სიახლეები

რატომ არ იწყება დაპირებული მშენებლობა „ოცნების ქალაქში“

07.09.2019
რატომ არ იწყება დაპირებული მშენებლობა „ოცნების ქალაქში“

„ოცნების ქალაქში“ დაპირებული მრავალბინიანი სახლის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. საბოლოო პროექტი და მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაცია კი სამინისტროს ერთი თვის წინ უნდა ჰქონოდა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, სამინისტროს საბოლოო პროექტი დღემდე არ ჩაუბარებია.

„ზუსტდება დეტალები. კომპანიისგან გვაქვს პირობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ჩაგვაბარებს საბოლოო პროექტს, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. უკვე მზად გვაქვს ტექნიკური დავალების მონახაზიც“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრმა.

„სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის“ პროგრამის მიხედვით, აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები 1 550 ოჯახის ბინით უზრუნველყოფას გეგმავს. აჭარის მთავრობის მიერ შექმნილმა სამუშო ჯგუფმა კი, 2019 წლის პირველი აგვისტოსთვის, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები 1 594 ოჯახი აღწერა [ამ ჯგუფს 1 727 ჯიხური/სახლი აქვს აღწერილი „ოცნების ქალაქში].

პროგრამა, რომლის მთლიანი ღირებულება 48 750 000 ლარია, 2019-2022 წლებში უნდა განხორციელდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე, ხელშეკრულება, 2019 წლის 25 მარტს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ინჟარქიტექტთან“ 320 001 ლარზე აქვს გაფორმებული [სატენდერო თანხა 400 ათასი ლარი იყო]. პროექტი 2019 წლის ივნისის ბოლოს უნდა ყოფილიყო მზად.

აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ბინებით უზრუნველყოფის პროგრამაზე მუშაობს, პარალელურად კი ბათუმის მერია „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზემცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი სახლის უკანონო მშენებლობისთვის 3000 ლარით აჯარიმებს. მერიაში „ბათუმელებს“ ისიც უთხრეს, რომ „ამ მოქალაქეებს მხოლოდ 3000-ლარიანი ჯარიმა და საურავი კი არა, შესაძლოა გასამმაგებული ჯარიმაც დაეკისროთ – ამას ითვალისწინებს კანონი, რომელიც ამავე ჯარიმის გაუქმების შესაძლებლობასაც უშვებს“.

მთავარი ფოტო: „ოცნების ქალაქში“ ასაშენებელი საცხოვრებელი კომპლექსი / რენდერი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: