მთავარი,სიახლეები

„შერჩეული კანდიდატებიდან ნახევარი ჩინჩალაძის გუნდის წევრია“ – იუსტიციის საბჭოს წევრი

05.09.2019 • 1545
„შერჩეული კანდიდატებიდან ნახევარი ჩინჩალაძის გუნდის წევრია“ – იუსტიციის საბჭოს წევრი

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 10 მიხეილ ჩინჩალაძის გუნდის წევრია – ისინი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები არიან, რომლის თავმჯდომარეც ისევ მიხეილ ჩინჩალაძეა,“ – ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მოსამართლეობის 20 კანდიდატი გუშინ, 4 მაისს შეარჩიეს და საბოლოო კენჭისყრისთვის სია პარლამენტს გადაუგზავნეს.

მიხეილ ჩინჩალაძის სასამართლო კლანის მეთაურობის შესახებ სამოქალაქო სექტორში ხშირად საუბრობენ, თუმცა თავად მოსამართლეები მას მხოლოდ „ლიდერად“ მოიხსენიებენ. მიხეილ ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იუსტიციის საბჭომ 2018 წლის დეკემბერში დაასახელა. მაშინ, საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, მოსამართლეების სია საბჭომ პარლამენტიდან უკან გამოითხოვა.

„ამ შერჩევამ აჩვენა, რომ სასამართლო სისტემა არის დახურული. შერჩეული 20 კანდიდატიდან 18 მოსამართლეა, ან ის, ვინც სასამართლო სისტემაში მუშაობდა, დანარჩენი ორი – პროკურატურის მაღალჩინოსანი,“ – აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი. იგი ხაზს უსვამს იმას, რომ კანდიდატებს შორის არ არიან, მაგალითად, ადვოკატები, უფლებადამცველი იურისტები, სამოქალაქო ან საჯარო სექტორში მომუშავე იურისტები.

„დიდი რესურსია, მაგრამ, მაგალითად, უფლებადამცველ იურისტებს, რომლებსაც აქვთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება უზენაესის სასამართლოსთვის, არც კი შემოუტანიათ განაცხადი. მათ იციან, რაც ხდება იუსტიციის საბჭოში და სასამართლო სისტემაში, არადა, უზენაესი სასამართლო უნდა იყო მრავალფეროვანი და ამაში, პირველ რიგში, იგულისხმება წარსული საქმიანობა. როცა 20 კანდიდატიდან 10 არის სააპელაციოს მოსამართლე, რომლის თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეა, ამით, მგონი, ყველაფერია ნათქვამი“, – გვითხრა ნაზი ჯანეზაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის მოხვდნენ მაღალი თანამდებობის პირებიც, მაგალითად, მთავარი პროკურორი, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. რატომ გაუჩნდათ მათ უზენაეს სასამართლოში გადასვლის სურვილი? – იუსტიციის საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ უზენაეს სასამართლოში მუშაობა იურისტებისთვის „ტკბილი ლუკმაა“, „უზრუნველყოფილი მომავლის წინაპირობა“, რადგან მათ პარლამენტი უვადოდ აირჩევს და მათი დათხოვნა იმპიჩმენტის წესით ისევ მხოლოდ პარლამენტს შეეძლება.

„როცა გირჩევენ ასეთ მაღალ თანამდებობაზე, მაგალითად, გენპროკურორად, საზოგადოებას უჩნდება მოლოდინი, რომ შენ გსურს დაწყებული საქმე მიიყვანო ბოლომდე და როცა შუა გზაზე რაღაც სხვა გამოჩნდება და ამ საქმეს ტოვებ, ეს უკვე მეტყველებს პასუხისმგებლობის მიმართ დამოკიდებულებაზე…

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს – მას უფლებამოსილების ვადა მალე ეწურება და, როგორც ჩანს, გარკვეული გარანტიებიც მიიღო, რომ გახდება უზენაესის მოსამართლე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი მას მხარს არ დაუჭერს, შესაძლოა, მისი იმიჯი დაზიანდეს. ამ რისკზე ზაზა თავაძე, ჩემი აზრით, არ წავიდოდა,“ – მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

ამავე თემაზე:

უვადოდ – რა ძალა აქვს მოსამართლე „ჩინჩალაძის კლანს“

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: