთვის, რასაც შედეგად კვლავ მოჰყვა მოზარდებში სქესობრივად გადამდები დაავადებების, არასასურველი ორსულობისა და აბორტების რიცხვის ზრდა.

ინფორმაციული ვაკუუმის შესავსებად, ბერიას თანაავტორობით, სქესობრივი განათლების თემაზე პირველი ქართული ვებგვერდი შეიქმნა. პორტალი მომხმარებელს სამედიცინო თვალსაზრისით სწორ ინფორმაციას აწვდის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ადამიანის სხეული, კონტრაცეფცია, სექსი, ორსულობა, ძალადობა და ა.შ. ბერიას თქმით, მომხმარებლები არა მარტო პორტალზე არსებულ ინფორმაციას ეცნობიან, არამედ შეკითხვებსაც უგზავნიან ვებგვერდის ავტორებს და სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციას სთხოვენ.

სქესობრივ და რეპროდუქციულ საკითხებზე ქვეყანაში ინფორმაციის სიმწირე რომ არის, ის ფაქტიც მოწმობს, რომ ფეისბუქზე ამ თემაზე შექმნილ ორ დახურულ ჯგუფს ჯამში 13 ათასი წევრი ჰყავს. ჯგუფებში მომხმარებლებს, სპეციალური აპლიკაციების გამოყენებით, კითხვების ანონიმურად დასმა შეუძლიათ. შედარებით გამოცდილი წევრები გამოუცდელებს გამოცდილებას უზიარებენ, რჩევებს აძლევენ ან უბრალოდ ამხნევებენ. ჯგუფები ყოველდღიურად იზრდება, შეკითხვების შინაარსი მრავალფეროვნდება და იკვეთება, რომ უამრავი ქალი საქართველოში, ასაკის განურჩევლად, ინფორმაციას არ ფლობს ისეთ საკითხებზეც კი, როგორიც საკუთარი სხეული და უსაფრთხო სექსია.

თამარ ფონიავა, მემარცხენე ფემინისტი და აქტივისტი, რომელმაც ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი შექმნა, ფიქრობს, რომ სქესობრივი განათლების არარსებობა საგანმანათლებლო სისტემის დიდი კრახია. მისი თქმით, იმის გამო, რომ საზოგადოებაში არ არსებობს სწორი ინფორმაცია ამ საკითხზე, იქმნება უამრავი სტერეოტიპი, მითი და ვრცელდება ცრუ ინფორმაცია. ჯგუფის დაარსებით, მას სურდა, შეექმნა ალტერნატიული სივრცე, რომელიც იქნებოდა არამხოლოდ შემეცნებითი, არამედ სექსპოზიტიური. სივრცე, სადაც ქალებს არ შეეშინდებოდათ დაესვათ კითხვები და მიიღებდნენ მხარდაჭერას სხვა ქალებისაგან.

„ყველაზე სახიფათო ის არის, რომ სქესობრივი განათლების არარსებობის გამო, ქალები და გოგონები, ხშირად ხდებიან სქესობრივი ძალადობის მსხვერპლნი, მაგრამ ბევრი ვერ ხვდება ამას. ამის თვალსაჩინო მაგალითია ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი გოგონა, რომელმაც მშობიარობამდე ვერც გააცნობიერა, რომ მასზე იძალადეს“, ამბობს ფონიავა.

„გარდა ამისა, სექსი ქალისთვის ჩვენს საზოგადოებაში უმეტესად შვილის გაჩენასა და ქმრის მიმართ მოვალეობის შესრულებას უკავშირდება; მაშინ, როცა ბიჭებს ვაქეზებთ, იყვნენ სექსუალურად აქტიურები, გოგონების სქესობრივი ცხოვრება კონტროლის ქვეშაა თინეიჯერობიდან. მორალისტურ-სტერეოტიპული დამოკიდებულებები და ცრუ ინფორმაციის გავრცელება კი იწვევს ნაადრევ ქორწინებებს, არასასურველ ორსულობას,  სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელებას, ფსიქოლოგიურ ტრავმებსა და ა.შ.“

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჯგუფების არსებობა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დადებითად წაადგება, პრობლემის მასშტაბურად მოგვარებას ვერ შეძლებს, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ საჭიროა უნივერსალური მიდგომა, სახელმწიფოს მონაწილეობით.

სახალხო დამცველის კვლევით, პრობლემების დასაძლევად საჭიროა:

  • ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირდეს ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური, ასაკის შესაბამისი განათლება.
  • რეგიონებში მცხოვრებ პედაგოგებს მხარდაჭერა გაეწიოთ ადამიანის სექსუალობის შესახებ არაფორმალური და ფორმალური სწავლების გაძლიერების მხრივ.

უზრუნველყოფილი იყოს მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და წახალისდეს მათი სრულყოფილი ინფორმირება.

WHO: სიკვდილის გამომწვევი 10 მთავარი დაავადება ქალებსა და კაცებში [ინფოგრაფიკა]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  ჯანდაცვის მსოფლიო სტატისტიკას აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთ პუნქტში სიკვდილის გამომწვევი ყველაზე ხშირი დაავადებების ჩამონათვალია.

მონაცემების მიხედვით, ქალებსა და კაცებშიც სიკვდილის გამომწვევ ყველაზე ხშირ დაავადებად გულის იშემიური დაავადებები სახელდება, მეორე ადგილზე კი ორივე სქესის პაციენტებში ინსულტია:

ბათუმში კერძო სკოლების ნაწილმა სწავლის საფასური 500-ლარით გაზარდა – რა ეღირება სწავლა

ბათუმში ამ დროისთვის სულ 17 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. სკოლების ნაწილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სექტემბრიდან მოსწავლეებს სწავლის საფასური გაეზრდებათ. კერძო სკოლები სწავლის საფასურის გაზრდას ლარის ინფლაციას უკავშირებენ. საჯარო სკოლებში გამოცხადებული მასწავლებლების ვაკანსიების გამო კერძო სკოლებში შესაძლოა გაჩნდეს კადრების პრობლემაც.

500 ლარით გაზარდა სწავლის გადასახადი სკოლა „გიმნაზია 21-ე საუკუნის“ ადმინისტრაციამ. დირექტორი ირინა ქიქავა ამბობს, რომ გაზრდილი ტარიფი მხოლოდ ახალ მოსწავლეებს შეეხება, ძველი მოსწავლეები კი წელიწადში 2000 ლარს გადაიხდიან. წელს სკოლამ 35 პირველკლასელი მიიღო.

დირექტორი ამბობს, რომ სკოლა ნაქირავებ შენობაშია და მათ არენდის საფასურის გადახდა უწევთ. „მასწავლებლებს შარშან გაეზარდათ ხელფასები, წელს ჯერ არ ვიცით. ვნახოთ, როგორი იქნება ბიუჯეტი“, – გვეუბნება ირინა ქიქავა.

500 ლარით გაზარდა სწავლის საფასური „ევრო 2000“-მაც. სკოლის დირექტორი მარინე ცივაძე ამბობს, რომ გაზრდილი გადასახადი ახალ მოსწავლეებს შეეხება. სკოლაში სწავლის წლიური საფასური 3 ათასი ლარია.

„წელს მივიღეთ 160 პირველკლასელი. კონტინგენტი გვეზრდება, არ შემცირებულა. მინიმუმ ორი კლასი ყოველ წელს გვემატება. ჩვენ სასწავლო წლის ბოლოს ვადგენთ ახალ ბიუჯეტს და აპრილში უკვე ვაწვდით ინფორმაციას მშობლებს“, – ამბობს ის. დირექტორის თქმით, საჯარო სკოლებში გამოცხადებული ვაკანსიები არ ასახულა მათ სკოლაზე და პედაგოგების რაოდენობას ინარჩუნებენ.

„იყო დაანონსებული, რომ საჯარო სკოლაში იზრდებოდა ხელფასები, ამიტომ ცოტათი ჩვენც უნდა გაგვეზარდა.

სკოლა „გორდაც“ ერთ-ერთი  მაღალკონტინგენტიანი კერძო სკოლაა ბათუმში, დირექტორის ნინო მურვანიძის თქმით, ლარის ინფლაციის გამო წელსაც გაიზარდა გადასახადი, თუმცა ამის შესახებ მშობლები ინფორმირებულნი იყვნენ.

„ახალი სკოლა ავაშენეთ და სესხი გვაქვს გამოტანილი, ამიტომ ავუხსენი მშობლებს. მე-11 კლასში დაემატა 150 ლარი, მე-12 კლასში – 100 ლარი. დანარჩენი კლასები 250 ლარით მეტს გადაიხდიან.

ნინო მურვანიძის თქმით, საჯარო სკოლებში გამოცხადებული კონკურსებიც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს კადრებზე, რადგან რამდენიმე პედაგოგმა სკოლიდან წასვლის შესახებ უკვე აცნობა.

„არასწორი იყო, როცა კონკურსი გამოაცხადეს 21 აგვისტოს, რადგან როცა მე ვიცოდი, რომ სექტემბერში მასწავლებელი მყავდა, ახლა აღმოჩნდა, რომ რამდენიმემ მიიღო მონაწილეობა საჯარო სკოლების კონკურსებში და წასვლას აპირებენ.

მე მესმის ამ პედაგოგების, რადგან სახელმწიფო საჯარო სკოლის პედაგოგებს უკეთეს პირობებს უქმნის, მათთვის უფასოა ტრენინგები, სემინარები, ხელფასებიც იზრდება, აქვთ სახელმწიფო დაზღვევა, საშვებულებოსაც უფრო მეტს აძლევენ, ამიტომ მასწავლებელს ურჩევნია ასეთი გარემო, სახელმწიფო კერძო სკოლების დასუსტების ხარჯზე აძლიერებს საჯარო სკოლებს“, – გვეუბნება ნინო მურვანიძე. მისი თქმით, სახელმწიფომ კერძო სკოლის პედაგოგებსაც იგივე პირობები უნდა შეუქმნას, რაც საჯარო სკოლებში აქვთ.

„გამოდის, რომ ჩვენ ვუზრდით საჯარო სკოლებს კადრებს და ჩვენ ვრჩებით შემდეგ კადრების გარეშე. ეს მაშინ, როცა თავის დროზე არ მიიღეს ეს ხალხი სკოლებში, მე ვაძლევდი მათ უფრო მაღალ ხელფასს.

რას იზამს სახელმწიფო, როცა ავტორიზაცია დაიწყება? იმავე სტანდარტებს დაუწესებს საჯარო სკოლებს, რასაც ჩვენ გვთხოვს? თუკი ჩვენ ერთ მოსწავლეზე 4 კვ/მეტრი მოგვეთხოვება, საჯარო სკოლები რას გააკეთებენ, სად მიჰყავთ ბავშვები? მე კიდევ ვისაუბრებ ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – ამბობს ნინო მურვანიძე.

200 ლარით გაზარდა სწავლის საფასური „შპს განათლებამ“. დირექტორი,  ქეთევან გოშხეთელიანი ამბობს, რომ გაითვალისწინეს მშობლების დაბალი შემოსავლები.

„1800 ლარი იყო და გახდა 2000 ლარი. აკრედიტაციის პირობებით ჩვენ უფლება გვაქვს მივიღოთ 271 პირველკლასელი, ამიტომ სტაბილურად ვინარჩუნებთ 233-250 მოსწავლეს“. ქეთევან გოშხეთელიანი ამბობს, რომ მასწავლებლების ხელფასსაც ყოველწლიურად ზრდის სკოლა. თუმცა რამდენი პროცენტით, არ აკონკრეტებს.

სექტემბრიდან სწავლის საფასურის გაზრდას არ აპირებს სკოლა „ნიკე“ , სადაც სწავლის საფასური წლიურად  2 300 ლარია.

„წელს 52 პირველკლასელი მივიღეთ. შარშანაც თითქმის იგივე იყო. საჯარო სკოლის კონკუსებში 1-2 პედაგოგი მონაწილეობს, ისინი, ვისაც ნაკლები დატვირთვა ჰქონდა, სხვები შეთავსებით მუშაობენ“. – გვეუბნება სკოლის დირექტორი იზო ტაკიძე.

სწავლის საფასურის 200 ლარით გაზრდაზე ფიქრობენ სკოლა „თაობა 21“-შიც. დირექტორი ომარ მიქელაძე ამბობს, რომ გადასახადი მხოლოდ მაღალკლასებში იმ მოსწავლეებისთვის გაიზრდება, ვინც წელს გადავა.

რაც შეეხება კადრებს. დირექტორის თქმით, საჯარო სკოლის კონკურსში მონაწილეობა მიიღო მათემატიკის მასწავლებელმა და ის კერძო სკოლას ტოვებს, „სხვა პედაგოგებისგან სკოლის დატოვებაზე ინფორმაცია არ მაქვს“, – გვეუბნება ის.

საჯარო სკოლებიდან საპენსიო ასაკის პედაგოგების გასვლის გამო საჯარო სკოლებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურსები მიმდინარეობს. საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, ამიტომ კერძო სკოლებიდან საჯაროში გადამსვლელთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

„შერჩეული კანდიდატებიდან ნახევარი ჩინჩალაძის გუნდის წევრია“ – იუსტიციის საბჭოს წევრი

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 10 მიხეილ ჩინჩალაძის გუნდის წევრია – ისინი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები არიან, რომლის თავმჯდომარეც ისევ მიხეილ ჩინჩალაძეა,“ – ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მოსამართლეობის 20 კანდიდატი გუშინ, 4 მაისს შეარჩიეს და საბოლოო კენჭისყრისთვის სია პარლამენტს გადაუგზავნეს.

მიხეილ ჩინჩალაძის სასამართლო კლანის მეთაურობის შესახებ სამოქალაქო სექტორში ხშირად საუბრობენ, თუმცა თავად მოსამართლეები მას მხოლოდ „ლიდერად“ მოიხსენიებენ. მიხეილ ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იუსტიციის საბჭომ 2018 წლის დეკემბერში დაასახელა. მაშინ, საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, მოსამართლეების სია საბჭომ პარლამენტიდან უკან გამოითხოვა.

„ამ შერჩევამ აჩვენა, რომ სასამართლო სისტემა არის დახურული. შერჩეული 20 კანდიდატიდან 18 მოსამართლეა, ან ის, ვინც სასამართლო სისტემაში მუშაობდა, დანარჩენი ორი – პროკურატურის მაღალჩინოსანი,“ – აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი. იგი ხაზს უსვამს იმას, რომ კანდიდატებს შორის არ არიან, მაგალითად, ადვოკატები, უფლებადამცველი იურისტები, სამოქალაქო ან საჯარო სექტორში მომუშავე იურისტები.

„დიდი რესურსია, მაგრამ, მაგალითად, უფლებადამცველ იურისტებს, რომლებსაც აქვთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება უზენაესის სასამართლოსთვის, არც კი შემოუტანიათ განაცხადი. მათ იციან, რაც ხდება იუსტიციის საბჭოში და სასამართლო სისტემაში, არადა, უზენაესი სასამართლო უნდა იყო მრავალფეროვანი და ამაში, პირველ რიგში, იგულისხმება წარსული საქმიანობა. როცა 20 კანდიდატიდან 10 არის სააპელაციოს მოსამართლე, რომლის თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეა, ამით, მგონი, ყველაფერია ნათქვამი“, – გვითხრა ნაზი ჯანეზაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის მოხვდნენ მაღალი თანამდებობის პირებიც, მაგალითად, მთავარი პროკურორი, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. რატომ გაუჩნდათ მათ უზენაეს სასამართლოში გადასვლის სურვილი? – იუსტიციის საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ უზენაეს სასამართლოში მუშაობა იურისტებისთვის „ტკბილი ლუკმაა“, „უზრუნველყოფილი მომავლის წინაპირობა“, რადგან მათ პარლამენტი უვადოდ აირჩევს და მათი დათხოვნა იმპიჩმენტის წესით ისევ მხოლოდ პარლამენტს შეეძლება.

„როცა გირჩევენ ასეთ მაღალ თანამდებობაზე, მაგალითად, გენპროკურორად, საზოგადოებას უჩნდება მოლოდინი, რომ შენ გსურს დაწყებული საქმე მიიყვანო ბოლომდე და როცა შუა გზაზე რაღაც სხვა გამოჩნდება და ამ საქმეს ტოვებ, ეს უკვე მეტყველებს პასუხისმგებლობის მიმართ დამოკიდებულებაზე…

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს – მას უფლებამოსილების ვადა მალე ეწურება და, როგორც ჩანს, გარკვეული გარანტიებიც მიიღო, რომ გახდება უზენაესის მოსამართლე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი მას მხარს არ დაუჭერს, შესაძლოა, მისი იმიჯი დაზიანდეს. ამ რისკზე ზაზა თავაძე, ჩემი აზრით, არ წავიდოდა,“ – მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

ამავე თემაზე:

უვადოდ – რა ძალა აქვს მოსამართლე „ჩინჩალაძის კლანს“

 

 

 

 

ბათუმში საბავშვო ბაღის გარეშე წელს 1 659 ბავშვი დარჩა

წელს ბათუმში  საბავშვო ბაღის გარეშე 1659 ბავშვი დარჩა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ბაღებში მოხვედრას გასულ წელსაც ცდილობდნენ, თუმცა ადგილის არარსებობის გამო ისევ ბაღის გარეშე დაჩნენ.

საერთო ჯამში ბათუმში 33 მოქმედი ბაღია, ამ ბაღებში აღსაზრდელების საერთო ლიმიტი კი – 8 080. წელს საბავშვო სააღმზრდელო კურსი სრულად დაასრულა და ბათუმის სკოლების პირველ კლასებში გადანაწილდა 2 577 ბავშვი. ამდენივე აღსაზრდელი მიიღო ბათუმის ბაღების გაერთიანებამ.

გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის და ბაღის გარეშე დარჩენილი 1659 ბავშვიდან შესაძლოა რამდენიმე მობილობისა და ჯგუფებში გადანაწილების შემდეგ ისევ მიიღონ.

სკოლამდელი დაწესებულების უფროს ჯგუფებს, აქვთ სპეციალური პროგრამა, რის მიხედვითაც  ბავშვებს სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებენ – იგებენ ბევრ სიახლეს და ეჩვევიან ურთიერთობას. ბავშვებს, რომლებიც ბაღის გარეშე რჩებიან, შესაბამისად, უფრო მეტი სირთულე ელით სასკოლო ცხოვრების დაწყების ეტაპზე.

საბავშვო ბაღების დეფიციტი ბოლო რამდენიმე წელია აწუხებს ბათუმს. ამ წლებში რამდენიმე საბავშვო ბაღი აშენდა კიდეც, თუმცა ეს საკმარისი არ არის. წელს ბათუმში არც ერთი ახალი ბაღი არ გახსნილა, სარემონტო სამუშაოები კი მხოლოდ  27-ე საბავშვო ბაღს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის დაწყებულია მხოლოდ ერთი ბაღის მშენებლობა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება და 2020 წელს უნდა დასრულდეს. დამატებით ბაღის მშენებლობა წელს ბათუმში ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

საბვშვო ბაღებში ახალი სასწავლო სეზონი 16 სექტემბერს დაიწყება.

რატომ არის აუცილებელი ბავშვისთვის საბავშვო ბაღში სიარული ნახეთ აქ:

არის თუ არა მზად თქვენი შვილი პირველ კლასში წასასვლელად – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ხვალ და შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 სექტემბრის 21 საათიდან 6 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია:
ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან მცირე წვიმა, ელვა-ჭექა. დღისით უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.

ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით: 17-22, დღისით: 24-29 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში – ღამით: 8-13, დღისით: 16-21 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა: კარგი. ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ (2-3ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: + 26 გრადუსი.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში შაბათს, 7 სექტემბერს, მოსალოდნელია წვიმა, ელვა-ჭექა. კვირას, 8 სექტემბერს კი, საღამოს და ღამის საათებში ზოგან ელვა-ჭექა და წვიმა, ხოლო დღისით, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

 

BIAFF 2019 – რა ფილმებს აჩვენებენ „დიდოსტატთა კოლექციაში“

BIAFF 2019 – ბათუმის კინოფესტივალის „დიდოსტატთა კოლექციის“ პროგრამა უკვე ცნობილია. კინოფესტივალის ერთ-ერთ საინტერესო სექციაში – „დიდოსტატთა კოლექცია“ ცნობილი რეჟისორების ბოლო წლის ნამუშევრებს აჩვენებენ.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 15-22 სექტემბერს ჩატარდება. 2006 წელს დაარსებული კინოფესტივალი წელს მეთოთხმეტედ იმართება და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ქალაქ ბათუმის მერია.

BIAFF 2019-ის „დიდოსტატთა კოლექციაში“ წარმოდგენილი ფილმების ჩამონათვალი ასეთია:

[checklist]

  • „ალფა: მკვლელობის უფლება“, ბრილიანტე მენდოზა, ფილიპინები, 2018; 94 წთ
  • „ეთერი“, ქშიშტოფ ზანუსი, პოლონეთი / უკრაინა/ლიტვა/უნგრეთი/იტალია, 2018; 118 წთ
  • „ოქროს ხელთათმანი“, ფატიჰ აკინი, გერმანია / საფრანგეთი, 2019; 115 წთ
  • „ბატონი ჯონსი“, აგნიეშკა ჰოლანდი, პოლონეთი /დიდი ბრიტანეთი/უკრაინა 2019; 119 წთ.
  • „უკაცრავად, გამოგვრჩით“, კენ ლოუჩი, 2019 დიდი ბრიტანეთი /საფრანგეთი/ბელგია, 100 წთ.
  • „მოღალატე“, მარკო ბელოკიო, იტალია/საფრანგეთი/ბრაზილია/გერმანია 2019; 145 წთ
  • „ახალგაზრდა აჰმედი“, ლუკ დარდენი, ჟან-პიერ დარდენი, ბელგია / საფრანგეთი, 2019; 90 წთ
  • „კინომექანიკოსი“, აბელ ფერარა, აშშ / საბერძნეთი, 2019; 81 წთ
  • ტრანზიტი“, ქრისტიან პეცოლდი, გერმანია/საფრანგეთი, 2019; 101 წთ.

[/checklist]

 

BIAFF 2019 – „სპეციალური ჩვენებები“

 

[checklist]

  • „კაცების მკვლელი“, ვალერი რედ-ჰორსი, აშშ, 2017; 74 წთ
  • პუნტო ი რაიას კინოფესტივალის (პოლონეთი) საუკეთესო აბსტრაქტული/ექსპერიმენტული ფილმების კოლექცია

[/checklist]

წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში  25 ფილმი იქნება წარმოდგენილი, საიდანაც 6 ქართველი რეჟისორის ნამუშევარია. კინოფესტივალის სრული პროგრამა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „აპოლოში“, სასტუმრო “Wyndham”- ის საკონფერენციო დარბაზსა და ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე.

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფოცენტრში.

 


 ამავე თემაზე:

მინდობით აღზრდის შემდეგ 18-დან 25 წლამდე პირები თვეში 465 ლარს მიიღებენ

2020 წლიდან პირველად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ იმ პირებს გაუწევს, რომელთაც შეუსრულდებათ 18 წელი და ვეღარ ისარგებლებენ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით“.

„მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის“ ახალ პროგრამაში ჩაერთვებიან ის პირები, რომლებიც აღარ იქნებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ და ვერ მოახერხებენ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო მინდობით აღზრდაში მყოფ სრულწლოვან პირებს ფინანსურად 18-დან  25 წლამდე პერიოდში უზრუნველყოფს. მათ უწყება ყოველთვიურად დაახლოებით 465 ლარს გამოუყოფს.

პროგრამით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალიდან წარდგენილი სიისა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე. ბენეფიციარს ყოველთვიურად ჩაერიცხება თანხა საბანკო ანგარიშზე.

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მატერიალური დახმარების გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი იქნებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

 

ამავე თემაზე: 

1496 ბავშვი მინდობით – ვითარება ბავშვთა სახლების შემდეგ [ინფოგრაფიკა]

ბიჭები მინდობით აღზრდიდან

 

აჭარაში 5000 ტონა თხილის მოსავალს ელიან – საჭიროა 3-4 საშრობის მოწყობა

2019 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში თხილის მოსავლის რეკორდულ რაოდენობას ელიან. საუბარია, დაახლოებით 5 000 ტონა თხილზე, რაც ქვეყანაში წარმოებული თხილის 10 %-ია. ფაროსანამ უკან დაიხია, თუმცა დარგში არსებული პრობლემები ამით არ ამოწურულა. ამ საკითხებზე სასაუბროდ გუშინ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორს გიორგი თოდუას და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს მერაბ ჭითანავას შეხვდა.

შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან
შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან

შეხვედრაზე განიხილეს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიღწევები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო გეგმები, რაც თხილის დარგში არსებულ გამოწვევებს უკავშირდება.

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს სამი ძირითადი მიმართულებით ეხმარება:

[checklist]

  • ცოდნა და შრომის ორგანიზება
  • შესაწამლი აპარატებით უზრუნველყოფა
  • პესტიციდებთან წვდომა

[/checklist]

„ასოციაციაში გასულ წელს 1500 წარმატებული ფერმერი გვყავდა. წელს გავფართოვდით და გურიაში, აჭარასა და იმერეთში ფერმერთა ჯგუფებიც გვყავს. მათ ასოციაციის აგროკონსულტანტები ემსახურებიან, ტარდება ტრენინგები და ასევე მიმდინარეობს ჩვენი გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი,” – ამბობს გიორგი თოდუა, ასოციაციის დირექტორი.

მხარეები აჭრაში დარგის განვითარებისთვის მემორანდუმს გააფორმებენ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა და მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი გიორგი თოდუა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით, ასოციაციამ ფერმერებს 1450 ცალი შესაწამლი აპარატი დაურიგა, მათ შორის აჭარაში – ქობულეთსა და ხელვაჩაურში. შედეგად, წინა წლებთან შედარებით, თხილის ხარისხი უკეთესია, ფერმერების უმრავლესობამ მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღო.

ასოციაცია ფერმერებს წამლობის ოპტიმალურ, იაფ და გამოცდილ სქემას სთავაზობს. ესაა ექვსი წამლობა, რომლის ღირებულება 280 ლარია.

გიორგი თოდუას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თხილის წარმოებაში აჭარის პოტენციალი გამოვიყენოთ. თუმცა, ამ პოტენციალის გამოყენებას რეგიონში 3-4 საშრობის მოწყობა სჭირდება:

„ მთავარია, არსებულ თხილის ბაღებს სათანადოდ მოვუაროთ და ახალი ბაღები გავაშენოთ. მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად აუცილებელია თხილის მოსავალი დროზე ავიღოთ და გავაშროთ. საშრობი ძალიან საჭიროა. აჭარაში მაღალი ტენიანობის თხილია და მისი გაშრობა უმნიშვნელოვანესია. აჭარას 3-4 საშრობი სჭირდება“.

რატომ არის საჭირო საშრობი და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია?

ფერმერმა უნდა იცოდეს რა ხარისხის თხილი აქვს და ამის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიაშია შესაძლებელი. ბაზარსა და ლაბორატორიაში დადგენილ ფასს შორის სხვაობა 1,5 ლარია.

„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯებით ავითვისოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და ეს სტანდარტები საქართველოში დავნერგოთ. როცა თხილის ინდუსტრიის განვითარებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ვგულისხმობთ იმას, რომ ფერმერებმა მაქსიმალურად დიდი შემოსავალი მიიღონ,“ – აღნიშნავს თოდუა.

ტიტე აროშიძე საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორს გიორგი თოდუას შეხვდა

კარგი მოსავალი აჭარაში

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მთავრობის, ასოციაციისა და დონორების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ფაროსანამ უკან დაიხია.

„წელს კარგი შედეგი გვაქვს, პრევენციული ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების ზეგავლენა შესუსტდა და კარგ მოსავალს ველოდებით. საუბარია დაახლოებით 5 ათას ტონა თხილზე, რაც მთელი ქვეყანაში არსებული მოსავლის 10 პროცენტია.“

დარგის განვითარებაზე საუბრისას მინისტრი სისტემურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:

„არ გვაქვს ტექნოლოგიურად აღჭურვილი ობიექტები, სადაც თხილის  მოსავალი აღების შემდეგ გამოშრება და დასაწყობდება. დღეს ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ასოციაციის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯები გადავდგათ თხილის წარმოების განსავითარებლად. ვფიქრობ, აჭარა ერთ-ერთი წარმატებული რეგიონი იქნება თხილის წარმოების სფეროში.“

შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორს გიორგი თოდუას და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს მერაბ ჭითანავა ესწრებოდნენ
შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორს გიორგი თოდუას და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს მერაბ ჭითანავა ესწრებოდნენ

ამ მიზნის მისაღწევად და მუშაობის უკეთ ორგანიზებისთვის, მხარეებმა მზაობა გამოთქვეს გააფორმონ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

„თხილის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანია საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის როლი. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და ვფიქრობ, რომ ეფექტურად ვითანამშრომლებთ,“ – განაცხადა შეხვედრაზე ტიტე აროშიძემ.

 

TV იმედი ტორესა მოსიმ და პაატა შამუგიამ დატოვეს

ტელეკომპანია „იმედიდან“ ორი თანამშრომელი – პაატა შამუგია და ტორესა მოსი წავიდა. ტელევიზიიდან თანამშრომლების წასვლა „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს – „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“  უკავშირდება. ფილმში 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებში ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეა საუბარი და ნათქვამია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის შედეგად „ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი მოიპოვა“.

„სამი მოთხოვნა მქონდა სულ – წაშლილიყო ვიდეო, არხს მოეხადა ბოდიში და რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ იმ ადამიანისთვის, ვინც ვიდეოს გაშვებაზე პასუხისმგებლობა აიღო. ჩემი აზრით, ყველანაირი გონივრული ვადა გავიდა, არხს გადაწყვეტილება რომ მიეღო ამ სრულიად გაუგონარ შემთხვევაზე. როდესაც კონკრეტული თანამშრომელი იღებს პასუხისმგებლობას ისეთი პროდუქტის გაშვებაზე ეთერში, რომელიც არხზე არ მომზადებულა, არ შეესაბამება არხის სარედაქციო პოლიტიკას, არ შეესაბამება ამ არხის არანაირ სტანდარტს, არანაირ ჟურნალისტურ სტანდარტს, ბუნებრივია, ამას უნდა მოჰყოლოდა ამ ადამიანის მიმართ კონკრეტული შედეგი. ეს არ მოხდა, ბუნებრივია, რომ ამ დროს არხი იხდის ბოდიშს, იმიტომ, რომ ისეთი პროდუქტი მოხვდა ეთერში, რომელიც არ უნდა მოხვედრილიყო. ამის მიუხედავად ეს არ გააკეთეს,” –  ამბობს ტორესა მოსი “ბათუმელებთან”.

ტორესა მოსიმ “იმედი” 2 სექტემბერს დატოვა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკის შემდეგ არხმა ვიდეო წაშალა, არ შესრულდა ორი მნიშვნელოვანი მოთხოვნა – “იმედს” ოფიციალურად არ მოუხდია ბოდიში, ასევე, არანაირი დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაუკისრებიათ ნიკა ლალიაშვილისთვის, რომელმაც ამ ფილმთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

“ვთვლი, რომ გადაიკვეთა ის ძალიან მნიშვნელოვანი წითელი ხაზები ჩემთვის, რომლის მიღმაც შეუძლებელია იმუშაო იმ ორგანიზაციაში, რომელიც პროფესიულ სტანდარტს ასე პასუხობს. რაღაც კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადამედგა. მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. არ ყოფილა არანაირი ზეწოლა. არ დასმულა ასე საკითხი – ან წადი, ან დარჩი. მე თვითონ ჩავთვალე, რომ ჩემთვის შეუძლებელი იყო თანამშრომლობის გაგრძელება,” – ამბობს ტორესა მოსი.

ტელეკომპანია “იმედი” დღეს, 4 სექტემბერს, დატოვა პაატა შამუგიამ. “იმ პრორუსული ვიდეოს ავტორის და ჩემი ერთ ტელევიზიაში ყოფნა არ გამოდიოდა,” –  უთხრა მან “ბათუმელებს”.

11 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმი ეთერში გავიდა, საზოგადოების ნაწილმა „იმედი“ რუსული ნარატივის გავრცელებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თვითონაა.

15 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების ნაწილმა ფეისბუკზე ინდივიდუალურად გამოაქვეყნა ერთი და იმავე შინაარსის ტექსტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამავე ტელეარხის მიერ აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის „ერთ-ერთ მთავარ ხაზს“ ემიჯნებოდნენ.

ნიკა  ლალიაშვილმა კრიტიკის  მიუხედავად არ გაიზიარა „იმედის“ ჟურნალისტების შეხედულება. მას მიაჩნდა, რომ ფილმი სასარგებლო და დროული იყო.

რა გავლენას მოახდენს 500-მილიონიანი პროექტი ფიჭვნარის ნაქალაქარსა და ქობულეთის ნაკრძალზე

ქობულეთში 180 ჰექტარი ტერიტორია აჭარის მთავრობამ კერძო კომპანია „გრინ რეზორტს“ 2019 წლის მარტში 6 040 265 ლარად მიჰყიდა. კომპანიში მიიჩნევენ, რომ მათთვის გადაცემული ტერიტორია „სახეშეცვლილი, დეგრადირებული გარემოა, რომელსაც ამჟამად არანაირი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური თუ ეკონომიკური ფუნქცია არ გააჩნია“. თუმცა ეს ტერიტორია უშუალოდ ესაზღვრება ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და აღკვეთილს, ნაწილობრივ ფიჭვნარის ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიასაც მოიცავს.

„გრინ რეზორტს“ მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს. კომპანიის პროექტი მოიცავს მრავალფუნქციური სასტუმრო, საკურორტო-გამაჯანსაღებელი და საცხოვრებელი კომპლექსის – Green Resort-ის მშენებლობას.

რა ზემოქმედებას მოახდენს ეს პროექტი ფიჭვნარის ნაქალაქარზე, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე და რას გეგმავს კომპანია? – პირველ რიგში, პროექტის განსახორციელებლად, კანონით, საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის [გზშ] მომზადება. გზშ-ს მომზადებამდე კი, კომპანიამ სკოპინგის განაცხადით უკვე მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის გადაწყვეტილებას ელოდება.

სკოპინგი, ეს არის პროცედურა, როდესაც დგინდება, თუ რა ინფორმაცია უნდა შეგროვდეს გზშ-ს ჩატარებისას და როგორ უნდა იყოს ეს მასალა წარმოდგენილი გზშ-ს ანგარიშში. სკოპინგის საფუძველზე დგება ამ ანგარიშის ტექნიკური დავალება. „გრინ რეზორტის“ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა კი სამინისტროში ნებისმიერ პირს შეუძლია 2019 წლის 27 სექტემბრამდე.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე [რომელიც „გრინ რეზორტისთვის“ მიყიდულ ტერიტორიას ესაზღვრება] სფაგნუმიან ტორფნარს – „ისპანი 2“-ს რამსარის კონვენცია იცავს. გარდა ამისა, კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიებიკინტრიშისმტირალასა და მაჭახელას პარკები ის ადგილებია, რომლებსაც იუნესკოში მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზეა წარდგენილი. იუნესკოს აღიარების შემთხვევაში კი, კოლხეთის ტორფნარები – „იმნათი“, ასევე ქობულეთის „ისპანი1“, „ისპანი2“ და ტყეები, იქნება პირველი მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი საქართველოში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებას იუნესკო 2019 წლის ოქტომბერში მიიღებს.

„ტორფნართან არავითარი კავშირი არ აქვს გრუნტის წყლებს… საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ [300-500 მ] ესაზღვრება ქობულეთის დაცულ ტერიტორიას, გათვალისწინებულია გოლფის სათამაშო მოედნის მოწყობა, შესაბამისად, რაიმე სერიოზული უარყოფითი ზემოქმედების მოხდენა დაცული ტერიტორიის ძირითად ჰაბიტატზე და მის ფლორასა და ფაუნაზე მოსალოდნელი არ არის,“ – აღნიშნულია „გრინ რეზორტის“ სკოპინგის ანგარიშში.

სკოპინგის ანგარიშიდან

თუ „ისპანი2“-ს რამსარის კონვენცია და სტატუსიც იცავს, სახელმწიფოს მხრიდან დაუცველია იქვე ახლოს ფიჭვნარის ანტიკური ხანის სამაროვნები. სპეციალისტთა შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში ეს ერთადერთი და უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი უყურადღებობით ნადგურდება. მეცნიერთა აზრით, ფიჭვნარის დაცვის საუკეთესო მექანიზმი მისთვის სტატუსის მინიჭებაა. ფიჭვნარის ნამოსახლარები 1976 წლიდან დაცული ტერიტორია იყო – ძეგლის სტატუსი ჰქონდა. წინა ხელისუფლებამ ყველა ძეგლს სტატუსი გაუუქმა და მათი ხელახალი აღიარება-რეგისტრაცია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ შედგა ფიჭვნარის ნამოსახლარის, როგორც უძრავი ძეგლის პასპორტიც, არქეოლოგებმა მისთვის სტატუსის მინიჭებას დღემდე ვერ მიაღწიეს.

ადგილი, რომელზედაც ფიჭვნარის ნამოსახლარებია, 2010 წლის მონაცემებით სახელმწიფო საკუთრება იყო. ამავე წელს იმ ტერიტორიის ნაწილი, სადაც სამაროვნები იყო, ხელისუფლებამ თავისუფალ ტურისტულ ზონად გამოაცხადა, სასტუმროების აშენების მიზნით. ნაწილი ტერიტორიის გასხვისდა, თუმცა დღემდე იქ მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა.

არქეოლოგიური ძეგლის გარკვეული ტერიტორია ამჯერად აჭარის მთავრობამ „გრინ რეზორტს“ ისე მიჰყიდა, რომ ეს ადგილები არქეოლოგიურად კვლავ შეუსწავლელია.

„საპროექტო ტერიტორიაზე მდებარეობს ფიჭვნარის ნაქალაქარი… გათხრები საპროექტო ტერიტორიაზე ამჟამადაც მიმდინარეობს. როგორც პროექტის კონცეფციაში იქნა აღნიშნული, გათვალისწინებულია გათხრების ადგილის დაცვა-კეთილმოწყობა და მუზეუმის მოწყობა. პროექტის განხორციელებამ მაღალი ალბათობით შესაძლოა აღურიცხავი არქეოლოგიური ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს მიწის სამუშაოების შესრულებისას… [ამიტომ] რაიმე არქეოლოგიური ნიმუშის აღმოჩენის შემთხვევაში, მშენებლობის პროცესი იმ კონკრეტულ უბანზე შეჩერდება. აღმოჩენის შესწავლისთვის მოწვეულნი იქნებიან ექსპერტ-არქეოლოგები და მათი რეკომენდაციის შემთხვევაში კომპანია ხელს შეუწყობს ობიექტის კონსერვაციას ან საცავში გადატანას. სამუშაოები განახლდება შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ“ – აღნიშნულია „გრინ რეზორტის“ სკოპინგის ანგარიშში.

სკოპინგის ანგარიშიდან

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებებით, ქობულეთში აღნიშული მიწის ნაკვეთების გაყიდვით ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ნასყიდობის ხელშეკრულებით კი, რომელიც ბათუმელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოაწოდეს, ინვესტორს არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.

ამ თემაზე ვრცლად:

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

მთავარი ფოტო: green resort / რენდერი

უმაღლესი საბჭო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების განხილვას იწყებს 

მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ საკითხი აჭარის უმაღლეს საბჭოში 5 ან 6 სექტემბერს დარეგისტრირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დეპუტატები შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას უფრო აქტიურ რეჟიმში განიხილავენ და მხოლოდ კომენტარებით აღარ შემოიფარგლებიან.

რაც შეეხება ცვლილების მიმართ უმრავლესობის მზაობას, პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს უკვე დაფიქსირებული აქვს ნება, რომ საბჭო ამ ცვლილებისთვის მზადაა და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციებიც გაიმართა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 წევრია და მათგან 6 მაჟორიტარია. თუ აჭარის კონსტიტუციაში შევა ცვლილება და მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება, მაშინ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, როგორც საქართველოს პარლამენტის შემთხვევაში, პროპორციული წესით აირჩევენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, როცა  „ქართულ ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ეს საქართველოში რუსი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ მოთხოვნად დააყენეს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არჩევნებში მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას გულისხმობს. პროპორციული წესით არჩევნებისას ამომრჩეველი მხოლოდ ერთ ბიულეტენს იღებს, ირჩევს პარტიას და აღარ ირჩევს კონკრეტულ პირებს [ მაჟორიტარებს] მაჟორიტარული უბნების მიხედვით.

პროპორციული სისტემის მოქმედებისას საარჩევნო ოლქი მრავალმანდატიანია და პარტიებს შორის მანდატები ნაწილდება ოლქში მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.

Exit mobile version